რჩეული წიგნები

ნესტან ნენე კვინიკაძისგან

14.09.2021

შემოდგომა  

ალი  სმითი

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

სულაკაურის გამომცემლობა

შოტლანდიელი ვივალდი – ასე უწოდეს პროზაიკოსს, დრამატურგს და პოეტს ალი სმითს, რომლის შემოდგომაც  წელს გამოცემის ბუკერის მოკლე ნუსხაში იყო, New Yorker-მა კი – პირველი დიდი ბრექსითის რომანი დაარქვა. შემოდგომა პირველი რომანია კვარტეტიდან, არსებობს ზამთარი, გაზაფხული და ზაფხულიც.

ალი სმითი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

ამ წიგნში ყველაფერი ახალია,  არა მხოლოდ იმიტომ, რომ შემოდგომა ბრექსითიზე რეფლექსიაა (ის მართლაც ბრექსითის ალიონზე მოევლინა ლიტერატურულ სამყაროს). ეს წიგნი ახალია ფორმით, კომპოზიციური, სტილისტური, ენობრივი თვალსაზრისით.

დანიერ გლუკი 101 წლისაა და ლონდონის შემოგარენში, მოხუცთა თავშესაფარში სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის. მას არ ჰყავს ოჯახი, მხოლოდ მეზობელი, 32 წლის ელისაბეთი სტუმრობს. ელისაბეთს  სცენით გავიცნობთ, როდესაც გოგო მთავარ საფოსტო განყოფილებაში ახალი პასპორტის აღებას ცდილობს და რიგის მოლოდინში ოლდოს ჰაქსლის საოცარ ახალ სამყაროს კითხულობს. 

შემოდგომა, ესაა მდგომარეობა ყოფნასა და არყოფნას შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის.

დანიელის, ელისაბეთის და ელისაბეთის დედის (დედა უარს ამბობს ევროკავშირიდან გამოსვლაზე) პერსპექტივიდან ვარკვევთ

როგორია ლონდონი? როგორი იყო დანიელი ახალგაზრდობაში? რა აკავშირებთ ამ ადამიანებს? 

ემიგრანტების, დადგენილი საზღვრების, კედლის წარწერების ამბები. გახმაურებული მკვლელობები და ომისდროინდელი ისტორიები. 

ესაა მოგონებების, სიზმრების, ეფემერული რეალობის, წარმავალი სიცოცხლის სიმფონია. ამ სიმფონიაში მწერალი ბრიტანელების და არამხოლოდ ბრიტანელების ძალიან ამაღელვებელ და მნიშვნელოვან წამს ახმოვანებს.

წავა, წავა, წავა  

ნუგზარ  ზაზანაშვილი

გამომცემლობა ინტელექტი

გარემოსდამცველი, ესეისტი და პოეტი, ხუთზე მეტი ლექსების  კრებულის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურული პუბლიკაცის ავტორი ნუგზარ ზაზანაშვილი მკითხველთა დიდმა ნაწილმა რამდენიმე თვის წინ, პოეტის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. 

ზაზანაშვილის პოეზიის ძალიან მოკლედ დასახასიათებლად ასევე პოეტის, ზვიად რატიანის შეფასება საუკეთესოა: „ის არ წერს ლექსებს, როგორსაც ფართო მკითხველის ყური და თვალია მიჩვეული. წერს ლექსის სპირალს, შიგთავსს, ყოველთვის შიგთავსსაც არა, ლექსის ჩონჩხს ან მარტო კანს“…

ზაზანაშვილის სევდით გაზავებული სილაღე და სიხარული, დიდი ტკივილები, ირონია და იუმორი, უჩვეულო კულტურითაა მოწესრიგებული. თითქოს, დიდი პოეტი შენ სიმაღლესთან გასათანაბრებლად  დაიხარა და ისე გელაპარაკება, როგორც ბავშვებს ესაუბრებიან კარგი უფროსები:

„მე ვარ მარტივი
და კიდევ უფრო მარტივი
გავხდები მალე“.

ნუგზარ ზაზანაშვილი ამბობდა: „ლექსი შეიძლება წარმოშვას საცობში გაჭედვამ, უძილობამ, ღრჭიალა ლიფტმა, Kent-ის რეკლამამ, დაკარგულმა გასაღებმა, ბოსფორის თოლიამ და ათასმა რამ, ოღონდ არა „შეკვეთამ“, ოღონდ არა „დაკვეთამ“!

სწორედ თავისუფლების, თავანკარობის, სიმსუბუქის გამორჩეული განცდაა ზაზანაშვილის უკანასკნელი კრებულის მთავარი საიდუმლო.

ენიკი ბენიკი  

ლადო ფოჩხუა

მთარგმნელი: რუსუდან დარჩიაშვილი

გამომცემლობა ინდიგო

ლადო ფოჩხუა ამერიკაში მოღვაწე მხატვარია. ენიკი ბენიკი მისი ლიტერატურული დებიუტია.  პირად მოგონებებზე დაფუძნებული  მხატვრული ტექსტი გარეკანიდან იწყება. ფოტოზე ავტორის დედა, გალინა ალანია სოხუმის ბინაში ფანჯრის რაფაზე ზის. 1950-იანი წლებია. ყველაფერი რაც აქ ჩანს ლამაზი და დამაჯერებელია: საინტერესოდ ჩაცმული ქალი, ჭილის ფარდა, პალმა, ლამპიონი და ადამიანები, რომელთა ბედიც, ისე, როგორც ჩვენი ნარატორის შემთხვევაში – ომმა შეცვალა.

თხრობის ფორმა ასეთია:  ლადო ფოჩხუას სოხუმში გატარებული ბავშვობა- მოზარდობის მოგონებებს, აფხაზეთის სამხედრო გემით დატოვების დღე ენაცვლება. გემი ალმოდებულ ქალაქს შორდება, ისმის გამარჯვებულთა შეძახილები. ამ სურათს ბიჭი მდუმარედ უყურებს, ყველაფერს იმახსოვრებს. მან არ იცის როგორ გაგრძელდება სხვაგან ცხოვრება.

ენიკი ბენიკი ტრაგიკული ტექსტია,  სადაც  ფაქტიურად, არაა სისხლი.

მოზარდები სანაპირო დიოსკურიაზე ცურვის გაკვეთილზე დადიან, ქოლგის ქვეშ შეფარებული დედა წიგნს კითხულობს. ბიჭები საიალქნო სპორტზე ეწერებიან, ისინი მზით სავსე ოთახებში თავიანთ სამყაროებში ცხოვრობენ. სამზარეულოებში ვანილის სურნელია.

ისმის მოცარტი, ელა ფიცჯერალდი, ლუი არმსტრონგი. 

ომი კი ყველაფერს ცვლის. ხალხი, კუბოკრული ტომრებით და ძაღლებით სოხუმს ტოვებს. საკუთარ სახლებში ადამიანებს ნახევარი ცხოვრება რჩებათ.

„ოლშინკსი”  დინჯად მიცურავს საღამოს შუქზე. ის ამისთვისაა შექმნილი რომ იცუროს. მე კი წინ, ალბათ რამდენი დამცირება მელის…” –  წერს ნარატორი.

გემი სოხუმიდან ფოთში ჩადის. შემდეგ იწყება მატარებლის გზა თბილისამდე. წინ კი მთელი ცხოვრებაა. სხვა ქვეყნის მზე და ასე შემდეგ.

ქუჩის ხელოვნება/ თბილისი  

გამომცემლობა არტანუჯი

კედლის მხატვრობას ბევრი მტერი ჰყავს. ამის მიუხედავად, არტისტები ურჩად განაგრძობენ საქმეს და ქალაქების კედლებიც უწყვეტი გამოფენების სივრცედ რჩება.

კედლის ნახატი თუ წარწერა შეიძლება იყოს დღის განწყობის შემქმნელიც, ღიმილის გამომწვევიც, პროტესტის გამოთქმის საშუალებაც, ომის დაწყების მიზეზიც.

ქუჩის ხელოვნება დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც პოპულარულია. 

ურბანულ სივრცეში თავმოყრილი ნამუშევრები ქალაქს ერთგვარად, ეგოიზმისგან ცლის, მას უფრო შინაურს და ინტერაქციულს ხდის.

ესაა საზოგადოების კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალება და როგორც ალბომის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ „ამ ურთიერთობას ხელს ვერაფერი შეუშლის,  გადაღებილი კედლები კვლავ მოიხატება”!

ავტორებმა, უკანასკნელ წლებში თბილისის ქუჩებში შესრულებულ გარკვეული რაოდენობის ნამუშევრებს მოუყარეს თავი. ზოგი მათგანი ჯერაც არსებობს, ზოგი დაზიანებულია, ნაწილი კი უკვე გამქრალია. 

ხელოვნების ამ მიმდინარეობის შესახებ ალბომი პირველად გამოიცა. არტანუჯის დასტამბული ქუჩის ხელოვნება/ თბილისი  ერთგვარი ქალაქური მატიანეა, რომელიც მომავალ თაობებს ისტორიას უნახავს და ქუჩის ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებსაც  გვაცნობს.

დოგმენი

დეივ პილკი

მთარგმნელი: ნინო გოგალაძე

სულაკაურის გამომცემლობა

აქაა მიმზიდველი ილუსტრაციები, მოკლე ტექსტები და ცოცხალი პერსონაჟები. წიგნის ბოლო გვერდებზე კი კონკრეტული ინსტრუქცია გვხვდება, თუ როგორ დავხატოთ გმირები, ვისთან ერთადაც დიდი თავგადასავალი გამოვიარეთ. 

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი დოგმენი ნახევრად ძაღლია, ნახევრად ადამიანი და რაც მთვარია, ის გმირია. დოგმენის მტერი კატა პიტი გახლავთ.

დეივ პილკის დოგმენში ყველაფერია, რაც ბავშვებს უყვართ და ჭირდებათ. თუმცა, პილკის ბესტსელერი კომიქსების სერია, ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის საინტერესო თავშესაქცევია. 

საქმის ერთგულების, ღალატის, თავგანწირვის, ბრძოლის და მიზნის მიღწევის შესახებ უფროსები თავისებურად, ბავშვები კი თავიანთი აღქმის ფარგლებში დაფიქრდებიან.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top