RENZO ROSSO

Diesel World

15 წლის ასაკში დედამისის „ზინგერით“ პირველად შეიკერა ჯინსი. „ეს სკოლის დავალება იყო – იხსენებს – სამრეწველო ტექნოლოგიის ექსპერტი უნდა გავმხდარიყავი შეფუთვების მიმართულებით და მასწავლებლებმა, რომლებიც ახლო მდებარე კომპანიების მენეჯერები გახლდნენ, გვთხოვეს ინოვაციური შარვლის შექმნა. ჩემთვის სწორედ ჯინსი იყო ინოვაციის სიმბოლო“. ორმოცდაათი წელიწადი გავიდა და რენცო როსო კვლავ იმავე აზრზეა. მისთვის არაფერია უფრო ახალგაზრდული, სახალისო და ძლიერი, როგორც ვიქტორიანულ ეპოქაში გამოგონილი და შექმნილი ეს უბრალო სამოსი. ამიტომ, მისი სამეწარმეო იმპერიის მთავარი საფუძველი და საძირკველი სწორედ დენიმია (ბამბის ტვილისგან დამზადებული ქსოვილი, რომელსაც ჯინსის გასაკეთებლად იყენებენ), თუმცა ეს ნამდვილად არ არის ერთადერთი რამ მის საქმიანობაში, რომელსაც  იტალიის რიგით მეათე ყველაზე მდიდარი მამაკაცი ეყრდნობა.

როგორ შეიქმნა Diesel-ი?

წარმოების მაკონტროლებლად ვმუშაობდი Daily Blu-ში.  კომპანიაში, რომელიც ადრიანო გოლდშმიდმა დააარსა და რომელმაც სამოსში შექმნა ფენომენი სახელწოდებით Casual (ჩვეულებრივი, ყოველდღიური).

როდესაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, ადრიანომ მითხრა: „არ გაგიშვებ. ახალ პროექტზე ვცადოთ ერთად მუშაობა“. ასე გაჩნდა Diesel-ი, 18 თანამშრომლით ვიჩენცას პროვინციაში მდებარე მცირე ზომის ლაბორატორიაში. შემდგომ ადრიანოსა და მის მეუღლესთან ერთად Genius Group დავაარსეთ.  კომპანია, რომლის მიმართულება ახალგაზრდული ყოველდღიური სამოსი იყო, ისეთ ცნობილ ბრენდებთან ერთად, როგორიცაა Katharine Hamnett, Martin Guy, Ten Big Boy, Bobo Kaminsky, Daily Blu, Goldie, Diesel  და სხვა მსგავსი ხაზები. Replay-სთან ერთად კლაუდიო ბუზიოლი (Claudio Buziol)  მოვიდა, ჩვენი მესამე პარტნიორი. ეს ფანტასტიური და უნიკალური გამოცდილება იყო, თუმცა 1985 წელს გადავწყვიტე მარტო გამეგრძელებინა საქმიანობა.

რა მოხდა შემდეგ?

მომაჯადოებელი წარმატება, რადგან ყოველთვის საუკეთესოს გაკეთება და შექმნა მსურდა, მსგავს დამოკიდებულებას კი ბაზარზე შედეგი მოაქვს. Diesel-ი პირველი ბრენდი იყო, რომელიც უმაღლესი ხარისხის დენიმს ამზადებდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ჯინსების ფასი 100 აშშ დოლარი იყო, ხოლო Ralph Lauren-ის  57 აშშ დოლარი, თუმცა ხალხი ამას ყურადღებას არ აქცევდა.

ჯინსის  ინდუსტრიის ზემოქმედება გარემოზე ენით აღუწერლად დიდია, თუმცა ახლახანს დაგაჯილდოვეს „მილანის მწვანე ხალიჩის“ პრიზით. როგორ ახერხებთ ამას?

ჯინსის ქსოვილის დასამუშავებლად  მხოლოდ წყალსა და პემზას ვიყენებ, ქიმიური პროდუქტები არ მიყვარს. დამუშავების პროცესში ვცდილობ უფრო და უფრო ნაკლები წყალი გამოვიყენო და მალე, ჩვენ გამოვუშვებთ ისტორიაში პირველ უწყლოდ დამზადებულ ჯინსს. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა და მისი დაცვა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შვიდი შვილი მყავს და ისინი ამ სამყაროში ცხოვრობენ. სწორედ მათთვის ავაშენე Diesel-ის ფერმა, 100 ჰექტარიანი ექსპერიმენტული ფერმა მაროსტიკაში (ვიჩენცას მახლობლად).

მართალია თუ არა, რომ ბიო-სუპერმარკეტების ქსელის EcorNaturaSi-ის მფლობელი ხართ?

უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათი საკვებისა და ბიოდინამიური პროდუქტების მთავარი იტალიელი მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვარ. ეს ჩემი ერთ-ერთი დამატებითი საქმიანობაა. 2008 წელს შევქმენი ფონდი OTB (Only The Brave – მხოლოდ მამაცები), რომელსაც დაარსებიდან დღემდე 180-ზე მეტ სოციალურ პროექტში აქვს ინვესტიცია განხორციელებული. ამ პროექტებმა გავლენა მოახდინეს 200 000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრებაზე. მოდა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, თუმცა ის ყველაფერს არ მირჩევნია.

მოგვიყევით თქვენს კავშირზე  მოდის ინდუსტრიასთან, ჯინსის გარდა?

ეს ჩემთვის საინტერესო მოგზაურობაა. 90-იანი წლების ბოლოს  Staff  International-ს შევუერთდი რათა ჩვენი მთავარი ხაზი Diesel Style Lab გვეწარმოებინა. ეს იყო კომპანია, რომელიც ისეთ პოპულარულ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორიცაა Vivienne Westwood, Clemens Ribeiro, Atsuro Tayama, Bella Freud და Margiela.

ახლა კი კომპანიის მფლობელი თქვენ ხართ, მართალია?

ის OTB ჯგუფის ნაწილი 2000 წლიდან გახდა. ბიზნესზე ორიენტირებული მენეჯერები მივიყვანე, რომლებსაც მაშინ ყველაზე განვითარებული საწარმო ტექნოლოგიების დეფიციტი ჰქონდათ. Staff  International, თავისი შეუდარებელი   ტექნოლოგიებით, პირველია  მზა ტანსაცმლის ბრენდების განვითარების ბიზნესში.

რომელი კომპანიები შედის თქვენს პორტფოლიოში?

Vivienne Westwood-ის წარმოებას ვაგრძელებთ ლიცენზიით. 2001 წლიდან  DSquared2 დავიმატეთ. მომდევნო წელს Margiela შევიძინეთ, ამას კი მოყვნენ Viktor & Rolf (2008), Marni (2013), Paula Cademartori (2016).

მოდით, Margiela-ზე ვისაუბროთ…

მივიჩნევ, რომ ამჟამად მათ ყველაზე განვითარებული და ინოვაციური პროდუქცია აქვთ ბაზარზე. როდესაც ამ კომპანიას შევუერთდით, მარტინი ჯერ კიდევ იქ იყო და მას სურვილი ჰქონდა ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა პროდუქტის სამკერვალო ტექნიკა და მუშაობის ხარისხი. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, ფრიად განსაცვიფრებელი: ერთ ცენტსაც კი ვერ გამოიმუშავებდა, თუმცა როგორი სტილი ჰქონდა! როდესაც მარტინმა კომპანია დატოვა, ბიზნესმა სწრაფად დაიწყო გაფართოება, თუმცა გაჩნდა ახალი შემოქმედებითი გენიოსის საჭიროება, სწორედ ამიტომ, ოთხი წლის წინ ჯონ გალიანოს დავურეკე.

ამის გამო მოდის სამყარო თქვენი მადლიერია, თუმცა საინტერესოა როგორია მისნაირ ადამიანთან ერთად მუშაობა?

არაჩვეულებრივია. ის უმაღლესი რანგის პროფესიონალია. თუმცა მასთან მუშაობისას ძალიან დიდი მოგება არ გაქვს, რადგან ხარისხთან მიმართებაში კომპრომისზე არასდროს მიდის. ის არ ჭრის, არამედ ძერწავს, მისი იდეები უბრწყინვალესი და გენიალურია, მათ ვერც განიხილავ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ.

რა არის Margiela-ს წლიური ბრუნვა?

დაახლოებით 145 მილიონი ევრო, თუმცა ეს რიცხვი ზრდადია. მთლიანად OTB ჯგუფის შემოსავალი კი 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს.

კმაყოფილი თუ ხართ საბოლოო ჯამში?

საბოლოო ჯამში, ფული მეორეხარისხოვანია. სანაცვლოდ, ძალიან დიდი და მრავალი ახალი გამოცდილება მივიღე ბევრ სხვადასხვა სფეროში, სასტუმროდან დაწყებული (მაიამიში მდებარე Pelican), გაგრძელებული ღვინით და ბიოდინამიური მეურნეობის სტარტაპ პროექტებით დამთავრებული. მოდის სფეროშიც კი ძალიან ბევრ სხვადასხვა საქმეში ვარ ჩართული: ჯინსის წარმოება, ქარხნული მზა ტანსაცმლის წარმოება, მაღალი მოდა, აქსესუარები და პარფიუმერია. ეს ყველაფერი თავს მაგრძნობინებს მამაკაცად, რომელიც გათვიცნობიერებულია ბევრ სხვადასხვა საკითხში და რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის პროექტებისა და ოცნებების განხორციელება. რაც ნამდვილად არ არის ცოტა.

ფედერიკო პოლეტი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap