ერთი შეხედვით, ისეთ გამოყენებით ხელოვნებაში, როგორიცაა მოდა, იშვიათია საზრისთა გულის გულში ჩაწვდომის პრაქტიკა. მოდა ესაა ესთეტიკისა და ვიზუალური იმიჯების სამყარო. თუმცა მასში შეიძლება ამოიკითხოთ კულტურის უფრო ღრმა ანაბეჭდებიც. ქართველი მხატვრისა და დიზაინერის ნინო ჩუბინიშვილის, იგივე ჩუბიკას შემოქმედება აგებულია პირველადი ხატებისა და საზრისების ძიებაზე, სავსეა უძველესი მითოლოგიითა და მეტაფიზიკით, რომელსაც სამყაროს შექმნამდე, სიცოცხლის გაჩენასთან მივყავართ. ჩუბიკას სკულპტურებში, გრაფიკასა თუ ტანსაცმელში არსებული გენეზისის გამოკვლევა არასდროსაა ცალსახა თუ თვალსაჩინო, მაგრამ ყოველთვის შეიგრძნობა მისთვის დამახასიათებელ ლაბირინთულ ორნამენტებში. „ჩუბიკა“ მკვლევარი მხატვარი თუ „ჩუბიკა“ კონცეპტუალისტი დიზაინერი – საუბარს ამის გარკვევით ვიწყებთ:

კარლლაგერფელდიამბობდა, რომარესმოდადიზაინერების, რომლებიცთავს „მხატვრებს“ უწოდებდნენ. „მხატვრისადგილიგალერეებშია, დიზაინერისკი – პოდიუმზე“, ამბობდაის. თქვენორივესფეროშითანაბრადმუშაობთ, ამიტომ, საინტერესოაროგორშეაფასებდითლაგერფელდისმოსაზრებას?

რაშიც ნამდვილად ვეთანხმები ესაა ის, რომ მოდაში მნიშვნელოვანია ესთეტიკური ძიებები, რომელიც დროსთან ერთად იცვლება და მნიშვნელოვნად გამოხატავს მას. ხელოვნებაში კი ესთეტიკა ძიების მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია.  ხელოვნება განუსაზღვრელი სივრცეა, სადაც ფორმა არ არის დეტერმინირებული. კარგი მაგალითია მუსიკა: ჯონ კეიჯმა მნიშვნელოვანი კითხვა დასვა თუ რა არის მუსიკა. მან კომპოზიციაში „4′33″“ უარი თქვა შექმნილ ბგერაზე და აუდიტორიას სამყაროში არსებული ყველა ხმოვანება „სიჩუმეში“ მოასმენინა. მაშინ როდესაც მარსელ დიუშანმა „შადრევანი“  ხელოვნების ნიმუშად წარმოადგინა, თანამედროვე ხელოვნებაში ფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეკითხვები დაისვა. რაც შეეხება დიზაინს, აქ ფორმა განსაზღვრულია, ეს უნდა იყოს ტანსაცმელი რომელსაც ადამიანი ჩაიცვამს, იქნება ეს მაღალი მოდა თუ მზა ტანსაცმელი. რა თქმა უნდა, ამ ჭრილში ვეთანხები ლაგერფელდს. თუმცა მოდას ნამდვილად აქვს ის შრეები, სადაც დიზაინერს სიღრმისეული კითხვების დასმა შეუძლია. ჩემთვის ტანსაცმელში ადამიანის სულიერი მდგომარეობები ვლინდება როგორც დროისგან დამოუკიდებლად, ასევე დროსთან მიმართებით.

თქვენ მიერ ნახსენები ავანგარდისტების მსგავსად, თქვენც კონცეფტუალურ არტსა და დიზაინს ქმნით?

მუშაობის პროცესში ჩემთვის საინტერესოა იმ მდგომარეობაში „შესვლა“, სადაც წინასწარ განსაზღვრული, დაგეგმილი არაფერი იქნება. უნდა აღმოვჩნდე სივრცეში, სადაც ნამუშევრამდე თავისთავად მივალ. ვცდილობ გავყვე პროცესს და არ ვაკონტროლო ის. მხოლოდ ასეთი „თავისუფალი ვარდნის“ შემთხვევაში ვახერხებ საზრისებში ჩაღრმავებას.  ყველა მედია, ჩვენ შემთხვევაში – მოდა, სხვადასხვანაირად ძერწავს ნამუშევარს. როგორც ვთქვი, დროს თავისი სული აქვს. მოდა დროის ანარეკლს ქმნის, თუმცა ხელოვნებაში დროის ანარეკლების კეთება არაა ყოველთვის აუცილებელი. 

თქვენს ნამუშევრებში პრეისტორიული თუ უნივერსალური სურათ-ხატები და მითოსები ცოცხლდება. ერთ-ერთ ნამუშევარში თითქოს სულის შთაბერვის არქეტიპს იმეორებთ, იქნება ეს ბიბლიური თუ ძველბერძნული პიგმალიონი-გალატეასმითოსი.

გავიზარდე მითოლოგიაზე. ბავშვობაში მამა „გილგამეშიანს“ მიკითხავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ხელოვანები იყვნენ, რის გამოც ძველ და ახალ ხელოვნებასთან ადრეული ასაკიდანვე მქონდა შეხება. ჩემთვის კულტურა ცოცხალი, კონკრეტულ ადგილზე გაჩენილი, მაგრამ უნივერსალური ენაა. ყველა ეპოქაში რეალობას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და აღბეჭდავენ, რადგან დროს თავისი ენა აქვს. ვერ ვკმაყოფილდები მხოლოდ ერთი „დროით“ ანუ თანამედროვეობით და სხვადასხვა დროში ვმოგზაურობ, რასაც „დაბადების მითოსთან“ მივყავარ. მაგალითად, შავი ტყავის კაბაში მთავარი კითხვა იყო თუ როგორი იქნებოდა პირველი ტანსაცმელი, რა იქნებოდა მასზე გამოსახული, რა გრძნობებსა და შინაარს აირეკლავდა. ასე მივედი სამოთხიდან განდევნის მითთან. 

ანუ თავს არაღიქვამთ დემიურგად და უბრალოდ შექმნილის გააზრებას ცდილობთ?

დიახ. არ მგონია რომ ადამიანს იმაზე მეტის შექმნა შეეძლოს რაც უკვე არსებობს. საჭიროა იმის გაგება თუ რა, როგორ და რატომ შეიქმნა. ინდივიდისა და ხელოვანის განუმეორებლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სამყარო საკუთარი ენით გადმოსცეს. აუდიტორიისგან არაფერს ვითხოვ და არც არაფერს ვახვევ თავს. მხოლოდ ჩემს მოგზაურობაში გამოყოლას ვთავაზობ. 

სამყაროს თქვენეული ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ნამუშევარი მოგვაგონებს ფარს, რომელმაც ადამიანი უნდა დაიცვას. საინტერესოა რისგან იცავთ მას?

ბევრს უთქვამს ჩემს ტანსაცმელსა თუ აქსესუარზე, რომ რთულ მომენტში ემოციურად დახმარებია. იმაზეც მიფიქრია, ერთი პერიოდი თუ რატომ ვიყენებდი აქტიურად ტყავს მაშინ, როდესაც ედემიდან განდევნის თქმულებაზე ვფიქრობდი. გავიაზრე, რომ პირველი ტანსაცმელი აუცილებლად კანის გაგრძელება იქნებოდა. მას შემდეგ რაც სამოთხიდან განდევნეს, ადამი და ევა ისინი ცხოველის ტყავით შეიმოსენ. პირველი რაც ჰარმონიიდან განდევნილ ადამიანს სჭირდებოდა იყო დაცვა. მეორე „კანი“ კი კულტურის დასაბამად იქცა.  მაგალითად, ერთ-ერთი სკულპტურა – „ერთფრთიანი ანგელოზი“ („მე შენ ჯერ არ გიცნობ“) მაშინ შევქმენი, როდესაც მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. ბაღში ვიწექი და დედამიწა, როგორც დედა, პირველად შევიგრძენი. გავაცნობიერე, რომ მიწა „დედაა“. 

ფოტო : ©Data Patatishvili / Merab Chumburidze @JAMPROJECTAGENCY

გიორგი რაზმაძე

Scroll To Top