დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი

27.05.2021

წელიწადზე მეტია, რაც ამოქმედდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზე საქართველოში პირველად დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“, რომლის პრეზენტაცია 2020 წლის 19 თებერვალს სასტუმრო „რუმსში“ შედგა, სადაც საზოგადოებას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ოფიციალური ამოქმედება მიულოცეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბატონმა კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში ქ-ნ ლუიზა ვინტონმა.

©G.Kolbaia

„ამარტა“ გაესაუბრა ახლადდაფუძნებული ასოციაციის პირველ თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ყანდაშვილს.

ბ-ნო ირაკლი, რა არის მედიაცია ? 

ირაკლი ყანდაშვილი: მედიაცია ახალი სიტყვაა ქართულ რეალობაში, ეს გახლავთ ბოლო ათწლეულის მანძილზე მართლაც უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც აძლევს დავაში მყოფ მხარეებს საშუალებას, თავად გადაწყვიტონ ერთმანეთს შორის არსებული კონფლიქტი, ანუ ეს გახლავთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მხარეებს მოსამართლის გარეშე, თავად აქვთ უფლებამოსილება, მესამე დამოუკიდებელი და ნეიტრალური პირის – მედიატორის დახმარებით, კეთილგონივრული დიალოგის ფორმატში, მივიდნენ ორივე მხარისათვის მისაღებ, ურთიერთსასარგებლო შედეგამდე ანუ ეს არის პროცესი, რომლის შედეგით ორივე მხარე რჩება კმაყოფილი, თუ აღწევს შეთანხმებას, რა თქმა უნდა.

მედიაცია მხარეებს საშუალებას აძლევს თავად შეთანხმდნენ, სასამართლოს გარეშე? 

ი.ყ: დიახ, სწორედ ასეა. სასამართლო დაადასტურებს მედიაციაში მიღწეულ შეთანხმებას, თუ ის შესაბამისია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების და გამოსცემს საქართველოს სახელით სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც შედის კანონიერ ძალაში. 

რომ დავაზუსტოთ: ვისაც ამჟამად აქვს სასამართლოში დავა, მათაც შეუძლიათ მიმართონ მედიაციას თუ ეს შესაძლებელია მხოლოდ სასამართლო დავის დაწყებამდე?

ი.ყ: დიახ, გიდასტურებთ, ერთი მხრივ, ამის საშუალებას ახლად ამოქმედებული კანონი ერთდროულად აძლევს პირებს, რომელთაც აქვთ მიმდინარე სასამართლო სამართალწარმოება. აქვე დავამატებ, რომ ამის ხარჯზე ცალსახად მოხდება სასამართლოს განტვირთვა. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით სამოქალაქო დავების მხრივ სასამართლო უკიდურესად არის გადატვირთული, და მხარეებს ზოგჯერ წლობით უწევთ მისი გადაწყვეტილების ლოდინი. მედიაცია ამ პრობლემას რადიკალურად შეამსუბუქებს.

ამ რეფორმის წარმატება არის წინაპირობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯი, საზოგადოების მსოფლმხედველობის ცალსახა ცვლა, რა დროსაც დაძაბულობის რელსებიდან საზოგადოება გადაგვყავს ურთიერთშემწყნარებლობის რელსებზე, როცა მხარეებს აქვთ გააზრებული, რომ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. 

და რაც ყველაზე მთავარია, მეორე მხრივ, მხარეებს, რომელთაც წარმოეშვათ კონფლიქტური სიტუაცია, სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე, ანუ ოფიციალურად დავის ინიცირების გარეშე, პირდაპირ აქვთ საშუალება შეთანხმდნენ მედიაციის გზით დავის შეთანხმებით დასრულებაზე, შეარჩიონ მათთვის მისაღები მედიატორი და აწარმოონ ინტერესებზე მორგებული მოლაპარაკება და ეცადონ შეთანხმებას.

რა დრო სჭირდება მედიაციით დავის გადაჭრის პროცესს?

ი.ყ:  მედიაციის ცალსახა უპირატესობაა, რომ ის არის დროში ძალზედ ხანმოკლე პროცესი, და არის ამასთანავე ნაკლებად ხარჯიანი, რაც მხარეებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს აბსოლუტურად კონფიდენციალური პროცესია. შესაბამისად, ჩვენს გაერთიანებას საქართველოში ამ მექნიზმის დანერგვის მხრივ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. კარგად გვესმის და ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც სრულიად საზოგადოების მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქმეში. მე იმედს ვიტოვებ ჩვენ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ წარმატებას და მედიაცია ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში.

©G.Kolbaia

რა კატეგორიის დავების გადაწყვეტაზეა ორიენტირებული მედიაცია? 

ი.ყ.: ამ ეტაპზე „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი სამოქალაქო კატეგორიის დავებს უქვემდებარებს მედიაციას, თუმცა მე პირადად არ გამოვრიცხავ და ამ მიმართულებით დროსთან ერთად წავალთ, რომ საქმეთა კატეგორია უნდა გაფართოვდეს.

მედიაცია არის აბსოლიტურად ნებაყოფლობითი პროცესი; რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე უნდა იყოს მედიაციის მოსურნე და უნდოდეს მედიაციის პროცესით დავის გადაწყვეტა. მე კარგად მესმის, რომ დიდია დღეისთვის გამოწვევა რამდენად იქნება საზოგადოება მედიაციის მომხმარებელი; თუმცა თუ ყველა ინდივიდამდე მივიტანთ ინფორმაციას იმის შესახებ რაოდენ მომგებიანი და სასარგებლოა მათთვის, მათი ინტერესებისთვის მედიაციით დავის დასრულება, მერწმუნეთ მედიაცია განწირული იქნება წარმატებისთვის.  

და ბოლოს, კოვიდ 19-ს გამოწვევებს რამდენად ეფექტურად გაუძელით, რადგან ფაქტობრივ კანონის ამოქმედებას და თქვენი ორგანიზაციის პირველ ნაბიჯებს დაემთხვა პანდემია და ამან ხელი არ შეგიშალათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში?

პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს, თუმცა თამამად შემიძლია თქმა, რომ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ეფექტურად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. ალბათ დამეთანხმებით, დროსა და სივრცეში სწორად გადადგმული  ნაბიჯები ყოველთვის შედეგიანი და ეფექტურია. უფრო კონკრეტულად, როდესაც საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ჩვენი თხოვნით 2020 წლის 01 აპრილს მთავრობის 181-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება და დისტანციური მედიაცია დასაშვებ საქმიანობად გამოცხადდა. იმავე დროს, პარალელურად  დავიწყეთ დისტანციური მედიაციის პლატფორმის შექმნა და 21 აპრილიდან ამოქმედდა ონლაინ მედიაცია, რაც დარჩება სამომავლოდ ასევე ერთ-ერთ ფორმად შემათანხმებელი პროცედურების წარმოების. დისტანციური მედიაციის დანერგვიდან დღემდე მრავალი შეთანხმებით დასრულებული სასამართლო მედიაციის შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რეფორმამ გაამართლა, ეფექტურად მოვახდინეთ რეაგირება გამოწვევაზე. მეორე მხრივ, გადაიდგა ეფექტური ნაბიჯები კერძო მედიაციის ამოქმედების მიმართულებით, მათ შორის პანდემიის პირობებში. კერძოდ, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2020 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ავამოქმედეთ პრო ბონო მედიაციის სერვისი იმ პირებისთვის, რომელიც დაზარალდნენ მარტი-აპრილი-მაისის თვეებში შრომითი ურთიერთობების მხრივ. აღსანიშნავია, რომ კერძო მედიაციის დანერგვის გზაზე, მათ შორის 2021 წელს კიდევ ერთი პრო ბონო პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებშიც საოჯახო კატეგორიის დავების მხარეებს შევთავაზეთ სრულიად უსასყიდლო სერვისი, რაც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხრიდან დიდი სოციალური პასუხისმგებლობის და სახელმწიფოებრივი აზროვნების დემონსტრირებას წარმოადგენს.

მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის იმ ფორმას, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის უნდა გახდეს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი. ამ მიმართულებით არაერთ საინტერესო პროექტს და ინიციატივას შევთავაზებთ საზოგადოებას უახლოეს მომავალში.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top