DARIAL EFFECT

ჯაბა დიასამიძე & მაკა ასათიანი

სოციალური მედიის დომინანტობის პირობებში, რომელიც მძლავრად იპყრობს ვაჭრობის ხელოვნებას და ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილსაც კი, 2019 წელს, საცალო ვაჭრობის ტრადიციული ბიზნეს-ცენტრები ვეღარ პასუხობს თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს.  მაღაზიებმა უნდა გადახედონ და ხელახლა გაიაზრონ თავიანთი გაყიდვების სტრატეგიები და გაუზიარონ ახალი გამოცდილება თავიანთ კლიენტებს, კულტურული მრავალფეროვნების, განათლებისა და   დისციპლინათშორისი აზროვნების გათვალისწინებით.                 

ეს სწორედ ის სფეროა, რომელშიც ჯაბა დიასამიძე, ფრანგი-ქართველი დიზაინერი ტოლს არავის  უდებს. კოსმოპოლიტი, თანამედროვე და თავდაჯერებული დიზაინერი წარმატებით მუშაობს პარიზში, თბილისსა და ბარსელონაში. სწორედ ბარსელონაში დაიდო ბინა ახალმა პროექტმა  „დარიალი“. მაკა ასათიანის თანამონაწილეობით შექმნილი ახალი განზომილება „დარიალი“  მოდის, ხელოვნების, დიზაინისა და გასტრონომიის სამყაროსთან დამაკავშირებელი ღია პორტალია. მაღაზიამ, რომელიც 1500 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი, ამ ამბიციური პროექტის გახსნის ღამეს  700 სტუმარს უმასპინძლა.

„დარიალი“ ბარსელონაში, Eixample-ის რაიონში მდებარეობს. ეს არის სამყარო სიახლეებისა და აღმოჩენებისთვის, სადაც განსაკუთრებული აქცენტები გაკეთებულია  ცნობილ  და საგულდაგულოდ  შერჩეულ  ბრენდებზე,  იშვიათ საგნებსა და წიგნებზე. აქ მომთხოვნი და ეკლექტური მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Dries Van Noten, Sacai, JW Anderson და Raf Simons-ის გემოვნებით შერჩეული ტანსაცმელი. Serge Roche-სა და Pierre Paulin-ის დიზაინის ნივთები და ავეჯი შთამბეჭდავ ელფერს მატებს სივრცეს, რომელიც აერთიანებს  მყუდრო და ასევე სანახაობრივ გარემოს. ამ სივრცეში  ნატიფი სამზარეულოს მოყვარულებს Le Léopard-ი მასპინძლობს. ეს 21-ე საუკუნის ელეგანტური რესტორნის სრულიად ახლებური გადაწყვეტაა, რომლის მენიუში შედის უგემრიელესი ვეგეტარიანული კერძები, ამიტომ სრულებით არ არის საჭირო, იყოთ მოდის, დიზაინისა და ხელოვნების ტენდენციების მიმდევარი, რომ გახდეთ „დარიალი“-ს რეგულარული სტუმარი.   
ჯაბა დიასამიძესთან ვლაპარაკობთ მის ხედვაზე სივრცესთან მიმართებაში, თუ რა სახის გარემოს შექმნა სურდა მას და რატომ გაკეთდა არჩევანი ბარსელონაზე .

როგორ გაჩნდა ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის შექმნის იდეა? 

დაახლოებით 3 წლის წინ, მე და მაკა ასათიანმა დავიწყეთ საუბარი ისეთ სივრცეზე, რომელიც იქნებოდა სახელოვნებო გალერეისა და მოდის მაღაზიის ერთგვარი გადაკვეთის წერტილი და რომელიც ასევე განკუთვნილი იქნებოდა  ისეთი ღონისძიებებისა და ჩვენებებისთვის, რომლებიც უკავშირდება დიზაინს, მუსიკას, საკვებს და სხვადასხვა პერფორმანსებს. რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცოდით იყო ის, რომ პროექტი უნდა ყოფილიყო  საერთაშორისო მასშტაბის.

ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი განვითარების  ფონზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საცალო ვაჭრობა იმის ნაცვლად,  რომ პროგრესს განიცდიდეს, უკან მიიწევს.  როგორ გადაწყვიტეთ ეს დილემა „დარიალი“-ს შემთხვევაში?                                                                    

ჩვენ ეს საკითხი გადავჭერით სივრცის დაგეგმარების და ადგილმდებარეობის შერჩევის გზით. ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო გვეპოვნა სივრცე, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა ჩვენი კლიენტებისთვის. მასში სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა განთავსებულიყო რესტორანიც, რადგან არ გვინდოდა, რომ იქ მოხვედრილ ადამიანებს ჰქონოდათ იმის შეგრძნება, რომ თითქოს მომწყვდეულები არიან მაღაზიაში.  ასევე  მნიშვნელოვანი იყო წიგნების გასაყიდი სივრცე, რადგან საუბარი იყო იმ იშვიათი გამოცემების მოძიებაზე, რომლებსაც გარკვეულწილად არ იცნობენ ადამიანები და ამიტომ ბევრი დრო მოვანდომეთ  ხელოვნების, მოდის, დიზაინის, ცეკვის, არქიტექტურისა და ოპერის შესახებ წიგნების შეგროვებას. ასე რომ, ჩვენს კოლექციაში შედის ისეთი წიგნები, რომელთა ადგილზე დათვალიერების და წაკითხვის  შესაძლებლობა ექნებათ ჩვენ სტუმრებს და რა თქმა უნდა, არის ისეთებიც, რომლებიც იყიდება.   

იყო თუ არა თქვენი მიზანი, ამ ფორმით ადამიანების ცოდნის გაფართოება?

რა თქმა უნდა, მაგრამ უმთავრესი ამოცანა იყო იმის გაზიარება, რაც ჩვენ გვიყვარს და რისიც გვწამს. უახლოეს მომავალში, გვინდა, რომ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა შემოქმედებით ადამიანებთანაც. 

როგორ არის სივრცე დაგეგმარებული?

წიგნების მაღაზიის გარდა, არის სახელოვნებო  გალერეა, ასევე სალონი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ კოლექცია, რომელიც ექსკლუზიურად „დარიალი“-სთვის შევქმენი. მათ შორის არის ინდივიდუალური შეკვეთით შექმნილი ტანსაცმელი.  ვინაიდან მე თვითონ დიზაინერი ვარ,  მინდოდა ამ სივრცეს მაღალი მოდის სახელოსნოს ელფერი ჰქონოდა, სადაც კლიენტები კერძო შეკვეთებისთვის  მოვიდოდნენ. ქვედა სართულზე არსებული ტერიტორია გარემონტდა და შესაბამისად ის უფრო ნეიტრალური გარემოა. ზედა სართული კი უფრო დრამატულია თავისი კორომანდული შირმებით და ოქროს პალმებით. დარიალში  XIX საუკუნისა და  შედარებით თანამედროვე ფრანგული  და ჩრდილო-ევროპული  ნივთებია. ეს ნაზავი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

სრული კარტ-ბლანში გქონდათ მუშაობისას?

რაც შეეხება სივრცეს, სრული კარტ-ბლანში მქონდა, თუმცა ხშირად აზრს მაკას ვეკითხებოდი. ჩვენი  თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იყო, ვინაიდან ჩვენ ინსტინქტურად გვესმოდა ერთმანეთის. 

ხომ არ იყო რთული გარკვეული ბრენდების წამოყვანა?

რაც მე ნამდვილად არ მსურდა იყო ის, რომ გამეხსნა ერთი დიდი სივრცე და       ბულდოზერივით „მომეტაცა“ ბრენდები სხვებისგან. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მოლაპარაკებები ამ ბრენდების წარმომადგენლებთან  ვაწარმოეთ და ვთხოვეთ, რომ გარკვეული საკითხები თავიანთ  პარტნიორ საცალო მაღაზიებთან შეეთანხმებინათ. ცხადია, რომ ბრენდების წარმომადგენლების უმეტესობა აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც გავაცანით ჩვენი გეგმები და რისი მიღწევაც გვსურდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე  ხანგრძლივი პროცესის გავლა მოგვიწია.  ჩვენ ამ მხრივ ცუდი გაგებით მოულოდნელი სიურპრიზები არ გვქონია. ასევე  ვფიქრობ, რომ ჩვენი არჩევანი  სპეციფიკური იყო სხვა მაღაზიებთან შედარებით.

რითი მოგხიბლათ   ბარსელონამ პირადად თქვენ?

ვფიქრობ, ბარსელონა არის ქალაქი, სადაც ხალხი სიამოვნებით ატარებს დროს, ისვენებს და ახალი აღმოჩენების მომსწრენი ხდებიან.  აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ და განიცადოთ სილამაზე სრულიად განსხვავებული კუთხით. ვფიქრობ, ამაში ამინდიც გვეხმარება. საერთო მეგობრების მეშვეობით გავიცანით Apartamento Magazine-ის წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც  ვიზუალურ მხარეზე ვიმუშავეთ. ასე რომ, ეს პროცესიც საკმაოდ ორგანული აღმოჩნდა   თანამშრომლობის თვალსაზრისით. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ძალიან შეთანხმებულად ვიმუშავებდით, რადგან  ეს შემოქმედებითი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, თავიდანვე აღფრთოვანდნენ  ამ პროექტით.     

                   

კატალონიაში გამოკვეთილი ესთეტიკა და სტილი არსებობს. დაინტერესდით თუ არა ამ მიმართულებით მუშაობით ან მისი ინტერპრეტირებით?                

ჩვენთვის უმთავრესი იყო, რომ მოგვეცვა გლობალური და არა ადგილობრივი მასშტაბი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიხარულით ვთანამშრომლობდით ადგილობრივ შემოქმედებით ადამიანებთანაც.  ჩვენი აზრით, ეს პროექტი ეროვნების საზღვრებს სცდება. „დარიალი“  მომდინარეობს სპარსული ენიდან და ნიშნავს „კარიბჭეს“, რაც სწორედ იმის მეტაფორაა, რისი გადმოცემაც გვინდოდა. ჩვენ გვინდა, რომ „დარიალი“ იყოს ერთგვარი ღია კარი ან პორტალი ახალი ეპოქისკენ თავისი კოსმიური განზომილებით.

ისევ პარიზში ცხოვრობთ?                                                                         

დიახ, მაგრამ ამჟამად ბარსელონაში უფრო მეტ დროს ვატარებ. ჩვენი შემსყიდველი გუნდი ძირითადად პარიზსა და მილანშია  ახალი კოლექციების შესაკვეთად. როგორც უკვე აღვნიშნე, „დარიალი“-ს ფარგლებში შევქმენი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი და კაფსულა კოლექციები, თუმცა მე ისევ ვქმნი ჩემი სახელით მაღალი მოდის სეზონურ კოლექციებს, რომელთა ჩვენებაც პარიზში ეწყობა. ჩვენი კოლექციების ნახვა უმეტესად იტალიაში ან საფრანგეთშია შესაძლებელი. 

რამდენად საპასუხისმგებლო იყო ასეთი დიდი პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელობა? 

ძალიან ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი და საბოლოოდ 3 წელი დაგვჭირდა მის განსახორციელებელად, მაგრამ შედეგით  კმაყოფილი ვარ. წლის ბოლოსთვის ჩვენ გავხსნით ონლაინ კონცეფციას „დარიალი“-სთვის, რომელიც  განვავითარეთ ნიჭიერი ადამიანებისგან დაკომპლექტებულ სააგენტო Assembly London-თან ერთად. ინფორმაციის ბოლომდე გამხელა ჯერ არ შემიძლია, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს იქნება ახლებური მიდგომა, რომელიც სიახლეს შეიტანს ონლაინ მაღაზიის კონცეფციაში და  გაუსწრებს რეალურ დროს. 

 ფილიპ პურჰაშემი                                 

PHOTOGRAPHER: MANUEL OUTUMURO / FASHION&STYLE: DJABA DIASSAMIDZE / HAIR&MAKEUP: JOSE JUAN GUZMAN / LIGHTING&DIGITAL ASSISTANT: MARS GALVANY / PRODUCTION: TERESA BASSAS (OUTUMURO ESTUDIO)

Images of Darial interior ©Jose Hevia / Location Barcelona, Spain

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap