ინსტალაცია-ლაბირინთები

ჩიჰარუ შიოტა საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვანია, რომელმაც  ვიზუალური ხელოვნების სფეროში დიდი მასშტაბის ინსტალაციებით გაითქვა სახელი. ის 1962 წელს ოსაკაში დაიბადა, სწავლობდა კიოტოს სეიკას უნივერსიტეტში, ხოლო 1996 წლიდან ბერლინში  ცხოვრობს. მისი ინსტალაციები აგებულია სხვადასხვა ფერის ძაფებით შექმნილი ქსელებითა და ლაბირინთებით. აგრეთვე   პერფორმანსის ელემენტებს, ობიექტებს, სკულპტურებს და  ფოტოს მოიცავს. ჩიჰარუ შიოტას ნამუშევრები საკმაოდ  შთამბეჭდავია და მნახველზე  ემოციურ ზემოქმედებას ახდენს.  ის ეხება პირად გამოცდილებებს, მოგონებებს, შეგრძნებებს, შიშსა და სიჩუმეს. „გასაღები ხელში“ იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინსტალაცია, აგებული წითელი ძაფებით, ძველი გასაღებებითა და ხის ნავებით, რომელიც 2015 წელს ვენეციის 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე იაპონიის პავილიონში იყო წარმოდგენილი და  განსაკუთრებით პოპულარულ ნამუშევრად იქცა.  2019 წლის ივნისში მორის მუზეუმში (ტოკიო) გაიხსნა ჩიჰარუ შიოტას პერსონალური  გამოფენა სათაურით „სული თრთის“, სადაც  მისი ოცდახუთწლიანი შემოქმედება იყო ნაჩვენები. ერთ-ერთ ინტერვიუში შიოტა ამბობს: „ჩემი აზრით, ხელოვნება პირველ რიგში თვალია. მნიშვნელოვანია ხედავდე ხელოვნებას და მერე გაგიჩნდეს გრძნობები და დაინახო აზრი.“

PIA MAIER SCHRIEVER & CHIHARU SHIOTA, MATSUKAZE. ©BERND UHLIG

დიდ მადლობას მოგახსენებთ , რომ ხართ „ამარტა“-ს რესპონდენტი და პირველი კითხვა თქვენი შთაგონების წყაროს ეხება.    საიდან მოდის ის, ნეგატიური თუ პოზიტიური განწყობებიდან? 

ჩემი შთაგონება ჩემივე ცხოვრებიდან მოდის, ის იწყება  ემოციიდან და  პირადი გამოცდილებიდან, რომელსაც მერე უნივერსალურობამდე განვავრცობ. ეს შეიძლება იყოს პოზიტიური და ასევე  ნეგატიური; ანუ  ის ზოგადად ცხოვრებიდან მოდის.

ძაფების ფერები, რომლითაც თქვენი ინსტალაციებია აგებული, ამასთან არის  დაკავშირებული?

ძაფების ფერები სხვადასხვა ცხოვრებისეულ მხარეებს უკავშირდება. წითელი სისხლისა და ადამიანური ურთიერთობების ფერია, შავი კი უფრო უნივერსალურია, ყოვლისმომცველ სივრცეზე მიანიშნებს, როგორიცაა ცა ღამით. თეთრი ძაფი მშვიდია, ახლის დაწყებას ან დასასრულს ჰგავს.

ხშირად თქვენი სამოსი თქვენივე ხელოვნების ობიექტია. რამე განსაკუთრებულ აზრს დებთ ამაში?

მე მჯერა, რომ სამოსი ჩვენი მეორე კანია, ის კიდევ უფრო  მეტს გამოხატავს, ვიდრე ჩვენი კანი. როცა ჩვენ სამოსს ვატარებთ ყოველდღიურად, ჩვენი გამოცდილებები, მოგონებები და ემოციები ქსოვილზეც გროვდება. ჩემს ნამუშევრებში კაბას   უნივერსალური სხეულის მნიშვნელობა აქვს. 

რას ფიქრობთ ხელოვნების სხვა სფეროების შესახებ?

როცა ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენაში, ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე სხვადასხვა ხელოვანები როგორ განიცდიან ერთმანეთის ზეგავლენას. ეს განსაკუთრებით დიდ გამოფენებზე ჩანს,  იქნება ეს საერთაშორისო ტრიენალე თუ  ბიენალე, სადაც მუდმივად გრძნობ ენერგიას, რომლებიც ერთმანეთზე ახდენს  გავლენას.

რომელიმე  კონკრეტული  ნამუშევარი თუ  ქცეულა თქვენთვის შთაგონებად?

ამ მომენტისთვის ჩემში შთაგონებას  ბუნება და ზოგადად ცხოვრება იწვევს, სეზონური ცვლილებები და ბუნების ფორმები. მე ხშირად ვუყურებ ვიდეოებს, სადაც სოკოების ან ყვავილების ზრდა და გაფურჩქვნაა გადმოცემული. ბუნებრივი გეომეტრია ნამდვილად აღმაფრთოვანებელი და მშვენიერია.

მუშაობის დროს უსმენთ მუსიკას?

როცა საგამოფენო დარბაზში  ინსტალაციას ვაწყობთ, ჩვეულებისამებრ ვუსმენთ მუსიკას. მუსიკის შერჩევით ჩემი ასისტენტია დაკავებული. ეს მუშაობაში ნამდვილად  გვეხმარება, რადგან ასეთ დროს ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს.

და  როცა თქვენი ნამუშევრები სცენის დიზაინის როლში ხვდება,  მაგალითად საშა ვალცის ქორეოგრაფიის დროს, ან რიჰარდ ვაგნერის ოპერის შემთხვევაში?

ძალიან განსხვავდება თეატრში ნამუშევრის გამოფენა მისი მუზეუმში გამოფენისაგან.

საორკესტრო ორმო სცენასა და მაყურებელს შორის ქმნის იმ დისტანციას, რაც ზემოქმედებას ახდენს მაყურებელზე. აქ მაყურებელს მოეთხოვება დაესწროს წარმოდგენას გარკვეული დროის განმავლობაში, როცა მუზეუმის ვიზიტორს შეუძლია როცა მოესურვება, მაშინ დატოვოს საგამოფენო სივრცე.

 ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სცენისთვის მხოლოდ დეკორაცია კი არ გავაკეთო, არამედ შევქმნა სცენის იმგვარი დიზაინი, რომელიც შეესაბამება თითოეულ სცენას და მსახიობის მოძრაობას.

2015 წელს  ვენეციის 56-ე ბიენალეზე  იაპონურ პავილიონში წარმოადგინეთ ნამუშევარი „გასაღები ხელში“ , სადაც გამოყენებული იყო მთელ მსოფლიოში შეგროვებული 180 000 ძველი გასაღები, შალის წითელი ძაფები და ძველი ხის ნავები.   რამდენადაც გასაღები გვიბიძგებს აქამდე უცნობი სამყაროს კარები გავაღოთ, თქვენ თვითონ კიდევ რის გამოკვლევას ისურვებდით? ეძებთ ახალ გასაღებს?

მე აღტაცებული ვარ ადამიანით, მისი სხეულითა და შესაძლებლობებით. მას მერე, რაც ორჯერ დამისვეს კიბოს დიაგნოზი, უფრო მეტს ვფიქრობ ჩემს სხეულზე  და ჩემს ცნობიერებაზე, თუ როგორ არის ის დაკავშირებული სამყაროსთან. მაგალითად, თვალის ქუთუთო ძალიან თხელია, მაგრამ როცა თვალს ვხუჭავ  ყველაფერი ბნელდება და  იქ საერთოდ არ აღწევს სინათლე.

ახლახანს ბერლინში  ძველმანების ბაზრობაზე ვიყავი  და   მხედველობისა და მზის  უამრავი სათვალე ვიპოვე თავიანთ ყუთებში და ახლა ვგეგმავ ინსტალაციას მათი გამოყენებით.

LABYRINTH OF MEMORY. ©SUNHI MANG

თქვენი ინსტალაციები ძალიან ღრმა კონცეფციიდან მოდის, რომლებსაც მერე ხელოვნებად გადააქცევთ. გირჩევნიათ პირდაპირ აუხსნათ ხალხს თქვენი გზავნილები, თუ მათ თვითონ უნდა მოუძებნონ საკუთარი ახსნა?

ჩემი აზრით ხელოვნების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებზე ემოციური ზემოქმედება მოახდინოს. ხელოვნების გაგება , როგორც ინტელექტით, ისე ინტუიციით ხდება. მე ვისურვებდი, რომ დამთვალიერებელს ადამიანური ცხოვრების მხარეებზე ეფიქრა .

თქვენ საცხოვრებლად იაპონიიდან ბერლინში გადმოხვედით.   როგორია კულტურებს შორის განსხვავება თქვენთვის? ეს სხვაობა ხელს უწყობს თქვენი იდენტობისა და ხელოვნების განვითარებას? ქვეყნის გამოცვლის მიზეზი რომელიმე სოციალური საკითხი იყო?

სანამ  იაპონიაში ვცხოვრობდი, მანამდე არც ვფიქრობდი ნაციონალობის შესახებ. მხოლოდ მაშინ დავფიქრდი ჩემს ეროვნებაზე,  როცა იაპონიიდან ევროპაში გადმოვედი და  იმ ხალხთან მომიწია მუშაობა, ვინც სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. 

შორს ვიყავი, ჩემი ნაციონალობა და იდენტობა მკაფიოდ ჩანდა, მაგრამ როცა დავბრუნდი, ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამდი, ვიდრე ველოდი და გამიჩნდა გერმანიაში დაბრუნების სურვილი. იქ დაბრუნების შემდეგ კი იგივე გრძნობა გამიჩნდა, რასაც იაპონიაში განვიცდიდი.  მას მერე, რაც იაპონიიდან წამოვედი, სულ ეს „შუალედური“ შეგრძნებები მაქვს. თითქოს ფანჯრიდან იყურები და არ იცი რომელ მხარეს ხარ.

ისეთივე რთულია თქვენთვის ცხოვრება, როგორც თქვენი ინსტალაციების ლაბირინთი?

დიახ, ჩემი ცხოვრება ძალიან რთულია. მე ორჯერ დამიდგინეს ონკოლოგიური დაავადება. როცა ეს მეორეჯერ მოხდა, ახალი შეთანხმებული ვიყავი მორის მუზეუმთან გამოფენის მოწყობის თაობაზე. სანამ ვგეგმავდი და ვემზადებოდი ამ გამოფენისთვის, პარალელურად უნდა მემკურნალა კიდეც. ქიმიოთერაპიის კურსი უნდა გამევლო. რა თქმა უნდა,  ძალიან დათრგუნული  ვიყავი. მაგრამ ახლა, როცა გადავლახე ეს სნეულება, გამიჩნდა შეგრძნება, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო იმ დროს მემუშავა, ხელოვნება შემექმნა. გავიაზრე, რომ შიში გვჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი თავის საზღვრებს მიღმა ვიფიქროთ.

ფიქრობთ, რომ თქვენი ხელოვნება ამაღლებულ განწყობას ქმნის?

როდესაც დამთვალიერებელი ჩემს ხელოვნებას შეხვდება, მინდა, რომ ნებისმიერი ემოციის მისაღებად თავისუფალი იყოს. 

რა გაძლევთ სასიცოცხლო ძალებს?

თვითონ სიცოცხლე.

ხათუნა ხაბულიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap