YOHJI YAMAMOTO FOR AMARTA

©ELISE TOIDE

არც თუ ისე ბევრი დიზაინერი ახერხებს, რომ გამოიყენოს ქსოვილი, ფერი და ფორმა ისე, რომ აღძრას ძლიერი შეგრძნებები და ჰარმონიაში მოიყვანოს მის მატარებელთან. Yohji Yamamoto სწორედ ერთ-ერთი მათგანია – იაპონელი ინდივიდუალისტი, რომელმაც 80-იანი წლების დასაწყისში, პარიზში გამართული ჩვენებებით სრულიად თავდაყირა დააყენა მოდა. რომანტიზმის მისეული ხედვა არის მუქი და მგზნებარე. ის მოსავს ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც წესებით არ თამაშობენ. ბრიტანელი მსახიობი შარლოტა რემპლინგი მის მიერ შექმნილ სამოსს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ატარებდა. ადვილი მისახვედრია, თუ რატომ იხდენდა ის მათ ასე. იდუმალი, ანდროგენული და ამავდროულად ფატალური რემპლინგი არასდროს თანხმდებოდა ადვილ როლებზე. მას ყოველთვის იზიდავდა რთული და ორაზროვანი პერსონაჟები.

რემპლინგი გერმანელი ფოტოგრაფის პიტერ ლინდბერგის მუზაც იყო, რომელსაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო იამამოტოსთან. მისი გარდაცვალება ნამდვილი დანაკლისი აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიისთვის, სადაც მისი ნიჭი და ინდივიდუალიზმი დაფასებული იყო. სწორედ ინდივიდუალიზმია დამახასიათებელი იამამოტოს შემოქმედებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ადამიანი არცთუ ისე ხშირად თანამშრომლობდა, მათი კრიტიკული აზროვნება და უკომპრომისობა არის ის, რაც მათ შემოქმედებას აერთიანებს. ლინდბერგის ფოტოებზე სახეებს უფრო ვამჩნევთ, ვიდრე ტანსაცმელს, რომლებიც მისთვის პოზირებენ. როგორც იამამოტო ამ ინტერვიუში ამბობს: ”მე მინდა, რომ ჩემი ნამუშევარი ადამიანის სახეს ჰგავდეს”. ადამიანების განზომილებაში ასახვა და არასრულყოფილების მიღება იყო ლინდბერგის შემოქმედების ნაწილიც.

მოდის ინდუსტრიაში რამდენიმე „ხმა“ დარჩა მისავით სუფთა, ძლიერი და სწორი. ის უაღრესად თავმდაბალია და მიუხედავად მისი საერთაშორისო წარმატებისა, საკუთარ თავს დღესაც „მკერავად“ მოიხსენიებს. „ამარტა“-სთვის ჩაწერილ ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში იაპონელი მაესტრო მოგვითხრობს შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ემოციის ძალაზე მის ცხოვრებაში და ასევე „სწრაფი მოდის“ ფენომენზე.

AMARTA TRIBUTE TO PETER LINDBERGH
WITH YOHJI YAMAMOTO  
Photographed  Axl Jansen / Styled Christine de Lassus / Model @Anna Mila @IMG Models Worldwide / Casting by Marina Fairfax / Ph assistant Paula Nietner, St assistant @Noemi Mehani walker / Makeup @The Baligans @Nina Klein / Art Director by Nicole Hardt / Produced by Seven Eleven Berlin / Location: Berlin, Germany

დღეს მოდის გარშემო დიდი ინტერესი მარკეტინგული თვალსაზრისითაც  არსებობს.  როგორ შეაფასებდით ამ ევოლუციას?                                       

მე მხოლოდ ტანსაცმელს ვქმნი, მათ ვჭრი და ვკერავ. მთელ  ჩემს გრძნობებს ვდებ  სამოსში. მე არ ვადევნებ თვალყურს  მედია ინფორმაციას, ზოგადად  ეს ყველაფერი მიხშობს იმ ემოციას, რომლის გადმოცემაც მსურს.   მე დავაფუძნე  საკუთარი კომპანია, რადგან უკმაყოფილო ვიყავი ინდუსტრიის სისტემით. მთელ ჩემს  ყურადღებას ვუთმობ ჭრა-კერვას და ეს ჩემთვის   ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი დანიშნულებაა ქალისა და მამაკაცის სამოსის შექმნა. საბედნიეროდ მე არ მივლია მოდის სტანდარტული  გზით და მოვახერხე, რომ ჩემი საქმის ერთგული დავრჩენილიყავი. 

როდესაც  თქვენი კოლექციების ჩვენება  დაიწყეთ პარიზში, ამას მოჰყვა შოკი და  რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში.   მოგწონდათ პროვოკატორის როლში ყოფნა?                                      

იმ დროს  არც კი ვიცოდი, რომ არსებული მოდისგან განსხვავებულ რამეს ვქმნიდი. ევროპაში გავემგზავრე მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამეხსნა მაღაზია პარიზში. როდესაც დავინახე, რომ პირველი ჩვენების შემდეგ ბევრი მყიდველი მოვიდა, გაოგნებული ვიყავი. ვერ ვხდებოდი, თუ რა ხდებოდა. ჩემს ნამუშევრებს  რევოლუციურ გამოწვევად აფასებდნენ.  დღესაც მიკვირს ეს ამბავი.   

თქვენ გაითქვით სახელი  წარმოუდგენლად რთული კონსტრუქციის და დამაინტრიგებელი სამოსის შექმნით. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად აღიქვამს თქვენი მომხმარებელი ერთდროულად რთულ  და დახვეწილ დიზაინს?  

მე მხოლოდ  სხეულზე ქსოვილის მოძრაობა მაინტერესებს. მე ვარ უბრალო ადამიანი, რომელსაც უყვარს ტანსაცმლის შექმნა და ხელობა. ჩემი მიზანი არ არის, რომ ყველასთვის გასაგები იყოს ჩემი შემოქმედება. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ადამიანები კარგად გრძნობდნენ თავს ჩემს ტანსაცმელში. ძალიან მომწონს, როდესაც ქალები თავისებურად ატარებენ ჩემს მიერ შექმნილ სამოსს. მინდა, რომ ჩემი დიზაინი ადამიანის სახეს ჰგავდეს. ადამიანების სახეები ყოველდღიურად იცვლება, ხოლო მე ვცდილობ შევქმნა ის, რაც მუდმივად იარსებებს ადამიანებთან ერთად. კარგი სამოსი საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ ცხოვრებით.  ქსოვილი კი ჩემთვის  ყველაფერია…

ემოცია მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, ის სულ უფრო შეუმჩნეველი ხდება. რა უნდა გავაკეთოთ ამის დასაბრუნებლად? 

ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ინფორმაციისა და სურათების ძიება სმარტფონებში. შეისწავლეთ საგნები საკუთარი ხელებით.  პირადი გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია.

დღესდღეობით რა ხდის ქალებს ძლიერს?  შეუძლია თუ არა ამაში ტანსაცმელმა შეუწყოს ხელი? 

ქალები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე კაცები. ქალის სილამაზე შინაგანი სამყაროდან მოდის. ეს არის ჩემი შემოქმედების ათვლის  წერტილი.   ძირითადად ყურადღება გამახვილებული მაქვს  ქალის სილუეტსა და ზურგის კონტურზე. ყოველთვის ვაკვირდები სილუეტებს ქუჩაში.   შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ჩემს მიერ შექმნილი ტანსაცმელი  არის ერთგვარი აბჯარი  ძლიერი და  აქტიური ქალებისთვის.  ჩემი სურვილია მათი დაცვა ვცადო.

როგორ ამხნევებთ და რა გამოწვევების წინაშე აყენებთ საკუთარ თავს? თამაშობს თუ არა თქვენი გუნდი მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში? 

მე არ შემიძლია ტანსაცმლის შექმნა ჩემი გუნდის გარეშე. ბრაზი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემთვის ისევე, როგორც სამყაროს უსამართლობა.  წინა კოლექციით გამოწვეული უკმაყოფილება, მომდევნო კოლექციის  შექმნის მამოძრავებელი ძალაა.

რომელია მთავარი ეტაპი თქვენს შემოქმედებით პროცესში? 

ამჟამად არ ვხატავ. ჩემს გუნდს  ვაწვდი საკვანძო სიტყვას, რომელიც ავითარებს ერთ შერჩეულ თემას. შემდეგ ვაგროვებთ სპეციალურ სამოსს წარმოსახული ესკიზების გარშემო.

თქვენ ახერხებთ თქვენი საიდუმლო წლები ატაროთ. როგორ ფიქრობთ, დიზაინერები  ბევრს ხომ არ საუბრობენ ნაცვლად იმისა,  რომ თვითონ სამოსმა თქვას მათი სათქმელი?

ყველაზე მეტად მოდის ტენდენციები და მათზე საუბარი მეზიზღება. მე მინდა მხოლოდ ჭრა-კერვაზე ვფიქრობდე  და ადამიანების გამოწყობაზე.  დანარჩენი მე არ მაინტერესებს.

რომ არა დიზაინერობა, რა პროფესიას აირჩევდით?    

ალბათ მხატვარი ან მუსიკოსი ვიქნებოდი.

გჯერათ ბედისწერის? იქნებ განგება იყო, რომ გამოსულიყავით დიზაინერი?

დედაჩემი მკერავი იყო. იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების და  დიპლომის აღების შემდეგ, დედაჩემს ვუთხარი, რომ არ მქონდა  სურვილი მემუშავა იურიდიულ კომპანიაში და შევთავაზე დახმარება. მან მითხრა, რომ ამაზე დამთანხმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდის დიზაინის სკოლაში ჩავაბარებდი და პროფესიონალურად შევისწავლიდი ამ საქმეს. მას უნდოდა, რომ ამ საქმის ტექნიკური მხარე კარგად მესწავლა. სწავლა ტოკიოში Bunka-ს სასწავლებელში დავიწყე და მივხვდი, რომ იქ ძალიან ბედნიერი ვიყავი. სკოლა ჩემთვის იყო  თავის დაღწევის ერთგვარი  გზა.

როდის გიჩნდებათ საუკეთესო იდეები?

ალბათ მომდევნო კოლექციაზე ფიქრისას (იცინის).

ახალი კოლექციის შექმნისას, რომელი ეტაპი გაბედნიერებთ?

ბედნიერი ვარ, როდესაც პოდიუმზე  გაშვებული პირველი მოდელი   ბრუნდება კულისებში და ვხვდები, რომ მას მაყურებელი სიხარულით  და აღფრთოვანებით შეხვდა.

რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ მომავალს?

მომავალი ძალიან მაფიქრებს. დედამიწა ნამდვილად განსაცდელშია. როდესაც ქუჩაში  ბავშვებს ვხედავ, ძალიან ცუდად ვხდები და სერიოზულად მაფიქრებს  მათი მომავალი. რამდენად სახიფათო გახდა პლანეტა.. ზუსტად ეს არის ჩემი ბოლო კოლექციის თემა „მომავალი საფრთხის წინაშე” და გლობალური დათბობის საკითხები.

დღეს რომ რამის შეცვლა შეგეძლოთ მოდის სფეროში, რას შეცვლიდით?

გავაუქმებდი „სწრაფი მოდის“ ფენომენს. ადამიანებში კი ემოციებს და გრძნობებს დავაბრუნებდი.

ფილიპ პურჰაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top