რას დავინახავთ, თუკი ზეცას შევხედავთ

15.12.2021

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ქართული პანორამა“ მთავარი პროგრამაა, რომელიც თავს უყრის  წლის განმავლობაში გადაღებულ მხატვრულ, დამოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამები ქართველ მაყურებელს, მართალია, ძირითადად მხოლოდ სამ ყველაზე პოპულარულ კინოფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს სთავაზობს, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ფესტივალის აქტიური მაყურებელი წარმოდგენას იქმნის მეინსტრიმულ საავტორო კინოში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე.

კინოფესტივალი „პრომეთე“ დიდ საქმეს აკეთებს ქართული კულტურისთვის, თუმცა მისი საერთაშორისო პროგრამები ძალზედ ცალმხრივია, არ იძლევა „სხვა კინოსთან“ შეხების შესაძლებლობას. ამრიგად, ვისაც კინოში ხეტიალი უყვარს, მათთვის სულ მალე ეკრანებზე ახალი ქართული ფილმი გამოვა, რომლის რეჟისორიცაა გერმანიასა და საქართველოში მომუშავე ალექსანდრე კობერიძე. ბერლინალეს მთავარი კონკურსის შემდეგ „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ საქართველოში მეორედ აჩვენეს. „პრომეთეს“ ჟიური სრულიად გულგრილი აღმოჩნდა, ალბათ, ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმის მიმართ და მთავარი ჯილდო სხვა ნამუშევარს გადასცა – სოსო ბლიაძის „ოთარის სიკვდილს“. ეს უკანასკნელი ყველაზე ცუდი ქართული ფილმი ნამდვილად არაა, რომელსაც, ამავე დროს, გაქირავებაში წარმატების მიღწევის ყველანაირი შანსი აქვს.

წელს ქართული პანორამა კვლავინდებურად ეკლექტური იყო, რამაც ისევ ვერ მოგვცა ეროვნული კინოს მომავალზე პროგნოზების გაკეთების საშუალება. მაყურებელმა გვერდიგვერდ იხილა სალომე ჯაშის ხილვისმიერი კინო და 1990-იან წლებში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში არსებული სტანდარტებით გადაღებული ფილმები. მაგრამ ეს ნაპრალი მხოლოდ ქართულ კინოში არ შეიმჩნევა, მსოფლიო კინოშიც სტაგნაციაა, მათ შორის, დიდი რეჟისორების შემოქმედებაში. სწორედ ამიტომ ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ“ არის სუფთა ჰაერის ყლუპი, რომელმაც სიცოცხლე უნდა შთაბეროს სერიალებსა თუ სერიალებს დამსგავსებულ კინოს მიჩვეულ აპათიაში მყოფ მაყურებელს.

კობერიძე ყველაზე კინემატოგრაფიული რეჟისორია ქართული კინოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთია, ვინც გარემოს განმარტებას ცდილობს. სამყაროს განჭვრეტა და მისი თანმიმდევრულობის ახსნა ბევრს უცდია, თუმცა ობიექტურობის პრიზმიდან (რაც საწყისშივე წაგებული თამაშია). კობერიძე კინოში სუბიექტურობას აბრუნებს და ბუნების ფილოსოფიას საკუთარი ინტიმური თვალთახედვიდან გვანახებს. ის სიცოცხლეს სხვადასხვა ლინზიდან უჭვრეტს, მაგალითად, მისი წინა ფილმი „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ (2018) დაბალი გარჩევადობის კამერითაა შექმნილი, ნაწილობრივ ფირზეა გადაღებული „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“. ორივე ფილმი სიცოცხლის ვიზუალურ ანთროპოლოგიურ ანაბეჭდებს ასახავს, რომლებიც ისეთ ნივთებში, მოვლენებსა და დეტალებში ავლენენ თავს, კინოს გარეშე ამის შემჩნევა შეუძლებელი რომ ხდება.

კობერიძე რომანტიკოსია, რომელიც კინოში აბრუნებს/აღადგენს სამყაროს ინტენსიური შეგრძნების ტრადიციას. „რას ვხედავთ“ ერთგვარი სადამკვირვებლო არეა, რომლიდანაც ქალაქის (ამ შემთხვევაში ქუთაისი), ადამიანების, ცხოველებისა და ბუნების სურათები იშლება, რაც ერთიანობაში მაქსიმალურად თანასწორ და ჰარმონიულ ლანდშაფტს ქმნის. ამ გარემოში მთავარი პერსონაჟები, ძაღლი მერცხალა თუ მდინარე რიონი ერთი და იგივე ღირებულების მქონე ელემენტებია. რეჟისორი მაყურებელს თანაგანცდის, კარიტასის გრძნობას უღვივებს, რომ ამქვეყნად ყველაფერი იმსახურებს ყურადღებას, დაცვასა და სიყვარულს. სწორედ ამ გზავნილით იჭრება ფილმი ორ ნაწილად, როდესაც შუაში, – ანტრაქტში, – რიონის მიერ გატაცებული ფეხბურთის ბურთის ფონზე ნარატორი, ანუ თავად ალექსანდრე კობერიძე, კაცობრიობის სიხარბეზე იწყებს თხრობას. სიხარბეზე რასაც ყოველ წელს მილიარდზე მეტი ცოცხალი არსების სიცოცხლე ეწირება. გავიხსენოთ ხანძრები, რომლებსაც ადამიანები იწვევენ პალმის პლანტაციებისთვის ადგილის გამოსათავისუფლებად. შეგვიძლია სხვა მაგალითიც გავხისენოთ – ხვამლის მთის ძირას ჰესების აშენების თვითდესტრუქციული სურვილი, რაც დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიის განადგურებას, ეკოლოგიასთან ერთად მითოლოგიისა (ხვამლი ის ადგილია, სადაც ამირანია მიჯაჭვული) და სწორი, არაკოლონიური განვითარების პერსპექტივაზე უარის თქმასაც გულისმხობს.

რომანტიზი მხოლოდ ბუნების ფეტიშიზაციას არ მოიცავს, ის ხარბი, რაციონალური, სარგებელზე ორიენტირებული კულტურის ანტითეზად მოიაზრება. ქუთაისში განვითარებული ზღაპრული ისტორია, რომლის მიხედვითაც ერთი ნახვით შეყვარებულ წყვილს პირველ პაემნამდე ავი თვალი გარეგნობას შეუცვლის ერთამენთი რომ ვეღარ იცნონ, ფილმის მსვლელობისას, როგორც ჟიჟეკი იტყოდა, ვიზუალური „ნაკერებით“ უკავშირდება ხვამლის მთას, მდინარე რიონს, აკაკი წერეთლის სოფელს, კლასიკურ მუსიკას, ფეხბურთსა და კინოს.

ფილმში ბევრი პირდაპირი ალუზია, რემინისცენცია და პასტიშია ხშირად ყველასთვის უცნობი ფილმებიდან. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ როგორც იწყება, ანუ სანამ ჯადო ჩაერთვება საქმეში, ძალიან გვაგონებს აკი კაურისმიაკის კინოს, რომელსაც მოსდევს ნანი მორეტი, აპიტჩატპონგ ვირასეტაკული, ერიკ რომერი, რაინერ უერნერ ფასბინდერი, სერგეი ეიზენშტეინიც კი და რაც მთავარია – რობერ ბრესონი, რომელთანაც კობერიძე საინტერესო დიალოგში იმყოფება (განსაკუთრებით მსახიობებთან მუშაობის კუთხით). თუკი ბრესონი მსახიობს მოდელად თითქმის წამების გზით აქცევს, კობერიძე მოქმედებისგან გაუცხოების პროცესს მსახიობებისა და მაყურებლისთვისაც სრულიად უმტკივნეულოს ხდის.

მთავარი პერსონაჟების შეხვედრას ვერც ერთ ჯერზე ვერ ვხედავთ, სანამ განჯადოება არ მოხდება. ჩვენ ან მათ ფეხებს ვუყურებთ, ანდა იმდენად შორი ხედიდან ვაკვირდებით, რომ სილუეტების გარდა ვერაფერს ვარჩევთ. სწორედ წყვილის მეორედ შეხვედრის ეპიზოდში, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ მოედანზე ხდება, კამერა საკმაოდ შორ ზედხედს ირჩევს. კადრში მთავარი პერსონაჟები სივრცის რიგით ელემენტებად წარმოგვიდგებიან. ასეთ კადრს, თუ არ ვცდები, ფუძემდებლურ კადრს უწოდებენ, რომელიც კობერიძის ფილმში ნამდვილად აფუძნებს ახალ (კინემატოგრაფიულ) სივრცეს. რასაც ვუყურებთ ის ა(ღა)რაა ქუთაისის ზედხედი, არც მისი ეკრანული იმიჯი, ესაა ახალი სივრცე, გარდაქმნილ რეალობაზე დაფუძნებული მხატვრული რეალობა. სწორედ აქ იჩენს თავს ჩემი პირადი აკვიატება კობერიძის ფილმსა და ბერძენ რეჟოსორ თეო ანგელოპულოსის სივრცის რეორგანიზების მიდგომებს შორის კავშირის დანახვის.

„რას ვხედავთ“ ცხოვრების სურათებს აერთიანებს თითქოსდა ავტორის გარეშე. კობერიძე მხოლოდ ფეხბურთის დროს ჩნდება, მაშინ როდესაც ყველაზე ინტიმურს – ფეხბურთის სიყვარულს – გვიზიარებს. სხვა ნაწილები თითქოსდა თავისთავად ექცევა მაყურებლის ხედვის არეალში. როგორც ლექსი იწერება სიტყვებით, რომლებიც ახალ სიტყვებს თავად ითხოვენ (და ავტორი უბრალოდ ჩამწერის ანდა გამტარის როლში გვევლინება), ფილმშიც ყველა მომდევნო კადრს წინამორბედი ქმნის, მიუხედავად ავტორთა კოლოსალური შრომისა, განსაკუთრებით გადაღების მოსასამზადებელ ეტაპზე, რომლის წყალობითაც გამოთვლილი იყო სცენებში მზის ზუსტი ტრაექტორიაც კი.

კობერიძე ჰოლისტურად გვიხატავს სამყაროს, რომელშიც მაგია უნდა დაბრუნდეს, უფრო სწორედ, გამოჩნდეს. მაგიის შემჩნევა მხოლოდ კინოს შეუძლია, რომელიც უხილავს ხილულად აქცევს, შეუმჩნეველს შესამჩევს ხდის, მოჯადოებულს განაჯადოებს, განჯადოებულ სამაყროში კი კვლავ მაგიას აბრუნებს. იმიჯებით, ამოძრავებული გამოსახულებებით გადავსებულ და სწორედ ამ სიჭარბით ვიზუალურად გაღარიბებულ სამყაროში ამაღლებულისა და მიღმიერის განჭვრეტა კინოს ლამის ერთადერთ ფუნქციად იქცევა, რომელმაც ადამიანი ზეცაში უნდა აახედოს.

ფილმის მთავარი შეკითხვა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ მაყურებელს ფინალური ეპიზოდის დროს დაესმის. მთავარი პერსონაჟის გიორგის (პერსონაჟს ორი მსახიობი ასახიერებს: მოჯადოებამდე – გიორგი ამბროლაძე, მოჯადოების შემდეგ კი გიორგი ბოჭორიშვილი. მორიგი გადამისამართება ლუის ბუნუელის უკანასკნელ ფილმთან „ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი“ (1977), რომელშიც ერთ როლს ასევე ორი მსახიობი ასრულებს) ეზოს ბიჭები ზურგზე საღებავით „მესი #10“ იწერენ და ქუთაისის ყველაზე გრძელ კიბეს აივლიან ნარატორის თხრობისა და გიორგი კობერიძის ჯადოსნური მუსიკის ფონზე (მუსიკა ცალკე აღნიშვნის ღირსია!). სწორედ ამ დროს ჩნდება სამყაროს ახლებურად დანახვისა და შეგრძნების მზაობა, რომლისთვისაც მაყურებელს 2 საათი და 30 წუთი დასჭირდება. ამ მომენტიდან იწყება კინოც.

გიორგი რაზმაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top