TYAM – ახალი პლატფორმა ქართულ სახელოვნებო ეკოსისტემაში

თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა

10.07.2026

ქართულ სახელოვნებო სივრცეში ახალი, მასშტაბური პლატფორმა – TYAM ჩნდება. პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდა, დამწყები შემოქმედებისა და გალერეების მიღმა მყოფი, დამოუკიდებელი არტისტების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. საქართველოს ეროვნული სასახლის ისტორიულ კედლებში დაგეგმილი ეს ღონისძიება ცდება ტრადიციული გამოფენის ფორმატს და აქცენტს პროფესიულ განვითარებაზე, საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და პრაქტიკული უნარების გაზიარებაზე აკეთებს.

რა სირთულეების წინაშე დგანან დღეს ხელოვანები ინსტიტუციურ ქსელებში ინტეგრირებისას, როგორია ბიზნესისა და ხელოვნების თანამშრომლობის იდეალური მოდელი და რას უნდა ველოდოთ პლატფორმისგან – TYAM-ის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე პროექტის ორგანიზატორს, ნინო სურგულაძეს ვესაუბრეთ.

TYAM ერთ პლატფორმაზე აერთიანებს 17-25 წლის დამწყებ კრეატორებსა და 25 წელს ზემოთ დამოუკიდებელ არტისტებს. რა იყო მთავარი მიზეზი ამ ორი, პრაქტიკულად განსხვავებული საჭიროებების მქონე ჯგუფის ერთად შეკრებისთვის?

TYAM-ის კონცეფციის ღერძი თანაარსებობაა. ერთი შეხედვით, თითქოს ეს ორი ჯგუფი სრულიად განსხვავებულ ეტაპზეა, თუმცა რეალობა სხვაგვარია: მათ საერთო გამოწვევები აერთიანებთ. ორივეს უწევს, იბრძოლოს პროფესიულ სივრცეში საკუთარი ადგილის მოსაძებნად, საერთაშორისო კონტაქტების შესაქმნელად და ნამუშევრების სწორად წარმოსაჩენად. განსხვავება მხოლოდ გამოცდილებაშია. პროექტში უკვე შემდგარი, აღიარებული ქართველი ხელოვანების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო. მათი მონაწილეობით იქმნება ბუნებრივი პროფესიული გარემო, სადაც ცოდნა, პრაქტიკა და თანამედროვე ხედვები ერთმანეთს კვეთს. სწორედ ეს სინერგია აძლიერებს სახელოვნებო ეკოსისტემას და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს.

პროგრამის ფოკუსი ისეთ პრაქტიკულ ცოდნაზეა მიმართული, როგორიცაა გამოფენებისა თუ ბაზრობებისთვის მზადება და ნამუშევრების სწორად წარდგენა. ყველაზე ხშირად რა პრაქტიკული უნარების დეფიციტს ხედავთ დღეს დამოუკიდებელ ხელოვანებში?

დღეს უამრავი ნიჭიერი ავტორი გვყავს, თუმცა საკუთარი შემოქმედების პროფესიულად შეფუთვა და წარდგენა ბევრს უჭირს. საქმე ეხება ისეთ ბაზისურ, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა გამართული პორტფოლიოსა და Artist Statement-ის მომზადება, ნამუშევრების ხარისხიანი ფოტოდოკუმენტირება, ფასწარმოქმნის სპეციფიკა, საერთაშორისო განაცხადების შევსება და სწორი კომუნიკაცია გალერისტებთან თუ კურატორებთან. TYAM სწორედ ამ უნარების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს, რადგან ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, მისი პრეზენტაციის ფორმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ღონისძიება მოიცავს ერთდღიან პანელურ დისკუსიებსა და ღია საუბრებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც მონაწილეებს ამ კონცენტრირებულ ფორმატში შეუძლიათ?

ლექციების მიღმა, ჩვენთვის მთავარია, ეს დღე ცოცხალი კომუნიკაციის, იდეების გაცვლისა და ახალი შესაძლებლობების ათვლის წერტილად ვაქციოთ. ხშირად ერთი, სწორად წარმართული შეხვედრაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხელოვანის კარიერაში ახალი ეტაპი – რეზიდენცია, საერთაშორისო კოლაბორაცია ან სრულფასოვანი გამოფენა დაიწყოს.

პლატფორმის მიზანია, დაეხმაროს არტისტებს გრძელვადიანი, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში. რა მექანიზმით უზრუნველყოფთ, რომ მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრა ერთჯერად მოვლენად არ დარჩეს?

TYAM უწყვეტი პროცესია. ჩვენი ხედვით, ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია იმ ვრცელი პლატფორმისა, რომელიც მონაწილეთა ქსელის გაძლიერებას და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. სამომავლოდ ვგეგმავთ ღია კონკურსებსა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატს. გვინდა, TYAM იქცეს პროფესიული ურთიერთობების მყარ საძირკვლად.

წელს, სპეციალური შერჩევის საფუძველზე, გამოვავლენთ ხელოვანთა ჯგუფს, რომელიც საქართველოს სახელით გაემგზავრება ბუდაპეშტში. ეს უნიკალური შანსია იმ ავტორებისთვის, რომლებიც მზად არიან, საკუთარი შემოქმედება ევროპულ აუდიტორიას გააცნონ. შესაბამისად, წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულ დროს დაუთმობს სწორედ საერთაშორისო ბაზრობებისთვის მზადების სპეციფიკას – კონკურენტუნარიანი პორტფოლიოს შექმნასა და გლობალურ სივრცეში პარტნიორების მოძიებას.

როგორ ფიქრობთ, ნაზი ნაჟანდის მსგავსი გამოცდილი პროფესიონალის ჩართულობა რამდენად დაეხმარება სპეციფიკურად იმ არტისტებს, რომლებიც კარიერის გარდამავალ ეტაპზე არიან და ჯერ არ თანამშრომლობენ გალერეებთან?

კარიერის გარდამავალ ეტაპზე გამოცდილ პროფესიონალებთან უშუალო კონტაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნაზი ნაჟანდის მრავალწლიანი კურატორული პრაქტიკა მონაწილეებს ზუსტად დაანახვებს, რას ითხოვენ და ეძებენ საერთაშორისო ინსტიტუციები. მისი გამოცდილების გაზიარება დამოუკიდებელ ხელოვანებს დაეხმარება, საკუთარი კარიერული ნაბიჯები გაცილებით სტრატეგიულად დაგეგმონ.

პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ინსტიტუციებთან თანამშრომლობის საკითხს. რა არის ის მთავარი ბარიერი, რაც ხელს უშლის ახალგაზრდა შემოქმედებს ინსტიტუციურ ქსელებში შეღწევაში?

მთავარი დაბრკოლება, როგორც წესი, ინფორმაციული ვაკუუმი და საკომუნიკაციო არხების სიმწირეა. ნიჭიერების მიუხედავად, ბევრმა ახალგაზრდამ უბრალოდ არ იცის, რა გზით მიუდგეს ინსტიტუციას, როგორ შეადგინოს განაცხადი ან მოახდინოს საკუთარი პრაქტიკის პრეზენტირება. TYAM სწორედ ამ დისტანციის შემცირებას და რეალური კომუნიკაციის გზების გაჩენას ემსახურება.

სპონსორების როლზე საუბრისას აღნიშნავთ, რომ მათი დახმარებით ახალი ხმების აღმოჩენა და ფართო ეკოსისტემაში ინტეგრირება ხდება შესაძლებელი. როგორ ხედავთ ბიზნესისა და ხელოვნების თანამშრომლობის იდეალურ მოდელს საქართველოში?

იდეალური მოდელი ბიზნესსა და ხელოვნებას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს. როცა კერძო სექტორი კულტურაში დებს ინვესტიციას, ის რეალურად ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაში მონაწილეობს. მსგავსი თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე უნდა შენდებოდეს და ატარებდეს გრძელვადიან ხასიათს, რადგან ჯანსაღი კულტურული გარემო პირდაპირ აისახება საზოგადოების საერთო განვითარებაზე.

საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის პოლ დუჟარდენისა და ჯულია მარშანის მოწვევა უდავოდ ზრდის ღონისძიების მასშტაბს. როგორ აპირებთ მათი გლობალური გამოცდილების ჩვენს ლოკალურ რეალობასთან და საჭიროებებთან მორგებას?

გლობალური პრაქტიკის ლოკალურ კონტექსტში ადაპტირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ყველა დისკუსია აიგება კონკრეტულ, ხელშესახებ მაგალითებზე, რათა მონაწილეებმა საქართველოში გამოსაყენებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები მიიღონ. პოლ დუჟარდენისა და ჯულია მარშანის გამოცდილება ფასდაუდებელია თუნდაც იმიტომ, რომ ისინი სწორედ იმ პლატფორმებსა და ინსტიტუციებს წარმოადგენენ, რომლებთან თანამშრომლობაც ქართველი ავტორებისთვის სრულიად ახალ პერსპექტივებს აჩენს.

TYAM-ს მოიაზრებთ როგორც ინვესტიციას სახელოვნებო საზოგადოების გრძელვადიან გაძლიერებაში. რა იქნება კონკრეტულად ამ პირველი ღონისძიების წარმატების მთავარი საზომი თქვენთვის?

ჩემთვის წარმატების მთავარი ინდიკატორი მონაწილეებისთვის გახსნილი ახალი კარიერული გზები იქნება – რეალური კოლაბორაციები გალერეებთან, მოწვევები საერთაშორისო გამოფენებსა თუ რეზიდენციებში და ისეთი პროფესიული ურთიერთობების დაწყება, რაც მომავალში ხელშესახებ შედეგს მოიტანს.

ამასთანავე, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ლოკაციასაც: TYAM პირველად საქართველოს ეროვნულ სასახლეში ტარდება. ეს ისტორიული შენობა მრავალი თაობის განათლებისა და შემოქმედებითი განვითარების სიმბოლოა. ძალიან ლოგიკური და სიმბოლურია, რომ საქართველოში თანამედროვე ხელოვნების პირველი ასეთი მასშტაბის ბაზრობა სწორედ აქ იღებს სათავეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კულტურისა და ახალი თაობების განვითარების განუყოფელ კავშირს. თუ პირველი TYAM ახალი ტრადიციის დაფუძნებას და ქართველი არტისტებისთვის საერთაშორისო ასპარეზის გაფართოებას შეძლებს, ეს იქნება ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა.

ესაუბრა ქეთია ბელქანია

5 Comments

  • By მალხაზ კუხაშვილი

    ძალიან საინტერესოა, გვინდა მონაწილეობა

  • By Kakhaber Tatishvili

    საინტერესოა*

  • By ანონიმური

    Ჯერ იმათ რომ მიხედოთ, ვინც ბერდება სიძვირის გამო საგამოფნო ასპარეზში ვერ მონაწილეობს? Არც ჯგუფურ გამოფენებზე ეპატიჟება არავინ, იმიტომ, რომ არავის გავს და თანაც ვიღაცეებს, კიდეც აწუხებს წესიერი ადამიანების ნამუშევრები. Ისინი ხომ დამალულ გულს, თვალს და სინდისს აწუხებენ.

  • By ანონიმური

    571018008

  • By ანონიმური

    Tanaxma var

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *