საუკეთესო დღესასწაული – ახალი წელი

KID’S GALLERY

წარმოგიდგენთ

15.12.2021

ახალი წელი ყველა ბავშვის საყვარელი დღესასწაულია. დიდი, მორთული, გაბრდღვიალებული ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებით, ზეიმები, კონცერტები – ამ დღეს ისინი მთელი წელი ელოდებიან. როგორ ემზადებიან,  როგორი გულისფანცქალით ხსნიან საჩუქრებს „ნეტავ  ყველაფერი  თუ გამომიგზავნა  თოვლის  ბაბუამ, რაც მივწერე წერილშიო?“

მშობლების უმრავლესობა ჩართულია ამ თამაშში და არანაირ  საშიშროებას  არ  ხედავს  იმაში,  რომ  მის  შვილს  მართლა სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის; თუმცა არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ტრადიციას. მათი აზრით, ბავშვი არ გახდება უფრო ბედნიერი, თუ დაიჯერებს ზღაპარს თოვლის ბაბუის შესახებ. მათი აზრით, ასეთმა ცრურწმენამ შეიძლება ბავშვი უფრო ინფანტილური გახადოს. მთავარი არგუმენტი კი ის არის ხოლმე, რომ ის ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მას ატყუებდნენ და ეს გახდება მიზეზი გულგატეხილობის და გულჩათხრობილობის, რის შედეგადაც  მომავალში მან შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მშობლის სხვა მოსაზრებებიც.

ერთი შეხედვით, ეს არგუმენტები თითქოს დამაჯერებლადაც ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მათი  ბავშვების  ყოველდღიური  ცხოვრებაც  ხომ  აღსავსეა სხვა ამის მსგავსი ფანტაზიებითა და წარმოდგენებით. ბავშვის თამაშში ყოველთვის ძალიან ბევრია მოგონილი, ის ხშირად ფანტაზიორობს. პატარა  ბიჭი   შეიძლება ხან პოლიციელი იყოს, ხან მძღოლი; გოგონა კი დედოფალი (დედის ტანსაცმელში გამოწყობილი) ან მოდელი (მაღალქუსლიან ფეხსაცმლებზე შემდგარი). ბავშვი იმდენად ერთვება ამ თამაშში, რომ იმ წამს სრულიად ითავისებს ამ როლს.  ხშირად თვითონ მშობლებიც კი იღებენ აქტიურ მონაწილეობას ამ თამაშებში. ბავშვებს უყვართ  ფანტაზიორობა და ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო გზა, მიიღო საკმაოდ  ზუსტი წარმოდგენები  საკუთარ  თავზე და ხშირად გარე სამყაროზეც.

რასაკვირველია, შეიძლება გაჩნდეს საწინააღმდეგო შეხედულებაც  – ფანტაზია ფანტაზიად,  მაგრამ როცა ბავშვი ზედმეტად ჩართულია ასეთ თამაშში, ეს ხომ შეიძლება მავნებელიც იყოს მისთვის? მაგრამ განა ასეთი თამაშისას ბავშვი ისევე ფიქრობს და ისევე აღიქვამს, როგორც უფროსი?! სინამდვილეში ბავშვის ცნობიერებაში ჯერ არ არის არანაირი სხვაობა ფანტაზიასა და სინამდვილეს, თამაშსა და რეალობას შორის.

იგივე ხდება თოვლის ბაბუასთან დაკავშირებითაც. ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ მას, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეში  არ არსებობს, რომ ეს მხოლოდ მოგონილი ამბავია და სხვა არაფერი, რომ ზეიმზე მოსული თოვლის ბაბუა უბრალოდ ჩვეულებრივი, გადაცმული კაცია და ბავშვი ჩვენ დაგვიჯერებს, ჩვენ ხომ ავტორიტეტები ვართ მისთვის. მაგრამ რა მოჰყვება ამას? რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, როცა დაინახავს სხვა ბავშვების გახარებულ სახეებს, მათ მოციმციმე თვალებს, როცა ისინი თოვლის ბაბუაზე  ლაპარაკობენ? გარდა  ამისა,  ჩვენი  ბავშვის  მიერ თოვლის ბაბუის უარყოფამ შეიძლება მას ბევრი სიძნელეც მოუტანოს. თანატოლები არ დაუჯერებენ მას, შეიძლება დასცინონ  კიდეც,  ან სულაც  გაუნაწყენდნენ,  გაებუტონ  და მან კი დაჩაგრულად და მარტოხელად იგრძნოს თავი.

არ არის საჭირო ამ პრობლემის გართულება,  ბავშვს უნდა ჰქონდეს   უფლება,   სჯეროდეს   თოვლის   ბაბუის   არსებობის. ამით ის არ გახდება ინფანტილური თავის თანატოლებთან შედარებით. ამ უფლების წართმევით ჩვენ მხოლოდ ხელს შევუშლით მას, იყოს თანამონაწილე საერთო დღესასწაულისა.  ის არგუმენტიც, რომ საახალწლო საჩუქრები, მათი მოლოდინი გაათამამებს ბავშვს, მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჩუქრები ზედმეტად ბევრია. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას დაბადების დღის და სხვა დღესასწაულების დროს გაკეთებულ საჩუქრებზე.

როგორ და როდის უნდა გაიგოს ბავშვმა, რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ ფანტაზიის შედეგია?  ხომ არ გახდება ეს რეალობა ბავშვისთვის სერიოზული ტრავმის მიზეზი? იქნებ ამიერიდან მან მართლაც შეიტანოს ეჭვი ჩვენ ნათქვამში, დაგვაბრალოს მატყუარობა? სინამდვილეში ჩვენს პრაქტიკაში არ შეგვხვედრია არცერთი ბავშვი, რომელიც ამ ამბავს ასე მტკივნეულად გადაიტანდა. რასაკვირველია, ბოლოს და ბოლოს დგება დღე, როცა ის იგებს, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეში არ არსებობს. თავიდან შეიძლება მართლაც გაბრაზდეს, აღშფოთდეს კიდეც, არ დაიჯეროს, მაგრამ  თანდათანობით ის გააცნობიერებს იმ  ფაქტს, რომ ის უკვე „დიდია“ და სინამდვილეს უფროსის თვალით უნდა შეხედოს.

ახალი წლის დადგომამდე ბავშვი თითქოს იწყებს გამოძიებას, სვამს ათასგვარ სხვადასხვა კითხვას თოვლის ბაბუის შესახებ და ბოლოს აგნებს თავისი აღმოჩენის დამადასტურებელ ფაქტებს. ხშირად ბავშვი კმაყოფილიცაა თავისი  თავით  და ამაყობს თავისი მიხვედრილობით. კარგია, თუ ის ამ აღმოჩენას გააკეთებს 8-9 წლის ასაკისათვის და თუკი უფრო მოგვიანებითაც ვერ შეძლებს „ჩვენი საიდუმლოს“ გაგებას, მაშინ აჯობებს,  ჩვენ  დავეხმაროთ  ამაში. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? ბავშვი ამ აღმოჩენისთვის წინასწარ, 6-7 წლიდან თანდათანობით  უნდა შემზადდეს. საახალწლო  საჩუქრების  მიღების შემდეგ ჩვენ უნდა ვურჩიოთ მას, მადლობა გადაუხადოს ნათესავებს და ახლობლებს, რომლებმაც სთხოვეს თოვლის ბაბუას მისთვის ამ საჩუქრების მოტანა. მოგვიანებით, როცა ბავშვი უკვე 7-8 წლის გახდება, უნდა ვეცადოთ, საახალწლო საჩუქრები არც ისე გულდასმით შევინახოთ. ზოგჯერ შეიძლება მაგიდაზე „დაგვრჩეს“ ღია კოლოფი ან საჩუქრის შესაფუთი ქაღალდი და  როცა ის დაიწყებს  გარკვევას,  თუ  რა არის  ეს, საიდან  არის ან ვისგანაა,  ჩვენ  შეიძლება  მშვიდად და ალერსიანად ვუპასუხოთ, რომ ალბათ ის არ გაგვინაწყენდება, თუ გაიგებს, რომ ამ საჩუქრებს მას ჩვენ ვუმზადებთ. ამის შემდეგ დაიწყება უამრავი შეკითხვები თოვლის ბაბუასა და საახალწლო საჩუქრებზე. აი, სწორედ ამ დროს შეგვიძლია მოვუყვეთ მას იმ მშვენიერი ზღაპრული თამაშის შესახებ, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვთამაშობთ. სწორედ ამ დროს გაიგებს ის სიმართლეს საჩუქრებზე, რომელსაც ჩვენ მას ვუმზადებთ. თან აუცილებლად, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მას, რომ ის ყველას ძალიან გვიყვარს. თავიდან ბავშვი შეიძლება მართლაც შეწუხდეს და ცრემლიანი თვალებით გვკითხოს: „ესე იგი თოვლის ბაბუა არ არსებობს? მაგრამ განა შარშან არ ვნახეთ თოვლის ბაბუა ბაღში ზეიმზე?!“ ჩვენ ვუპასუხებთ: „სინამდვილეში  ის არ არსებობს, მაგრამ ყველას  სიამოვნებს  იფიქროს, თითქოს ის  არის.  ხომ  გახსოვს, შარშან შენ გითხრეს, რომ ეს ნამდვილი თოვლის ბაბუა კი არა, მისი დამხმარეაო, ნამდვილი კი შორეულ ჩრდილოეთში ცხოვრობს. ყველა თოვლის ბაბუა მართლა დამხმარეა, რადგან ისინი გვახსენებენ, რომ საახალწლოდ შვილებს საჩუქრები უნდა ვუყიდოთ“.

შეწუხებულმა ბავშვმა შეიძლება გვკითხოს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალ წელს ის საჩუქრებს აღარ მიიღებს.. რაზეც ვუპასუხებთ, რომ ყოველ წელს ვეცდებით, ვაჩუქოთ რაიმე განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქარი. ბავშვის სახეზე გაჩნდება შეუმჩნეველი ღიმილი და ცოტა ხანში ის მთლიანად გადაერთვება თავის ახალ სათამაშოზე. მნიშვნელოვანია, მას ვთხოვოთ ის, რომ ამ საიდუმლოს შესახებ მან თავის უმცროს და-ძმას არაფერი უთხრას. ეს ნათქვამი დაამშვიდებს და გაამხნევებს მას, ის ხომ უკვე დიდია! ამ პერიოდში ბევრი საახალწლო ღონისძიება იმართება, რომელსაც ის ესწრება, ეს ყველაფერი კი ადვილად გადაატანინებს მას ამ აღმოჩენას. საერთოდ, თუ ბავშვი სახლში, ოჯახში, უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს თავს, მისთვის ყოველი ახალი, ტრავმული ამბის გაგებაც კი ნაკლებად მტკივნეულია.

ჩვენი აზრით, ერთადერთი საშიშროება, რომელიც თოვლის ბაბუას ზღაპართანაა დაკავშირებული, ეს არის მშობლების მიერ მისი გამოყენება აღმზრდელობითი  მიზნებისათვის. „შენ  თუ  კარგად  არ  მოიქცევი, საახალწლოდ  თოვლის  ბაბუა  საჩუქრებს   არ  მოგიტანს“  –  სამწუხაროდ, ამ ფრაზას მშობლები იყენებენ  ბავშვის დასაშინებლად და თუ ეს ხშირად მეორდება, თოვლის ბაბუა ბავშვის თვალში გადაიქცევა უმაღლეს მოსამართლედ, რომელიც აფასებს მის ქცევას. ბავშვს შეიძლება დაეწყოს შიშები და გაუჩნდეს დანაშაულის  გრძნობა.  უმჯობესია,  თოვლის  ბაბუა  დავუხატოთ მას, როგორც მხიარული და კეთილი მოხუცი, რომელსაც ერთნაირად  უყვარს  ყველა  ბავშვი.  საახალწლო საჩუქრების მიღების შემდეგ, კარგი  იქნება,  თუ  ვეტყვით: „ეტყობა შენ კარგი ბიჭი იყავი, რომ ასეთი საჩუქრები მიიღე“. ეს უნდა ვუთხრათ  მაშინაც, თუკი ის ბოლო ხანებში არც თუ ისე კარგად იქცეოდა. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა, იგი მაინც უყვართ  – ეს ხომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ბავშვს უნდა ვაჩუქოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მას გაახარებს და არა ის, რომელიც ჩვენ უფრო მოგვწონს

და კიდევ ერთი, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა! ბავშვს ყოველთვის უნდა ვაჩუქოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მას გაახარებს. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ მისი ასაკი, ე.ი. ისეთი საჩუქარი უნდა შევურჩიოთ, რომელიც მას დააინტერესებს, ან რომელზეც იგი ოცნებობს, და არა ის, რომელიც ჩვენ  უფრო  მოგვწონს, ან უფრო  მიზანშეწონილად მიგვაჩნია.  შეიძლება ჩვენ ვთვლით, რომ ბავშვს სულაც არ სჭირდება ახალი თოფი, რომელზეც  ის დიდი ხანია ოცნებობს.  დავფიქრდეთ, თუ ჩვენი შვილი ხშირად თამაშობს ომობანას (და ეს აბსოლუტურად ნორმალურია ბიჭისთვის), ის უბრალო ჯოხსაც დაიჭერს ხელში და თოფად „მონათლავს“, ჩვენი შეხედულების მიუხედავად. უმჯობესია მაინც საოცნებო თოფი ვუყიდოთ, თუმცა შეგვიძლია  სხვა  სათამაშოც ზედ  მივაყოლოთ; ანუ  მთავარია, ჩვენ შევძლოთ დოზირება და გაწონასწორება მისი თამაშებისა. ამისათვის დროდადრო უნდა შევუძინოთ ე.წ. განმავითარებელი სათამაშოები ( ლეგოები, სხვადასხვა კონსტრუქტორები, ლოტოები და ა.შ.). საახალწლოდ, მშობლები თავისი პატარა გოგონებისთვის ყიდულობენ ხოლმე ოქროს ნივთს, ბავშვს კი ის სულაც არ აინტერესებს, მას უფრო მეტად უნდა „ბარბი“ ან სამზარეულოს მოწყობილობა; ამიტომ საჩუქრის შერჩევისას გავითვალისწინოთ ბავშვის სქესი, ასაკი და მოთხოვნილებები.

ამავე დროს, თუ ჩვენც ვერთვებით საახალწლო თამაშში, დიდი სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს. მოვიყვან ერთ კურიოზს ჩემი გამოცდილებიდან. 12 საათზე დავრეკე ზარი და ოთახში შემოვიტანე „თოვლის ბაბუას გამოგზავნილი“ საჩუქრებით სავსე დიდი კალათა. საჩუქრები ყველას დავურიგე. როდესაც სიხარულის და აჟიოტაჟის პირველმა ტალღამ  ჩაიარა,  ჩემმა  შვილმა  ჩუმად  მკითხა:  „დედიკო,  რატომ არის თოვლის ბაბუა შენზე ნაწყენი?“ თავიდან დავიბენი, მერე  კი მივხვდი, რომ საჩუქრები ყველას მოვუმზადე ჩემი თავის გარდა.

და ბოლოს, როცა ბავშვმა უკვე იცის სიმართლე თოვლის ბაბუის შესახებ, შეაჩვიეთ იმას, რომ თვითონაც ისწავლოს საჩუქრების მომზადება. მან უნდა გაიგოს, რომ საჩუქრების ჩუქება ისევე სასიამოვნოა, როგორც მათი მიღება.

KidsGallery.ge

ფსიქოლოგი: ჯანა კახიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap