თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ

02.07.2023

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით 1 ივლისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) გაიმართა, სახელწოდებით: ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ. კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ლიდერ ქალებს განსხვავებული პროფესიული გამოცდილება, სამუშაო სფერო, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები აერთიანებდათ. კონფერენცია სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, რომლის უშუალო ინიციატივითაც, აღნიშნული ფესტივალი გასულ წელს დაარსდა. გეოგრაფიულად და ეთნიკურად ჭრელი იყო მოწვეულ სტუმართა რიცხვი, ასეთივე მრავალფეროვანი იყო მათი თვითგამოხატვისა და პროფესიული დასაქმების არეალი: პოლიტიკა, დიპლომატია, კულტურა, ბიზნესი, მედიცინა, მედია…

პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში აქცენტი საომარ პერიპეტიებში მყოფ უკრაინელ ქალებზე გააკეთა: „ეს კონფერენცია მშვიდობას ეძღვნება, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ქალებს დღევანდელი ომის დაძაბულობის გადასალახად მსოფლიოში. ომი და მშვიდობა ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს და ეს კონფერენცია მინდა მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, რომლებიც წელიწადნახევარია ბომბების ქვეშ არიან უკრაინაში“. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ქალთა კონფერენციის შემდეგი წლის მონაწილეები „ახალ მსოფლიოში ახალი მშვიდობის“ დანერგვასა და მშენებლობაზე იმსჯელებდნენ.

ფესტივალის მსვლელობისას ახალი სადისკუსიო პლატფორმა შეიქმნა, სადაც თითქმის ყველა სესიაზე, ყველა სპიკერთან ფოკუსში უკრაინა და მისი მებრძოლი ხალხი იყო. განსაკუთრებული აქცენტი უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ლიდერი ქალები კონფლიქტის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს შეეხნენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. აღნიშნულ საკითხებზე პირველ თემატურ პანელზე ისაუბრეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩბურიჩიმ(Marija Pejčinović Burić) და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა ბეარმა  (Nicola Beer). „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა – ქალების როლი თანამედროვე მსოფლიოში“ ამ სახელწოდების ქვეშ მსოფლიო ლიდერმა ქალებმა ქართველ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და დასავლურ სამყაროში მიმდინარე გამოწვევები გაუზიარეს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩბურიჩიმ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ქალების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა თანამედროვე დასავლურ სივრცეში. მისი თქმით, ქალები საკუთარი გენდერული როლის გამო ხშირად დგებიან გამოწვევების წინაშე, სწორედ ამიტომ დღევანდელ სამყაროში ქალებისთვის პარტნიორებისა და თანამოაზრეების ძიება, საკუთარი თავის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორივე ქალბატონმა საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებსა და საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე საუბრის პარალელურად, უშუალოდ და გულწრფელად საკუთარი ბიოგრაფიული პასაჟებიც გაუზიარა ქართველ აუდიტორიას, რამაც კიდევ უფრო ხელშესახები და სახიერი გახადა მათ მიერ განვლილი რთული და საინტერესო გზა, კარიერის საწყისი ეტაპიდან საერთაშორისოდ აღიარებულ წარმატებამდე!

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა ბეარმა ომის პროცესში უკრაინელი ქალების ახალ სოციალურ და გენდერულ როლებზე გააკეთა აქცენტი: „შესაძლოა ისინი არც კი გეგმავდნენ ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში მუშაობას… ისინი საკუთარ სახლებს, ოჯახებს, ბავშვებს ტოვებენ საფრთხის შემცველ გარემოში და ჩვენ დღეს ვხედავთ თუ როგორ შეუძლიათ ძლიერ ქალებს თავდაუზოგავად იბრძოლონ კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის“. ქალის, ომისა და მშვიდობის კონტექსტში უკრაინელ ქალებთან მან ირანელ და ავღანელ ქალებზეც ისაუბრა, და მათთვის დასავლური სამყაროს მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა აღნიშნა.

„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები თავიანთი გზისთვის ევროპაში, ევროკავშირისკენ. ევროპარლამენტს სურს, რომ ყველა პარტნიორებად გიხილოთ უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოსთვის, სადაც უფრო მეტად დააფასებენ სამოქალაქო უფლებებსა და მრავალფეროვნებას“, განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ მარია პეიჩინოვიჩბურიჩიმი და ნიკოლა ბეარი თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პირადი მოწვევით იმყოფებოდნენ.

 აუდიტორიისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატების უაიდედ ბუშამაუისა  (Ouided Bouchamaoui) და დოქტორი რუთ მიჩელის (Ruth Mitchell) მონაწილეობით გამართული პანელი. სამხრეთ ამერიკული წარმოშობის, პერუელი ექიმი რუთ მიჩელი, ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც კოლეგებთან ერთად სამყაროს ბირთვული განიარაღებისთვის გაილაშქრა. მან საკუთარი ქვეყნის პერიფერიული რეალობის უთანასწორობასა და ქალების ემანსიპაციის საკითხზე ისაუბრა; გაიხსენა გზა, რომელიც მან  მცირე ასაკიდან ნობელის ლაურეატობამდე განვლო. აღნიშნული პანელის მეორე წარმომადგენელი ტუნისელი უაიდედ ბუშამაუი გახლდათ, აფრიკელი ქალბატონი, რომელიც უთანასწორო გარემოში აფრიკელი ქალების ბიზნესში ჩართულობასა და მათ გაძლიერებაზე ზრუნავს.

ქალის როლზე საომარი მოქმედებების გაშუქების პროცესში ჟურნალისტებმა ზეინაბ ბადავიმ (Zeinab Badawi)  და პაულ რობიტაიმ  (Paule Robitaille) ისაუბრეს თემატურ სესიაზე, სახელწოდებით: ,,საინფორმაციო ომი, როგორც ომის ერთ-ერთი ფორმა“. ქალი კორესპონდენტების თვალით დანახულმა კონფლიქტმა, აუდიტორიას ხედვის სულ სხვა რაკურსი და ჰიბრიდული ომის უჩინარი მხარეები დაანახა. კანადელი ჟურნალისტი პაულ რობიტაი 1990-იან წლებში სამოქალაქო კონფლიქტის დროს საქართველოში იმყოფებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას უცხოელი ჟურნალისტის პერსპექტივით დაანახა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმძიმესი ეპიზოდი. ჟურნალისტი შეეხო ეთნიკური კონფლიქტების წარმოების პროცესში საბჭოთა პროპაგანდას. ზეინაბ ბადავის ხანგრძლივი ჟურნალისტური გამოცდილება BBC-ს უკავშირდება. ისიც მისი კანადელი კოლეგის მსგავსად, ბრძოლის ველზე მუშაობდა როგორც რეპორტიორი. მისი თქმით „ჟურნალისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ მსოფლიო უსაფრთხოება და საკუთარი ქვეყნის მომავალი“. დღეს როცა მსოფლიო პოლიტიკაში ახალი დღის წესრიგი დგება და ჰიბრიდული ომი სულ სხვა ფორმებსა და მასშტაბებს იძენს, ვფიქრობ ქართველი ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის აღნიშნული პანელი პროფესიონალიზმისა და მოტივაციის უპირობო ალტერნატივად იქცევა.

ქართველი აუდიტორიისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა თემატური პანელი სახელწოდებით „ახალი ტექნოლოგიები – ომი და სოციალური მედია“. უკრაინელმა ბლოგერმა და ინფლუენსერმა ვალერია შაშენოკმა (Valeriia Shashenok) საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმა გამოიყენა მის ქვეყანაში მიმდინარე ომის გასაშუქებლად. ახალგაზრდა გოგონას გულწრფელი და ემოციური ვიზუალური რეფლექსია აერთიანებს ბუჩას, კახოვკასვალერიამ უკიდურესად პრივატული სივრცე (დაბომბვისას ბუნკერში ცხოვრობდა დედასთან ერთად ორი კვირის მანძილზე) საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და საჯარო გახადა. მან უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ციფრული მედიის გამოყენებით შექმნა შემოწირულობების ფონდი.

განსაკუთებული სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პანელში მონაწილეობდა ორი ქართველი ქალბატონი: ხათუნა გურგულია, ენგურჰესის დასახლების ექიმი გალის რაიონიდან, რომელიც წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთიდან გახლდათ. მან საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე ისაუბრა, უამრავი გამოწვევის წინაშე მყოფ ბუფერულ ზონაში. ხათუნას თქმით, ექიმებს უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ ომის დროს და მის შემდგომ მშვიდობის მშენებლობაში. ნათია ლოლაძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია. მისი თქმით, ჯანმრთელობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც კონფლიქტის ხაზთან ხშირად ირღვევა. ნათიამ დეტალურად გააცნო ქართველ აუდიტორიას თუ რა საქველმოქმედო საქმიანობები განახორციელა „წითელმა ჯვარმა“ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე.

ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე კონფერენციაზე ლიდერმა ქალებმა კასპიისა და შავი ზღვის აუზების ურთიერთკავშირებზე, უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკასა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

კონფერენციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა თემატური პანელი „ქალები კონფლიქტებში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად“. მომხსენებლებმა ისაუბრეს კონფლიქტურ რეგიონებში ქალების როლზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში, ქალების მმართველობით როლზე კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდებში.

კონფერენციის დასკვნითი პანელი საქართველოს პრეზიდენტისა და მედიის შეხვედრას დაეთმო, რომელსაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ქართველი ქალებისთვის და სრულიად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სადისკუსიო სივრცეს ხსნის. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა თემა და საკითხი, თანამედროვე დასავლური სამყაროს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ დღის წესრიგს ასახავს. არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რომ საქართველო პატრიარქალური კულტურის ქვეყანაა, ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ქალებმა გრძელი და რთული გზა განვლეს „ნაპირიდან ცენტრისკენ“. პირველი რესპუბლიკის პერიოდში მოპოვებული თავისუფლების ხანმოკლე პერიოდი, პირველი ნაპერწკალი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ქართველ ქალებს წარსული სხვა პერსპექტივით გადაეფასებინათ და საკუთარ ევროპულ მომავალზე ეზრუნათ. ასე რომ, მსგავსი ინიციატივები და ღონისძიებები ქართველ ქალებს და შესაბამისად ქართულ ეკონომიკას, კულტურას და პოლიტიკას, სრულიად ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს დასავლურ სამყაროსთან და შესაძლებლობებისა თუ თანამშრომლობის ახალ სივრცეს ხსნის.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top