სოფო პაპიაშვილის „მხოლოდ პორტრეტები“

RIA KEBURIA FOUNDATION

08.04.2023

თეთრ კედლებზე გამოფენილია ორი მეტრი სიგრძის შავ-თეთრი ფოტოები, მათზე ყველასათვის ნაცნობი სახეებით. უკვე ბოლო ათი წელია სოფოს ინტერესის საგანია ადამიანი, მისი სახე და ემოციები. ამ თემის კვლევაში მას ეხმარება ფოტოგრაფია როგორც მედიუმი, პორტრეტი როგორც კომპოზიცია. საკმაოდ მრავალფეროვანია სოფო პაპიაშვილის არქივი; თუმცა მიმდინარე გამოფენა სახელად „მხოლოდ პორტრეტები“, რომელსაც რია ქებურიას ფონდი კაჭრეთის ამბასადორში მასპინძლობს, მან კურატორ ნინო ასანიძესთან ერთად, სულ რამდენიმე ნამუშევრისგან შემდგარ ინსტალაციად შეკრა. წარმოდგენილი პორტრეტები განსაკუთრებით კარგად მეტყველებენ სოფო პაპიაშვილის ვიზუალურ ენასა და სამუშაო პრაქტიკაზე. სივრცეში თავს იმკვიდრებს იმ ადამიანების ენერგეტიკა, რომელსაც ფოტოგრაფი აღბეჭდავს და მაყურებელს ანახებს მათთან დაჭერილი მომენტის უნიკალურობას.

როგორ დაიწყეთ ფოტოების გადაღება? მოგვიყევით თქვენს პირველ ფოტოსერიაზე?

პირველად გადაღება 2014 წელს დავიწყე. მაშინ პატარა ვიყავი და განსაკუთრებით მომწონდა ფოტოების დათვალიერება,  სულ ვხატავდი, სულ მაინტერესებდა ხელოვნება და ერთ დღესაც ფოტოაპარატის ყიდვა გადავწყვიტე. ამის შემდეგ ყველგან კამერით დავდიოდი. იმავე ზაფხულს სოფელში წავედი, სადაც ძალიან ბევრი ნაცნობი ბავშვი იყო. ისე მოხდა, თან აპარატი და თვალის ფანქარი მქონდა,  თითქოს ასე მოვემზადე ჩემი პირველი ფოტოსესიითვის. ერთი პატარა ბიჭი იყო, რომელსაც მოვუხატე თვალები, ხელები, დავაჯინე და დავუწყე გადაღება, ფოტოები შავ-თეთრში გადავიყვანე და ასე გამოვიდა ჩემი პირველი პორტრეტი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მიმეწერა ადამიანებისთვის ვისაც უბრალოდ სოციალური მედიიდან ვიცნობდი და გადამეღო მათი ფოტოები, თავიდან ყველა გოგო იყო. რამდენიმე ცდის შემდეგ ეს ნამუშევრები ინსტაგრამზე დავდე, რასაც მოყვა დაკვეთები. ამ დროს 16 წლის ვიყავი და არ ვიცოდი როგორ უნდა გადამეღო უცხო ადამიანი. ეხლა კი პირიქით, სახეს რომ ვუყურებ უკვე მალევე ვხვდები რა უნდა ავიღო მისგან, რა წარმოვაჩინო ჩემს ფოტოებში.

რა არის ის ელემენტი, რომელიც თქვენთვის ფოტოგტრაფიას როგორც  მედიუმს ხდის საინტერესოს და როგორ ამყარებთ მისი საშუალებით კომუნიკაციას მნახველთან?
როგორია თქვენს ფოტოებში პერსონაჟების ურთიერთობა?

ფოტოგრაფია ვცადე, რადგან ის ჩემთვის ყველაზე ახლოს იყო ხატვასთან. მინდოდა, ვიღაცას ეთქვა, რომ ეს გამომდიოდა და დამეჯერა საკუთარი თავისთვის. ეს არის მედიუმი, რომელიც მეხმარება ხედვაში. ჩემი მხრიდან კომუნიკაცია მყარდება გულწრფელობის ხარჯზე. ვცდილობ, რომ არ მოვატყუო მნახველი. ისე ვარჩევ კადრს, როგორც ვხედავ ადამიანს, მე ვიღებ მის თვალებს. შეიძლება, რომ გადაღება იყოს დაგეგმილი და დადგმული, მაგრამ ის, რასაც მათში ვგრძნობ ავთენტურია. ისინი სინამდვილეში ესეთები არიან. ეს კარგად ჩანს სერიაში, რომელშიც თავი მოვუყარე ბავშვების ფოტოებს, მათ საკმაოდ მძიმე კანის დაავადება აქვთ, უბრალო შეხებაც კი სხეულს ზიანს აყენებს. ისინი სამყაროსადმი ზედმეტად სენსიტიურები არიან. ამ ბავშვების თვალებში ვხედავდი ტკივილს, ისეთს როგორსაც ზრდასრულ ადამიანებში, ძალიან ღრმა სულს და მეტყველ გამოხედვას, ამავდროულად ჩანდა ინფანტილური სიკეთეც. მთავარია ფოტოებში ჩანდეს როგორია ადამიანი. პერსონაჟებს შორის კომუნიკაცია ძალიან საინტერესოა. ყოველთვის ვეუბნები, რომ არ შემიმჩნიონ, თუმცა მნიშვნელოვანია იგრძნობოდეს ჩემი ჩართულობის ელემენტიც.

რატომ ანიჭებთ შავ-თეთრ ფოტოგრაფიას უპირატესობას? გიცდიათ თუ არა ფერში მუშაობა და რა პრინციპული განსხვავებაა ამ ორ უკანასკნელს შორის, ასევე ფირსა და ციფრულს შორის?

ფერში მუშაობა მიცდია, მაგრამ მივხვდი, რომ პორტრეტის გადაღებისას გჭირდება იდეალური კანონზომიერება – განათების, ფერების, გარემოსი.  კომპოზიციაში ეს ყველაფერი ძალიან აქტიური ხდება, მაგრამ საჭიროა დაგეგმვაც. ხშირად ეს ფაქტორები ხელს არ მიწყობდა და რაღაც იკარგებოდა, შავ-თეთრი გამოსახულება კი მაძლევს საშუალებას ვიმეტყველო ზუსტად იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებს და ამ ელემენტებზე უფრო მეტი კონკრეტიკით გავამახვილო ყურადღება. ეს ენერგეტიკა ძალიან მომწონს, ყველაფერ ზედმეტს შლი და რჩება მხოლოდ განცდა. ამ მონოქრომატულობას შემოაქვს სიმსუბუქეც, თვალი აღიქვავს იმას, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. ამ ეტაპზე ფირით აქტიურად არ ვმუშაობ, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ბაბუაჩემი ფსიქიატრი იყო და ფირის აპარატით იღებდა პორტრეტებს, რაც ალბათ ერთგვარი კვლევის ნაწილი გახლდათ, თვითონვე ამჟღავნებდა მათ. ძალიან მინდა მომავალში მეც შევძლო მსგავსი მეთოდით მუშაობა.

როგორია თქვენი ნამუშევრის მთავარი პერსონაჟი… ვინაა ის ფსიქოტიპი, ვისი გამოსახვაც თქვენ პორტრეტებში გსურთ?

მე არ ვცდილობ ახალი ფსიქოტიპის აღმოჩენას; პირიქით, მინდა უფრო გავხსნა ადამიანი, მეტად ღრმად გამოვიძიო ის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ, რა სიღრმეებსაც ვამჩნევ. ადამიანი მრავალფეროვანია. ის არ შეიძლება იყოს მხოლოდ სევდიანი ან მხოლოდ ბედნიერი. არსებობს განცდების უამრავი შრე და რაღაც მომენტებში ამ გრძნობებს ის უფრო ინტენსიურად განიცდის. მე ვცდილობ ეს ჩავრთო პერსონაჟის თვისებებში და უფრო მასზე გადავეწყო. როდესაც ვინმეს ვიღებ, მის სარკისებურად გამოსახვას ვცდილობ; თუ მოვიდა ჩაკეტილი ან გახსნილი, მას ზუსტად ასე აღვბეჭდავ ფოტოზეც. უთქვამთ, რომ თითქოს ყოველთვის ძლიერ ტიპაჟებთან ვმუშაობ, მაგრამ მე ამაზე წინასწარ არ ვფიქრობ და შეიძლება სისუსტეც კი ძლიერ მხარედ გამოჩნდეს. აქ ინტენსიურობა უფრო ენერგეტიკას უკავშირდება და მის არსებობას ზედაპირზე.

როგორია თქვენი მუშაობის პროცესი, გადაღება, დამუშავება… რაზე ამახვილებთ ყველაზე მეტად ყურადღებას და როგორ იღებთ საბოლოო ნამუშევარს?

მინიმალურად უნდა ეცადო. ის, რაც გადაღებისთვის აუცილებლად მჭირდება, არის მხოლოდ შავი სვიტრი და სითეთრისთვის თავის არიდება, რათა სახე უკეთ გამოიკვეთოს, ფონი და ტანი გახდეს მეორე ხარისხოვანი, განათება იყოს ზომიერი და სახეში არ დაიკარგოს კონკრეტიკა.

რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ობიექტი, რომლის გამოსახვაც და გამეორებაც მუდმივად გიზიდავთ?

ალბათ საინტერესოა იმ ადამიანების გამეორება, რომლებიც დროდადრო ვითარდებიან. ეს ცვლილება აისახება სხეულზეც. ძალიან მომწონს ამ პროცესზე დაკვირვება. შეიძლება კადრში გავიმეორო ერთი და იგივე ადამიანი, მაგრამ ყოველი გადაღება მაძლევდეს განსხვავებულ შედეგს. იმეორებ იმ ობიექტს, რომელსაც გამოსახავ და მაინც ის რაც აღიბეჭდება არ მეორდება. მიზიდავს ამ სიღრმეების თავიდან აღმოჩენა და მართლაც ყოველ ჯერზე თუნდაც თვალები, ნაოჭები, ტანი, განსხვავებულად მეტყველებენ.

რამდენად გაინტერესებთ სპონტანურობა ფოტოგრაფიაში?

სიმართლე გითხრათ წინასწარ რამე კრიტერიუმის მიხედვით არ ვარჩევ მოდელს და არ მაქვს ზედმეტად დაგეგმილი პროცესი. ყველაზე სპონტანურად  ფრედერიკ ბეგბედერი გადავიღე, სულ შემთხვევით შემხვდა, როდესაც თბილისში იყო; თან ფოტოაპარატი მქონდა და მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი მასთან. ვუთხარი, რომ ფოტოგრაფი ვარ, ვანახე ჩემი ფოტოები და დამთანხმდა. დავაჯინე და დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ გამეხსნა ეს ადამიანი სულ რამდენიმე წუთში. ასეთ დროს პირველი რასაც ვაკეთებ – ვიღიმი, მანაც დაიწყო ჩემთან ერთად სიცილი. მგონია, რომ ეს უფრო მარტივად წარმოაჩენს ბუნებრიობას ვიდრე ფორმალურობა და სერიოზულობა, რომელშიც ხშირად გრძნობა იკარგება.

შეგიძლიათ გვესაუბროთ თქვენ მომავალ გამოფენაზე? რის მიხედვით გააკეთეთ სელექცია, რა აქვთ ამ ფოტოებს საერთო და რაზე ესაუბრებიან ისინი მნახველს. რა არის ის, რაც აზრობრივად კრავს ფოტოების ამ სერიას და რისი კომუნიკაცია გსურთ მომავალ გამოფენაში?

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები საკმაოდ დიდი ფორმატისაა; აქედან გამომდინარე, მივხვდი რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა გამოფენილი ფოტოების რაოდენობაც. მთელ სივრცეში განლაგებულია დიდი ზომის პორტრეტები, რაც ალბათ ამ გამოფენის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ამ მხრივ სივრცესთან მორგებაც გამოწვევა იყო და ამასთან ერთად ფოტოების სელექციაც.  გამოფენის კურატორია ნინო ასანიძე და შესაბამისად მასთან კოლაბორაციით შევარჩიეთ  ბოლო პერიოდში გადაღებული პორტრეტები. ვფიქრობ, რომ გამოფენილი ფოტოები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ეს ადამიანები, კომპოზიცია, ყველაფერი კონცენტრირებულია იმაზე, რომ ემოციამ მაქსიმალურად მიაღწიოს მნახველამდე რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ძალიან ხშირად უღებთ ქართველ ქალებს და ზოგადად ქალის პორტრეტები ჭარბობს თქვენს შემოქმედებაში, რა ასპექტის გამოკვეთა გსურთ, რის გადაღებას ისურვებდით რაც აქამდე ჯერ არ გადაგიღიათ?

ძირითადად ნამდვილად ქალებს ვიღებ. ძალიან მაინტერესებს და მიყვარს მათი გონება, შინაგანი სამყაროს გამოაშკარავება. ბევრმა არ იცის, რომ მათში არის სილამაზე და არ ჯერათ ამის – ალბათ ფოტოებით მინდა რომ ეს დავანახო, თუმცა უფრო ჩემი პერსპექტივით. ახლა დაგეგმილი მაქვს ფოტო სესიები, სადაც ამჯერად მხოლოდ კაცების  გადაღებას ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ასე რაღაც სხვა ეტაპზე გადავდივარ და ჩემს შემოქმედებაში ჩნდება ახალი ხაზი.

ესაუბრა თინა ჯანიაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top