2022 წლის შემოდგომის კოლექციებში

26.07.2022

„მე შემოქმედება სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ვგრძნობ, რომ უნდა გამოვხატო საკუთარი თავი, სანამ გავქრები.“ – სონია დელონე

გაქრობა სონია დელონეს არ ემუქრებოდა, რადგან მისმა შემოქმედებამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეპოქა განსაზღვრა.

დელონეს უკრაინული ფესვები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში მის ფიგურას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.  სონია ათწლეულების განმავლობაში, ისევე როგორც ავანგარდის მრავალი წარმომადგენელი, რუსებმა „მიითვისეს“ და რუსული ავანგარდის ნაწილად მონათლეს.

მოდერნისტული ხელოვნების მულტი-დისციპლინური პიონერი, ფერწერაში და მოდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც 20-იანი წლების არტ სცენის ცვლილებებისა და ინოვაციების ცენტრში იყო. ოდესაში დაბადებული ებრაული წარმოშობის სარა ელიევნა სტერნი, რუსეთში ბიძამ და დეიდამ გაზარდეს. დელონე გერმანიაში სწავლობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც რობერტ დელონეზე დაქორწინდა.

სონია და მისი ქმარი ხელოვნების ისეთი მიმდინარეობით იყვნენ შთაგონებული, როგორიც არის კუბიზმი, ფოვიზმი და ფუტურიზმი. მათ აღნიშნული გავლენების საფუძველზე საერთო მიმდინარეობა შექმნეს, ცნობილი როგორც ორფიზმი (კუბიზმის ვარიაცია, რომელიც ხელოვნებისა და მუსიკის უძველეს კომბინაციას მოგვაგონებს და ბერძნული მითოლოგიის მუსიკოსითა და პოეტით, ორფეოსით არის შთაგონებული) ან სიმულტანიზმი (Simultané), რომლის ინსპირაციაც ნათელი, გეომეტრიული ნახატები და პრინტები იყო და აქცენტს სხვადასხვა ფერების კომბინაციების შესაძლებლობებზე აკეთებდა.

1911 წელს სონიას და რობერტს ვაჟი, ჩარლზი ეყოლათ. საბანი, რომელიც სონიამ შვილს გაუკეთა, აბსტრაქტული ხელოვნებისა და ორფიზმის განვითარების საბაბი გახდა. დელონე იმ იშვიათ ხელოვანებს შორისაა, რომლმაც კუბისტური იდეების მოდაში განსხეულება არა მარტო სამოსში, არამედ იმ სივრცეში შეძლო, სადაც ის აღნიშნული იდეების პრეზენტაციას აკეთებდა.

სონია ცნობილი იყო, როგორც ქოლორისტი. მის ფერადოვან შეხამებაში უკრაინული ხალხური კოსტიუმის გავლენა იგრძნობოდა. მას ამბიციური ოცნება ჰქონდა, რომ სამყარო ახალი ტიპის სამოსით შეემოსა. „სონიასთვის კაბა და პალტო სივრცის ნაწილია, რომელსაც განსაზღვრული ფორმა, ზომა და შინაარსი აქვს. ის ქმნის ორგანულ მთლიანობას.“ – რობერტ დელონე

სონია ქმნიდა კოსტიუმებს, რომლებმაც სიმულტანური გეომეტრიული ნახატით ნამდვილი რევოლუცია გამოიწვია და ყველაზე მოთხოვნადი გახდა მოდის სამყაროში. შეკვეთები იმდენად ბევრი იყო, რომ მან 20-იან წლებში, ელისეის მინდვრებზე, სიმულტანური ბუტიკი (Boutique Simultané) გახსნა, სადაც გეომეტრიული ფორმებით, აბსტრაქტული ქარგულობით და აპლიკაციით სამოსი, ქსოვილები, ჩანთები და სხვა აქსესუარები იყო დემონსტრირებული.

გარდა იმისა, რომ დელონემ რევოლუცია მოახდინა კუბისტურ ფერწერაში, მან ასევე გაამყარა კავშირი ხელოვნებასა და მოდას შორის. ის პირველი იყო, ვინც თავისი არტისტული სტილი ორიგინალური ტექსტილის დიზაინით და პრინტებით მოდაში გამოიყენა. მისი ტანსაცმელი 20-იან წლებში ქალების სტილის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო. სონია ედვარდის ეპოქაში დაიბადა, სადაც კორსეტი და კონფორმულობა ნორმა იყო, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 1920-იან წლებში ქალების კაბები დამოკლდა. ეს ასპექტი დელონეს დიზაინში მკვეთრად შეიმჩნევა. სონიას სჯეროდა, რომ ქალის იმიჯს გარდა სამოსისა, უამრავი დეტალი ქმნის. ამიტომ, ის არა მხოლოდ სამოსს, არამედ ცხოვრების წესს სთავაზობდა მათ. კოსტიუმი განიხილებოდა, როგორც ანსამბლი აქსესუარებთან, ფესაცმელებთან და ავტომობილებთან ერთადაც კი, რომლის დიზაინიც გეომეტრიულ ფორმებს იმეორებდა. ამასთან ერთად, ის აფორმებდა ინტერიერებს, მაღალი საზოგადოების მიღებებს, ქმნიდა ქსოვილის ესკიზებს და საღამოს კაბებს, რომლებსაც ხელით ხატავდა საფირმო სიმულტანურ სტილში.

დელონემ მოგვიანებით კინოში და თეატრში გადაინაცვლა. მისი კოსტიუმები  გამოყენებულია რენე ლე სომპტიეს 1926  წლის ფილმში Le P’tit Parigot (მისი ქმარი დეკორაციის დიზაინს ხელმძღვანელობდა). კოსტიუმებში სფეროების, ზიგზაგების და კვადრატების გამოყენება სიმულტანიზმის კვინტესენციას წარმოადგენდა. საინტერესოა, რომ სონიამ მის ლეიბლს სწორედ Simultané უწოდა. აგრეთვე მისი დიზაინით შეიქმნა კოსტიუმები ბალეტისთვის Cléopâtre. კინოს მსგავსად, დელონე კოსტიუმის დიზაინზე, რობერტი კი დეკორაციაზე მუშაობდა. Cléopâtre-ის კოსტიუმები 1920-იანი წლების აბსტრაქტულ სტილს და ტრადიციულ ბალეტს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ასეთი წარმატებისა, სონია დელონემ მსოფლიო აღიარება 60-იან წლებში მოიპოვა, რადგან მანამდე ქმრის ჩრდილში ცხოვრობდა. 1964 წელს, ის პირველი ცოცხალი ქალი არტისტი იყო, რომლის ნამუშევრებიც ლუვრში გამოფინეს.

Stella McCartney, Missoni. Fall 2022 ready-to-wear
Roksanda. Fall 2022 ready-to-wear

თანამედროვე მოდის ტენდენციებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნოსტალგია გამოიწვია. სიმულტანიზმი, როგორც კონცეფცია, 100 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას მოდაში. დელონეს დროს, ჟანრების შერწყმა უცნაური იყო, თუმცა პოსტმოდერნისტული მოდა, მისი იდეებით აქტიურად სათნოობს, მეტიც, ის მეინსტრიმიც კი გახდა.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top