15.11.2023
თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტკივილებით იღვიძებთ, ამაში დამნაშავე უთუოდ თქვენი სხეულის არასწორი პოზიციაა ძილის დროს. პოზას, რომელსაც თქვენი სხეული ინარჩუნებს მრავალი საათის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ზურგზე, გვერდზე ან მუცელზე ძილმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მაგალითად, ხერხემალზე, ან გავლენა მოახდინოს სხეულის ზოგიერთ ფუნქციაზე, როგორიცაა საჭმლის მონელება. ასე რომ, ძილის სხვადასხვა პოზიციონირებას შეიძლება სხეულისთვის მოჰქონდეს როგორც სარგებელი, ასევე ზიანი.
გვერდზე ძილი
მოზრდილების უმეტესობას ურჩევნია გვერდზე ძილი, რაც სასარგებლოა მრავალი მიზეზის გამო. გვერდზე ძილი ხშირად რეკომენდებულია მათთვის, ვინც ხვრინავს ან აქვს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები, როგორიცაა ობსტრუქციული ძილის აპნოე (Obstructive Sleep Apnea – OSA). ძილი სხეულის რომელიმე მხარეს ასევე ხელს უწყობს კისრის და წელის არეში ტკივილის თავიდან აცილებას, რადგან სხეულის ამ პოზიციას შეუძლია შეამსუბუქოს ზეწოლა ხერხემალზე. მარცხენა ან მარჯვენა მხარეს ძილის გადაწყვეტილება ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს ადამიანის ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებზე. მაგალითად, გულის უკმარისობის მქონე ადამიანებს სუნთქვა გაუმჯობესებული აქვთ მარჯვენა მხარეს ძილის დროს. მეორეს მხრივ, მჟავა რეფლუქსის მქონე ადამიანებს სიმპტომები მარჯვენა მხარეს წოლისას უუარესდებათ, ვიდრე მარცხენაზე.
ზურგზე ძილი
მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ ზურგზე არ დაწვნენ დასაძინებლად, ბევრს ეს პოზა უფრო კომფორტულად მიაჩნია და ადვილად არ თმობს მას. მაგალითად, წელის არეში ხშირი ტკივილის მქონე ადამიანები ზურგზე წოლისას გარკვეულ შვებას (ხანდახან) გრძნობენ. თუმცა, ამავე დროს, ზურგზე ძილმა შეიძლება გააძლიეროს ხვრინვა, ობსტრუქციული ძილის აპნოეს ან მჟავა რეფლუქსის სიმპტომები. თუ ამ პოზიციას არაფრით დათმობთ, მაშინ ამ დროს სასურველია სხეულის ზედა ნაწილის წამოწევა ან ამაღლება სიმპტომების შესამცირებლად. რაც შეეხება ქალბატონებს, მათ ხშირად ურჩევნიათ ზურგზე წოლა, სახეზე ზედმეტი ნაოჭების ასარიდებლად, რომლებიც ჩნდება მთელი ღამის განმავლობაში ბალიშზე ზეწოლის შედეგად გვერდზე ან მუცელზე წოლისას.
მუცელზე ძილი
მოზრდილები ნაკლებად ირჩევენ მუცელზე წოლას ძილისას, რადგან ამ დროს ზეწოლას ახდენენ ხერხემალზე, ხოლო ის იწვევს ტკივილს ზურგის და კისრის არეში. ეს პოზა ასევე ზღუდავს გულმკერდის მოძრაობას, რაც ხელს უშლის თავისუფალ სუნთქვას, ეს კი ორგანიზმს ზედმეტ ენერგიას ართმევს.
ძილის საუკეთესო პოზა წელის ტკივილისას
წელის ტკივილი ადამიანების 84%-ს აწუხებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ძილის დროს სხეულის არასწორმა პოზიციამ შეიძლება სიმპტომები ერთ ღამეში საკმაოდ გაამწვავოს. რომელიმე მხარეს ძილი (ანუ გვერდზე ძილი) ემბრიონის პოზაში (მუხლები მიადეთ გულ-მკერდს), საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ წელის ტკივილს, რადგან ამ დროს მცირდება ხერხემალზე ზეწოლა და სახსრები იშლება, ამიტომ ტკივილიც ქრება.
ძილის საუკეთესო პოზა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისას
ძილის ობსტრუქციული აპნოე
ძილის დროს, სასუნთქ გზებში კორიდორის პრინციპით ჰაერი შემოდის და გადის; ძილის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში, ძილის დროს კუნთები და ქსოვილები დუნდებიან, რაც იწვევს სუნთქვის შეჩერებას. ეს დაავადება ხშირია შუახნის, ასაკოვან და ჭარბწონიან ადამიანებში. ზურგზე წოლამ შეიძლება სიმპტომები გააძლიეროს და აპნოეს სიხშირე გაზარდოს. ამ დროს სასურველია მუცელზე ან გვერდზე წოლა, რომელიც შეამცირებს შეტევებს, რადგან სხეულის ამ მდგომარეობაში სასუნთქი გზები თავისუფალი და გახსნილია. ძილის ობსტრუქციული აპნოეს მკურნალობა მოიცავს სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებას, რომლებიც სასუნთქი გზების დახშობის საშუალებას არ აძლევენ ხახის მოდუნებულ კუნთებს.
ხვრინვა
ხვრინვა არის კისრის რბილი ქსოვილების ვიბრაციის შედეგი. ეს ვიბრაციები ხდება მაშინ, როდესაც კუნთები მოდუნდებიან და რბილ ქსოვილებს საშუალებას აძლევს „აფრიალდნენ“, როდესაც ჰაერი გადის სასუნთქ გზებში. ხვრინვა ხშირად ძილის ობსტრუქციული აპნოეს სიმპტომია, თუმცა ყველას, ვინც ხვრინავს, არ აღენიშნება სუნთქვის შეფერხების პერიოდები, რაც ამ დაავადების განმსაზღვრელი მახასიათებელია.
ძილის ობსტრუქციული აპნოეს მსგავსად, ხვრინვა შეიძლება შემცირდეს გვერდზე წოლისას, ამ შემთხვევაშიც ზურგზე წოლას უნდა ვერიდოთ. ხვრინვა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით: პირის ღრუს ანატომია, ალკოჰოლის მოხმარება, ალერგია, გაციება, ჭარბი წონა, ზურგზე წოლა, პრობლემები ცხვირის ღრუში, ძილის ობსტრუქციული აპნოე.
მჟავა რეფლუქსი
მჟავა რეფლუქსი ჩნდება მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა კუჭიდან საყლაპავ მილამდე აღწევს, რაც იწვევს გულძმარვას და სხვა სიმპტომებს. მჟავა რეფლუქსი შეიძლება გაუარესდეს ღამით და შეწყვიტოს ძილის პროცესი. გარდა იმისა, რომ ძილის წინ ორი-სამი საათის განმავლობაში საკვების მიღება არ არის რეკომენდებული, ექსპერტები გვირჩევენ, რომ მჟავის რეფლუქსის დროს მოვერიდოთ ზურგზე წოლას. ბევრი პაციენტის დაკვირვებით, განსაკუთრებით მარცხენა მხარეს ძილი აშკარად ამცირებს სიმპტომებს.
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობა ჩნდება მაშინ, როდესაც გულს არ შეუძლია საკმარისი სისხლის გადატუმბვა სხეულის დანარჩენ ნაწილში. გულის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი კონდიცია, მათ შორის ორგანიზმში სითხის დაგროვება. ფილტვებში და მის გარშემო სითხის დაგროვება კი იწვევს ქოშინს და ხველას. გულის უკმარისობის მქონე ადამიანები ზურგზე წოლისას თავს ცუდად გრძნობენ, რადგან გრავიტაციას შეუძლია მეტი სითხის მოზიდვა ფილტვებში, რაც საგრძნობლად აუარესებს სიმპტომებს. შესაბამისად, ძილის გარკვეული პოზები, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს წოლა ან მჯდომარე ძილი, შეიძლება უკეთესი არჩევანი იყოს.
ორსულობის დროს ძილის საუკეთესო პოზა
ორსულობის დროს ექიმების უმეტესობა გვირჩევს გვერდზე ძილს ნაცვლად ზურგზე ან მუცელზე წოლისა. მარცხენა მხარეს ძილი უმჯობესია, რადგან ნაკლები ზეწოლაა ვენაზე, რომელიც ფილტვებიდან სისხლს ატარებს გულში, რაც საშუალებას აძლევს გულს უფრო ადვილად ტუმბოს. ამ პოზამ ასევე შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოში და ნაყოფში. ორსულობის დროს კომფორტული ძილის პოზის შერჩევა, ნაყოფის ზრდასთან ერთად რთულდება. ამ დროს წონაც მატულობს, რაც იწვევს ტკივილებს, ეს კი ძილს აფერხებს გვერდზე წოლისას. დამატებითი ბალიშებისა და საბნების გამოყენება სწორი არჩევანია დისკომფორტის შემსუბუქებაში. სცადეთ გვერდზე დაწვეთ, და ბალიში ფეხებს შორის ან ზურგს უკან მოათავსოთ…იქონიეთ დამატებითი ბალიშები ან საბნები იმ ადგილას, სადაც თქვენს სხეულს მეტი საყრდენი სჭირდება. მოერიდეთ ზურგზე ძილს ორსულობისას; თუ მარცხენა მხარეს ძილი არასასიამოვნო ხდება, დროებით მარჯვენა მხარეს გადართვა დაგეხმარებათ.
ინფორმაცია ეყრდნობა ამერიკის ძილის ექიმთა ასოციაციის წევრების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს