მკვლელები არასოდეს ტირიან

20.11.2023

წელს, ვენეციის საიუბილეო 80-ე ფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურიმ მეტ-ნალებად სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღო და დააფასა ფილმები, მაგრამ კონიუნქტურაც დაიცვა (აგნეშკა ჰოლანდის მიგრანტებზე გადაღებული ფილმი); თუმცა რაც მთავარია ოქროს ლომი გადასცა წლის მართლაც ყველაზე გამორჩეულ ფილმს – იორგოს ლანთიმოსის „საბრალო არსებებს“. ამის მიუხედავად, ჟიურიმ პრიზების გარეშე დატოვა ისეთი შთამბეჭდავი ფილმები, როგორებიცაა: ბერტრან ბონელოს „მხეცი“, ჯორჯო დირიტის „ლუბო“ და დეივიდ ფინჩერის „მკვლელი“.

ვენეციისა თუ კანის ფესტივალების ფილმების პრემიერები დაწყებულია ან უახლოეს მომავალში შედგება. სულ ახლახან „ნეტფლიქსზე“ განთავსდა ფინჩერის „მკვლელი“, რომელიც ვენეციაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმი იყო. ფინჩერის კინოს ყველა იცნობს და სწორედ ამ ცნობადობის გამო არსებობს შეთანხმება, რომ მისი ფილმები მთავარ ფესტივალებზე ჩვენებას იმსახურებენ, მაგრამ არა პრიზებს.

„მკვლელი“ არათუ უცნაური, არამედ იდუმალი ფილმია თითქოს ერთ დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც შურისძიებას გადაწყვეტს. მას შემდეგ რაც პარიზში წარუმატებლობას იგემებს, ბიურო, რომელიც „შეკვეთებს“ აძლევს, მის მოშორებას გადაწყვეტს. დასჯის მეთოდად მკვლელის მეუღლეს აწამებენ.

ფინჩერმა „მკვლელში“ შექმნა პერსონაჟი, რომელმაც არამხოლოდ პირადი ისტორია, არამედ სამყარო უნდა გადაკვეთოს იმისთვის, რომ მიუწვდომელ წერტილამდე – წონასწორობის აღდგენამდე მივიდეს. მაგრამ ეს მოგზაურობა მაყურებლისთვისაა და არა გმირისთვის. ფილმის მიმდინარეობისას იცვლება არა პროტაგონისტი, რომელსაც მაიკლ ფასბინდერი შესანიშნავად ასახიერებს, არამედ მაყურებელი.

ფინჩერი მაყურებელს საინტერესო მდგომარეობაში აყენებს. რეჟისორი თანდათან ზღუდავს მთავარი პერსონაჟის გულშემატკივრობის შესაძლებლობას. თუკი ფილმის დასაწყისში მოხიბლულები ვართ ფასბინდერის გმირით და ვფიქრობთ, რომ ეს ტიპური ანტიგმირია, რომელიც გაგვაოცებს მაღალმორალური და ზნეობრივი საქციელებით – ვიღებთ სრულიად საპირისპიროს.

პოლიტკორექტულობით გაუფერულებულ და სტერილიზებულ სამყაროში კინო, მედია და ზოგადად ხელოვნება წესრიგის დიქტატს ემსახურება. სატელევიზიო შოუებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკა ადამიანებს მკაცრად ასწავლის რისი მოწონება შეიძლება, რა არის „სიძულვილის ენა“ და რა არა, ვინ იმსახურებს დასჯას და ვინ „მეორე ტურში გადაყვანას“.

ფასბინდერის პერსონაჟი ამ სტერილური სამყაროს განსახიერებაა, რომელიც რაციონალიზმზეა დამყარებული. რაციონალიზმი მხოლოდ გონიერებას არ გულისხმობს, რაციონალიზმი ესაა სისტემა, რომელიც ძალაუფლების მფლობელებს სინდისის ქენჯნას უყუჩებს, რაც წესრიგის დამყარების დროს იჩენს თავს. ფასბინდერის გმირი ზედმიწევნით იცავს წესებს, მიყვება მკაცრად გაწერილ გეგმებს, ობსესიურად ზრუნავს სისუფთავისა და ნივთების განლაგების სისწორის დაცვაზე. წესრიგი ის იარაღია, რაც მას დეჰუმანიზაციის პროცესში ეხმარება – შეკვეთილი მკვლელობების განხორციელებაში.

წესრიგი გულისხმობს იმ თვისებებზე უარის თქმას, რაც ინდივიდს ადამიანად აქცევს, მაგალითად, შეცდომის დაშვების უფლებას. მას შემდეგ რაც ფასბინდერის გმირი სამიზნეს ვერ მოკლავს, პანიკა იპყრობს და სწორედ ამ დროს აჩენს შედარებით ადამიანურ სახეს, რომელსაც ფილმის განმავლობაში მეორედ აღარ ვიხილავთ. შურისძიების პროცესში ის იქცევა მანქანად, რომელიც ყველაფერს ანადგურებს.

ფასბინდერის გმირი რაციონალურად უსწორდება ყველას, ვინც მის პარტნიორზე თავდასხმაში სულ მცირედით მაინც მონაწილეობდა. ერთი მხრივ გვაქვს სამართლიანობის აღდგენის ხაზი, მეორე მხრივ კი იმ პერსონაჟების მოკლე-მოკლე პორტრეტები, რომლებსაც მკვლელი ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს. შეცდომების დაშვება ყველაზე ადამიანური მოვლენაა, რომელიც არც ცხოველებში და არც მცენარეებსა თუ ბაქტერიებში არ გვხვდება. შეცდომა იყო, როდესაც ბიურო, რომელშიც ფასბინდერის პერსონაჟი „მუშაობს“, ჩავარდნილი საქმის შემდეგ მკვლელის მოშორებას გადაწყვეტს. მაგრამ ბიუროს მდივანი, რომელსაც, მით უფრო, ყველაზე ნაკლები ბრალეულობა მიუძღვის და რომელიც ფასბინდერის პერსონაჟს სიცოცხლის შენარჩუნებას სთხოვს შვილის გამო, რომელსაც დედის ჯანმრთელობის დაზღვევა ესაჭიროება – მკვლელისთვის ირაციონალურ თხოვნად აღიქმება. მდივანი მისთვის არა მშრომელი დედა, არამედ მხოლოდ პოტენციური საფრთხეა.

კრიმინალური ტრილერი თანდათან გადაიქცევა ტრაგედიად სამყაროზე, რომელშიც პასუხისმგებლობა მხოლოდ ადამიანზეა და არა სისტემებზე, რომლებიც შეცდომებს განაპირობებენ. ღაზაში განვითარებულ მოვლენებსა თუ ბანკების მიერ ოჯახების გამოსახლების პრაქტიკაში დეჰუმანიზაციის სწორედ ეს მოდელი იკითხება. სუსტი ადამიანი, რომელმაც თავის დროზე არ ან ვერ მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლება, არ იზრუნა კარგ სამსახურზე და ა.შ. ნაკლები ადამიანია და იმსახურებს ყველაფერს. ფასბინდერის გმირი კლავს ტაქსის მძღოლსაც, რომელმაც თავდამსხმელები აეროპორტიდან მისი მეუღლის სახლამდე მიიყვანა. სწორედ ასეთ მომენტებში ვრწმუნდებით, რომ სამართლიანობის, წესრიგის დამყარების პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან და ის მხოლოდ ძლიერის მიერ დამყარებული რეჟიმია.

ფასბინდერის პერსონაჟი უწესრიგობის უფლებას ართმევს ყველას, მათ შორის, საკუთარ თავსაც. ფინალში ვხვდებით, რომ მთავარი მსხვერპლი, პირველ რიგში, პროტაგონისტია, რომელსაც პატიებისა და თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია.

„მკვლელი“ შემზარავი ფილმია, რომელიც მაყურებელს უდიდეს დისკომფორტში ჩააგდებს, იმისთვის რომ შეაგრძნობინოს თუ რას ნიშნავს რაციონალიზმში ცხოვრება. „ბჰაგავადგიტა“ ასწავლის ჯარისკაცს, რომ ომში არ შეიძლება ტირილი და ჯარისკაცმა საკუთარი თავიდან დისტანცირება უნდა შეძლოს. ეს მიდგომა სულ უფრო გავრცელებული ხდება არამხოლოდ საპატიმროების ბადრაგსა თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებში, არამედ ამ პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებენ, მაგალითად, სუპერმარკეტის მენეჯერებსაც. ხელოვნებამ დღეს ადამიანებს ტირილი უნდა ასწავლოს. ფასბინდერის ბრწყინვალე შესრულება მინიმალიზმსა და თავშეკავებაზე დგას, რაც დღეს გავრცელებულ ჭარბი და ყალბი ემოციურობის ფონზე ცალკე აღნიშვნის ღირსია. ფილმმა პრიზები ვერ მოიპოვა (ვნახოთ „ოსკარებზე“ რა მოხდება), მაგრამ ფინჩერის ფილმოგრაფიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ჩემი აზრით, „მკვლელი“ მისი ყველაზე საუკეთესო ფილმია.

გიორგი რაზმაძე

Scroll To Top