და-ძმები (დედმამიშვილები)

KID’S GALLERY

წარმოგიდგენთ

16.01.2022

ტრადიციული ოჯახი გულისხმობს მშობლებს, დედ-მამას და მათ შვილებს. დღეს ქართულ ოჯახებში უმთავრესად ორი შვილი ჰყავთ, ზოგჯერ ერთი ან სამი, იშვიათად ოთხი და მეტიც. როგორია და-ძმების, დედმამიშვილების  ურთიერთობები, რა ნეგატიური და რა დადებითი მხარეები იჩენს თავს ამ ურთიერთობებში, რა  როლი  ენიჭება  ამ  დროს  მშობლებს?

მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილების ურთიერთობა რთულია. ისინი ქიშპობენ, არ უთმობენ ერთმანეთს და ამას სერიოზულ უსიამოვნებამდე, აგრესიამდე (როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ) მივყავართ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დედმამიშვილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ერთმანეთის სოციალიზაციის პროცესში.

უკვე 1 წლის ასაკში ბავშვები თავის და-ძმებთან იმდენივე დროს  ატარებენ,   რამდენსაც   დედასთან   და  ბევრად  მეტს, ვიდრე მამასთან; 4-6 წლის ბავშვები კი 2-ჯერ მეტს, ვიდრე მშობლებთან.   მართალია,  ამ  ურთიერთობებში   ხშირია  ქიშპობა ან აგრესია, მაგრამ პატარა და-ძმები მაინც ბევრს თამაშობენ ერთად, თანამშრომლობენ თამაშში და ამჟღავნებენ ურთიერთგაგებას, თანაგრძნობას, კეთილგანწყობას. ისინი ამშვიდებენ, გვერდში უდგანან ერთმანეთს წარუმატებლობის დროს, ეხმარებიან ისეთ რთულ სიტუაციებში, როგორიცაა დედის ავადმყოფობა, პრობლემები სკოლაში და ა.შ. და-ძმები ბაძავენ ერთმანეთს (უმთავრესად პატარები უფროსებს). ასე რომ, შეიძლება ითქვას, ბავშვები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ ერთმანეთის განვითარებაზე.

სკოლამდელი ასაკის და-ძმების ურთიერთობებში უფროსები მიდრეკილნი არიან დომინირებისაკენ. ისინი ხშირად ამჟღავნებენ  ინიციატივას, როგორც  დახმარების   გაწევის  შემთხვევაში, ასევე ხშირად ერევიან პატარების საქმიანობაში, იჩენენ აგრესიულ მოქმედებას, ხშირად იძლევიან  ბრძანებებს და ცდილობენ თავისი წინადადებების და შეხედულებების განხორციელებას. თავის უმცროს და-ძმებთან უფროსი ძმები ხშირად გამოიყენებენ  ფიზიკურ მეთოდებსაც. უფროსი დები კი უფრო მიდრეკილნი არიან სხვადასხვა ახსნა-განმარტებების მიცემისაკენ, უსვამენ პატარებს შეკითხვებს, ხშირად აძლევენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას. თუმცა უმცროსი და-ძმები ბოლომდე არ იღებენ ქვეშევრდომის როლს. ასაკთან ერთად ისინი ხდებიან თავისი უფროსი და-ძმების თანაბარი პარტნიორები, უფრო დამოუკიდებლები, ნაკლებ დამყოლები და უფრო აგრესიულებიც.

უფროს და-ძმებთან ურთიერთობა და ურთიერთსაქმიანობა უდავოდ მნიშვნელოვან მასტიმულირებელ როლს თამაშობს ბავშვის როგორც ინტელექტუალური, ასევე სოციალური განვითარებისათვის. კვლევებმა დაადასტურა, რომ სხვა სკოლამდელებთან  შედარებით, უმცროსი და-ძმები, უფრო ხშირად საუბრობენ თავის ფანტაზიებზე, უფრო ხშირად სვამენ და პასუხობენ კითხვებს, უფრო მიდრეკილები არიან თანამშრომლობისაკენ თამაშის დროს. ასევე სკოლამდელ ასაკში უფროს და-ძმას შეუძლია ეფექტურად შეასრულოს მასწავლებლის როლი. ისინი ასწავლიან და მოძღვრავენ თავის უმცროს და-ძმას, მეთვალყურეობას უწევენ მათ.

და-ძმების ერთმანეთთან ურთიერთობის ხასიათი გარკვეულწილად განპირობებულია დედის დამოკიდებულებით მათ მიმართ. მაგალითად, დედა, რომელიც ძალიან გულღიად საუბრობს თავის უფროს შვილთან ახალდაბადებული დის ან ძმის მოთხოვნილებებზე და გრძნობებზე, თანამონაწილედ ხდის მას პრობლემების განსჯასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად, ეკითხება: „შენ როგორ ფიქრობ, რა უნდა მას?“ ამით ის ხელს უწყობს თბილი, გულღია ურთიერთობების  დამყარებას  და-ძმებს შორის. ის დედა კი, რომელიც ასე არ იქცევა, ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ პატარებმა საერთო ენა იპოვონ. უფროსი გოგონები, რომელთა  მიჯაჭვულობა   დედასთან უმეტესწილად ძალიან ძლიერია, უფრო მიდრეკილნი არიან, ნეგატიურად და მტრულად განეწყონ ოჯახში გაჩენილი პატარასადმი;  შესაბამისად უმცროსებსაც   უვითარდებათ   ნეგატიური განწყობა უფროსი დების მიმართ. დედის და გარშემომყოფთა სწორ ქცევას შეუძლია, მნიშვნელოვნად შეასუსტოს ეს ნეგატიური განწყობა. ადრეული ურთიერთობების თავისებურებები და-ძმებს შორის შეიძლება აისახოს მათ მომავალ ქცევებში. ახლობლური, თბილი ურთიერთობები ხელს უწყობს მისაღები, კეთილგანწყობილი ქცევის ფორმირებას.

ეჭვგარეშეა, რომ ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური კლიმატის  მოწესრიგება,  და-ძმებს  შორის  მეგობრული, თბილი ურთიერთობების არსებობა მნიშვნელოვნადაა და- მოკიდებული სწორედ მშობლებზე.  ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ ჩვენ თვითონ  მშობლები  ვართ მიზეზი იმ დაძაბული  ურთიერთობებისა,  რომელიც სუფევს ჩვენ ოჯახში. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია. ერთ ოჯახში აღზრდილი და-ძმები შეიძლება ისევე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც სხვადასხვა ოჯახის შვილები, ამიტომაც მშობლებმა უნდა გამოავლინონ გარკვეული მოქნილობა აღზრდაში. ხომ არ შეიძლება მოეპყრო ყველა შენ შვილს ერთნაირად?! ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია და ჩვენც სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ თითოეულ მათგანზე. ჩვენ გვიყვარს ყველა, თანაც ძალიან, მაგრამ სხვადასხვანაირად.

არ უნდა  ვიფიქროთ,  რომ ერთადერთი  პასუხი  არსებობს იმ უამრავ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგება. ჩვენი სიყვარული და ყურადღება შეიძლება გამოიხატოს ათასგვარი ხერხით.  ალერსიანი  ჟესტი  ან  კოცნა ერთ  შემთხვევაში, მოთმინებით  ახსნა – მეორეში.  ეს მხოლოდ  ერთი და იმავე პრობლემის გადაწყვეტის ორი სხვადასხვა ხერხია.

ფარისევლობა იქნებოდა, გვეთქვა, რომ თანამედროვე ქალისთვის დედობა ერთადერთი როლია, რომელიც მას თვითრეალიზაციის სრულ განცდას მიანიჭებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ  დღესაც  დედობა  არის  შემოქმედებითი და ამავე დროს საკმაოდ რთული პროცესი, რომელმაც მონდომების შემთხვევაში შეიძლება დიდი ბედნიერების განცდა მოგანიჭოთ.

როცა ჩვენი შვილები ჩხუბობენ, პირველ რიგში უნდა გავაჩეროთ ისინი და ნაკლებად ვეძიოთ, თუ რის გამო ჩხუბობენ ისინი, ვინაიდან ბავშვები დაიწყებენ ურთიერთ-დადანაშაულებას. თუკი  ჩვენ, პირიქით, ვაჩვენებთ ბავშვებს, რომ მთელი ჩვენი პატივისცემა იმის მხარესაა, ვინც პირველი შეწყვეტს  ჩხუბს – ისინი მომავალში ისწავ- ლიან დაფიქრებას ჩხუბის დაწყების წინ.

ბავშვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ყველაზე კარგი მაჩვენებელია მისი ურთიერთობები თანატოლებთან – სწორედ ამას სწავლობენ ძირითადად და-ძმები ერთმანეთთან ურთიერთობაში.

ტყუპები

ტყუპების გაჩენა, მიუხედავად ყველა სიძნელისა, რომელიც თან ახლავს ორი, ზოგჯერ კი მეტი ახალი არსების გაზრდას, ყოველთვის აღიქმება როგორც განსაკუთრებული მოვლენა, ამიტომ ტყუპებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გრძელდება კარგა ხნის განმავლობაში. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათ ზედმეტად ეფერებიან, ელოლიავებიან ან ანებივრებენ, მაგრამ მათ, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ექცევიან სხვანაირად. ტყუპებს განსაკუთრებულებად მიიჩნევენ. გაიხსენეთ, რამდენჯერ შეგხვედრიათ ქუჩაში ტყუპები, ორი ერთნაირი ბავშვი, ზუსტად ერთნაირად ჩაცმული. ალბათ ყოველთვის გაგიყოლებიათ თვალი და სახეზე ღიმილი გაგჩენიათ. ტყუპები მაინც (გარკვეულწილად) არაორდინალური მოვლენაა.

არსებობს ორი ტიპი ტყუპებისა – მონოზიგოტური და დიზიგოტური. მონოზიგოტური ტყუპები ვითარდებიან ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან. მათ ერთნაირი გენოტიპი აქვთ, ისინი ყოველთვის ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ერთი სქესის არიან და აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი. დიზიგოტური ტყუპები ვითარდებიან სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან.  ისინი  შეიძლება  ერთი  ან სხვადასხვა  სქესის  იყვნენ და ჰგავდნენ ერთმანეთს იმდენად, რამდენადაც ჩვეულებრივი და-ძმები. ტყუპები, როგორც წესი, იბადებიან სუსტები, მცირეწონიანები, მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად განვითარებულები ფიზიკურად, ვიდრე ჩვეულებრივი ბავშვები. ორგანიზმის დამცავი ძალების არასაკმარის განვითარებას მივყავართ იქამდე, რომ ისინი უფრო ხშირად ავადმყოფობენ, მაგრამ ამასთანავე ითვლება, რომ სწორი მოვლის პირობებში ისინი სიცოცხლის მეორე წელსვე თავისი ფიზიკური პარამეტრებით თანატოლებს ეწევიან.

დღეს დამოკიდებულება ტყუპების აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით  მნიშვნელოვნად  შეიცვალა. თუ ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვები  წუთითაც  არ  უნდა  დააშორო  ერთმანეთს, ისინი ერთად უნდა დადიოდნენ საბავშვო ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში, რაც გარკვეულწილად კანონითაც იყო გათვალისწინებული, თანამედროვე კვლევებში ეს მოსაზრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. დადგინდა, რომ ასეთ დამოკიდებულებას ბევრი სიძნელე მოჰყვება.

აღმოჩნდა, რომ ტყუპები თავისი ფსიქოლოგიური განვითარების დროს აწყდებიან ორ უმთავრეს პრობლემას. პირველი, ეს არის მათი ძლიერი ურთიერთქიშპობა და მეორე,  გამძაფრებული დამოკიდებულება  ერთმანეთის მიმართ.

თუ ტყუპები იდენტურები არიან, ანუ მონოზიგოტურები, ე.ი. „გაჭრილი ვაშლი“-ვით ჰგვანან ერთმანეთს, მათ შორის ქიშპობა მინიმალურია, ამ შემთხვევაში უფრო სოციალიზაციის სიძნელეებზე საუბრობენ. ბავშვები იმდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ერთმანეთთან ურთიერთობით, რომ აღარ უჩნდებათ ახალი კონტაქტების დამყარების სურვილი.

როგორც აღვნიშნეთ, ტყუპების უმრავლესობა (დიზიგოტები), შეიძლება არც ისე ძალიან, ან საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ისინი უბრალოდ ერთდროულად არიან გაჩენილები. ამ დროს კი ჩვენ, მშობლებით „ვხდით“  მათ მსგავსებად, ერთნაირებად,   როცა  ვეპყრობით  მათ  ისე,  როგორც  იდენტურ ტყუპებს. მხოლოდ პირველი განსხვავებების აღმოჩენის შემდეგ მათ შესაძლებლობებში, უნარებში, ხასიათში, უნებ- ურად ვიწყებთ მათ გარჩევას. აი, სწორედ მაშინ იწყება ქიშპობა ტყუპებს შორის და თან სერიოზული პრობლემებით. თითოეულმა მათგანმა ხომ იცის, რომ ჩვენ მათგან ველით ურთიერთთანხმობას და შეხმატკბილებულ თანაცხოვრებას.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ ტყუპებს ამ გაორებული მდგომარეობიდან გამოსვლაში,   უნდა ვასწავლოთ მათ ცხოვრება, ერთი მხრივ, შეთანხმებულად და, მეორე მხრივ, ერთიმეორისაგან დამოუკიდებლად. ეს დებულება თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ რაც უფრო დამოუკიდებლები ხდებიან ტყუპები, მით უფრო შეთანხმებულად ცხოვრობენ. ამიტომაც მშობლები და ახლობლები ისე უნდა ექცეოდნენ მათ, როგორც განსხვავებულ ინდივიდებს.

რჩევაა: უმჯობესია არ ჩავაცვათ ერთნაირად; ნურაფერს ნუ იყიდით ორ ეგზემპ- ლარად; მოვექცეთ, როგორც ორ განსხვავებულ ინდივიდს, პიროვნებას.

ზოგიერთი ავტორი მიუთითებს იმაზეც, რომ უმჯობესია ტყუპები სხვადასხვა კლასშიც კი სწავლობდნენ. თუ მშობელი ასე მოექცევა თავის შვილებს, მაშინ სხვებიც არ განეწყობიან მათდამი, როგორც იდენტურებისადმი. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ განვითარდეს მათი ინდივიდუალური ინტერესები და მიდრეკილებები, იმისთვის, რომ  არავინ  არ  თვლიდეს  მათ  წყვილად,  რომელშიც  ერთი უნდა იყოს ზუსტად მეორის მსგავსი. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ტყუპებმა განავითარონ ინდივიდუალური   უნარები; ეს კი მისცემს მათ ერთმანე- თისგან  დამოუკიდებლობის   მოპოვების  და  ფსიქოლოგიური სიმწიფის შესაძლებლობას, ასევე უნარს, ერთმანეთთან ურთიერთობითა და თამაშით სიამოვნება მიიღონ.

KidsGallery.ge

ფსიქოლოგი: ჯანა კახიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top