15.08.2023

თანამედროვე ცხოვრების ტემპორიტმი შეცვლილია, ის  ბევრად უფრო „რთული“, მრავალმხრივი და საინტერესო გახდა. მეცნიერების მიღწევებმა თუ ტექნოლოგიურმა პროგრესმა შეცვალა როგორც თავად სამყარო, ისე-ინდივიდი, მისი ქცევა, მოქმედება, დამოკიდებულება, ემოციებისა და გრძნობების მთელი სპექტრი. პოსტ-პოსტ მოდერნიზმის ხანაში ხელოვნება კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, ვიდრე ის მოდერნიზმის ან თუნდაც პოსტ-მოდერნიზმის ხანაში იყო. 

თანამედროვე ხელოვნება სიმულტანურ რეჟიმში, სარკისებრი პრინციპით ირეკლავს ახალ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ დღის წესრიგს. ხელოვნება და ზოგადად კულტურა, გაცილებით უფრო მობილური, სოციალური და „მარტივად გასაგები“ გახდა. დღეს ამ მიმართულებით მომუშავე არტისტმა იცის, რომ მისი ნამუშევრები არა მხოლოდ გალერეების თეთრი სივრცეებისთვის იქმნება, არამედ პირველ რიგში თანამედროვე ადამიანისთვის, რომელთან მისასვლელადაც  ხელოვნების ნიმუში სოციალური ქსელების გზას იყენებს.

რია ქებურიას სახელი ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში ყველასთვის კარგად ცნობილია. ის  ერთ-ერთი პირველი იყო ვინც თანამედროვე ქართველი არტისტებისთვის (და არამხოლოდ) უპრეცედენტო მნიშვნელობისა და მასშტაბის პლატფორმა შექმნა.  2018 წელს მის მიერ დაარსებული Ria Keburia Fouandation (რია ქებურიას ფონდი), საქართველოსა და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას ისახავს მიზნად. გლობალურ სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებით, ფონდი ქმნის ინტერკულტურულ სივრცეს და აერთიანებს ხელოვნების სფეროს პროფესიონალების მრავალფეროვან საზოგადოებას.

ფონდის მუშაობა მრავალმხრივი და საინტერესოა. გეოგრაფიული თუ შემოქმედებითი არეალი კი საზღვრებს არ ცნობს, პირიქით აერთიანებს ყველას და ყველაფერს თანამედროვე ხელოვნების სივრციდან. ის ადამიანები კი ვინც ამ მიმართულებითაა შემოქმედებით პროცესებში ჩართული და რომელთა ნამუშევრებშიც თანამედროვე სამყაროს სოციალურ-კულტურული დინებები ირეკლება ახალ სიცოცხლეს იძენს  ამ ფონდთან თანამშრომლობით. პირველ რიგში ეს გულისხმობს ფონდის რეზიდენციასა და გალერეას, ორ ალტერნატიულ სივრცეს, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. რეზიდენციაში შექმნილი,  არტისტების სუბიექტური ინტერპრეტაცია – ფერწერული ტილოს, სკულპტურის, ინსტალაციის სახით გაგრძელებას  ქებურიას გალერეაში  პოულობს, რომელიც თბილისიდან მოშორებით კაჭრეთში მდებარეობს. რაც ვფიქრობ, ხელოვნების გზით  კულტურის პოლიტიკის დეცენტრალიზაციის საუკეთესო მცდელობაა.

რია ქებურია, რომელმაც თავის შემოქმედებითი საქმიანობა მოდის ინდუსტრიიდან დაიწყო, ამჟამად მის მთავარ საქმიანობად ქართველი არტისტებისთვის შესაძლებლობების შექმნა გახდა, ახალი სახეების აღმოჩენა და თანამედროვე ხელოვნების ინდუსტრიაში მათთვის სტრატეგიულად სწორი ნაბიჯების დაგეგმვა – რაც, ვფიქრობ, უალტერნატივო შესაძლებლობაა დამწყები და უკვე გამოცდილი ქართველი ხელოვანებისთვის.  

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ  ფონდი სოციალურ ქსელში პერმანენტულად სხვადასხვა მიმართულების, კონკრეტული კონცეფციის „ქოლს“ (განაცხადს) აქვეყნებს. ცალკეული თემის ირგვლივ სარეზიდენციო სივრცეში მუშაობა ქართველი არტისტებისთვის სრულიად ფონდის მიერაა დაფინანსებული, უცხოელ ხელოვანებს კი თავად რია არჩევს სამოტივაციო წერილისა და პორტფოლიოს საფუძველზე.  ფონდი, სპონსორების გულუხვი მხარდაჭერით ცდილობს შექმნას თანამშრომლობის მრავალმხრივი და გამდიდრებული მოდელი, სხვადასხვა გალერეების, ინსტიტუტების, რეზიდენციებისა და პლატფორმებთან კოლაბორაციით.

რეზიდენციისა და გალერეის ერთგვარი იდეური გაგრძელებაა, ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი კონცეფციის ონლაინ პლატფორა  Ria Bid. ის აერთიანებს, როგორც დამწყებ ხელოვანებს, ისე წამყვან არტისტებს. პლატფორმაზე განთავსებულია მათი ორიგინალური ნამუშევრების საკმაოდ დიდი სპექტრი, რომლებიც შერჩეულია ადგილობრივი რეზიდენციის პროგრამებიდან, კერძო კოლექციებიდან და მხატვრების სტუდიებიდან. ნამუშევრების შესრულების ტექნიკა, სპეციფიკა, ხელწერა და თემატიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან: ზეთის ნამუშევრები, ფოტოგრაფია, გრაფიკა, კერამიკა, ქანდაკება… ონლაინ კოლექციის დათვალიერებისას ვიზიტორი აღმოაჩენს როგორც მისთვის კარგად ნაცნობ ექსპონატებსა, ისე სრულიად ახალ, უნიკალურ ნამუშევრებს.

თანამედროვე ადამიანს მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, სულ უფრო მეტად აქვს ხელოვნებასთან წვდომის, ფერწერულ ტილოსთან თუ სკულპტურასთან უშუალო კონტაქტისა და კომუნიკაციის დეფიციტი. სამწუხაროდ, გალერეებსა თუ ალტერნატიულ საგამოფენო სივრცეებში არც თუ მაღალი სიხშირით გვიწევს მისვლა, ცხადია ამას ობიექტური (და სუბიექტურიც) მიზეზი აქვს. ონლაინ პლატფორმა  Ria Bid უნიკალური შესაძლებლობაა ხელოვნების ნიმუში ჩვენი ინტერიერის და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ, რაც იდეალურია ერთფეროვანი რუტინის „გასაფერადებლად“ და შინაგანი განწყობის შესაქმნელად.

პლატფორმის შემქმნელები  გვთავაზობენ ინდივიდუალურ მიდგომას, მათ შეუძლიათ დეტალურად გაანალიზონ თითოეული ადამიანის საჭიროება და ინტერესები.  პროგრამას შეუძლია შექმნას სტრუქტურირებული მონახაზი ხელოვნების მოყვარულთათვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის, სასტუმროებისა და არქიტექტურული კომპანიებისთვის, მათი მოთხოვნების შესაბამისად. ყველას შეუძლია პლატფორმის შემოქმედებით გუნდს მიაწოდოს მისთვის სასურველი, იდეალური გარემოს დეტალური აღწერა  და ისინი თავად უპოვიან კონკრეტული პიროვნების, ინსტიტუციისა თუ ორგანიზაციისთვის შესაფერის ნამუშევარს. ეს შესაბამისობა ვლინდება როგორც თემატიკაში, ისე შესრულების ტექნიკასა და ზოგადად ნამუშევრის კონცეფციაში.

ნამუშევრების მასშტაბი  Ria Bid-ზე  შთამბეჭდავია და ის აერთიანებს, როგორც დამწყებ ხელოვანებს ისე წამყვან არტისტებს. თქვენ ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ იპოვოთ ქართული ხელოვნება, რომელიც თქვენი ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდება და თქვენი ცხოვრების წესს გააუმჯობესებს.

პლატფორმა თანამშრომლობს არაერთ არტისტთან, ვინც ასევე დაინტერესებულია კერძო შეკვეთებისთვის. როგორიცაა კედლის მხატვრობა, სტატიკური ქანდაკებები ან საიტის სპეციფიკური ნაწილის დამზადება. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად Ria Bid-ის გუნდს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს კონკრეტული მხატვრები, ნამუშევრები, ფერთა პალიტრა და სტილი, რომელიც თანხვედრაშია მის მოთხოვნებთან, ცხოვრების სტილთან და გემოვნებასთან.

ადამიანები ყველგან და ყოველთვის ყვებიან თავის პერსონალურ უნიკალურ ისტორიას, თანამედროვე ხელოვნება რეალობაზე რეფლექსიის ალტერნატიული ფორმებით ხელოვანის მოყოლილ ისტორიას ფერწერული ტილოს, სკულპტურის, ინსტალაციის სახით  კონკრეტულ  ამბავს ინახავს დროში და სივრცეში, რომელიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებას. ამ ნახატების ჩვენი ინტერიერის ნაწილად ქცევა, ჩვენდაუნებურად ამ ისტორიების თანამონაწილეს გვხდის. 

მიუხედავად იმისა, რომ Ria Bid პლატფორმა აერთიანებს საუკეთესო ხელოვანებს და მათი რიცხვი დიდია, „ამარტა“ ასახელებს მისთვის ხუთ გამორჩეულ ხელოვანს: გურამ წიბახაშვილი, გელა პატიაშვილი, ლეილა შელია, თეონა იამანიძე, მაკა ბატიაშვილი.

გ.წიბახაშვილი. „განმარტებანი“

გურამ წიბახაშვილი: მრავალი პერსონალური და ჯგუფური ფოტო-გამოფენის მონაწილე. მისი ნამუშევრები დაცულია ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვისა და თესალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში; ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში,  ამსტერდამსა და თბილისში.

გ.პატიაშვილი. „მწვანე კურდღლები“

გელა პატიაშვილი: მხატვარმა 30 წელი საფრანგეთში იცხოვრა. მუშაობდა კლაველის თეატრთან, მილიმაჟის, დარგოსა და სხვა ცნობილ ანიმაციურ სტუდიებთან. 2018 წლიდან კვლავ საქართველოშია და აქ აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ პერსონალურსა და ჯგუფურ გამოფენებში. ცხოველები, გელა პატიაშვილის შემოქმედების მთავარი თემაა.

ლ.შელია. „უსათაურო“

ლეილა შელია: ის ოთხმოციანელთა თაობის მხატვარია. მისი სახელი, უპირველესად, აბსტრაქციასთან ასოცირდება. თუმცა მის შემოქმედებაში ნატურმორტებსაც ნახავთ და ნიუსაც… ქმნის ფერწერულსა და გრაფიკულ ნამუშევრებს. „შინაგანი განწყობა… ბუნება… კმაყოფილი ვარ, როდესაც არ ვფიქრობ და ისე გამოდის ნამუშევარი. მინდა, გადმოვცე ირეალური, არდანახული“, ამბობს მხატვარი.

თ.იამანიძე. „ტყვეები“

თეონა იამანიძე: ის ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენელია.საქართველოს გარდა, ის მონაწილეობდა ევერსონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პროექტში, რომელიც მიეძღვნა იაპონიაში ჰიროსიმას ატომური დაბომბვიდან 70 წლისთავს. ასევე ნიუ იორკისა და ჩიკაგოს გალერეებში რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად, თეონა იამანიძე ცხოვრობს ნიუ-იორკში და მხატვრობის გარდა კურატორულ საქმიანობასაც ეწევა.

მ.ბატიაშვილი. „ჩრდილი“

მაკა ბატიაშვილი: ის მუშაობს ფერწერის, გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების, ვიდეო არტის, დოკუმენტური კინოს სფეროში. მისი ნამუშევრები ადვილად ამოსაცნობი და  გამოკვეთილი სტილით ხასიათდება –  ბანალურ ყოველდღიურობას მისი ფერწერა ექსპრესიულ, ემოციურ სურათებად აქცევს, სადაც ფერები განსაკუთრებულად არის დანახული და გადმოცემული. გარდა ფერწერისა, მაკა ბატიაშვილი მუშაობს სხვა მედიუმებშიც – ვიდეო არტსა და წიგნის გრაფიკაშიც, მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. მაკა არის არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ: ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიტვასა და გერმანიაში.

ნენო ქავთარაძე

Scroll To Top