ქართული Gen Z-ს მელანქოლიურობა

13.08.2021

Gen Z ის თაობაა, რომელზეც დღევანდელი მსოფლიოს რეალობა დგას. ე.წ. ციფრული თაობა, პირველი თაობაა, რომელიც გაჯეტებისა და სოც. ქსელების სამყაროში გაიზარდა და თავს კომფორტულად გრძნობს მათში. ქართული Gen Z- ი კი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის პირველი თაობაა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, მას თითქოს მეტი თავისუფლება აქვს. საინტერესოა, რომ Gen Z- ის, მიუხედავად კომფორტული გარემოსი, მელანქოლიურობა ახასიათებს. ამ თაობას არ ეშინია სუიციდზე და ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრის.

ბრენდი Reckless  სწორედ ამ თაობისთვის არის შექმნილი, მისი სამიზნე აუდიტორიაც და კრეატიული ჯგუფიც ჯენ ზის წარმომადგენლები არიან. წარმოგინდგენთ ინტერვიუს სალომე გველესიანთან, ბრენდის დამფუძნებელთან, რომელშიც ის ქართული ჯენ ზის სევდაზე და „რექლეს“-ის თბილისზე ისაუბრებს. 

თავისუფალი, სილამაზის ძველი სტანდარტებისგან დაცლილი თაობა სევდითაა სავსე. თქვენი აზრით, რა იწვევს მელანქოლიას ქართულ და დასავლურ ზუმერ თაობაში, როგორ რეფლექსირებს ამაზე „რექლესი“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი კულტურული ფონით განსხვავდება დასავლეთისგან, ეს თაობა ყველაზე ახლოს დგას დასავლურ ცივილიზაციასთან თავისი შინაარსით. მომხარებლურმა კაპიტალიზმმა შეჭამა დასავლურ ცივილიზაციაში სულიერება და ამის შემდეგ გაჩნდა დასავლეთში ღმერთის საკუთარ თავში ძებნა, ზე-კაცის ძიება, ონტოლოგიურისკენ სწრაფვა.

საქართველოში, წინა თაობებში ბავშვები სადღაც მეათეხარისხოვანი იყო – საბჭოთა კავშირში ყველა ბავშვი „ბედნიერი“ იყო, მერე მოვიდა ჩვენი, ეგრეთ წოდებული ომის თაობა, რომელიც პატრიოტიზმზე და „ვაშა“-ს ძახილზე იდგა, მაშინ ინდივიდუალიზმი ნაკლებად იყო აქტუალური. ახლა კი საქართველოშიც დაიწყო იგივე პროცესი, რაც დასავლეთში ხდება და ახალგაზრდა თაობა თავისი იდენტობის ძიებაშია. დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი ბავშვები უკვე  იმაზე ფიქრობენ, თუ ვის ეკუთვნიან, რა კულტურის შვილები არიან. ალბათ, აქედან მოდის ეს სევდა ყველაზე მეტად – აღარ არსებობს ყალბი ღირებულებები, რომელიც ჩვენი აღზრდის ღერძი იყო – ოჯახისა პატივისცემა, მასწავლებლებისა და ზოგადად უფროსების უპირობო ავტორიტეტი, ღმერთი. თაობა თავს ვერ გრძნობს მყარად, გამოცლილი აქვს ეს საყრდენი და ის რაღაც ახალმა უნდა შეავსოს. 

„რექლესი“ არ აყენებს ამ მდგომარეობას პრობლემად და არც არომანტიზირებს მას. არ გვგონია, რომ ცუდად ყოფნა, დეპრესია ან სიმარტოვე კარგი პონტია. ჩვენ უბრალოდზედაპირზე ამოგვაქვს მათი ეს მხარე და ვანახებთ რომ ასეთები არიან. თუმცა ჭკუას არ ვასწავლით და არ ვეუბნებით, გამოსწორდი ან პირიქით. ჩვენ ვამბობთ რომ ასეთები ვართ, სრულიად ნორმალურები, არაფერია გასაკვირი ცუდად ყოფნაში, მაგრამ სულ ასე ნუ იქნები. სიამოვნებაა ცხოვრება.

„რექლესი“-ს სტილში და მის კონცეფციაში მისი ურბანული ხასიათი ვლინდება. თუ თბილისია „რექლესი“-ს ქალაქი, მაშინ როგორია მისი ურბანული გარემო?

არატურისტული, რადიკალურად განსხვავებული ძველი ქალაქის ფერადი ხედებისგან…

 ურბანული გარემო დიდწილად განაპირობებს იმას, თუ როგორები ვართ, გარეგნულადაც  კი. ამ ქალაქის ჰავა, არქიტექტურა აკონსტრუირებს ჩვენ აზროვნებას. თბილისი უკვე დამახინჯდა და ამას ვერაფერს ვუზამთ. კორპუსები, გეტოებივით გადაჭედილი უბნები, ეს მშრალი და მტვრიანი გარემო დეპრესიულად მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში ჩემზე. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ამავდროულად ძალიან ლამაზია. თბილისური უბანი ვერ გადაიქცა დასავლურ სამეზობლოდ, სადაც მაცხოვრებლები პატივს სცემენ და უვლიან თავის გარშემო სივრცეს.  ძალიან უცნაური ქალაქია თბილისი, ძალიან გამოვნებიანი, თან საშიში, ქაოსური და დამღლელი. შეიძლება, სხვაგან არსებობდეს ქალაქები გაცილებით მაღალი კრიმინალით, მაგრამ თბილისში ყოველდღიური არსებობაა საშიში. 

ის უმომავლო ქალაქია თითქოს, აქ არ გაქვს იმის საშუალება, რომ წარმოიდგინო შენი თავი 10 წლის შემდეგ, როგორი იქნები, რას გააკეთებ. მიუხედავად ამისა, ვერ წარმოვიდგენ ჩემ თავს ამ ქალაქის გარეშე. „რექლესი“-ც ანალოგიურად, პირველ რიგში, ამ ქალაქზე ყვება, ეს ჩვენს სამოსშიც ვლინდება. „რექლესი“ თბილისის ბავშვებისთვის შექმნილი ბრენდია, ეს არის მისი ფილოსოფია.  

ხშირად ამბობთ, რომრექლესი“ კომუნაა, რა ფასეულობებზე დგას ის?

ჩანაფიქრშივე, გარდა ტანსაცმლის ბრენდისა, „რექლესი“ პლატფორმა უნდა ყოფილიყო ახალგაზრდებისთვის. ის თავიდან ბოლომდე ახალგაზრდების ბრენდია; დიზაინი, ფოტო თუ ვიდეო კონტენტი, რომელსაც  კომუნიკაციაში ხედავთ, ყველაფერი მათ მიერაა შექმნილი. როდესაც „რექლესის ბავშვებს“ ვიძახით, ყველამ იცის, ვისაც ვგულისხმობთ. ყველამ, ვისაც პატარა შეხება ჰქონდა ბრენდთან, იცის, რომ ჩვენი ოჯახის წევრია. ბევრს უთქვამს, აქამდე ისე ვიყავი, საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინაო. „რექლესი“-ს ოჯახში ერთნაირი აზროვნების ბავშვები დაკავშირდნენ, ჩვენი ბრენდი არაა მარტო „მე ნივთი მაცვია“,  ეს არის „მე იდეას ვატარებ“.

 რა კავშირშია მუსიკა, რომელსაც ნიკუშა აკეთებდა „რექლეს“-თან

„რექლესი“-ს სახელიც სწორედ ნიკუშას ფსევდონიმიდან მოდის, რომლითაც ის საუნდქლაუდზე დებდა თავის ნამუშევრებს. ნიკუშა სრული ანტიპოდი იყო იმისა, რასაც ჩვენ „რექლეს“-ში ვაჩვენებთ – ცანცარა და მხიარული. როდესაც მისი მუსიკა აღმოვაჩინე, უცებ მეორე მხარე დავინახე; ის, რომელიც მის შიგნით იყო. მისმა სევდიანმა მუსიკამ, სხვანაირად დამანახა ეს თაობა, რომელსაც თავისი გამოწვევები აქვს. „შენ რა იცი, მე ისეთები მაქვს გამოვლილი“ – მშობლების დამოკიდებულება გადავიაზრე. მივხვდი, რომ ფერადი, საყურეებიანი თაობა კლიშე იყო. „რექლესი“ არაა ბრენდი ნიკუშაზე.  ის არის ბრენდი თაობაზე, რომელიც ნიკუშას კვლევით აღმოვაჩინეთ. ერთ ბავშვში, ბევრი ბავშვი გაჩნდა უცებ. 

რას ელით  „რექლესი“-სგან?

მე მინდა, რომ თბილისელ ბავშვებზე მოვუყვე მსოფლიოს. ბრენდის კეთილდღეობისთვისაც მინდა, მაგრამ პირველ რიგში, ფილოსოფიურად მინდა, რომ ჩვენი ბავშვების ამბავი ყველამ გაიგოს. მგონია, რომ ამ ბავშვებზე არავის არ ულაპარაკია მთელი აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბითაც კი. ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა სივრცეში გაზრდილი ბავშვების სათქმელს ვამბობთ და მაქვს იმის ამბიცია, რომ ეს სათქმელი სხვაგან მივიტანოთ. 

Gen Z – ტერმინი გამოიყენება მსოფლიოში იმ თაობის ადამიანებისთვის, რომლებიც დაიბადნენ 1990 -იანი წლების მეორე ნახევრიდან 2010 -იანი წლების პირველ ნახევარამდე

დათუნა  აფაქიძე

პროექტი:

ფოტო: ბაკურ თვრინელი / სტილი: ელენე ბახტაძე / ვიზაჟი: ანა ბახტაძე

მოდელები: ივა ქიმერიძე, ანტონ ფარესიშვილი, ლუკა კალანდაძე, ნათია ვეფხვაძე,

ინგა ბალანჩინი, თემო ჩიკვილაძე, ნიკა სხილაძე

სალომე გველესიანი / პორტრეტი:

ფოტო: ბაკურ თვრინელი / სტილი: დათუნა აფაქიძე

ვიზაჟი: ტატიანა ასაბაშვილი / საქართველოს ვიზაჟის ინსტიტუტი /

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top