ძვირფასი ქვები და კერამიკა

საინტერესო კოლაბორაცია

CVC Diamonds & YOUNG SOOK PARK Ceramics

01.11.2021

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა სამკაულების მწარმოებელმა ბრენდმა CVC – მ კორეელ კერამიკოს-არტისტ იანგ სუკ პარკთან ერთად ლიმიტირებული წარმოების კოლექცია  შექმნა. ხელით დამუშავებული, ნატურალური პიგმენტებით, დახვეწილი დიზაინით შექმნილი ყელსაბამების 25 ექსკლუზიური მოდელი,  ორ არტისტს აერთიანებს, მათი ხედვისა და ხელობის წყალობით კი ჰარმონიულ ნამუშევრებს ვიღებთ.

სანამ მათ კოლაბორაციაზე მოგიყვებოდეთ მინდა ამ ორი განსხვავებული წარსულის მქონე არტისტზე ცოტაოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ.

CVC Stones–ის მფლობელი ყოფილი ფინანსისტი ჩარლზ დე ვიელ კასტელი (Charles de Viel Castel) გახლავთ. რამოდენიმე წლის წინ მას ბებია გარდაეცვალა, რომელმაც სახსოვრად დაუმუშავებელი ბრილიანტები (ალმასები) დაუტოვა. სწორედ უხეში ფორმიდან დახვეწილი ბრილიანტის მიღების დაუოკებელმა სურვილმა მიიყვანა ჩარლზი კომპანიის შექმნის იდეამდე. სწორედ ასე, 2015 წელს დაიბადა CVC Stones.

ბრენდის ასორტიმენტი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან – ბრილიანტი და ნატურალური ქვები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხა სანაპიროებზე მოიპოვება. როგორც ბრენდის შემქმნელები იუწყებიან, მათი ფილოსოფია სიმარტივე და ბუნებრიობაა.

რაც შეეხება კერამიკოს იანგ სუკ პარკს (Young Sook Park), იგი ნოვატორია კერამიკის სამყაროში. მისი მოწოდება ძველი დაკარგული ტექნიკების აღმოჩენა და მათი თანამედროვე ნაწარმში გამოყენებაა. 1979 წელს, საკუთარი სტუდიის დაარსებისას, ის არ შეუშინდა გამოწვევებს და ექსპერიმენტული მასალების გამოყენება დაიწყო. ხელოვანი განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე მუშაობდა, რის შედეგადაც კერამიკის ზედაპირი უნდა დაზიანებულიყო, თუმცა ჰაერის ნაკადების სწორი ბალანსირებით მან შეძლო სასურველი შედეგის მიღება.

იანგ სუკ პარკი ცნობილია ე.წ მთვარის ლარნაკების შექმნით, რომელიც სათავეს XIV საუკუნის კორეული ჩისონის დინასტიიდან იღებს. იგი ტრადიციულად ფაიფურისგან მზადდებოდა, მისი შეფერილობა და ტექსტურა მთვარეს მოგაგონებდათ და სახელიც ბუნებრივია აქედან გამომდინარე შეიქმნა.

რაც შეეხება კერამიკულ ნაკეთობებში ბრილიანტების გამოყენებას, ეს ერთგვარად აზიურ ტრადიციას მოგაგონებთ, სადაც დაზიანებულ და გატეხილ ჭურჭელს ოქროთი ავსებდნენ. ამ გზით მისი ფასი იზრდებოდა და როგორც ნივთი მეტ თვითღირებულებას იძენდა.

ვფიქრობ CVC-ს და კორეელი კერამიკოსის იანგ სუკ პარკის კოლაბორაცია საკმაოდ ორგანულია, რადგან ორივე შემთხვევაში შემოქმედებით პროცესში წამყვან როლს ბუნებრივი მასალები და ნატურალურთან მიახლოებული კოლორიტი თამაშობს.

სამკაულები ერთდროულად მონუმენტური, ამავდროულად კი ძალიან მსუბუქი და  ნაზია. საინტერესოა ამ ორი  განსხვავებული მედიუმის შერწყმა, რაც უჩვეულო შედეგს გვაძლევს და მნახველს უბიძგებს უფრო ახლოდან დააკვირდეს სამკაულს, რომელიც ოსტატობის მაღალი დონით ხელოვნების ნიმუშს არ ჩამოუვარდება.

როგორც შემქმნელები იუწყებიან,  მუშაობის პროცესში განსაკუთრებულად რთული ფაიფურის ლარნაკში ბრილიანტის მოთავსება იყო. გასაკუთრებულად რთული ამოცანა სწორი ტექნიკის პოვნა და მისი გამოყენება გახლდათ. ფაიფური ხომ ძალიან მყიფე, ნაზი და მარტივად მსხვრევადი მასალაა, ამიტომ მათ დაზინებულ კერამიკულ ზედაპირებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი.  ძიების შედეგად კი მიაგნეს გზას, თუ როგორ მოეთავსებინათ ბრილიანტები ფაიფურის ლარნაკზე ოსტატურად.

მუშაობისას გამოიყენეს დიდი რაოდენობით განათება იმისათვის რომ ენახათ ზედაპირის სისქე და ჩაესვათ მასში ბრილიანტები, ისე რომ ნაკეთობის მთლიანობა არ დარღვეულიყო.

საბოლოოდ ეს კოლაბორაცია საშუალებას იძლევა  მნახველმა გადაიაზროს კერამიკის როგორც მედიუმის უნიკალურობა და მასში ახალი მხარეები დაინახოს.

მათი  თანამშრომლობით შექმნილი ესთეტიკა კი ტრადიციული ხელობის გააზრების ახალებურ პერსპექტივას გვთავაზობს.

                                                                                                            მარიამ ბერძენიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top