Domenico Gnoli-ის გამოფენას მასპირძლობს

18.11.2021

უზარმაზარ ტილოებზე შესრულებული პატარა დეტალების გადიდებული გამოსახულება, ოსტატურად გადმოცემული ტექსტურა თუ ნივთის ხასიათი, ეს არის იტალიელი ხელოვანის Domenico Gnoli-ს  შემოქმედების მოკლე აღწერა. სწორედ მის რეტროსპექტიულ გამოფენას მასპირძლობს Prada Foundation.

ორ სართულზე განთავსებული გამოფენა მხატვრის 100-ზე მეტ ნამუშევარს იტევს, რომელიც მან 1949-1969 წლებში შექმნა, როგორც მხატვარმა, დამდგმელმა მხატვარმა (თეატრში), ილუსტრატორმა და კოსტიუმის დიზაინერმა. ნამუშევრები პრადას ფონდის მე-20 საუკუნის შენობაში ხაზობრივი პერსპექტივის პრინციპით არის განლაგებული, გამოფენა მხატვრის შემოქმედებითი სერიების მიხედვით არის დაყოფილი და ერთმანეთს ლოგიკური კავშირით ერთვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც პრადას ფონდი ამ ხელოვანის გამოფენას მასპირძლობს.  2011 წლის ვენეციის ბიენალეს ფარგლებში, მისი გამოფენა შედარებით მცირე მასშტაბით, ქ-ნი მიუჩა პრადას ინიციატივით შენობაში სახელად  Ca’ Corner della Regina  გაიმართა.

იმ დრომდე სანამ სოციალური ქსელები გაჩნდებოდა და ადამიანები „დაქროფილი“ (მოჭრილი)  ფოტოების გაზიარებას დაიწყებდნენ, დომენიკო ნიოლიმ  თავისი შემოქმედებით აუდიტორიას გამადიდებელი შუშით დანახული სამყარო აჩვენა. მისი ნახატები თითქოს  ყოველდღიურობიდან ამოჭრილი ამბებია (რასაც ჩვენ დღეს სთორებს ვუწოდებთ და ვაზიარებთ). ნიოლის შემოქმედებას პოპ-არტისა და სურეალიზმის ნაზავს უწოდებენ, გააჩნია მნახველი ნამუშვრების რომელ ასპექტზე გააკეთებს აქცენტს. ის ნამუშევრებს სკრუპულოზურად შერჩეულ ფოტოგრაფიულ ჩარჩოებში ათავსებს.

ავტორის უდიდესი მოთმინების  და უზადო ოსტატობის შეგრძნების  გარდა, ნიოლის ნამუშევრებს აქვს უნარი, მნახველი ყველაზე უბრალო ყოფითი დეტალის ყურებისას სიყვარულით აავსოს, რადგან თავად ხელოვანს  აქვს ნიჭი დაინახოს სილამაზე იმაში, რაც „მოკვდავთა“ თვალს გამორჩება ხოლმე.

ფოტოგადიდების ეფექტი დიდ როლს თამაშობს ნიოლის შემოქმედებაში.  ის გვაჩვენებს მამაკაცის საყელოს, ღილებს,  ქალის თმის ყოველ ღერს, რომელსაც განათება ყველა ტილოზე სხვადასხვა ელფერს სძენს. ქსოვილის ზედაპირები, დეკორით გაფორმებული სუფრა თუ საწოლის გადასაფარებელი, მხატვრის ყველა მონასმში იგრძნობა სამყაროს მისეული აღქმა. თითოეული მათგანი პატარა დეტალების მშვენიერებით შექმნილი დიდი სურათია.

ნიოლი გრძნობდა გენეტიკურ შემოქმედებით კავშირს ისეთ მხატვრებთან, როგორებიც არიან მაზაჩო (Masaccio) და პიერო დელა ფრანჩესკა (Piero della Francesca). მის შემოქმედებაში აშკარაა რენესანსის გავლენა. როგორც ცნობილი ხელოვნებათმცოდნე სალვატორე სეტისი (Salvatore Settis) აღწერს ნიოლის შემოქმედებას, მას მოუწია უარი ეთქვა ტრადიციული გაგებით დეკორატიულობაზე და ახალი გზა ეპოვა რეალობის გადმოსაცემად დეტალებზე აქცენტირებით.

როგორც გამოფენის კურატორისგან ვიგებთ დომენიკოს შემოქმედებაზე დიდი გავლენა ასევე იტალიელმა ფერმწერმა, ჯორჯო მორანდიმ (Giorgio Morandi) მოახდინა. მორანდის შემოქმედება ძირითადად ნატიურმორტებს და ყოფითი ცხოვრების ობიექტებს მოიცავს. მსგავსება შეიძლება მართლაც დავინახოთ, რომელიც უფრო ფილოსოფიური და სიუჟეტურია, ვიდრე ტექნიკური.

ნიოლის მამა და ბაბუა ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები იყვნენ, ამიტომ მისი პროფესიული არჩევანი არავის გაკვირვებია. ის რომში დაიბადა, შემდეგ კი თავისივე მშობლიურ ქალაქში, სახვითი ხელოვნების აკადემიაში  თეატრის მხატვრობის შესწავლა დაიწყო. მისმა გაფორმებულმა შექსპირის პიესამ „როგორც გენებოთ,“ ლონდონში დიდი მოწონება დაიმსახურა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოუტანა აღიარება. ცხოვრების დიდი ნაწილი მან  სწორედ ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში გაატარა, სადაც სხვადასხვა გამოცემებისთვის ილუსტრაციებს აკეთებდა (Sports Illustrated, Fortune). 1959 წლიდან ის რომსა და ნიუ-იორკს შორის ცხოვრობდა,  მან ამ პერიოდში რამდენიმე გალერეასთან ითანამშრომლა.  1963 წლიდან კი დომენიკო ნიოლი მალიორკაზე დასახლდა.

კარიერის დასაწყისში ნიოლი ილუსტრატორად მუშაობდა, მაგრამ მისი ნამდვილი სურვილი ყოველთვის მხატვრობა იყო. 1963 წელს მან წარმოშობით ვიეტნამელი, თუმცა ბრიტანელ მხატვრად და სკულპტორად ცნობილი იანიკ ვუ (Yannick Vu) გაიცნო, რომელიც მოგვიანებით მისი მეორე მეუღლე გახდა. სწორედ იანიკმა უბიძგა ნაკლებად აბსტრაქტული და მეტად ფიგურატიული ნამუშევრების შექმნისკენ. ერთი წლის შემდეგ კი დაიწყო ამ სერიაზე მუშაობა, რომელსაც დაახლობით 5 წელი, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ქმნიდა.

მას ასევე შექმნილი აქვს გრაფიკების სერია, რომელსაც Domestic Monsters უწოდებდა –  უცრაური ცხოველები, რომლებიც ხან გარდერობიდან, ხანაც საწოლის ქვემოდან გვიმზერენ. ეს არსებები უფრო კომიკურები არიან ვიდრე საშიშნი.

ნიოლი საკმაოდ ახალგაზრდა, 36 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, მაგრამ ცხოვრების მანძილზე მოასწრო 140-მდე ტილოს და არაერთი ილუსტრაციის შექმნა, რომლებიც პრესტიჟულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. მისი ოჯახი არცთუ ისე მდიდარი იყო, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა ელეგანტურად ჩაცმას და ექსცენტრიული სპორტული მანქანებით მოძრაობას. მხატვრის სამეგობრო  წრე ძირითადად პოეტებისგან, მწერლებისგან და ფოტოგრაფებისგან შედგებოდა.

მხატვრის მოღვაწეობის პერიოდში ამერიკაში პოპ-არტი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ყვაოდა, პარალელურად იტალიაში სახელოვნებო მოძრაობა Arte Povera იდგამდა ფეხს. დომენიკო ამ მიმდინარეობებს აქტიურად ადევნებდა თვალს, მაგრამ არასდროს უცდია რომელიმე ჯგუფთან გაერთიანება. მას მარტო მუშაობა უყვარდა და მუდამ საკუთარ გზას ეძებდა.

                                                                                                მარიამ ბერძენიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap