განსხვავებულობის მიმზიდველობა

© CLAESSENS / DESCHAMPS

პარიზის სახელოსნოში კომფორტულ თეთრ სავარძელში მჯდომი ოლივიე თეისქენსი მშვიდად და წყნარად გამოიყურება. სულ რამდენიმე კვირა დარჩა მის შემდეგ ჩვენებამდე. შარშან დიზაინერმა ამ ბიზნესში მოღვაწეობის ორი ათწლეული იზეიმა, იშვიათი მიღწევაა 41 წლის ადამიანისთვის. ოლივიეს არაჩვეულებრივი კარიერული გზის გათვალისწინებით, რომელმაც ის წლების განმავლობაში  სამ სხვადასხვა ქალაქსა და ოთხ ერთმანეთისგან განსხვავებულ ბრენდში მოახვედრა, სწორი იქნებოდა მისი აღწერა, როგორც ახალგაზრდა სხეულში ჩამწყვდეული მოხუცი სული. ეს გამორჩეული მოგზაურობა, ანტვერპენში თანამედროვე მუზეუმის (MoMu) საწყისად იქცა, სადაც ბელგიელი დიზაინერის პატივისცემა რეტროსპექტიული გამოფენის  სახით გადაწყდა. მისი ადრეული შემოქმედების Theyskens’ Theory-ის, Nina Ricci-სა და Rochas-ს კოლექციების შერწყმით, გამოფენა ხაზს უსვამს თეისქენსის შემოქმედებითი ხმის უნიკალურობასა და საიდუმლოებას, რომელიც მის სამოსს ახლავს.

Nina Ricci by Olivier Theyskens F/W 2007 -2008, ©Sybille Walter, Encens Magazine, 2007. Model: Hannelore Knuts

ბელგიელი დიზაინერის ლაიტმოტივი ელეგანტურობისთვის ხელახალი, თანამედროვე სახის მიცემა იყო, ის ვულგარულობას ყოველთვის არიდებდა თავს. საკუთარ წინააღმდეგობებს ეყრდნობა Theyskens-ის ქალბატონი – ძლიერი და ამავე დროს, მგრძნობიარე. ის ერთდროულად დაუცველიცაა და ღონიერიც, რეალობას არ გაურბის, თუმცა რომანტიულია. ოლივიეს შთამბეჭდაობა Theyskens-ის გოგონაში საკუთარი თავის ჩაქსოვით გამოიხატება. ოლივიემ ხელახლა გახსნა ეპონიმური ხაზი Theyskens და დიდ სიამოვნებას იღებს ახალი გამოწვევებითა და ახალ აუდიტორიასთან საუბრით. ჟურნალ AMARTA-სთვის მიცემულ ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ოლივიე თეისქენსი საუბრობს საიდუმლოების მნიშველობაზე, დღევანდელ ფუფუნებაზე და რატომ უნდა ავარიდოთ თავი იმას, რაც ცხადია.

Olivier Theyskens S/S 1999. ©Julien Cloessens & Thomas Deschamps
Olivier Theyskens S/S 2001. ©Thomas Schenk

რა იყო მამოტივირებელი იმისა, რომ თქვენი ხაზით დაბრუნებულიყავით?

საკუთარი თავისთვის სამოსის შექმნა 90-იან წლებში დავიწყე და მომწონდა კიდეც ასე. თუმცა, ყოველთვის მზად ვიყავი სხვა მოდის სახლებთან მემუშავა, ეს კრეატიულობის გამოყენების საინტერესო გზაა. 2002 წელს Rochas-ს დიზაინერი გავხდი, იქ მუშაობას დიდი ხანი არ ვაპირებდი და საბოლოოდ საკუთარი ხაზის შექმნას ვგეგმავდი. მოდის სახლებთან არასდროს მიმუშავია ექსკლუზიურად, ყოველთვის მქონდა საკუთარი პროექტის დაწყების თავისუფლება. თუმცა ვერასდროს გამოვნახე ორივეზე ერთად მუშაობის დრო.

Rochas-ში  საკუთარ ათწლიან გამოცდილებას თუ გადახედავთ, თქვენი აზრით, როგორ განვითარდა მოდა?

თუ იმ მოდის სახლებს გავითვალისწინებთ, სადაც მთავარ დიზაინერად  ვმუშაობდი, მათ ყველას სჭირდებათ ყურადღების ცენტრში ხელახლა მოხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ მათ სახელს ოდესღაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ბრენდები ისე ვერ იპყრობენ ხალხის ყურადღებას, როგორც სურთ.

სამსახურში მათთვის იმიჯის შექმნის მიზნით აგიყვანეს?

დიახ, ისევე, როგორც ბრენდების კომერციული თვალსაზრისით გაზრდისთვის. როდესაც Rochas-ს შევუერთდი, მოდა მხოლოდ სუნამოებით შემოიფარგლებოდა. ბიზნესის ეს მოდელი 50 წლის მანძილზე არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ მარსელ როშა (Marcel Rochas) 30 წლის განმავლობაში არაჩვეულებრივ კოლექციებს ქმნიდა.

გეშინოდათ ასეთ სიმბოლურ ბრენდებთან მუშაობა?

არა. ჩემს სამუშაოს ყოველთვის სერიოზულობით ვუდგებოდი და სხვა ბრენდისთვის არასდროს შემიქმნია სამოსი, თუ არ მიმაჩნდა, რომ მათ ნამდვილად ვეხმარებოდი. საკუთარ ინსტინქტს ვენდობოდი და ალბათ, სწორ დროს აღმოვჩნდი იქ, სადაც საჭირო იყო. მთლიანად ჩართული ვიყავი სამუშაო პროცესში და ძალიან მიხაროდა ახალი თავგადასავლები. იმ დროს ბრიუსელში პატარა სტუდია მქონდა და საკუთარ კოლექციებს იტალიაში ვაწარმოებდი. არაჩვეულებრივი იყო პარიზში საცხოვრებლად გადასვლა, გაფართოება და ახალი ტერიტორიების შესწავლა. ამ მხრივ Rochas-მ ძალიან შთამაგონა და ეს შემოქმედებითი აღფრთოვანება დღესაც შემომრჩა.

Olivier Theyskens S/S 1998. ©Jurgen Rogiers

სწორი შემოთავაზების შემთხვევაში თუ დათანხმდებოდით იმავეს?

რატომაც არა, ამ აზრის წინააღმდეგი არ ვარ. სხვა ბრენდებისთვის ყალბ კოლექციებს მაშინაც კი ვქმნიდი, როდესაც La Cambre-ს სტუდენტი ვიყავი ბრიუსელში, მაგალითად Chanel-ისთვის ან Helmut Lang-ისთვის. ეს ერთგვარი სავარჯიშო იყო, რომელიც ჩემი ორგანიზმიდან სხვა ბრენდების სტილს გააქრობდა და შემდგომში საკუთარ სამოსზე შევძლებდი კონცენტრირებას.

თქვენ უკვე ქმნიდით სხვებისთვის სამოსს! ახერხებდით საკუთარი შემოქმედებითობის სხვადასხვა ნაწილად გაყოფას?

თუ ყურადღებით დააკვირდები ბრენდს – რა ბრენდიც არ უნდა იყოს – დაინახავთ გარემოსა და გარკვეულ ელემენტებს, რაც მათ განსაზღვრავს და გამოარჩევს. ეს არის გამოხატვის ველი და როდესაც თქვენ გაქვთ გარკვეული გასაღებები, შეგიძლიათ განვითარდეთ ამ ველის ფარგლებში და  რაიმე ახალი შესძინოთ მას.

შეზღუდვები თუ შთაგაგონებთ?

მივიჩნევ, „შეზღუდვები“ არ არის სწორი სიტყვა, ჩემთვის ეს პროცესი ახალი კარის გაღებას ნიშნავს. საბოლოოდ ისეთ ნივთებს ქმნი, რასაც საკუთარი თავისთვის ვერასდროს მოიფიქრებდი და ამით ძალიან ბევრს იგებ.

თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ჩვენი ფუფუნებისადმი მიდგომა?

ამ ცვლილებას იტალიურ საწარმოებში ვხედავ, რომელთაც ადრე ვქირაობდი. მათი ახლანდელი პროდუქცია აღარ არის ისეთივე რთული და ჩახლართული, როგორც წინათ. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მათ ფასების დაკლებაც უწევთ. როდესაც მასაზე გათვლილ ბრენდებზე ვსაუბრობთ, ზუსტად ვერ იტყვი,  საბოლოოდ მომხმარებელი ელოდება თუ არა ნაყიდ პროდუქტში რაიმე სახის დახვეწილობას.

გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები თქვენს ბრენდს ყიდულობენ. ისინი უფრო გათვითცნობიერებულები არიან და მეტის მოლოდინი აქვთ.. 

მართალია, თუმცა ჩემი ბრენდი არ არის მასაზე გათვლილი. მივიჩნევ, ყველა ბრენდი კონკრეტულ აუდიტორიას ესაუბრება. მსმენელთა რაოდენობამ კი შესაძლოა დროთა განმავლობაში იმატოს. შეხედეთ Supreme-ს – თავდაპირველად პატარა ჯგუფსა და მოყვარულებზე მომუშავე ბრენდი, რომელზეც ახლა ყველა ლაპარაკობს.

როდესაც Rochas-სა და Nina Ricci-ს სახლებისთვის მუშაობდით, სამოსის უმეტესობა მაღალი მოდის კოლექციებს უფრო გავდა, ვიდრე მზა ტანსაცმლის…

დიახ, მსურდა ატელიეს აურა შემექმნა, რაც საკმაოდ დახვეწილად გამოვიდა. იმ დროს პრესამ ტერმინი Demi-Couture მოიფიქრა, რათა ეს მიდგომა დაეხასიათებინა. მხოლოდ რამოდენიმე დიზაინერი ვიყავით, ვისთვისაც ხელობა, ემოცია და დახვეწილობა ღირებული  იყო.

თუმცა თქვენ ეს დახვეწილობა არ დაგიკარგავთ. ის კვლავ თქვენი დამახასიათებელი ნაწილია.

ასეა. თუმცა, რასაც ახლა ვაკეთებ, ალბათ, ნაკლებად ფორმალურია.

 თქვენ მაღალი რანგის ცნობილ ადამიანებთანაც გიმუშავიათ, როგორიცაა, მაგალითად, ნიკოლ ქიდმანი. ეს თუ გგვრით სიამოვნებას?

დიახ, საინტერესო პრაქტიკაა შექმნა სამოსი კონკრეტული ადამიანის გათვალისწინებით, თუმცა დროც ბევრი მიაქვს. Rochas-სა და Nina Ricci-ის სახლებში უამრავი გამოჩენილი  სახე შევმოსეთ, თუმცა  არ ვიცი ,რამდენად მნიშველოვანი ადამიანები არიან ისინი დღეს. იმ დროს, სტილისტებსაც არ ჰქონდათ ამდენი ძალაუფლება. მაშინ ასეთი სახეების სტილისტობის კულტურა მხოლოდ საწყის ეტაპზე იყო. 

ფიქრობდით, რომ თქვენი ტანსაცმელი მუზეუმის კონტექსტში იმუშავებდა, როდესაც “MoMu“ შეგეხმიანათ გამოფენის თაობაზე? 

თავდაპირველად ვნერვიულობდი, თუმცა გამიმართლა, რომ მანეკენების მწარმოებელ ფირმა Bonaveri-ს სურდა ამ პროექტზე ჩვენთან თანამშრომლობა.  მათი ფორმები ყოველთვის უფრო უხდებოდა ჩემს სამოსს, რადგან ისინი ქალის ნამდვილ ფორმებს ქმნიან. მათ ახალი კოლექცია ჰქონდათ, რომელსაც ჯერ არ ჰყიდდნენ და მისი გამოყენება სპეციალურად ამ გამოფენისთვის გადაწყვიტეს. მათი კოლექციის შთაგონების წყარო კულისებსმიღმა მდგარი მოდელების პოზებია, რაც მათ უდარდელ ხასიათს სძენს. მანეკენებზე ყველა სამოსი იდეალურად გამოიყურებოდა. მოდის გამოფენებზე ხშირად დავდივარ და ხანდახან გული მწყდება, როდესაც სამოსის მოძრაობას ვერ ვხედავ. ამ შემთხვევაში, მანეკენებმა რაღაც განსაკუთრებული შესძინეს ჩვენს გამოფენას. ძალიან გამიმართლა, რომ ვითანამშრომლე  ორ ნიჭიერ კურატორთან – ლიდია კამიტსისთან (Lydia Kamitsis) და კარენ ვან გოდთსენჰოვენთან (Karen Van Godtsenhoven) .

ისეთი ხაზი ან სილუეტი თუ არსებობს თქვენთვის, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს?

ვფიქრობ, არსებობს. საკუთარ კოლექციაში რამდენიმე ნივთსა და ელემენტზე ვფიქრობდი ასე, თუმცა დრო და დრო მათი მიტოვება და გვერდზე გადადებაც მომწონს. მეცინება, როდესაც ჩემი ძველი ტანსაცმლით შემოსილ ქალებს ვხედავ  და ვაანალიზებ, რომ ეს სამოსი კვლავ შესაბამისი ა აქტუალურია . ალბათ ვცდილობდი დროსთან კავშირი არ დამეკარგა, თუმცა ყველაფერ ცხადს თავს ვარიდებდი. თუ ძლიერი ნამუშევრები გაქვს, მაინც მოახდენ სხვებზე გავლენას, რაც  შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. 

არასდროს მიმაჩნდი მოდის კანონმდებლად, უფრო ადამიანად, რომელიც საკუთარ სამყაროში მუშაობს. 

ვცდილობ ჩემი ხედვა გადმოვიტანო სამოსზე, თუმცა მნიშვნელოვანია პირველ რიგში გოგონები გავითვალისწინო და ვიფიქრო, თუ რისი ჩაცმა სურთ მათ. უნდა შევძლო საკუთრი ხედვის გადმოტანა და რაღაც მხრივ იმ გოგონებად გადაქცევაც. ალბათ მომწონს გარისკვა, თუმცა ზომიერად.

OLIVIER THEYSKENS S/S 2018 PHOTOGRAPHED BY AXL JANSEN

Styled by PHILIPPE POURHASHEMI

Hair CHIAO SHEN @Atomo Management Paris, Makeup HUGO VILLARD @ W-MManagement Milan / Models DALI CHITALADZE, NINO DADIVADZE @ Look Models Management / Photography assistant GIOVANNI DEL BRENNA

სოციალური მედიის აღზევებით, თითქოს დაწინაურება იმას შეუძლია, ვინც ყველაზე ხმამაღლა იყვირებს. ამაზე რას ფიქრობთ?

პირველ რიგში, ეს არ არის ჩემი მიდგომა და იდეა. ინსტაგრამზე ბევრ დროს არ ვატარებ. მაღიზიანებენ ადამიანები, რომელთაც მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ. ვფიქრობ, ერთადერთი არ ვარ, ვინც ამით დაიღალა. 

ფრთხილი ადამიანი ხართ?

ალბათ კი. საკუთარი ბრენდით ვბრუნდები და არ მინდა რაიმეს ძალდატანებით კეთება.

როგორ ფიქრობთ, კონკრეტულ სეგმენტზე მომუშავე ბრენდებს ყოველთვის ეყოლებათ კლიენტები? 

ამას ინსტაგრამი მოწმობს. შეგიძლია პირდაპირ დაუკავშირდე ადამიანებს და მომხმარებლები აღმოაჩინო. საკუთარ თავს ასეთ დიზაინერად არ მივიჩნევ. თუ შენი საქმიანობა გარკვეულ ფასეულობებს მიჰყვება, როგორებიცაა ხელობა, ინტელექტუალური დიზაინი ან დახვეწილობა, მეტი შანსია სპეციალისტებმა გაგიგონ და დაგაფასონ. 

 მოდაში კვლავ არსებობს საიდუმლოება?

ვთვლი, რომ კი. არ მესმის რატომ უნდა აჩვენო ყველას ყველაფერი, მე ასე არ ვიქცევი. პროდუქტს ახსნა არ სჭირდება. 

დღესდღეობით, აქვს თუ არა მოდის ჩვენებებს მნიშვნელობა? 

დიზაინერები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს ამ შეკითხვას. ნიუ იორკში ცხოვრებისას Theyskens’ Theory-სთვის ერთი-ერთზე პრეზენტაციებს ვმართავდი, თუმცა მოდის ჩვენებას მეტი სიცხადე მოაქვს, რომელიც მუდამ აქტუალურია. სამოსს მოძრაობაში უყურებ და ვერაფერს მალავ. ხოლო საიმიჯო ჟურნალში (look book) სიმართლე დამალულია იმის მიხედვით, თუ რომელ ფოტოს აარჩევ. 

მოდის ჩვენებას პერფორმანსად თუ მიიჩნევთ?

დიახ. ჩვენება ერთგვარი პერფორმანსია. ვფიქრობ, შეუძლებელია კოლექციის გაკრიტიკება, სანამ პირისპირ არ ნახავ. 

ახლა ვინ ყიდულობს თქვენს სამოსს? ძველი კლიენტები თუ დაგიბრუნდნენ? 

დიახ, სხვადასხვა სახის კლიენტთა ნარევია. ფუფუნების სამყარო ძლიერ შეიცვალა ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ხალხი ჩემს ბრენდს ყიდულობს და გონიათ, რომ მოღვაწეობა Rochas-ს სახლში დავიწყე. მათ უბრალოდ არ იციან. მოდის ბიზნესში 20 წელია ვმუშაობ. როდესაც 30 წლის ადამიანი ყიდულობს ჩემს კოლექციას, მოდისადმი ინტერესი მათ ალბათ მხოლოდ ბოლო 10 ან 15 წელიწადში ჩამოუყალიბდათ. 

როგორ წარმოგიდგენიათ, კიდევ 20 წელი თუ მიჰყვებით ამ საქმიანობას?

დიახ. ყოველთვის მხიბლავდა ეს საქმიანობა, მხოლოდ ის არ ვიცოდი, რა დრო დამჭირდებოდა აქამდე მოსაღწევად. მოდა არაჩვეულებრივია იმით, რომ ის  მუდმივად ცვალებადია. შესაძლოა კონკრეტული ხედვა გქონდეს, თუმცა მუდმივად ადაპტირებაა საჭირო.

როგორ ფიქრობთ, შესაძლოა დიზაინერებმა გამუდმებით რაღაც ახალი თქვან?

სიახლის ძიება არ არის მთავარი, არამედ აქტუალურის მონახვა. მთავარია რა მიგვაჩნია სწორად.  

რა ისწავლეთ ორი ათწლეულის მანძილზე?

სხვა ადამიანების ნამუშევრებისადმი უფრო ტოლერანტული გავხდი. ახალგაზრდობაში ყველას ვაკრიტიკებდი, საკუთარ თავსაც არ ვაკლებდი. ახლა უფრო მარტივად ვუყურებ ყველაფერს და ყურადღებას ქალსა და მის სურვილებზე ვამახვილებ. მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ არა ვიზუალურ მხარეს, არამედ იმას, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს ჩემს სამოსში. ეს მაბედნიერებს.

საქართველოში თუ ხართ ნამყოფი?

არასდროს, თუმცა ერთი ქართველი მეგობარი მყავს. სამყაროს ეს ნაწილი ვფიქრობ, ძალიან დამაინტრიგებელი და მისტიურია. ერთხელ მოდის კვირეულზე დამპატიჟეს საქართველოში, გადატვირთული გრაფიკის გამო კი, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. მშვენიერია, როდესაც ახალ მიმართულებებს ელოდები და შემდგომში მათ აღმოაჩენ. 

ფილიპ პურაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap