ნინო ხარატიშვილი:

„ჯერ იყო ლიტერატურა“

© by Steffen Baraniak

14.09.2021

„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ბოლო გვერდიც რომ წავიკითხე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთხრობელივით მეც უკან მოვიტოვე მეოცე საუკუნე, მეც მასავით შევესწარი ახლობლების სიკვდილს, მეც მასავით დავიტირე მკვდრები, მეც მისი ოჯახის წევრებივით დამრჩა ღია ჭრილობები და დავრჩი ცარიელი. ამ თითქმის ორიათას გვერდიანი წიგნის წაკითხვას დიდი ძალისხმევა და ძალდატანება არ სჭირდება, თვითონ გაკითხებს თავს, მაღალსიმძლავრიანი მტვერსასრუტივით ისრუტავ აბზაცებს, ფრაზებს, სიტყვებს, ასოებს და წერტილ-მძიმეებს. თითქოს ორკილოიან წიგნს წონა დაჰკარგვია, გულსაბნევივით მკერდზე მიგკვრია და შენი ნაწილი გამხდარა. ალბათ, იმ შავი შოკოლადის მაგიაა, როცა კითხვისას მოჯადოებულივით იჯერებ, რომ რაც წიგნში ხდება, შენი ამბავია, შენი ისტორიაა, შენ გემართება. 

ალბათ, არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი ცნობილი გამოცემა, რომელსაც შეუმჩნეველი დარჩა ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“, მათ შორის The Observer-მა ის წლის წიგნად დაასახელა, Der Spiegel-მა – წლის რომანად; „ნინო ხარატიშვილი უდავოდ არის თანამედროვე გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი“ – წერს Die Zeit-ი. „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მხოლოდ საოჯახო საგა არ არის. ამ რომანით ავტორმა ძეგლი დაუდგა საქართველოს, ქართველ ხალხს, მათ წარსულს და მომავალს“ – ვკითხულობთ ბრიტანულ გამოცემა The Times Literary Supplement-ში; „მერვე სიცოცხლე“ ქართული „ომი და მშვიდობაა“. წიგნი ცხელი შოკოლადივითაა, რომელიც მკითხველს ათრობს, დამოკიდებულებას იწვევს და სიამოვნებას ანიჭებს“ – ასე აფასებს რომანს Los Angeles Review of Books-ის ავტორი შეინ ანდერსონი. 

საერთაშორისო აღიარებამდე ავტორმა რთული და საინტერესო გზა გაიარა. ის საქართველოდან გერმანიაში 90-იანი წლების ბოლოს წავიდა. წერა გერმანულად დაიწყო. მისი სადებიუტო რომანი „ჟუჟა“ 2010 წელს გამოიცა, ამას მოჰყვა „ჩემი საყვარელი ორეული“ და „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“. ნინო ხარატიშვილის პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, გიოტინგენში, ზაარბრიუკენსა და სხვა ქალაქებში. სხვადასხვა დროს ხარატიშვილს მიღებული აქვს ადალბერტ ფონ შამისოს (2010), ბუდენბრუკების  (2011), გამომცემლობა „ჰოტლისტის“ (2011), ანა ზეგერსის (2015), ბერტოლდ ბრეხტის (2018), შილერის პრემიები (2019), იყო ლესინგის  პრემიის სტიპენდიატი (2018) და ა.შ. ნინო ხარატიშვილი არის ასევე გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის (2016) და „საბას“ (2018) ლაურეატი. წელს რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” ლიტერატურული პრემია ბუკერის ნომინანტთა გრძელ სიაშიც მოხვდა. გადაჭარბებად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ნინო ხარატიშვილი დღეს ყველაზე ცნობილი და წარმატებული თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი ბოლო რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ საერთაშორისო ბესტსელერია. 

ჯერ ლიტერატურა იყო და მერე თეატრი, თუ პირიქით? როდის და რით დაიწყო ყველაფერი? 

ნინო ხარატიშვილი, მწერალი, რეჟისორი: ჯერ იყო ლიტერატურა. ვერაფერს გახდება ავტორი, თუ ჯერ თავგანწირული მკითხველი არ იქნა. ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი, განსაკუთრებით თინეიჯერობის პერიოდში. შევარდნაძის ეპოქის თბილისში ახალგაზრდისთვის სხვა საინტერესო არც არაფერი ხდებოდა. წიგნები ერთგვარი თავშესაფარი იყო. მერე სკოლაში სამოყვარულო თეატრალური დასი დავაარსე და მასწავლებლების წაქეზებით, ჩემი პიესის მიხედვით, პირველი სპექტაკლი დავდგი. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, სწავლა ჰამბურგში დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე გავაგრძელე. პირველი პიესა გერმანულად დავწერე და გამიმართლა, რომ ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, პიესა დაიდგა და სპექტაკლი ბევრ ფესტივალზე მიიწვიეს. ბევრი რამ დაუგეგმავად მოხდა, რისიც ძალიან მადლობელი ვარ. თუმცა, პროზაში დამკვიდრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ოთხი წელი დამჭირდა, სანამ გამომცემლობას ვიპოვიდი. 

რა როლი ითამაშა გერმანიამ ნინო ხარატიშვილის, როგორც მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის ჩამოყალიბებაში? 

ძალიან დიდი. აქ ვისწავლე თითქმის ყველაფერი. პროფესიული თვალსაზრისით ამ ქვეყანას ვუმადლი თითქმის ყველაფერს. ადამიანური თვალსაზრისით მაინც საქართველოა ჩემი ფუძეც და ღერძიც. 

გაიხსენეთ პირველი აღიარება და წარმატება.  

2006 წელს ჰამბურგის თეატრის სცენაზე ჩემი პირველი პიესა უნდა დადგმულიყო. დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. ინსტიტუტში არ უნდოდათ, რომ ჩემი პიესა დამედგა. ბევრი მხატვარი, კოსტიუმის დიზაინერი და მსახიობი გვერდით არ დამიდგა. ალბათ წარუმატებლობის ეშინოდათ და ახალბედა დრამატურგის ნაწერი აშინებდათ. ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, მაგრამ არ დავნებდი. საბოლოოდ, გადასარევი თანამოაზრეები ვიპოვე და ამ სპექტაკლის ბოლოს ტაში არასოდეს დამავიწყდება. ვიცოდი, თუ არ გაამართლებდა, ყველა იტყოდა: „აი, ხომ ვამბობდით“, მაგრამ გაამართლა და ამ ემოციას დღემდე ვერაფერი გადაფარავს. 

ქართველი ავტორები ხშირად ვერ ახერხებენ ლოკალური ჩარჩოებიდან გასვლას. თქვენ საპირისპირო შეძელით.  რომანში „ჩემი საყვარელი ორეული“, ისევე როგორც „მერვე სიცოცხლეში“ საქართველოზე წერთ, მაგრამ ერთგვარ დისტანციის დაცვას მაინც ახერხებთ და ევროპელი მწერლის თვალთახედვიდან წერთ. ეს თავისთავად ხდება, თუ ეს მომენტი წერის დროს გაცნობიერებული გაქვთ? 

ეს გაცნობიერებულად არ ხდება. ამას ჩემი ემიგრაცია და აქაური ცხოვრება განაპირობებს. როცა ადგილს და პერსპექტივას იცვლი, რაღაც ნაცნობს და ახლობელს შორდები, ამგვარი დისტანცია ავტომატურად ჩნდება.

ყველაზე ხმაურიანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ აღმოჩნდა. როდის დაიწყეთ რომანზე მუშაობა და რა გახდა მთავარი ინსპირაცია? 

მუშაობა 2010 წლიდან დავიწყე. ორი წელი ვიკვლევდი თემას, ვმოგზაურობდი და პარალელურად ვწერდი. მთლიანობაში ამ რომანზე ოთხი წელი ვმუშაობდი. მთავარი ინსპირაცია ჩემი კითხვები იყო. ბევრი კითხვა მაწუხებდა საქართველოსთან და ჩვენს აწმყოსთან მიმართებაში, რომლებიც წარსულთან იყო მჭიდრო კავშირში. რომანი ბევრ ენაზე ითარგმნა, ბოლოს სკანდინავიაში გამოვიდა. წიგნის წარსადგენად ზაფხულში დანიაში ვიყავი, ოქტომბერში შვედეთში მიწევს წასვლა. პანდემიის გამო ბევრი პრეზენტაცია და შეხვედრა გადაიდო, მაგრამ ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველაფერი უბრუნდება ძველ რიტმს და ძალიან მიხარია. 

„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ ჰამბურგის თალია თეატრში დაიდგა და თბილისის თეატრალურ ფესტივალზეც ნახა მაყურებელმა. როგორ გაართვეს თავი გერმანელებმა ქართულ თემატიკას? 

ძალიან მიყვარს ეს დადგმა. მგონია, რომ მათ საკუთარი ფორმა მონახეს ამ ამბის მოსაყოლად და თავი არ დაზოგეს. იეტე შტეკელი, ამ დადგმის რეჟისორი, ჩემი ჯგუფელი და ახლო მეგობარია, ამიტომ ბრმად ვენდე და ვიცოდი, რომ წიგნის ერთგული დარჩებოდა. თალიას გადასარევი დასი ჰყავს, გადასარევი მსახიობები და ამიტომ, ამ ფაქტორმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა. სარისკო წამოწყება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე შეიყვარა მაყურებელმა ეს დადგმა და ახლაც ველოდებით, როდის დაუბრუნდება ის ჰამბურგის სცენას. 

ზაფხულში სამეფო უბნის თეატრში თქვენივე პიესა „მსახურთა შემოდგომა“ დადგით. გვიამბეთ სპექტაკლზე. 

ამ პიესის დადგმა სპონტანურად გადავწყვიტეთ. ნინო ბურდული, ნატა მურვანიძე, ნატუკა კახიძე – სამი არაჩვეულებრივი მსახიობი შევკრიბე და სპექტაკლი შვიდ კვირაში დავდგით. მონატრებული ვიყავი რეპეტიციებს. ყველას გვეტყობოდა დიდი პაუზა, მაგრამ ამასაც თავისი პლუსი ჰქონდა: ძალიან მოტივირებულები ვიყავით. იმედი მაქვს, სპექტაკლი მალე დაუბრუნდება სცენას და მეტი მაყურებელი ნახავს. 

როგორც ვიცი ახალ რომანზე მუშაობთ. რაზეა რომანი, ისევ საქართველოზე ხომ არ წერთ? როდის უნდა ელოდეს მკითხველი ნინო ხარატიშვილის ახალ რომანს? 

კი, ნაწილობრივ საქართველოზე, ოთხი ქალის მეგობრობაზეა ახალი რომანი. წიგნი გერმანიაში 2022 წლის მარტში გამოვა. გვინდა, რომ პარალელურად ქართულადაც დაიწყოს მისი თარგმნა და საქართველოშიც მალე გამოიცეს.

ესაუბრა მაკა ბიბილაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap