ეთერული ტრანსფორმაციები 

ლუკა ლასარეიშვილი, იგივე ლუკა ლაზარი ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, ვისაც 1980-იანებში პირველი ავანგარდული ჯგუფი უწოდეს. ეს იყო „პერესტროიკის“ პერიოდი, როდესაც მაშინდელ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ახალგაზრდები ცვლილებების მოლოდინში იყვნენ, რასაც უნდა მოეტანა ურთიერთობები საერთაშორისო მასშტაბებით, თავისუფალი მიმოსვლა დასავლეთის და არა მარტო დასავლეთის ქვეყნებში. დასავლეთში ამ პოლიტიკური ცვლილებების ფონზე გაჩნდა „მოდა საბჭოთა ავანგარდზე“, გაიზარდა ინტერესი აქაური ხელოვანების მიმართ; ისინი უკვე მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში, მათ იწვევდნენ სხვადასხვა გალერეები და მუზეუმები. ლუკა ლასარეიშვილი მონაწილეა ქართული მხატვრობის ისტორიისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გამოფენებისა, როგორიც იყო 1980-იანელთა გამოფენა მხატვრის სახლში, აბსტრაქტული მხატვრობის გამოფენა ეროვნულ გალერეაში და ასევე ერთ-ერთი პირველი ქართული გამოფენა საზღვარგარეთ – “Georgia On My Mind”, რომელიც გერმანიაში, კერძოდ, კასელში, ფრიდერიციანუმის მუზეუმში მოეწყო. ლუკა ლასარეიშვილის კარიერაც საერთაშორისო არტ სივრცის პირობებში განვითარდა, სადაც დღეს ის უკვე აღიარებული ხელოვანია. 1990-იანი წლებიდან ის კიოლნში, გერმანიაში, ხოლო 2003-დან დღემდე კი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. პერიოდულად მონაწილეობს ქართულ პროექტებშიც. ამჯერად თბილისში მას  სოლო შოუთი  გალერეა ერთი წარადგენს.

გალერეა ერთი  თანამედროვე ხელოვნების გალერეაა თბილისში, რომელიც თავისი პროექტებით მხარს უჭერს ქართველ ხელოვანებს და მათ პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. ლუკა ლასარეიშვილის გამოფენის ფარგლებში იწყება ქართული სახელოვნებო სივრცისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა: გალერეა ერთი  იწყებს თანამშრომლობას სოლოსთან, რომელიც გეგმავს კორპორტიული კოლექციის შექმნას, ამ კოლექციაში ლუკა ლასარეიშვილის ნამუშევარი ერთ-ერთი პირველი შენაძენი იქნება და ის უკვე შერჩეულია. კორპორატიული კოლექციების პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენთან ამ პრაქტიკის გაზიარება ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლეა.

რაც შეეხება გამოფენას სათაურით „მოძრავი კადრები და მის მიღმა: ეთერული ტრანსფორმაციები“ , – ის ლუკა ლასარეიშვილის მულტიმედიური პროექტია, რომელზეც მან გერმანელ კურატორთან – ჰაიკე ფულბრუგესთან ერთად იმუშავა. 

გამოფენა აერთიანებს ლუკა ლასარეიშვილისთვის სახასიათო აბსტრაქტულ ფერწერასა და ვიდეო არტს. კავშირი 9 წუთიან ვიდეო ნამუშევარსა და გეომეტრიულ აბსტრაქციებს შორის ირაციონალურ განზომილებაში რეალიზდება. ხელოვანი აუდიტორიას სთავაზობს ნამუშევრებამდე მისვლის პირობასაც, – ფსიქოლოგიურ-ემოციურ ველს, რომელშიც იქმნება და აღიქმება ნამუშევარი.

როგორ დაიწყო თქვენი, როგორც საერთაშორისო არტისტის ისტორია?

გამოფენებით, რა თქმა უნდა. ჯერ საფრანგეთში ვიყავი, მერე გერმანიაში, – ეს პერესტროიკის პერიოდია და მის ტალღაზე არსებულ პროექტებში მონაწილეობას ვიღებდი. პერესტროიკის ფარგლებში ბევრი მოწვევა გვქონდა და ინტერესი დიდი იყო ჩვენს მიმართ. სახელოსნო მქონდა ფრიდერიციანუმის მუზეუმში, სადაც ერთი წელი ვიმუშავე, მერე გადავედი კიოლნში და იქ ვცხოვრობდი 2003 წლამდე. ეს თითქოს თავისთავად მოხდა: ჩემს საბჭოთა პასპორტს იქ ვადა ამოეწურა და ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს წარმომადგენლობა გერმანიაში. აქედან დაიწყო ჩემი გერმანიის მოქალაქეობის პროცედურა გერმანელების მხარდაჭერით.

ფრიდერიციანუმის მუზეუმის სახელოსნო რომელიმე პროგრამის ნაწილი იყო?

არა, ეს იყო გამოფენა “Georgia On My Mind”-ის ფარგლებში, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ შურა ბანძელაძე, გია ეძგვერაძე, ილიკო ზაუტაშვილი. მაშინდელმა დირექტორმა შემომთავაზა დავრჩენილიყავი და იქ მემუშავა.

„ეთერული ტრანსფორმაციები“ – ეს არის ვიდეოს სათაური, რომელიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. გამოფენის ძირითად კონცეპტთან ეს ნამუშევარი როგორ ურთიერთობაშია? ეს არის მისი ცენტრალური ნაწილი?

ეს ვიდეო არის ყველაფერი იმის შესახებ, რაც აქ არის წარმოდგენილი. რაც ნამუშევართან ურთიერთობას უკავშირდება. არის მომენტი, როცა ნამუშევარს უყურებ და ცნობ, ის „წაკითხვადია“ და არის სხვა შემთხვევაც, როცა უყურებ და თითქოს ელდა გეცემა, რაღაც ხდება შენში, რაღაც პროცესი მიდის. ძნელია ამის ახსნა, ეს, ალბათ, იწყება ნამუშევარზე ფიზიკური რეაქციიდან.

ეს ვიდეო არის უამრავი კადრის ერთიანობა, რა იყო აქ მიზანი, – ნაჩვენები უნდა ყოფილიყო სამყარო „ობიექტური თვალით“ ? – არის ეს ერთ-ერთი ვერსია ფილმისა  „ადამიანი კინოკამერით“?

ეს არის ის ასოციაცები, რაზეც ჩემი ნამუშევრებია აგებული, ამ კადრების რიცხვი შეიძლებოდა უსასრულოდ გაგარძელებულიყო, მიმეღო არა ცხრა წუთიანი, არამედ, რამდენიმე საათიანი ვიდეო, მაგრამ ამას აზრი აღარ ექნებოდა. აქ არის ის, რასაც მუდმივად ვეხები ჩემს ნამუშევრებში – ბუნება ზოგადად, მისი ელემენტები, როგორიც არის თუნდაც მზის ამოსვლა ან ჩასვლა – ყოველი მზის ამოსვლა ხომ განსხვავდება ერთმანეთისაგან, განსხვავებულია ისიც, თუ როგორ განვიცდით ამას ყოველ ახალ შემთხვევაში… აქ არის დოკუმენტური კადრებიც, რომელშიც აუხსნელი

სისასტიკეა, – გაუგებარია როგორ შეიძლება სიცოცხლეს ვიღაც ასე ექცეოდეს… ეს არის ზოგადი დამოკიდებულება, რომელიც ვრცელდება ყველაფერზე, ანუ როგორადაც განვიცდი სიცოცხლეს, ის არის ნამუშევრებშიც.

ვიდეოს ირგვლივ ვითარდება მინიმალისტური, ე.წ. გეომეტრიული აბსტრაქციების სერია. თქვენ გაქვთ თქვენთვის სახასიათო აბსტრაქციის ვერსია. ის ერთი შეხედვით გაწონასწორებულ, გეომეტრიულად მოწესრიგებულ, სტატიკურ გამოსახულებად აღიქმება, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მის შიგნით მოძრაობაა, ის დინამიკაშია..

ზოგადად გეომეტრიული აბსტრაქცია ახლოს არის ურბანულ არქიტექტურასთან. ნიუ-იორკში ძალიან მიყვარს მანჰეტენის პანორამისთვის თვალის დევნება მოპირდაპირე სანაპიროდან. ის აღარ აღიქმება, როგორც შენობების წყება, ის თითქოს ობიექტების თანმიმდევრობად გადაიქცევა, რომელთაც ერთმანეთთან ურთიერთობები, არეული რიტმი ახასიათებს. ჩემი ნამუშევრებიც ამაზეა, სადაც ქაოსი და რიტმი ერთმანეთში გადადის და იმ სამყაროს ფონზე, რომელშიც ისინი არსებობენ, ერთგვარი ვიბრაცია იქმნება. შედეგად ისეთი ეფექტი მიიღება, რომ ერთხელ როცა შეხედავ ამ ნამუშევარს და აღიქვამ, ის განსხვავებული იქნება მეორედ ნახვის დროს და ა.შ. 

2009 წელს კობრას მუზეუმში წარმოდგენილ ქართულ ექსპოზიციაში – Born In Georgia იყო თქვენი საკმაოდ პროვოკაციული ნამუშევარი სათაურით „ეს თაობა“, –  გიგანტური და „უძლური“ ფალოსი, რომელსაც თოკი ჰქონდა შემოხვეული. დამთვალიერებელს შეეძლო ამ თოკით ის მოძრაობაში მოეყვანა, მისი „ერექცია“ გამოეწვია. რა იყო ამ ნამუშევრის მოტივაცია იმ მომენტისთვის?

პირდაპირ თუ ირიბად ეს ძალაუფლების თემასთან არის დაკავშირებული. ცნობილი უცენზურო გამონათქვამიც – „რა **ლეა“ – ყველა ენაში არსებობს. შეიძლება ეს იყოს ხელოვნურად შექმნილი „ავტორიტეტის“ თემაც, შეიძლება ეხებოდეს ზოგადად სისტემების სტრუქტურასაც. ყველა სფეროში ხდება მსგავსი მოვლენა, – ვიღაც გამოჩნდება, რომელსაც უცებ ყველა აღიარებს ვარსკვლავად, მაგრამ ის მალევე უკვალოდ ქრება. შეიძლება მუზეუმში გააკეთო გამოფენა, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შემოხვედი მუზეუმში.

აქ წარმოდგენილ აბსტრაქციებში ხაზობრივი და კუთხოვანი მოტივების გარდა არის წრიული ფორმების თემაც, რითი განსხვავდება მათი შინაარსები?

წრიული ფორმების მოტივებს მე ორგანულ თემასთან ვაკავშირებ, უფრო ცოცხალ ორგანიზმებთან, რომელიც მუდმივად იცვლება, სულ მოძრაობაშია, სულ რაღაც ახალს წარმოშობს. თითქოს სიმეტრია და ასიმეტრია ერთდროულად არსებობს, რაც ახალ წესრიგს ქმნის. არქიტექტურული მოტივებიც ასევე ცვალებადია, მაგრამ იქ აქცენტი მაინც სტრუქტურაზეა, რაციონალიზმზე. ყველა ეს ნამუშევარი სუბიექტურ აღქმაზეა მიმართული. ის არის, როგორადაც მას ხედავ, როგორადაც შემოვიდა შენს განცდაში.

ხათუნა ხაბულიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top