ვცეკვავ, ესე იგი ვარსებობ

კინოსა და ცეკვას საერთო იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია.  ქორეოგრაფიამ  პლასტიკა და რიტმი  უხმო კინოს შესძინა, კინომ კი, პირველად ისტორიაში, ცეკვის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩინა. კინოსა და ქორეოგრაფიის ამ უძველეს კავშირს გვახსენებს შვედეთში დაბადებული, წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. 

ფილმი ორი მოცეკვავე ბიჭის სიყვარულის ისტორიას გვაცნობს. აღსანიშნავია, რომ მოქმედება ქართული ეროვნული ცეკვის სტუდიაში ვითარდება. სწორედ ამიტომ, ფილმი არ წარმოადგენს უბრალოდ „გეი დრამას“. „და ჩვენ ვიცეკვეთ“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის ძებნისა და აღიარების პრობლემას ეხება, რომელიც ახალგაზრდებში ტრადიციულისა და თანამედროვეობის დაპირისპირების ფონზე  მიმდინარეობს.

რატომ აირჩიეთ ფილმის მთავარი ხაზის − ტრადიციისა და ინოვაციის ურთიერთობის  წარმოსაჩენად მაინცდამაინც ქართული ცეკვა და არა ვთქვათ, სიმღერა ან ნებისმიერი სხვა რამ?

როდესაც პროექტისთვის ვემზადებოდი, დავიწყე მოკვლევა, გარემოს შესწავლა. შევხვდი უამრავ ადამიანს, მათ შორის, რამდენიმე მოცეკვავეს, რომლებმაც საკუთარ ცხოვრებაზე მიამბეს. ამასთან, ძალიან მიყვარს ფოლკლორული ცეკვები, როგორც ერის იდენტობის წარმოჩენის საუკეთესო საშუალება. ქართული ცეკვა უნიკალურია და მინდოდა ეს მსოფლიოსთვისაც მეჩვენებინა. 

 ზოგადად ცეკვა ძალიან კინემატოგრაფიულია. მთელი დატვირთვა სხეულზე გადადის – მოძრაობაზე, რაც უამრავი რამის გამოხატვის საშუალებას გაძლევს.

 ზოგადად ცეკვა ძალიან კინემატოგრაფიულია. მთელი დატვირთვა სხეულზე გადადის – მოძრაობაზე, რაც უამრავი რამის გამოხატვის საშუალებას გაძლევს.

თუმცა ფილმში არ ჩანს მხოლოდ ტრადიციული ცეკვა. თქვენ ქართულ „რეივსაც“ (ალტერნატიული საცეკვაო კულტურა) აჩვენებთ. სულ ცოტა ხნის წინ, რეივერებმა თბილისის მთავარი ქუჩა დაიკავეს და სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებები  გრანდიოზული საპროტესტო ცეკვით  გააპროტესტეს. როგორ უყურებთ  პროტესტის კულტურას ხელოვნებაში?

ფილმში პროტესტს თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მთავარი გმირიც საკუთარ სათქმელს ცეკვით  გამოხატავს. დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი რამაა, რისი გაპროტესტებაც გვიწევს. ჩემი აზრით, საინტერესოა ფილმში, როგორც ფოლკლორის, ასევე ტექნო რეივის ჩვენებაც. კი, აქციების დროს (We Dance Together, We Fight Together) თბილისში ვიყავი, მოკვლევას ვაკეთებდი იმ პერიოდში. ახალგაზრდების პროტესტმა თუ მომცა ინსპირაცია? – რა თქმა უნდა.

ფიქრობთ თუ არა, რომ თავად ფილმიც ერთგვარი „კინო-რეივია“?

ალბათ ასე არ დავარქმევდი. ფილმი დაუფარავად ილაშქრებს ტრადიციების წინააღმდეგ. უფრო ზუსტად – ტრადიციების გაგების გარკვეულ ვერსიას უპირისპირდება. საქართველოში საზოგადოება დანაწევრებულია. ახალგაზრდა და უფროს თაობას შორის კავშირი დარღვეულია. უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიფონიური ქართული სიმღერა და სხვა, არამხოლოდ მშობლების, არამედ ახალგაზრდების იდენტობის ნაწილიცაა. იმის მიუხედავად, რომ შვედეთში დავიბადე, თავს ისევე ვგრძნობ ქართველად, როგორც თქვენ.

ფილმის მთავარი გმირი მერაბიც (ლევან გელბახიანი) ასე თვლის, რომ ის რიგითი ქართველია, უყვარს ტრადიციული ცეკვა, მაგრამ ამავე დროს, გეია. სამწუხაროდ, მას ეუბნებიან, რომ „ჭეშმარიტი ქართველობა“ ნიშნავს გარკვეული კლიშეების ნაკრებს, რაც ძალიან არასწორია და ფილმი სწორედ ამ ნორმებს უპირისპირდება. იმისთვის, რომ იყო თანამედროვე ადამიანი, არაა აუცილებელი ტრადიციულ კულტურასთან გამიჯვნა.

რეივთან ერთად, ფილმში ქართული კემპიც  ჩანს. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ის იშვიათი ნამუშევარია, სადაც ქართველი ტრანსსექსუალები  გამოყვანილები არიან არა როგორც freak show-ს მონაწილეები, არამედ საკმაოდ ნორმალური და დადებითი პერსონაჟები. 

ჩვენ ყველანი ნორმალურები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი „ნორმალური“ ადამიანი საზოგადოებისგან გარიყულია. ფილმი ნეორეალისტურ მანერაშია გადაღებული. ვცდილობდი, ქართული რეალობის შეძლებისდაგვარად მთლიანად მოცვას. სექსმუშაკებიც ხომ ამ რეალობის ნაწილს წარმოადგენენ.

ფილმის მთავარ გმირს ერთადერთი მიზანი აქვს − მოხვდეს ანსამბლში. მაგრამ ეს პერსონაჟი რეალურად ბედნიერი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მშობლის გზით სიარულის სურვილისგან თავისუფლდება (მისი მამა ყოფილი მოცეკვავეა). მოიაზრებთ თუ არა ამ გმირში ქართველ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ?

მერაბის გმირი არასდროს სვამს კითხვას საკუთარი სექსუალურობის შესახებ. მას უბრალოდ უყვარდება ანსამბლში ახალმოსული ბიჭი და არ ცდილობს გრძნობების მოთოკვას. სწორედ ამ დროს ხდება ბედნიერი. მაგრამ ამასთან, უამრავი ბარიერის გადალახვაც უწევს, როგორც საკუთარ თავში, ისე ცხოვრებაში. მაგრამ მერაბზე ვერ ვიტყვით, რომ ის მსხვერპლია. წნეხს მარტივად უმკლავდება, ყველას იოლად იშორებს თავიდან. საბოლოოდ სრულ ემანსიპაციამდე მიდის, როდესაც საკუთარ გზას აღმოაჩენს. არ აქვს მნიშვნელობა გეი ხარ თუ ჰეტერო, ცხოვრობ საქართველოში თუ ამერიკაში, ეს პრობლემა ყველასთვის უნივერსალურია. 

ფილმში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ადგილი მერაბისა და მისი ძმის სცენაა. როგორ უყურებთ ძველისა და ახლის, ტრადიციულისა და ნოვატორულის დიალოგს?

დიდი იმედი მაქვს, რომ ფილმი ამ დიალოგს შეუწყობს ხელს. არ მიყვარს „ქამინგ-აუთი“. თითქოს გარშემომყოფებს აცნობებ, რომ დაავადების მსგავსი რამე გჭირს. ეს ფილმი არ არის  „ქამინგ-აუთზე“, ის უფრო საკუთარი თავის მიღებაზეა. დიალოგი მხოლოდ ამის შემდეგ იწყება. ფილმის მეორე გმირს, ირაკლის, (ბაჩი ვალიშვილი) ეს აკლია. შეიძლება ოდესმე მანაც გაიაზროს საკუთარი იდენტობის აღიარების აუცილებლობა, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებს. შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, თუ რატომ ცხოვრობს ამდენი ადამიანი ორმაგი ცხოვრებით (არ ვგულისხმობ მხოლოდ სექსუალობას). ამასთან, არსებობს საფრთხეც, რომ სექსუალური რევოლუცია, „სექსუალურ დეგრადაციაში“ გადაიზრდება. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველ ახალგაზრდებს არ აქვთ სიყვარულისთვის სივრცე.

ირაკლის მხოლოდ სექსი აინტერესებს, განსხვავებით მერაბისგან, რომელიც გრძნობებშია ჩაფლული. მათი ბედი ალბათ სხვანაირად განვითარდებოდა, ყველას რომ შეეძლოს მშობლებთან შეყვარებულის დაპატიჟება. რაც შეეხება მერაბის ძმას, ის ტიპური ქართველი მაჩოა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი ძმობა აღმოჩნდება და არა სხვა რამ. ხანდახან ადამიანები ძალიან გვაოცებენ.

თითქოს გარდამავალი ეტაპი, რასაც ქართული საზოგადოება ამჟამად გადის, დასავლეთისთვის აღარაა აქტუალური. საინტერესოა, როგორ მიიღეს ფილმი დასავლეთში?

ბევრისგან გავიგე, რომ სიამოვნებით იმოგზაურეს დროსა და სივრცეში, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ამაყი ვარ, რომ შევძელი მსოფლიოსთვის ჩემი საქართველოს გაცნობა. პრემიერის შემდეგ კლასელებმა მომწერეს, აი, თურმე საიდან ყოფილხარო. მაგრამ ეს ფილმი მხოლოდ საქართველოზე რომ ყოფილიყო, ალბათ ნაკლებ ადამიანს დააინტერესებდა. ის არც მხოლოდ ქართული პრობლემებით იფარგლება. ფილმში ბევრი უნივერსალური საკითხია წამოჭრილი. მიყვარს კლასიკური სტრუქტურა, განსაკუთრებით 1980-იანი წლების ჰოლივუდი და ჯონ ჰიუზის შემოქმედება. კანში, პრემიერის დროს, ყველამ აღნიშნა, რომ ნახეს უნივერსალური ამბავი, რომელიც სრულიად უცნობ გარემოში ვითარდება. 

გიორგი რაზმაძე

PHOTOGRAPHED BY MERAB CHUMBURIDZE@JAMPROJECTAGENCY

MAKEUP: LUCHIA DEVEJIEVA@THE MAKEUP INSTITURE GEORGE

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap