2022 წლის შემოდგომის კოლექციებში
21.06.2023
მოდა და ხელოვნება მუდმივი ინოვაციისა და შემოქმედებითი გამოხატვის ორი სფეროა. ერთი შეხედვით, ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ხელოვნება ყოველგვარი შეზღუდვებისგან თავისუფალია, მოდა კი სწრაფად ცვალებადი ინდუსტრიის მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ამ ორი სამყაროს შერწყმა უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა, რომლებიც გლობალურ კულტურაზე და სხვადასხვა ეპოქებზე ახდენენ გავლენას: მძვინვარე 20-იანი წლები, 80-იანები და ა.შ. კოლაბორაციები ხშირად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს ეხმაურება. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მოდის დიზაინერები არტისტული ექსპრესიისთვის დროდადრო ხელოვნებას მიმართავენ.
მოდისა და ხელოვნების ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. სიურეალისტური მოდის პიონერმა, ელზა სკიაპარელიმ (Elsa Schiaparelli), თანამედროვე მოდა და ხელოვნება ისეთ წამყვან ხელოვანთან თანამშრომლობით დააკავშირა, როგორიც სალვადორ დალი (Salvador Dali) )იყო. მათ შორის გამოირჩევა 1928 წელს შექმნილი ტიპური სიურეალისტური ნამუშევარი – ფეხსაცმელი ქუდი, ვარდისფერი ხავერდის ქუსლით, რომელიც ერთ-ერთ ღონისძიებაზე აქსესუარად თავად დალის ცოლმა, გალამ გამოიყენა.
Organza Dinner Dress with Painted Lobster ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული შემოქმედებაა იტალიელ მოდის დიზაინერსა და მხატვარს შორის. სკიაპარელის და დალის მიერ შექმნილი ეს უცნაური, თუმცა ელეგანტური კაბა 1937 წელს, უოლის სიმპსონს (Wallis Simpson) Vogue-ის გვერდებზე ამშვენებდა და შესაბამისად, იმ ეპოქის საკულტო სამოსად იქცა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ როი ჰალსტონისა (Roy Halston) და ენდი უორჰოლის (Andy Warhol) მეგობრობამ არტ სამყარო განსაზღვრა. მათ ხელოვნების სამყაროს „პრეტენზიული სტიგმა“ ჩამოაშორეს, ამით მოდა და სტილი მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. უორჰოლი ნახატების შესაქმნელად ხშირად აბრეშუმის ეკრანის ტექნიკას იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნული პროცესის გამომგონებელი არ იყო, მის მასობრივ წარმოებას სწორედ პოპ-არტისტმა შეუწყო ხელი. ჰალსტონი ქსოვილებს და დიზაინს, რომლებიც სიმარტივითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა, სეკინებთან, ულტრაზაშსა და აბრეშუმთან მიქსში იყენებდა. აღსაღნიშნავია, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამერიკული მოდა სასურველი და ხელმისაწვდომი გახადა.
თუმცა, ორი არტისტის კოლაბორაცია ამით არ დასრულებულა. უორჰოლი სარეკლამო კამპანიებს ქმნიდა, რომელშიც როგორც ჰალსტონის სამოსი, ასევე თავად ჰალსტონიც მონაწილეობდა. მეტიც, მოგვიანებით, დიზაინერმა მისი ქსოვილები არტისტის საკულტო იმიჯებით, ყვავილების პრინტით გააფორმა. უორჰოლმა და ჰალსტონმა 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში ხელოვნებასა და სტილზე წარუშლელი კვალი დატოვეს, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას.
1960-იანი წლები რევოლუციისა და კომერციალიზმის ეპოქად მიიჩნეოდა და ის ახალი ერა იყო მოდასა და ხელოვნებაში. ფრანგი დიზაინერის, ივ სენ-ლორანის (Yves Saint Laurant) )წარმატება დიდწილად პოპ-არტის და აბსტრაქციის გავლენამ განაპირობა. 1965 წელს, მან პიტ მონდრიანის (Piet Mondrian) შემოქმედების შთაგონებით 26 კაბა შექმნა და ამით 20-იანი წლების ხელოვნება, 60-იანი წლების სამოსად აქცია. კაბები მხატვრის გამარტივებულ ფორმებისა და ფერებს განასახიერებდა, თუმცა მათი განსაკუთრებულობა დიზაინერის ტექნიკაშია: ქსოვილის ფენებს შორის ნაკერები საერთოდ არ ჩანს და ვიზუალურად ერთი მთლიანი ნაჭრის ილუზიას იძლევა. კაბები იმდროინდელი სტილის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, რომლებიც 20-იანი წლების ნაკლებად შეზღუდულ ვარიანტს გვთავაზობს. უორჰოლის მსგავსად, ივ სენ-ლორანმა კომერციალიზმის, მოდისა და ხელოვნების იდეის გაერთიანებით, შექმნა სამოსი, რომელიც თანამედროვე ქალისთვის თავისუფალი და მიმზიდველი იყო.
რეი კავაკუბო (Rei Kawakubo) ავანგარდის ერთ-ერთ გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა. მისმა გაბედულმა დიზაინმა და ფუტურისტულმა ხედვამ მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინა. 1994 წელს, Commes Des Garcons-ის ცნობილ ფემინისტ ფოტოგრაფთან, სინდი შერმანთან (Cindy Sherman) თანამშრომლობამ, რომელიც ესთეტიკურ ტენდენციებს და კოსტიუმებს ალტერ-ეგოს შესაქმნელად იყენებდა, მოდისა და ხელოვნების ერთობლივი კლიშეები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
Commes Des Garcons-ის კიდევ ერთი გამორჩეული კოლაბორაცია ლეგენდარული ქორეოგრაფის, მერს კანინგემის (Merce Kunningham) ინსპირაციით შეიქმნა, როდესაც კავაკუბომ 1997 წელს ზაფხული/გაზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით, Body Meets Dress, Dress Meets Body წარმოადგინა. კოლექცია თანამედროვე ცეკვასა და ავანგარდულ მოდას შორის ურთიერთქმედების კონცეფციას და ქალის სხეულს ეხმაურებოდა.
2008 წლის Louis Vuitton-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის, მარკ ჯეიკობსმა (Marc Jacobs) და რიჩარდ პრინცმა (Richard Prince) გადაწყვიტეს მხატვრის ბოლოდროინდელი იკონოგრაფია გაეცოცხლებინათ, კერძოდ Nurse-ის ნახატების სერია, რის შედეგადაც, მოდელები პოდიუმზე ექთნის გამჭვირვალე კაბებში გამოწყობილი წარსდგნენ. პრინცის შემოქმედებამ ფრანგული მოდის სახლის ჩანთებზეც იჩინა თავი.
თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლაბორაცია 2003 წელს Louis Vuitton-ისა და ტაკაში მურაკამის (Takashi Murakami) აქსესუარების კოლექცია იყო, რომელმაც ამ ორ სფეროს ერთმანეთთან გადაკვეთის ეკონომიკური პოტენციალი გამოავლინა. იაპონელი პოპ-არტისტის მიერ შემუშავებული ფერადი LV მონოგრამა, რომელიც Louis Vuitton-ის ჩანთებს აფორმებდა, 2000-იანი წლების It Bags-ად მიიჩნეოდა.
ტეხასის უდაბნოს პეიზაჟების ფონზე Prada-ს მაღაზია, მაიკლ ელმგრინისა (Michael Elmgreen) და ინგარ დრაგსეტის (Ingar Dragset) იტალიური მოდის სახლის ბრენდინგის ირონიულ განაცხადს წარმოადგენდა. ინსტალაცია, სახელწოდებით Prada Marfa, მსოფლიოს ელეგანტურ უბნებში Prada-ს მაღაზიების ასლის შექმნას გულისხმობდა, რომელიც ბრენდის 2005 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას მოიცავდა. აღნიშნული ნამუშევარი, მისი შექმნის დღიდან კულტურული პილგრიმობის სცენად და ამასთან ერთად, ვანდალიზმის მსხვერპლად იქცა.
მისი პერფორმერების Gucci-ის ბიკინიში გამოწყობიდან დაწყებული, Louis Vuitton-თან თანამშრომლობით, ვანესა ბიქროფთი (Vanessa Beecroft) მოდის სამყაროსთვის უცხო არ იყო, როდესაც მას რეპერმა კანიე უესტმა (Kanye West) 2016 წელს, Yeezy-ს მე-3 სეზონის კოლექციაზე თანამშრომლობა შესთავაზა. Yeezy-ს პოდიუმისთვის, მათ ერთად დადგეს პერფორმანსი, რომელშიც ასობით შემსრულებელი უესტის სამოსში გამოწყობილი წარსდგა. პერფორმანსი რუანდაში ლტოლვილთა ბანაკის ფოტოებით იყო შთაგონებული. კოლექციის პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 23 ქვეყნის 700 კინოთეატრის მეშვეობით, მუსიკალურ პლატფორმაზე, Tidal-ზე, 20 მილიონი მაყურებლის წინაშე მოხდა, რამაც ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ნახვად პერფორმანსად აქცია.
ნინკა მამულაშვილი