ბავშვები ჩვენ გვხატავენ

KID’S GALLERY

წარმოგიდგენთ

08.11.2021

ხატვა პატარაობიდანვე თითქმის ყველა ბავშვის გატაცებაა. თუ თავიდან ის უფრო ჯღაბნის, ნელ-ნელა მისი ნახატის კონტურები უფრო მკაფიო ხდება.  ნახატებში ბავშვებმა შეიძლება გამოხატონ ის, რისი გამოთქმაც მათ სიტყვებით უჭირთ – არ შეუძლიათ, ვერ ბედავენ ან მალავენ. ფსიქოლოგიურ ტესტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია – „ჩემი ოჯახი“.  ფსიქოლოგი სთხოვს ბავშვს, დახატოს თავისი ოჯახი. სპეციალისტი აკვირდება ბავშვს ხატვისას,  თუ რა თანმიმდევრობით ჩნდება ფიგურები, სხვადასხვა დეტალები, ინიშნავს პაუზებს, ბავშვის სპონტანურ გამონათქვამებს.

ნახატის ინტერპრეტაციისთვის უნდა ვიცოდეთ ბავშვის ასაკი და ოჯახის შემადგენლობა. ითვლება, რომ ნორმალური ინტელექტის მქონე ბავშვების 85% ოჯახს ხატავს სრულად, ანუ ხატავს ოჯახის ყველა წევრს. ყურადღება უნდა მიექცეს იმ შემთხვევებს, როცა რეალური სიტუაცია არ არის ასახული, ეს უმთავრესად ემოციური კონფლიქტის შედეგია. უკიდურეს შემთხვევებად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანების არგამოსახვა საერთოდ, ან ისეთი პირების დახატვა, რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები; ასევე საყურადღებოა გამოგონილი პერსონაჟების გაჩენა ნახატში. ეს რიგ შემთხვევებში მიანიშნებს ბავშვის გარიყულობაზე, აუტიზმის ტენდენციებზე, შფოთვის მაღალ დონეზე.

თუ ბავშვს ავიწყდება რომელიმე წევრის დახატვა, ეს უმთავრესად ეხება იმ ადამიანს,  რომელთანაც მას რთული და დაძაბული ურთიერთობა აქვს. ხშირად ბავშვები არ ხატავენ და-ძმას. ასეთი ხერხით ბავშვი სიმბოლურად გამოხატავს მშობლების ყურადღებისა და სიყვარულის მოთხოვნილებას, რომლის განაწილება და-ძმასთან არ სურს. „არ დავხატე, იმიტომ რომ ადგილი არ მეყო“, „ის წავიდა სასეირნოდ“ და ა.შ. ზოგჯერ პასუხი შეიძლება იყოს: „ის ჩხუბობს“, „არ მინდა, რომ ჩვენთან იცხოვროს“. რიგ შემთხვევებში, რეალური ადამიანების ადგილს ნახატზე ცხოველები და ფრინველები იკავებენ.  ერთმა გოგონამ დახატა პატარა კურდღელი – „ეხლა წამოვა წვიმა და მე სახლში გამოვიქცევი, კურდღელი კი დარჩება და დასველდება, მან არ იცის სირბილი“. კურდღელი სინამდვილეში მისი ახალდაბადებული დის სიმბოლოა.  ერთმა ბიჭმა არ დახატა ბაბუა (ძალიან მკაცრი) და თავი ასე გაიმართლა: „მსუქანია და არ დაეტია“. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა გოგონამ დახატა მამა, მერე კი ის შავი ფანქრით გადაჯღაბნა – „არ გამომივიდა“ (ოჯახში იყო სერიოზული კონფლიქტი, დედ-მამა ხშირად ჩხუბობდა).

თუ ბავშვი მხოლოდ თავის თავს ხატავს, ან პირიქით, ხატავს ოჯახს და თავის თავს არა – შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის თავს მარტო, მიტოვებულად, გარიყულად გრძნობს. თუ საკუთარი ფიგურა ძალიან დიდია, ნახატზე ბევრი დეტალია, ნახმარია კაშკაშა ფერები – ეს მიმანიშნებელია ეგოცენტრიზმზე.  თუკი თავისი ფიგურა სქემატურია, გარემოცვა და ფერადოვანი გამა ქმნიან ნეგატიურ ემოციურ ფონს, შეიძლება მშობლების არასაკმარისი ყურადღება ვივარაუდოთ. ოჯახის შემადგენლობის გაზრდა უმთავრესად დაკავშირებულია დაუკმაყოფილებელ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებთან. ნათესავის (ბიძაშვილის, მამიდაშვილის), მეზობლის ბავშვის გაჩენა ნახატზე მიუთითებს თანასწორი, კოოპერაციული ურთიერთობის მოთხოვნილებაზე; ხოლო უფრო პატარების, კატების, ძაღლების გამოსახვა – სხვისი დაცვის, მზრუნველობის ან მართვის მოთხოვნილებაზე.

ნახატზე მშობლების გარდა, სხვა უფროსების გამოსახვა, რომლებიც ოჯახში არ ცხოვრობენ, მიუთითებს ემოციური კონტაქტის დეფიციტზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ოჯახის მთლიანობის დარღვევაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფიგურების განლაგება ფურცელზე.  ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს – ხელჩაკიდებული ოჯახის წევრები, საერთო საქმიანობა – „ერთად მივდივართ სასეირნოდ“. სიფრთხილეს საჭიროებს ის შემთხვევები, როცა ფიგურები მოთავსებულია შემოსაზღვრულ სივრცეში (სახლში, ნავში). ეს შეიძლება იყოს ცდა ოჯახის წევრების გაერთიანებისა და შეკავშირების. თუ ოჯახის წევრების ნაწილი დახატულია ერთად, ერთი კი ცალკე, როგორც წესი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის დამოკიდებულება ამ განცალკევებული წევრის მიმართ უარყოფითია, ან მისი გავლენა ბავშვებზე მინიმალურია. 8 წლის გოგონამ მთელი ოჯახი დახატა ფურცლის ქვედა მხარეს, მერე გაავლო სწორი, გამყოფი ხაზი და თავისი თავი დახატა მარტო, ფურცლის ზედა კუთხეში – ეს სავარაუდოდ მიუთითებს მის დისკომფორტზე, პრობლემებზე ოჯახში, მის გარიყულობაზე.

ნახატის განხილვისას უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს გრაფიკული თავისებურებებიც. ადამიანთან ახლო კონტაქტი ვლინდება ტანზე ან სამოსზე გაკეთებული ბევრი დეტალით, განსაკუთრებული გაფერადებით. ნეგატიური დამოკიდებულება, აგრესიულობა კი პირიქით – სქემატურობით, ნახატის დაუსრულებლობით, სხეულის ნაწილების გამოტოვებით.

უმთავრესად, ყველაზე დიდია ხოლმე დედის და მამის ფიგურა, მაგრამ ზოგჯერ რეალური თანაფარდობა ირღვევა; ბავშვისთვის ფიგურის ზომა ძალის და უპირატესობის აღმნიშვნელია. ზოგიერთი ბავშვი ყველაზე დიდად ხატავს საკუთარ თავს. ამის უკან იმალება ან ეგოცენტრიზმი ან ქიშპობა და-ძმასთან მშობლების სიყვარულის მოსაპოვებლად. ასეთ შემთხვევაში კონკურენტის ფიგურა განზრახაა დაპატარავებული. თუ ბავშვი გრძნობს თავის უსუსურობას, უმნიშვნელობას – ის ქვეცნობიერად აპატარავებს თავის გამოსახულებას. ეს ხდება მაშინაც, თუ ის საჭიროებს მეტ მზრუნველობას და დაცვას. „მე“-ს ძალიან დიდ ფიგურას, რომელსაც ლამის მთელი ფურცელი უჭირავს, ხატავენ იმპულსური, თვითდაჯერებული ბავშვები, რომლებსაც დომინირების სურვილი აქვთ.

მნიშვნელოვანია სხეულის ნაწილების განხილვაც. ხელები გარემოზე ზემოქმედების უმთავრესი საშუალებაა. „მე“ ზევით აწეული ხელებითა და გრძელი თითებით მიუთითებს აგრესიულობაზე. ზოგჯერ ასეთ პორტრეტებს ქმნიან გარეგნულად მშვიდი ბავშვებიც. შეიძლება ისინი ამით გამოხატავენ მტრულ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, ან ცდილობენ დაივიწყონ თავისი სისუსტე, წარმოიდგენენ რა თავს ძლიერებად. ასეთი ინტერპრეტაცია მართებულია მაშინ, თუ „აგრესიულ“ ხელებთან ერთად  ბავშვი ხატავს დიდ მხრებს და მამაკაცობის ხაზგასასმელ სხვა ნიშნებს. ბავშვს ზოგჯერ ავიწყდება ხელების მიხატვა, არაპროპორციულად ამცირებს ფიგურას – სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში ვლინდება უსუსურობა, მშობლების ჭარბი კონტროლი, ავტორიტარიზმი აღზრდაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სახე. ბავშვი ადამიანის ხატვას დაახლოებით 2-3 წლის ასაკში იწყებს და ხატავს თავსა და ფეხებს, ე.წ. „თავ-ფეხს“. მისთვის ხომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილებია – სახე და ფეხები (ლაპარაკი და სიარული).  თუ ბავშვი თავის ნახატში ტოვებს, არ ხატავს სახეს, თვალებს, პირს – შესაძლებელია აღმოჩნდეს სერიოზული დარღვევები ურთიერთობებში – გარიყულობა, აუტიზმის ტენდენციები. მაგრამ თუ ასეთი „დანაკლისი“ მხოლოდ ოჯახის ერთ წევრს აქვს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვს სწორედ მასთან აქვს რთული, კონფლიქტური ურთიერთობა. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები მიდრეკილები არიან გაღიმებული ადამიანების ხატვისადმი, მაგრამ ეს შტამპი სულაც არ გულისხმობს მათ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას გარემოსადმი.

თუ 3-6 წლამდე ბავშვები ხატავენ „თავფეხს“, 6-7 წლისთვის ადამიანის ფიგურა უკვე სრულყოფილი ხდება. 6 წლიდან  ბავშვი კარგად არჩევს სქემას. მამაკაცების ფიგურა უფრო ოვალურია, ან ოთხკუთხა ფორმისაა, ქალის კი სამკუთხა. მაგრამ ეს დოგმა არ არის. ქალი ხშირად უფრო რთულადაა შემოსილი, დაფარულია დეტალებით.

ტესტი „ჩემი ოჯახი“ ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მას მიმართავენ როგორც ფსიქოდიაგნოსტიკის, ასევე ფსიქოთერაპიული მუშაობის დროსაც. ამ ტესტის ჩატარება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სხვა მეთოდებთან ერთიანობაში, ვინაიდან მარტო ნახატით დასკვნების გამოტანა მართებული არ არის. ამასთანავე, ნახატის ინტერპრეტირებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტი – ფსიქოლოგი უნდა ახდენდეს, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს არასწორი დასკვნები, რომლებიც მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება ბავშვისთვის. ამავე დროს, ბავშვის ნახატი გარკვეული სიგნალიც უნდა იყოს მშობლისთვის – „რაღაცა ისე არ არის, რაღაც უნდა გამოსწორდეს“.  ასე რომ, თვალი ადევნეთ თქვენი შვილების ნახატებს.

KidsGallery.ge

ფსიქოლოგი: ჯანა კახიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top