,,ხვალინდელი დღე’’

საქველმოქმედო გამოფენა წინანდლის რედისონში

29.09.2022

25 სექტემბერს წინანდლის რედისონმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით ორგანიზებულ საღამოს უმასპინძლა, რაც გულისხმობდა ქართველი და უკრაინელი ხელოვანებისა და აქტივისტების გაერთიანებას გამოფენა-პერფორმანსში, სახელწოდებით ,,ხვალინდელი დღე.’’

გამოფენის მიზანი იყო საქართველოში უკრაინისა და უკრაინელების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის ქსელის გაძლიერება, ორი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესების გატარება, ადამიანის უფლებების დაცვის დემონსტრირებისა და სახალხო დიპლომატიის გზით.

გამოფენა-პერფორმანსი ტოლერანტობის ქომაგის, ხელოვანის და აქტივისტის დედა სიდონიას კურატორობით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინელი ხელოვანი და ტელეწამყვანი რომან დრიბნოი (უკრაინა); მევიოლინე ანა ჭანია (საქართველო) და დუეტი Healer Twins (საქართველო).

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უკრაინელი ტელეწამყვანის, რომან დრიბნოის ფოტოები, რომლებსაც უკრაინის ომის დაწყების დღიდან იღებდა და დებდა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე. ფოტოები არ წარმოადგენს ომის დოკუმენტალისტიკას. ნამუშევრები, ერთი შეხედვით, კონკრეტულსაც არაფერს აღწერს. სურათებს განსაკუთრებულ დატვირთვას სწორედ კონტექსტი ანიჭებს. იმ ტერიტორიაზე, სადაც ომია, ნებისმიერი რამ, რასაც თვალი აღიქვამს, ხდება განსაკუთრებულად ძვირფასი, ეს შეიძლება იყოს ქალაქი, ბუნება ან უბრალოდ ცა. ასეთ დროს ადამიანს უჩნდება სურვილი, აბსოლუტურად ყველაფერი ფოტოს საშუალებით დააფიქსიროს, შეინახოს და, უფრო მეტიც, გადმოსცეს შინაგანი მდგომარეობა და ის ურთიერთსაწინააღმდეგო შეგრძნებები, რომლებიც ადამიანს ეუფლება მაშინ, როცა მისთვის ძვირფასი, ამ შემთხვევაში სამშობლო, საფრთხეშია.

პატრიოტიზმი, პირველ რიგში, ძალიან პირადი განცდების ერთობლიობაა, რომლის გადმოსაცემადაც ხშირად შეიძლება სიტყვები ვერც იპოვო. ამ განცდების გადმოცემის სურვილმა უბიძგა რომან დრიბნოის გადაეღო ფოტოები და გაეზიარებინა ფართო აუდიტორიისთვის. სურათები დამთვალიერებელს აძლევს შანსს გაუგოს და  წარმოიდგინოს თავი ავტორის ადგილას, რომელიც ერთდროულად განიცდის, როგორც შიშს, ისე ხვალინდელი დღის იმედს. აგრეთვე, რწმენას და ნატვრას, რომ მალე მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში. დედა სიდონიას თქმით, ,,ვგრძნობდი, რომ, როცა ფოტოს იღებდა, ის თან ლოცულობდა… ძალიან დიდი პატრიოტიზმი დავინახე ფოტოების ამ ხაზში.’’

გამოფენის მთავარი სათქმელი კიდევ უფრო მკვეთრად წარმოაჩინა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარმა ფაქტმა, როცა რომან დრიბნოი, რომელიც გამოფენას უნდა დასწრებოდა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საქართველოში არ შემოუშვეს. ამ შემთხვევამ თვალსაჩინო გახადა ვითარების დრამატულობა, აგრეთვე, ემპათიისა და თანაგრძნობის აუცილებლობა, რომლის გარეშეც აზრს კარგავს ყველანაირი ქველმოქმედება.

გამოფენა-პერფორმანსზე შესრულდა მუსიკა ქართველი მევიოლინეს, ანა ჭანიას მიერ. აგრეთვე, Healer Twins-მა წარმოადგინა რამდენიმე სიმღერა. ღონისძიებაზე შედგა ტოლერანტობის ქომაგის, დედა სიდონიას ბრენდის – Sidonia Nun – ახალი კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც  წინა, ფერადი კოლექციებისგან განსხვავებით, შავ-თეთრია. დედა სიდონიას ნამუშევრები კონტრასტს ქმნიდა რომან დრიბნოის ფოტოებთან. გამოფენის ერთ-ერთი მიზანი იყო ორი უკიდურესობის წარმოჩენა, რასაც გადმოსცემდა თავდაპირველი სათაური ,,ომი და მშვიდობა.’’ დედა სიდონიას თქმით, სადაც ახლა ომია, საზოგადოებაში მეტი ღიაობაა გულწრფელი ბრძოლაა სიმართლისთვის, შესაბამისად, ეს მხარე წარმოადგენს ნათელ და ფერებით აღსავსე მხარეს, როგორიც რომან დრიბნოის ფოტოებია. რაც შეეხება საქართველოს, აქ ნიჰილისტური განწყობა ჭარბობს, უნდობლობა და ორიენტირის არქონა,  სწორედ ამიტომ დედა სიდონიამ გადაწყვიტა თავის ახალ კოლექციაში ფერები  არ შეეტანა და ამ გზით კიდევ უფრო ხაზგასმული ყოფილიყო ეს კონტრასტი.

ბრენდის სიახლე მისი ახალი ლოგოა, რომელზეც გამოსახულია დათუნა სულიკაშვილის მიერ დახატული დედა სიდონიას პორტრეტი. მონაზვნის შავ-თეთრი სილუეტი და ანგელოზები სწორედ ახალი კოლექციის სიმბოლოს წარმოადგენს.

გამოფენის მომზადების დროს  მისი  სახელწოდება ,,ომი და მშვიდობა’’ შეიცვალა ,,ხვალინდელი დღით.’’ როგორც დედა სიდონია ამბობს, გამოფენის მზადების პროცესში ნიჰილიზმი გაქრა და გაჩნდა ხვალინდელი დღის იმედი. საფუძველი იმისა, რომ ჯანსაღად ცხოვრებას გააგრძელებს როგორც უკრაინელი ხალხი, ვინც ამდენი სისხლი დაკარგა, ასევე,  საქართველოც, რომელიც ამას დიდი ტკივილით შეჰყურებს. დღეს თითოეული ადამიანის მიერ უკრაინის მხარდაჭერა და პოზიცია ის არჩევანია, რომელიც განსაზღვრავს ხვალინდელ დღეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტები, აკადემიის და მედიის წარმომადგენლები. დისკუსიაზე განიხილავდნენ უკრაინისთვის და საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს. იმსჯელეს, აგრეთვე, რუსულ პროპაგანდაზე. დისკუსიის ორგანიზატორი და მოდერატორი იყო პროფესორი მარიამ გერსამია.

დისკუსიის ბოლოს მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ ,,ისტორიის მცველების’’ ტიტულით  დააჯილდოვა უკრაინელი და ქართველი ჟურნალისტები, აკადემიის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციის შემცირებაში; უკრაინასა და საქართველოს აქტიური მოქალაქეების ჩართულობით მხარდამჭერი გარემოს შექმნაში; მედია გაშუქების გაუმჯობესებაში უკრაინის ისტორიისა და უკრაინელების შესახებ; რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, რომელიც მოიცავს უკრაინის ისტორიის გაყალბებას; ადამიანის უფლებების დარღვევას და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აგრესიას; სოლიდარობის ჟურნალისტიკის სტიმულირებაში – მოწყვლადი ჯგუფების (უკრაინიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების) აკურატულ მედია გაშუქებაში.

პროექტის ,,ისტორიის მცველების’’ ტიტულის პირველი მფლობელები გახდნენ ალექს (ბუკა) პეტრიაშვილი, რომან დრიბნოი, თეონა ცხომელიძე, პროფესორი ოლენა შევჩენკო, პროფესორი ანატოლი იაკოვეცი და მონაზონი სიდონია.

დისკუსია და დაჯილდოება ჩატარდა პროექტის ,,სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის’’ ეგიდით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერები: RADISSON COLLECTION, RIA KEBURIA FOUNDATION, AMARTA, VAZISUBANI ESTATE, ევროკავშირი საქართველოსთვის, EaP – Eastern Partnership.

ნატალია ნიქაცაძე

ფოტო: მაიკ მაკარენკო / Photo: Mike Makarenko

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top