SAVE  THE  FUTURE

ახლა უცნაურად მიმაჩნია ამაზე ფიქრი, თუმცა სქელი ფონტით ნაბეჭდი საპროტესტო ლოზუნგები მაისურებზე ყოველთვის აქტუალური არ ყოფილა, ისევე როგორც მათი კვალი მოდის ინდუსტრიაში. თუმცა მდგრადი ტანსაცმლის სულისჩამდგმელი  და გარემოს დაცვის აქტივისტი,  ქეთრინ ჰამნეტი თავისსავე დაწყებული მოძრაობის წინა ფრონტზე რჩება. მისი სტუდიის გარეთ, რომელიც London Fields-ის  მახლობლად მდებარეობს, მოსაწევად ვსხედვართ. აქვე  ქალაქის საუკეთესო ვინტაჟური მაღაზიებია, რომლებიც 1980-იანი წლებით დათარიღებულ ქეთრინ ჰამნეტის იშვიათ სამოსს საკმაოდ ძვირად ყიდიან მცოდნეებზე. ჰამნეტი კი გულწასულ ფუტკარს, რომელიც ხელის გულზე უწევს,   წყლის წვეთებითა და შაქრით ასულიერებს. მის სიგარეტს  ასანთით ფრთხილად მოვუკიდე  და საუბარი დავიწყეთ  ისეთ თემებზე როგორიცაა პოლიტიკა, ნატურალური ბამბა, შეიარაღებული ძალები, კლიმატი,  ოქროს ეპოქა და სხვა საკითხები. 

რამოდენიმე კვირაში ორივე კოპენჰაგენისკენ გავემართებით, მდგრადი განვითარების თემაზე  გამართულ უდიდეს კონფერენციაზე დასასწრებად. ყოველ წელს მივდივარ, და ის რამოდენიმე დღე, რასაც იქ ვატარებ, იმედის გრძნობით მავსებს. ვხედავთ ტყავს, რომელიც ანანასისგან მზადდება, ბუმბულის ქურთუკს, რომელიც სავსეა ველური ყვავილებით, ზღვის მცენარეებით,  ფორთოხლის ქერქით და გადამუშავებული სათევზაო ბადეების ქსოვილითაა დამზადებული. ყველგან ველოსიპედია. შემდეგ კი აქ ვბრუნდები, ქუჩებში ვსეირნობ და ვხედავ როგორ გადის თვეები ისე, რომ არაფერი იცვლება და ჩემთვისაც რთული ხდება შევინარჩუნო  ის გამოყოლილი ოპტიმიზმი. თქვენ როგორ ახერხებთ ამას, და რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების ინოვაციები საზოგადოებამ სერიოზულად აღიქვას, კომერციული  ჩვენებების მიღმა?

იმის გაკეთება, რაც კოპენჰაგენში ნახეთ, სრულიად შესაძლებელია. თუკი ეს  მაღალჩინოსანთა ნებით არ ხორციელდება, ინიციატივა ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა; ეს ერთადერთი რამაა, რაც ადამიანს რაიმეს გაკეთებას აძალებს. ყველაფერი პოლიტიკასთანაა კავშირში. გვჭირდება ისეთი კანონი, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას. ამაში მოიაზრება კანონები გარემოს დაბინძურების შესახებ, შრომითი კანონმდებლობა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობა, ასევე კანონი მინიმალური ხელფასის დაწესებისა და ანაზღაურებადი დასვენების შესახებ, არ უნდა არსებობდეს არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო და დაუშვებელი უნდა იყოს არასრულწლოვანი მუშახელის დაქირავება. უნდა არსებობდეს რაღაც გზა, რომლითაც ამას შევძლებდით – ეს კი, როგორც იტყვიან, სათამაშო მოედანზე ანგარიშს გაათანაბრებდა. თუ აუთსორსინგი უფრო ძვირი გახდება, ეს წააქეზებს დასავლურ წარმოებას და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმოებებს, გადაარჩენს მილიონობით მუშახელის სიცოცხლეს და საარსებო სახსრების მოპოვებაში დაეხმარება მათ როგორც ჩვენი ეკონომიკური ბლოკის გარეთ, ისევე მის შიგნით, რადგან ამ მუშახელის მიერ წარმოებული საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.

რაღაც გზა უნდა გამოვნახოთ და უნდა გჯეროდეს ამის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად გაამართლებს. შესაძლებელია ეს  მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლებს, პროტექციონისტებს, ტრამპის ტიპის ადამიანებსაც კი მოეწონოთ. იმიტომ, რომ ხელი შეეწყობა წარმოებას განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, იქ სადაც დეინდუსტრიალიზაცია პირდაპირი შეთანხმებების საფუძველზე მოხდა. ამის კარგი მაგალითია ჩინეთი. იმის გამო, რომ თავდაპირველად არ მოგვარდა მათი ხელოვნურად დაწეული ვალუტის კურსის პრობლემა და არ გადაიჭრა იქ არსებული პრობლემები ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, ხელიდან დიდი შესაძლებლობა გამოგვეცალა. უფრო მეტიც, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მუშახელის სამუშაო პირობებს არ გააუმჯობესებენ, რადგან დიდი ბრენდებისგან თხოვნა მიიღეს, ეს არ გააკეთონ. ამიტომაც უნდა დავაძალოთ.  

მაინც, მდგრადი განვითარების შესახებ კონფერენციებზე სიტყვით გამომსვლელები ხშირად ამბობენ, რომ კანონების მიღება ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა მოხდეს, რომ ესაა ის, რაც უნდა გაკეთდეს, თუ სხვა ვერაფერმა გაამართლა. თუმცა საინტერესოა, რატომ აღიქმება ეს გზა ასეთ საშიშ ვარიანტად? 

მართალია, ჩვენ ეს ახლა გვჭირდება. უკვე ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყველაზე ცუდ სცენარში. ახლავე უნდა გავავრცელოთ გაფრთხილება აუთსორსი ქვეყნებისთვის, რომ კანონები შემოდის, რომ ისინი უნდა გაემზადონ; სხვა შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ტვირთის გამოგზავნას. კარგი ფაქტორია ევროკავშირი, რომელიც იაპონიასთან ერთად, ყველაზე დიდი და მდიდარი სავაჭრო ბლოკია მსოფლიოში – თუ ამ ტერიტორიებზე ტვირთის შეტანა გსურთ, პასუხისმგებლიანად უნდა აწარმოოთ, თორემ წარმოებული საქონელი უკანვე დაგიბრუნდებათ.

ბრენდებს ეშინიათ, რა თქმა უნდა, რომ ეს მათ მოგებაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს; მათ მოსწონთ მონური შრომა, რადგან იაფია. აუნაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო იაფია – თუ დაიწყებ ადამიანებისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდას ხარჯები გაიზრდება, მოგება კი შემცირდება. 

ჩვენი პლანეტის მდგომარეობა გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, როდესაც მოღვაწეობა დაიწყეთ 1979 წელს, ან უბრალოდ ეხლა გაცილებით უფრო გათვიცნობიერებულები და ინფორმირებულები ვართ იმის შესახებ, თუ როგორ ვვნებთ პლანეტას, თითქმის ყოველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯით. მაინც, იმის მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტეთ 15-წლიანი პაუზის შემდეგ 2017 წელს თქვენი ბრენდის გაცოცხლება იყო ის ფაქტი, რომ მდგრადი მასალა გაჩნდა როგორც იქნა და ახდა თქვენი სურვილი.  რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა, რის გაკეთებასაც ადრე ვერ შეძლებდით?

დიახ, ახლა საქმე ნამდვილად გამარტივდა. მდგრადი მასალის არჩევანი მკვეთრად გაიზარდა. ადრე შეუძლებელი იყო მოგეპოვებინა ისეთი ხარისხის ნატურალური ბამბა, რომ გამოყენებადი ყოფილიყო. თუმცა ახლა ვერც კი გაარჩევ მათ. რაც ყველაზე კარგია არის ის, რომ მომხმარებლებისგან მოთხოვნა მდგრადი ტანსაცმლის მიმართ სულ უფრო იზრდება. ახლა კი საწარმოებზე უნდა განვახორციელოთ ზეწოლა.

მართალია, მას შემდეგ რაც ეს მომხმარებელმა გაათვითცნობიერა, ის  უფრო ფრთხილი გახდა იმასთან მიმართებაში თუ რას ყიდულობს,  მდგრად სამოსზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. როგორ ფიქრობთ ამ სახის აქტივიზმის, როგორც ტენდენციის პოპულარიზაცია თუ წარმოადგენს რისკს? მოდის ინდუსტრიაში ტენდენციები  ძირითადად მოკლევადიანია, ამ საკითხს კი თავი დიდიხნით უნდა მივუძღვნათ. 

არა, ასე არ ვფიქრობ, რადგან ვერ შეძლებ დანახულისა და გაგებულის უკან წაღებას, გაქრობას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გააცნობიერებ, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება  ან თუ შვილი გყავს, როგორი იქნება დედამიწა 70 წლის შემდეგ.  ეს ფაქტები არსად გაქრება. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული, მით უფრო მეტს ააღელვებს ეს საკითხი და ისინი გააქტიურდებიან. ეს არ არის ტრენდი; არამედ, ეს მოძრაობის დასაწყისია.

სადღაც ამოვიკითხე, რომ თავიდანვე თქვენი  მაისურების დიზაინი ისე შეიმუშავეთ, რომ მათი კოპირება მარტივი ყოფილიყო, რათა მაისურებზე დატანილ გზავნილებს რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიეღწია. ჩავთვალე, რომ საინტერესო და ძალიან უცნაური მიდგომაა, მარტივად რომ ვთქვათ. დასავლეთში დიზაინერები ძალიან მკაცრად იცავენ თავიანთ ინტელექტუალურ საკუთრებას.

დიახ ცდილობენ, თუმცა დიზაინერებისთვის ძალიან რთულია საავტორო უფლების დაცვა მაშინ, როდესაც არსებობენ ისეთი ბრენდები როგორიცაა „ზარა“, რომელსაც სხვა ცნობილი მოდის სახლების მიერ შქმნილი ყველაზე გაყიდვადი დიზაინის ტანსაცმლის ასლები მაღაზიაში რამდენიმე  კვირაში უდევს. ჩვენს დიზაინს ძალიან ხშირად იპარავდნენ, ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული სამოსის ასლს ყიდდა ყველა,  ამიტომაც დავფიქრდი რისი გაკეთება შემეძლო, რომ ეს პოზიტიურ ფაქტად მექცია.. როგორ შეეძლო ამას გავებედნიერებინე? ამასთანავე, დავფიქრდი იმ მნიშვნელოვან  პოლიტიკურ გზავნილებზე სოციალური თუ გარემოს დაცვის საკითხების შესახებ, რომლებიც უნდა გადავჭრათ. არავინ გვერდს  არ აუვლის მაისურზე გზავნილის წაკითხვას. შესაბამისად, როდესაც ეს გზავნილები შენს გონებაში შეაღწევს, იქ სამუდამოდ დარჩება. ეს მაისურები ადამიანების  გონებაში იდეებს რგავენ.

თან მაისური ყველაზე ეგალიტარული სამოსია. ის აცვიათ განსხვავებული კლასისა და სქესის წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში.

ისევე, როგორც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. გზავნილი  „გადაარჩინე მომავალი“ ძალიან უხდება ბავშვს. იგივე შეგვიძლია შევქმნათ ძაღლებისთვისაც. არტურს (ჰამნეტის იორკიპუსი, რომელიც ჩვენი საუბრისას კალთაში უზის)  გადამუშავებული პოლიესტერისგან დამზადებული დუტის ქურთუკი აქვს, რომელსაც ზურგზე “LOVE” აწერია. სეირნობისას ის ფაქტობრივად, ტრანსპორტის მოძრაობას აჩერებს ხოლმე. მალე ძაღლებისა და ბავშვების ხაზებს გამოვუშვებთ. როგორც ვიღაცამ აღნიშნა, ვაიარაღებ სხეულებს, გარემოსდაცვითი გზავნილების სატარებლად.

მაისურები  შედარებით იაფი ღირს, რაც შესაძლოა პასუხი იყოს იმ ელიტური წრეებისთვის, რომელსაც მიაჩნია,  მდგრადი ტანსაცმლის ეთიკური წარმოება  შესაძლოა ხშირად ძალიან ძვირი დაჯდეს. სამოსის შექმნისას თუ ითვალისწინებთ ფაქტორს, რომ თქვენი ფასები ხელმისაწვდომი დატოვოთ?

გვაქვს ორი კატეგორია – ერთი, რომელსაც ჩვენით ვაწარმოებთ იტალიაში, და მეორე, კამპანიისთვის ვქმნით მაისურებს ნაბეჭდი გზავნილებით ისეთ საკითხებზე და პრობლემებზე, როგორიცაა მაგალითად „ბრექსიტი“, გვსურს რომ ისინი უბრალოდ  საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იყოს, რათა ადამიანებმა პროტესტისთვის გამოიყენონ. 

თუმცა მაისური არაფერს შეცვლის, თუ არ იმოქმედე. ვფიქრობ, სწორედ ამაში მდგომარეობს გარემოსდაცვის მოძრაობის კრახი, უკვე ნახევარი საუკუნეა რაც ჩვენ ვაწყობთ გამოსვლებს, გვაქვს პეტიციები, მაისურები, თუმცა არაფერი შეცვლილა. ერთადერთი რამ, რასაც პოლიტიკოსების საქციელის შეცვლა შეუძლია არის ის, რაც ემუქრება მათი ხელახლა არჩევის შესაძლებლობას.  ახლახანს გავიგე სკოლის მოსწავლეების შესახებ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში გამოვიდნენ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, მასწავლებლებმა კი ამისთვის დასაჯეს. ძალიან არასწორად მიმაჩნია ეს საქციელი, რადგან სწორედ ახლაა საჭირო ყველა პოლიტიკურად აქტიური გახდეს. სწორედ ის 8-9 წლის ბავშვები, რომლებიც პოლიტიკურად ჩართულნი და აქტიურები არიან, გადაარჩენენ პლანეტას. იმ მასწავლებლებს სჭირდებათ ჭკუის დარიგება.   

მოდის წრეების მიღმა, სწორედ ამ საპროტესტო მაისურებით გიცნობთ ხალხი, ხოლო ამ  მაისურებზე დაფიქრებისას ადამიანების უმეტესობას   „58 % DON’T WANT PERSHING” (58%-ს არ უნდა ბალისტიკური რაკეტა) გზავნილიანი მაისური ახსენდება, რომელიც მარგარეტ ტეტჩერთან შეხვედრისას გეცვათ. თუმცა თქვენი ბრენდი ბევრად მეტია, ვიდრე თუნდაც ეს მაისურები, და თქვენი არქივირებული სამოსის ნაწილი 80-იანი წლებიდან დღეს კოლექციონერებისთვის წმინდა გრაალივითაა. ყველასთვის ცნობილია, რომ ქენიე უესთს (Kanye West) ძალიან უყვარს თქვენი ბრენდი. ოდესმე თუ შეუწუხებიხართ აზრს, რომ საზოგადოებისთვის თქვენი შემოქმედების ცოდნა  იმ ერთი კონკრეტული გზავნილით  შემოიფარგლება? თუ პირიქით, ეს დასტურია, რომ გზავნილმა თავისი დანიშნულება შეასრულა და ათწლეულების განმავლობაში დაუვიწყარი გახდა? 

საინტერესოა, არა? ეს მაშინ გავაკეთე, როდესაც წარმატების ზენიტში ვიყავი და მასიური რაოდენობით აშუქებდა მედია თითოეულ ჩვენს ტანსაცმელს. ახლა კი ხელახლა ვაშენებთ ჩვენი პროდუქციის ხაზს, კარგი იქნებოდა თუ ამასაც მეტად გააშუქებდნენ. პროდუქციას მსოფლიოში საუკეთესო მაღაზიებში ვყიდით, როგორებიცაა: Liberty, Barneys, სამხრეთ კორეის ულამაზეს მაღაზიებში. თუმცა მაისურები აქტუალურია, რადგან ახლა სასოწარკვეთილი და  კრიტიკული მდგომარეობაა. ძნელია მოდაზე ფიქრი, როდესაც „ბრექსიტი“ ხდება. 

თქვენს ინტერვიუს მოვუსმინე BoF პოდკასტთან, სადაც საკუთარ თავს იმპულსურ ადამიანად ახასიათებთ. დღევანდელი გადმოსახედიდან რამეს თუ გააკეთებდით სხვანაირად თქვენს კარიერაში? 

დიახ, ალბათ ნაკლებად იმპულსური უნდა ვყოფილიყავი სტანდარტული წარმოების დახურვასთან მიმართებაში. უფრო ჭკვიანური იქნებოდა ნელ-ნელა  მდგრად წარმოებაზე გადავსულიყავი. თუმცა არა, უნდა შემეჩერებინა, რამაც ყველაფერი უფრო რთული გახადა. რადგან კარგავ დისტრიბუციას და მაღაზიები არაა მხოლოდ შენი ფანჯარა, საიდანაც სამყარო ჩანს,  არამედ,  ბრენდისთვის  მაღაზიები არის შენი ხმაც. ჩემი რჩევა მათთვის, ვისაც სტანდარტული წარმოებიდან მდგრად  წარმოებაზე გადასვლა სურს არის ის, რომ ნელ-ნელა გარიყო ერთი და ამავდროულად შემოიტანო მეორე ონლაინ. სხვაგვარად შესაძლოა დააზარალო შენი ბიზნესი რასაც პრინციპში ცვლილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ბაზარზე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თუკი მომავალს გახედავთ, რას ელოდებით მისგან და რა იმედები გაქვთ მომავალ სეზონებსა და წლებთან მიმართებაში?

ძალიან გამიხარდება ვნახო Green New Deal-ის განხორციელება, რომელსაც მთელი სამყარო აიტაცებს.  დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ტანსაცმლის ინდუსტრიას ამაში დიდი ბრალი მიუძღვის. გამიხარდება, ვნახო თუ როგორ გადაიქცევა საზიანო საქმე ყველა ცოცხალი არსებისთვის სასიკეთოდ. იცით, ეს ნამდვილად შესაძლებელია: წყალბადზე მომუშავე საწვავი ელემენტები, ელექტრო ავტომობილები, ონლაინ მიტანის სერვისები, რომელთაც ელექტრო მოტოციკლებითა და სატვირთოებით ახორციელებენ, ამ ელექტროობის წარმოქმნა ბუნებრივად შეგვიძლია. გაერთიანებულ სამეფოს, მთელ მსოფლიოში თუ არა, ევროპაში ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის მიმართულებით: გვაქვს სანაპირო და ნაპირისგან მოშორებული ქარის ენერგიები, ვრცელი სანაპირო ზოლი, გვაქვს მზის ენერგია, ღრმა საზღვაო დინებები და მოქცევის ენერგია. ამ ქვეყანას შეუძლია მსოფლიოს წინამძღოლი გახდეს ენერგიის განახლებადი წყაროების, წყალბადზე მომუშავე საწვავი ელემენტის წარმოებასა და ექსპორტში, რაც განახლებადი ენერგიის შესანიშნავი საცავია. გამიხარდება, თუ წარმოება ისევ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება; გამიხარდება თუ ვნახავ, რომ აქ იქმნება ქსოვილი. „დამზადებულია გაერთიანებულ სამეფოში“, რომელიც აღიარებულია, როგორც უმაღლესი ხარისხის ნაწარმი, განსაკუთრებით მამაკაცის სამოსში.  ჩვენ შეგვიძლია ამაში ინვესტირება. განათლების გაუმჯობესება მოდის სფეროში საჭიროა და ეს უფასო უნდა იყოს. რადგან ტანსაცმელი ყოველთვის საჭირო იქნება და უნდა მოვიფიქროთ სამოსის დამზადების ჭკვიანური გზა.   

განსაკუთრებით, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა ასე იზრდება, ჩვენ უფრო და უფრო მეტი ტანსაცმელი გვჭირდება. შეგვიძლია ადამიანებს ვუბიძგოთ იყიდონ ნაკლები და უკეთესი, მაგრამ ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, თან ძალიან მალე. დემოგრაფიული აფეთქების პრობლემა ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. 

SAVE THE FUTURE

KATHARINE HAMNETT SLOGAN T-SHIRTS

UTA BEKAIA & LIKA EVGENIDZE // MELANCHOLIA COSTUME PROJECT

PHOTOGRAPHED BY NATA SOPROMADZE

MOVEMENT THEATRE DANCERS : Indira Reyes, Giorgi Khachidze, Ani Talakvadze, Beqa Garsenishvili

თუ შევაჩერებთ ომებს, რაც კლიმატის შემდეგ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ყველაზე სერიოზული კატასტროფაა და ადამიანების გადაადგილების მიზეზი, შევძლებთ  საჭირო რაოდენობის საკვების გამომუშავებას ეკოლოგიურად უსაფრთხო გზებით. ვეცადოთ ორზე მეტი შვილი არ გვყავდეს, თუ შესაძლებელია. არაჩვეულებრივი ბუდისტური წინასწარმეტყველება არსებობს, რომელიც ორი ათასი წლის წინ დაიწერა. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ახლაა დრო, როდესაც ზედაპირულობიდან მატერიალიზმზე და უფრო დიდ მატერიალიზმზე გადავალთ. ეს ან სამყაროს დასასრული იქნება, ან ოქროს ეპოქის დასაწყისი. Green New Deal -ის პროგრამას შეუძლია ოქროს ხანის საწყისი გახდეს: ამისკენ აუცილებლად უნდა ვიღწვოდეთ. 

სილვია ბომბარდინი

UTA BEKAIA

დეკორატიული შემოქმედება

ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქართველი არტისტის, უტა ბექაიას  მრავალფეროვანი შემოქმედება მოიცავს პირადი ინდივიდუალურობის, კულტურული ტრადიციების, მისტიციზმისა და სოციალური პოლიტიკის ძირითად თემებს. მუსიკა, სამოსი, ცეკვა, სამსახიობო ხელოვნება და პერფორმანსები უტამ საკუთარი შემოქმედებითი ინსტინქტების ძლიერი   განაცხადია, რომელსაც არტისტის მიერ შთამბეჭდავი ფილმებისა და ცოცხალი პერფორმანსების შექმნამდე მივყავართ.

მოდა უტას მუდმივი ინტერესის სფეროა, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ კრიტიკულად აფასებს მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს.  ბოლოს და ბოლოს, ჩაცმულობა ხომ  მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ამოსაკითხად და უტაც გაემგზავრა თვითშემეცნებით მოგზაურობაში, რაც რა თქმა უნდა ტანსაცმელსაც მოიცავს. მისი ნამუშევრების სიკაშკაშე და სილამაზე გამოარჩევს მას სხვა არტისტებისგან იმ მხრივ, რომ მისი ნამუშევრები სავსეა სიხარულით, შორსმჭვრეტელობითა და ოპტიმიზმით.

წარმოდგენილ გულახდილ ინტერვიუში უტა ბექაია მოგვითხრობს ბუნებასთან და გარემოსთან მის კავშირზე, ცნობილ ინგლისელ  დიზაინერ კეტრინ ჰემნეტთან (Katharine Hamnett) თანამშრომლობაზე ჟურნალის ამავე გამოცემაში და იმის შესახებ, თუ როგორ გაუძლიერდა მას, როგორც არტისტს საკუთარი თავის რწმენა სამშობლოში დაბრუნების შემდგომ.  

დაბრუნდით თუ არა საქართველოში?

ჩემი  სტუდია აქ მდებარეობს, თუმცა მე კვლავაც ვანაწილებ დროს თბილისსა და ნიუ იორკს შორის. 

შეგიძლიათ მიამბოთ თქვენი და კეტრინ ჰემნეტის (Katharine Hamnett) თანამშრომლობაზე? იცნობდით თუ არა მას ადრეც?

გულახდილად რომ გითხრათ, არა, თუმცა ირინა ყაჭეიშვილმა გამაცნო მისი ნამუშევრები და დავინტერესდი, თუ როგორ ახერხებდა ის ყოფილიყო ასეთი უშუალო და პირდაპირ გადმოეცა მისი გზავნილები ქსოვილზე ბეჭდვის მეშვეობით. მისი ნამუშევრები გავაერთიანეთ ჩემს ნიღბებთან, რომლებიც შედარებით აბსტრაქტულია. ამ კავშირის შედეგად წარმოიშვა ძლიერი გამოსახულება.  

თუმცა თქვენს სტილში ჭარბობს ბაროკო, ის კი  მინიმალისტია. 

დიახ. მის გზავნილებში არ ისახება არანაირი ორაზროვნება, თუმცაღა, როგორც წესი, ჩემი ნამუშევრების ინტერპრეტაცია შესაძლებელია სხვადასხვაგვარად. მაინც მგონია, რომ მის „ვალდებულებებთან“ და საზოგადო აქტივიზმთან ვიკვეთები. 

როგორ ფიქრობთ, რა გაერთიანებთ თქვენ ორს? 

ამაღლებული ცნობიერების სურვილი. იქნება ეს ჩემს შემოქმედებაში, თუ მის კოლექციაში, ჩვენ ორივეს ერთად გვსურს რიგი საზოგადოებრივი ასპექტების გამოაშკარავება. ჩვენ ვცხოვრობთ უცნაურ სამყაროში, სადაც ნაციონალიზმი  უკვე შემთხვევითობად იქცა და თუ თქვენ თქვენი აუდიტორია გყავთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ მას.

როგორც საზოგადოება უფრო მშიშრები გავხდით?

გლობალიზაციის გამო, ადამიანებს ეშინიათ საკუთარი იდენტობის დაკარგვის, რაც ნაწილობრივ ხსნის კიდევაც ფაშიზმის აღდგენის მიზეზს. შიშს თან მოსდევს ექსტრემიზმი. 

თქვენი ნამუშევრები ხაზს უსვამენ ინდივიდუალურობას, როგორც კრიტიკულ დისკურსს.

გეთანხმებით. წელიწადნახევრის წინ საქართველოში დაბრუნება ჩემთვის გადამწყვეტ მომენტად იქცა. ბევრად ახალგაზრდა ვიყავი ამერიკაში საცხოვრებლად რომ წავედი. მე არ ვეკუთვნოდი იქაურ კულტურას და შესაბამისად, არ ვიცოდი თუ სად შევდგებოდი პიროვნებად. თავად ის ფაქტი, რომ საკუთარ თავს ვეძებდი ჩემი ნამუშევრების მეშვეობით, გახდა დომინანტი იმისა, რაც განსაზღვრავს ჩემს პიროვნებას დღეს. დღეს ინდივიდუალურობის ძიება ხელოვნების მეშვეობით საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩემი პირველი ჩვენება ძირითადად დაფუძნებული იყო ჩემი ბავშვობის დროინდელ ზღაპრებზე. ამან თითქოს ბავშვობაში დამაბრუნა, ჩემთვის უახლოეს და უმნიშვნელოვანეს სამყაროში. ჩემთვის ინდივიდუალურობასა და ფსიქოანალიტიკურ მოსაზრებას შორის უშუალო კავშირია, და ამიტომაც ჩემს ხელოვნებაშიც იგრძნობოდა ჩემი შინაგანი ფსიქიკა, მისი ნათელი და ბნელი მხარეებით.

იყო თუ არა თქვენთვის  ის ნამუშევარი თერაპიული სახის?

რა თქმა უნდა.

როგორ აღწერთ თბილისის, როგორც ქალაქის განვითარებას?

თბილისი უცნაური ადგილია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა ის დამოუკიდებელი მხოლოდ ერთი საუკუნის განმავლობაში იყო. შეხედეთ თბილისს, აქ მართლაც მრავლადაა შემოქმედებითი ტალანტები, რაც დაუჯერებელია და არანაირად არ უკავშირდება მათ მხარდამჭერ მთავრობასა და უწყებებს, აქ თავად ხალხია ინოვატორი.  მაგალითად, თუ დააკვირდებით  „ტექნო-ცხოვრებას“, ის ისეა შეცვლილი ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომ ათასობით ადამიანი სტუმრობს ელექტრონულ წვეულებებს ტოლერანტული სულისკვეთებით. თქვენ იხილავთ ტრანსგენდერებს, რომლებიც საცეკვაო მოედანზე არიან შედარებით კონსერვატიულ ადამიანებთან ერთად, რაც იშვიათობაა. მოდა და ხელოვნებაც ძალიან ვითარდება და ვამაყობ, რომ გარკვეული წილით მეც წარმოვადგენ ამ ევოლუციის ნაწილს. 

მოდის ინდუსტრიამ დახმარება გაუწია ქვეყანას უცხოელების მოზიდვაში და ცნობისმოყვარეობის გაჩენაში ამ ქვეყნის მიმართ. 

აბსოლუტურად გეთანხმებით. ადამიანები ამაყობენ იმით, რომ ცნობილი  მოდის სახლის Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი ქართველია. ამით ქვეყანაც ამაყოფს.  

როგორია თქვენი რეაქცია ბოლო დროს ამერიკაში გამეფებულ კონსერვატიზმთან დაკავშირებით?

ჩემი პირველი რეაქცია გამოიხატა სიცილით. რაღა თქმა უნდა, თეთრების შოვინიზმის ზრდა საგანგაშოა, თუმცა ამერიკაში ყოველთვის არსებობდა აზრების სხვაობა განათლებულ, მეტად შეძლებულ ელიტასა და ჯიუტი და გაუნათლებელი მოქალაქეების უმრავლესობას შორის, რითაც შეგვიძლია ავხსნათ ისეთი ადამიანის ხელისუფლებაში ყოფნა, როგორიცაა დონალდ ტრამპი.  იმავდროულად, ამერიკელებს აღარ შეუძლიათ დემოკრატიის როგორც „სათანადო“-ს მიღება, ხედავენ რა თუ რა ხდება მათ საზოგადოებაში. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება გამოწვევა პოზიტიური ცვლილებებისკენ. 

თითქოსდა ადამიანები რეაგირებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი მართლაც ცუდადაა.

ზუსტად. ტრამპის არჩევის შემდეგ ხალხი მეტად პოლიტიზირებული გახდა. მე არ ვიცი საით მივექანებით, თუმცაღა იმედი ვიქონიოთ, რომ უკეთესი მომავლისკენ. ისევ თბილისის ტექნო წვეულებებს რომ მივუბრუნდეთ, საინტერესო და სახალისოა თუ როგორ აერთიანებს მუსიკა იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო, მიუხედავად მათი სოციალური და პოლიტიკური სხვაობებისა. ამ მხრივ არ არსებობს არანაირი აგრესია. 

მნიშვნელოვანი როლი უკავია თუ არა ბუნებას თქვენს შემოქმედებაში? 

რა თქმა უნდა, ბუნება უდიდეს როლს თამაშობს, თუმცა არა პოლიტიკური გზავნილის სახით. მე მაინტერესებს ბუნება, როგორც განახლების მუდმივი ციკლი. ეს წააგავს ხის განმეორებით ზრდის გამოსახულებას. მე მიყვარს ტანსაცმელი, თუმცა ადრე მეტად ვიყავი გატაცებული მოდით. როდესაც დავიწყე სპექტაკლებისათვის კოსტუმების შექმნა, უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა ერთი სახის ტანისამოსი და არ ვიყავი დაინტერესებული მათი რეპროდუქციით, რაც ნიშნავს იმას, რომ  არც მაშინ მქონია განზრახული გარემოსთვის ზიანის მიყენება. 

რამდენად კრიტიკული ხართ მრეწველობასთან მიმართებაში?

ძალიან კრიტიკული ვარ. პატივს ვცემ მოდის სახლებს, რომლებიც დღემდე ხელობას ეყრდნობიან იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი პროდუქცია, თუმცა სწრაფმა მოდამ ააოხრა პლანეტა წლების განმავლობაში. მიმდინარეობს ტანსაცმლის ჭარბი წარმოება, რაც კატასტროფის ტოლფასია. 

ამავდროულად,  დიდ კომპანიებს არასდროს მიუღწევიათ ისეთი წარმატებისთვის, როგორიც დღეს აქვთ. უფრო მეტიც, მოდა მომხმარებელს ანიჭებს განსაკუთრებულ  ინდივიდუალურობას…

სრულებით გეთანხმებით. უბრალოდ საწყენია რომ ალექსანდრე მაქქუინის მსგავსი დიზაინერი ვეღარ დაინახო.  

მისი ნამუშევრები სცდებოდა მხოლოდ ტანსაცმლის კონცეფციას, და გზავნილიც გაცილებით ძლიერი იყო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ „სხარტ“ დროში, რომ არ მგონია ვინმე დაინტერესებული იყოს რთული განაცხადებით. 

გეთანხმებით.

ახდენს თუ არა ეს ყველაფერი ზეგავლენას ხელოვნებაზე? 

ეს უკვე სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ხელოვნებაში არსებობენ ბლოკბასტერები, თუმცა ეს არის შედარებით შეზღუდული აუდიტორია, რომელიც   ხელოვნებთ ინტერესდება და იკვეთება მასთან. ასე რომ, გარკვეულწილად, დღეს ხელოვნება შესაძლოა გაცილებით მეტი ფუფუნება იყოს ვიდრე მოდა. 

იცნობთ თუ არა თქვენს კოლექციონერებს?

დიახ, მე ვიცნობ რამოდენიმე მათგანს, თუმცა მათი უმეტესობა გალერეებია და შესაბამისად, მე არ გამაჩნია უშუალო ურთიერთობები ჩემს კოლექციონერებთან.

შეგიძლიათ გვიამბოთ „გალერეა ერთი“-ში მოწყობილ მიმდინარე გამოფენაზე?

The Present („აწმყო“) წარმოადგენს იდენტობისადმი მიძღვნილი ტრილოგიის მეორე ნაწილს, რომელიც ვიდეოს სახით წარმოვადგინე. პირველი ნაწილი იყო „სუპერ ადამიანები“, რომელიც ეხებოდა და უღრმავდებოდა ჩემს ბავშვობას და მითის ფენომენს. მახსოვს ბებია მიკითხავდა ძველ ზღაპრებს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. შემდგომში საკუთარი წარსულის გარკვეული მომენტების მატერიალიზაციის მიზნით საკუთარი სხეული გამოვიყენე. მეორე ნაწილი შეეხება ფსიქოანალიზს და განსახიერებას. დავჯექი და შევეცადე ჩამომეწერა ყველა ის ელემენტი, რომელიც აღწერს ჩემს ვინაობას. სახალისოა, რადგან მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებიც უყურებენ ამ ვიდეოს  უკავშირდებიან მოცემულ პერსონაჟებს. 

იყო თუ არა ეს თქვენთვის შიშთან გამკლავების ხერხი?

დიახ, მე მქონდა სიკვდილის შიში და ცხოვრებაში სიცარიელის შეგრძნება. შედეგად მივიღე ყველაფრის ამის განმასახიერებელი 20 პერსონაჟი, რომელიც  დიდ ინსტალაციად იქცა.

  რის შესახებ იქნება მესამე ნაწილი?

მესამე ნაწილს ერქმევა „მომავალი“ და მოგვითხრობს სილამაზის სამომავლო ხედვების შესახებ. 

რამოდენიმე სიტყვით აღწერეთ თქვენი ესთეტიკა..

ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებას მნიშვნელოვან წილად შესაძლოა ეწოდოს „დეკორატიული“. საკუთარ თავს ყოველთვის ინსტრუმენტად ვიყენებ. ვფიქრობ, რომ ძალიან მიზიდავს ექსპერიმენტირების იდეა, მანამ სანამ არ მივაგნებ იმ ჟესტსა თუ დამოკიდებულებას, რაზედაც ვმუშაობ. ეს სრულიად ინსტინქტურად ხდება და ამიტომაც, მაძლევს ჩემს ფსიქიკურ მესთან კავშირის შესაძლებლობას. 

თითქოსდა, გამტარ ჭურჭლად იქეცით.

დიახ, ვიცი. უცნაურად ჟღერს, თუმცა ჩემს პირად ცხოვრებაში ახლახანს მომხდარმა რიგმა შემთხვევებმა, გააძლიერეს ჩემი, როგორც არტისტის საკუთარ თავში რწმენა და გამბედაობა. საკუთარ თავს მივეცი ისეთი რამეების კეთების უფლება, რაც მჭიდრო კავშირშია ჩემს პირად სამყაროსთან. ამან  ემოციებისგან დამცალა და უდიდეს კათარსისში გადაიზარდა. 

ფილიპ პურაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top