Ria Keburia Foundation
18.05.2024
ხელოვანი, რომელსაც ამჟამად რია ქებურიას რეზიდენციამ ამბასადორ კაჭრეთში უმასპინძლა სალომე დევაძეა. გამოფენა წარმოადგენს ხელოვანის პორტრეტების სერიას, რომლებსაც თვითონ „თავებს“ უწოდებს და შექმნა რეზიდენციაში ყოფნის დროს. სივრცეში მაყურებელი იხილავს ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებულ არც თუ ისე დიდი ზომის პორტრეტებს, რომლებიც როგორც ხელოვანი აღნიშნავს მისი შინაგანი სამყაროს ინტიმური გამოსახულებაა და ამ სამყაროს რეალობაში მანიფესტაცია. გამოფენა 18 მაისს, კაჭრეთი ამბასადორის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა. ინტერვიუში ნამუშევრების ავტორი გვიზიარებს დეტალებს სამუშაო პროცესისა და მიმდინარე პროექტის შესახებ
პორტრეტების სერია დაიწყო პრეტში სწავლის დროს. როგორ იპოვეთ ეს ვიზუალი, რატომ დაიწყეთ კონკრეტულად პორტრეტის გამოყენება და როგორ გახდა თავი თქვენი კვლევის საგანი?
პორტრეტების ხატვა დავიწყე მესამე კურსზე. მაშინ ძირითადად საკმაოდ დიდი ზომის ნამუშევრებს ვაკეთებდი, რაც უამრავ ფიზიკურ ძალისხმევასა და ენერგიას მოითხოვდა. ამ ყველაფრის ფონზე, ხშირად მიჩნდებოდა სურვილი მეკეთებინა ისეთი რამ რაც განტვირთვაში დამეხმარებოდა. ბევრჯერ შემიჩერებია დიდი ნამუშევრის კეთების პროცესი და მუშაობას განვაგრძობდი პატარა ზომის ნახატებზე. ასეთი პატარ-პატარა ტესტების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ზომა მაძლევდა სივრცეს დამეხატა ან ხელები ან თავი, რადგან ამ მომენტში მე მაინტერესებდა ფიგურაცია. ხელებზე მეტად მიმიზიდა თავების ხატვამ, ალბათ უფრო სწორი იქნება რომ მათ სახეები ვუწოდო, თავები კიდევ უფრო მოგვიანებით შემოვიდა ჩემს პრაქტიკაში. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს განსატვირთად ვაკეთებდი და მხოლოდ ჩემთვის. ვირჩევდი სხვადასხვა მოდელების, მომღერლების სახეებს და მათ ვხატავდი. ეს იყო საკმაოდ ინტიმური პრაქტიკა. თავიდან არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა ეს ნამუშევრები. მიუხედავად ამისა, მოვიდა დრო, როდესაც მათი გაზიარება მომიწია მეგობრებთან, პროფესორებთან, რასაც ძალიან კარგი რეაქცია მოყვა, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მიმდინარეობა, რომელზეც უნდა მეფიქრა. უკვე მეოთხე კურსზე აღმოვაჩინე პატარა ქვეჩარჩოები, რომლებზეც გადავჭიმე ტილო და სიღრმისეულად დავიწყე ამ თემის დამუშავება. შევუდექი კონცეფციაზე ზრუნვას, სახე როგორც თავი, თავი როგორც ადამიანის ქვეცნობიერი, მისი ისტორია, რადგან უმეტესად ჩვენს რეალობას თავში განვიცდით. ესე გადაიქცა განტვირთვა ჩემი პროფესიის მთავარ საგნად.
სერიაში წარმოდგენილ თავებს ახასიათებთ, როგორც თქვენს ქვეცნობიერში ჩაღრმავების საშუალებას. შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი შემოქმედებითი პროცესი? რა არის აქ ქვეცნობიერი და რა არის რეალური?
ვფიქრობ, რომ ჩემ ნამუშევრებში ერთადერთი ნამდვილი რამ არის ადამიანი, რომელიც მათ ხატავს. ნამდვილი არის ტილო და ზეთი, რომლითაც ეს ნამუშევარი იხატება, ყველაფერი დანარჩენი არის ფიქტიური. ფიქტიურობას ზედაპირზე მოყავს მეტაფორები და აზროვნება. ხელოვნებაში ხშირად ვმეტყველებ და ვაზროვნებ მეტაფორებით, ნამუშევრებიც ამით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია მთლიანი ხატვის პროცესი, შემზადება. სანამ მუშაობას დავიწყებ ოცი წუთი განვმარტოვდები ხოლმე, ვზივარ სიჩუმეში და უკვე ხატვას რომ ვიწყებ, ეს ემსგავსება ქაოსში შებიჯებას, იქ სადაც ქვეცნობიერი მელოდება. ესეც ერთგვარი მეტაფორაა ჩემთვის. სახელოსნოში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თითქოს საღებავის სუნს, რომ ჩავისუნთქავ ამით ვაქტიურდები. რეალობიდან ვუჩინარდები იქ, სადაც ყველაფერი ხდება მეტაფორული და ქვეცნობიერი და იქ, სადაც თითქოს დარღვეულია ლოგიკურობა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არარეალურიც კი. ასე დავახასიათებდი ჩემს პროცესს.
პორტრეტებში ყურადღებას ამახვილებთ ფემინურობაზე, როგორც ფიზიკურ მახასიათებელზე, თუმცა ამავდროულად აქცენტს არ აკეთებთ სხეულზე. რაზე მეტყველებთ ამ კონკრეტული ასპექტით, თქვენი აზრით ფემინურობა ამ სერიაში მხოლოდ სხეულს უკავშირდება ?
ხელოვნების ისტორიაში ფიგურაციის ოთხმოცი პროცენტი არის ქალი და ეს ქალი არის შიშველი. მე მაინტერესებდა, თუ როგორ შეიძლება ქალი შეიყვანო კომპოზიციაში ისე, რომ არ იყოს მისი სხეული აღქმული თუნდაც ეროტიკულ ჭრილში. ამაზე ბევრს ვფიქრობდი და პარალელურად დავიწყე ჩემს ფემინურობასთანაც კონტაქტი, უფრო და უფრო მეტი კომფორტი ვიპოვე საკუთარ თავთანა, თითქოს დავიწყე ჩემი თავის ხატვა. განსხვავებული კუთხიდან ვიღებდი ჩემს ფოტოებს და ამ მხრივ ვამუშავებდი თემას. ვიტყოდი, რომ გამოსახულებები და ფიგურები ანდროგენულიც არის, პირველ რიგში, იმიტომ რომ თავი სხეულის გარეშე უკვე ანდროგენულია, თუმცა არ იკარგება ფემინურობა, რომელიც გამოიხატება სახეების სირბილეში, ფერებში. ფემინურობაზე ხაზგასმით ვსაუბრობ, რადგან ვხატავ საკუთარ თავსაც, ერთგვარი ქვეცნობიერი დღიურივით ხდება ნამუშევარი.
შეგიძლიათ გვესაუბროთ პერსონაჟებზე რომლებსაც ხატავთ? რა არის მათ შორის საერთო და როგორ ამყარებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, რა სიმბოლიკას ატარებს თითოეული ფიგურა?
ბავშობიდან ჩემს სამყაროს ვქმნი. ამ სამყაროში ხალხი ჩუმად არის და ერთმანეთს არ ესაუბრება სიტყვებით, არამედ დინამიკით, ფერებით. სწორედ ამიტომ ნამუშევრებში ფერს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ფერებით პერსონაჟები ინარჩუნებენ განწყობას და კომუნიკაციას ამყარებენ. ამ სამყაროში არ არსებობს დრო, ის გაჩერებულია. ეს არიან თავები, რომლებიც არ იცნობენ დრო-სივრცულ განსაზღვრებას, ისინი ფიქრობენ ცხოვრებაზე და საკუთარ წარმავლობაზე. ეს ნამუშევრები არის კოლექტივი, ერთად არსებობენ და ერთად გესაუბრებიან სიტყვების გარეშე, ვფიქრობ რომ სათქმელს ისინი კოლექტიურად გადმოგცემენ, ეს სიჩუმე იკვრება მათი სიმრავლით.
რეზიდენციაში მუშაობამ რაიმე შეცვალა თქვენს პრაქტიკასა თუ პროცესში? იყო თუ არა რაიმე ელემენტი რის შედეგადაც თქვენ ნამუშევრებში წარმოიშვა ახალი შრე ან იქნებ პირიქით?
რეზიდენციაში წავედი მისიით, რომ მეხატა თავები და პარალელურად გამერკვია, თუ რატომ ვხატავ მათ. კითხვებზე პასუხები პროცესში მოვიდა. ამ ეტაპზე ეს გახდა უკვე ჩემი პროექტი და არა განტვირთვის საშუალება. რეზიდენციაში ჩემი ნამუშევრები შეიკრა, გაერთიანდა ერთი თემის ქვეშ. ეს გამოცდილება იყო შესაძლებლობა უკეთ გავრკვეულიყავი თუ რატომ ვხატავ ამ ყველაფერს, რატომ კონკრეტულად თავები. აღმოვაჩინე ახალი გმირებიც, წითელი შარავანდედიანი ფიგურები, ამ ეტაპზე შარავანდედს არ აქვს რაიმე კონკრეტული სიმბოლიკა, ჩემი პერსონაჟების სამყაროში ის შეიძლება არაერთ სიმბოლოს წარმოადგენდეს, შეიძლება შემდეგ სერიაშიც კი გამოაშკარავდეს იდეა მათ მიღმა.
გვესაუბრეთ გამოფენისა და სერიის სათაურზე. როგორ შეიკრა გამოფენა?
გამოფენის სათაური არის „თავები, თავები, თავები“. სათაურში განმეორებითობა მნიშვნელოვანია, რადგან ხატვისა და მუშაობის დროს მხოლოდ თავებზე ვფიქრობდი და მხოლოდ და მხოლოდ ამ თემას ვამუშავებდი. ზუსტად ეგეთი განმეორებითი მსურდა, რომ ყოფილიყო სათაურიც.
არის თუ არა ამ სერიაში ნამუშევრების რაოდენობა მნიშვნელოვანი, აპირებთ თუ არა ამ თემაზე მუშაობის გაგრძელებას?
ნამდვილად ვაპირებ ამ პროექტზე მუშაობის გაგრძელებას. ჩემი აზრით, ეს არის თემა რომელიც არ წყდება. ყოველთვის იარსებებს სახეები, ადამიანის იდენტობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახეს. მინდა, რომ უფრო და უფრო განვავრცო სერია, სახე არსებობდა ყოველთვის და იარსებებს კიდევაც, ამიტომ მაინტერესებს როგორ ვლინდება ყოველდღიურობაში ადამიანი და სახე, როგორ იქცევა უსასრულობის ნაწილად.
არსებობს რამე კონკრეტული მესიჯი რითიც გსურთ მაყურებელთან დაახლოება, არის პორტრეტები ერთგვარი მედიატორი და რატომ?
ხელოვნება ყოველთვის იცვლება, კონცეპტუალური ხელოვნებაც ყოველთვის იცვლება და ყოველ წელს სხვადასხვაა, ხელოვნების სტილი მუდმივად ვითარდება, თუმცა ერთადერთი რაც რჩება არის ემოცია, რომლის შეგრძნება და განჭვრეტა ადამიანს ყოველთვის შეეძლო. მინდა, რომ ჩემს ნამუშევრებში მაყურებელმა იგრძნოს ემოცია, შეიძლება ვერ დაინახოს კონცეპტი, თუმცა ნამუშევრის განცდა მის გარეშეც შესაძლებელია. მინდა ვისაუბრო ემოციებით და უხილავი ძაფით გავაბა კავშირი. ამასთან ერთად, მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ნამუშევრები არის პორტალივით ემპათიურობასა და ყოველდღიურობას შორის. ხალხს შეუძლია დაინახოს ჩემი ნახატი და შეიგრძნოს არა მხოლოდ სამყარო რომელშიც ის შეიქმნა, არამედ ამ სამყაროში დაინახოს საკუთარი თავიც. ბოლოს და ბოლოს ყველა ერთმანეთს ვირეკლავთ. ვფიქრობ, რომ ეს განცდა ემპათიურს გვხდის.
ესაუბრა თინა ჯანიაშვილი