მემკვიდრეობის ძალა

ბოლო 25 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე დიზაინერმა მოახერხა ჩვენი ყურადღების ისეთი ძალით მიპყრობა, როგორც ეს ალექსანდერ მაქქვინმა შეძლო. ბრიტანელი დიზაინერის მიერ შექმნილი ნამუშევრების სილამაზის, თეატრალობის, სამკერვალო ხელოვნების უმაღლესი დონის ნაზავი და ამბის მოყოლის ხშირად პირქუში მანერა, რომელიც მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა კიდევ უფრო გაამძაფრა, ჯერ კიდევ თან სდევს ჩვენს მეხსიერებას. როდესაც ვინმეს ნამუშევარი ასეთი შინაგანი გრძნობებითაა გაჟღენთილი, ის გადალახავს დროს, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს რათა უნივერსალურ სივრცეს მიაღწიოს. ეს ხომ სწორედ ის სფეროა, რომელსაც გერი ჯეიმს მაქქვინი კარგად იცნობს. ბოლოს და ბოლოს, ალექსანდერ მაქქვინი მუშათა კლასის წარმომადგენელი ინგლისელი ბიჭი იყო, რომელმაც მაღალი მოდის გაჯერებულ სამყაროში დიდ წარმატებას მიაღწია და დაამტკიცა, რომ ნიჭი ყოველგვარ ბარიერებს არღვევს. ლონდონში მცხოვრები მისი ძმისშვილი უნიკალური მემკვიდრეობის განვითარების საქმეს აგრძელებს და ქსოვილების, პრინტებისა და გამაოგნებელი ხელოვნების ნიმუშების კომბინირებით დამაინტრიგებელ ნამუშევრებს ქმნის. 

©SANESEVEN

გერი ჯეიმს მაქქვინმა თავსაფრების საკუთარ ხაზს საფუძველი შარშან ჩაუყარა. ის ერთგული დარჩა ბიძის ისეთი საყვარელი თემების მიმართ, როგორებიცაა მწერები, ჩიტების ხელახალი დაბადება და სიკვდილი. მაქქვინის აკვიატებას როგორც ჩანს, მისი ოჯახიც იზიარებს. მან მაქქვინის შესახებ შარშან გამოსული და კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებული დოკუმენტური ფილმისთვისაც შექმნა პლაკატები. გერი ჯეიმს მაქქვინთან ბიძამისის შესახებ ლაპარაკისას ადამიანი ჯერ კიდევ გრძნობს მისგან გადმოცემულ სიყვარულსა და ხალას ემოციებს. ალექსანდერ მაქქვინი არავის ტოვებდა გულგრილს და ეს მისი ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე იყო. ჩვენ მის ძმისშვილს პრინტების კეთების სიყვარულზე, ოჯახის ცნობილ წევრთან ერთად მუშაობასა და იმაზე სალაპარაკოდ შევხვდით, თუ როგორ იყო ბიძია ლის ცხოვრების ურთიერთგამომრიცხავი ნაწილებისგან შემდგარი გასაოცარი ამბავი. 

მოდის სამყარო ჯერ კიდევ გლოვობს 2010 წელს ბიძათქვენის გაქრობას. რატომ აკლიათ ის ასე? 

ბიძაჩემის სიკვდილმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და მას ნამუშევრებს ახალი ემოციური განზომილება შესძინა. მისი ჩვენებები ადამიანებზე ღრმა ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენდა რაც მანამდე მათთვის უცნობი ამბავი იყო. ვფიქრობ, მოდის სამყაროს ეს ასპექტი ნამდვილად ძალიან დააკლდა. თავს მოდის დიზაინერად არ ვთვლი მიუხედავად იმისა, რომ მის სიცოცხლეში ლის სტუდიაში ვმუშაობდი. მისი ნამუშევრების გადამწყვეტ მხარეს სწორედ ნარატივი წარმოადგენდა, რომელიც ყოველთვის პოლიტიკური არ იყო, მაგრამ ფანტაზიას იყენებდა და მთლიანად მასში იყო ჩაფლული. 

თქვენი მუშაობის მანერას ამას უკავშირებთ? 

დიახ. ხელოვანი ვარ, რომელიც მოდას გარკვეული გრძნობების გამოსახატავად იყენებს და კონკრეტულ იდეებს იკვლევს. მოდის სამყარომ საკუთარი კრეატიულობის გამოხატვის საშუალება მომცა და რა თქმა უნდა, ამას ლის უნდა ვუმადლოდე. 

მაქქვინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის შესახებ რას ფიქრობთ?

რეჟისორი იან ბონოტი (Ian Bonhôte) და პიტერ თიდგი (Peter Ettedgui) პროექტის დასაწყისშივე დამიკავშირდნენ და ფილმისთვის ნამუშევრის გაკეთება შემომთავაზეს. ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან დიდი შემოქმედებითი თავისუფლება მომანიჭეს. ფილმში მანამდე უცნობი დიდი მასალაა გამოყენებული და ის ლის მიერ მშრომელთა კლასის წარმომადგენელი ბიჭიდან მოდის სამყაროს სიმბოლომდე განვლილი გზის შესახებ გვიყვება. ვფიქრობ, ფილმში ნამდვილად მოხერხდა მისი შინაგანი სამყაროს ზუსტად და ავთენტურად ასახვა. 

The Vanitas Skull ©Gary James McQueen & Don Tobin-Smith

ხელოვნების ნიმუშის იდეა რაში მდგომარეობდა? 

მინდოდა, ლის შინაგანი სამყარო ერთ გამოსახულებაში მომექცია, რაც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ამისთვის ყვავილებისა და ჩიტებისგან გაკეთებული თავის ქალა გამომეყენებინა. ოქროსფერი ჩიტები და ორნამენტებით მორთული კომპოზიცია იმაზე დაგვაფიქრებს, როგორად წარმოუდგენიათ გარეშე ადამიანებს მოდის სამყარო. თავის ქალას გარს შემოხვეული ყვავილები ხრწნას განიცდიან და იმ მდგომარეობაში იმყოფებიან, რითაც ლი ასე იყო მოხიბლული. 

რატომაა სიკვდილის თემა თქვენთვის ორივესათვის ასე მნიშვნელოვანი? 

რა არის ცხოვრების აზრი? ჯერ არ ვიცი [იცინის]. ადამიანები მოდის მხოლოდ მომხიბვლელ მხარეს ხედავენ, მაგრამ ზედაპირის ქვეშ რაღაც ბნელი შრეებიც არსებობს. ხელოვანებს სიკვდილის თემა უკვე საუკუნეებია აღაფრთოვანებს და ისინი მას მთელი თავისი სიცოცხლით უპირისპირდებიან. ვფიქრობ, ეს სიკვდილთან ურთიერთობის ერთ-ერთი გზაა. 

ბიძასთან რა ურთიერთობა გქონდათ? 

ლი მხოლოდ ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. დედაჩემი შავი ტაქსის მძღოლი იყო რაც 1980-იან წლებში იშვიათობას წარმოადგენდა. ბავშვობაში ხშირად მტოვებდნენ ხოლმე ბიძასთან. მერი პოპინსის მსგავსი ძიძა ნამდვილად არ ყოფილა. ერთად ვუყურებდით ხოლმე საშინელებათა ფილმებს, რომლებიც მის აკვიატებას წარმოადგენდა. 

მის პიროვნებას მოკლედ როგორ დაახასიათებდით? 

ლი ძალიან მრავალმხრივი ადამიანი იყო. შეეძლო, ძალიან მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ ამავე დროს ბავშვურად მგრძნობიარეც იყო, რაც მისი მოვლის სურვილს გაგიჩენდათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ მასზე უმცროსი ვიყავი. მაინც სულ მქონდა იმის განცდა, რომ უნდა დამეცვა. 

ამის მიზეზი მისი მგრძნობიარე ბუნება იყო? 

დიახ. ძნელია ამის ერთი სიტყვით აღწერა. ვფიქრობ, ეს მის მთლიან სულიერ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ყველა, ვინც ლისთვის მუშაობდა, ამ სამყაროში იყო ჩაფლული. ყოველ ექვს თვეში ერთხელ ასე ხდებოდა ხოლმე. 

მის ცხოვრებას დესტრუქციაც ახასიათებდა. მისი შემოქმედებითობის გათვალსწინებით ამას როგორ ახსნიდით? 

თავად შემოქმედებითი ადამიანი ვარ და ვხედავ, რომ როცა გონებაში ამდენი იდეა გიტრიალებს, ხანდახან კონკრეტული მიმართულების პოვნა მართლაც რომ რთული საქმეა. ეს იდეის განვითარებისა და მასზე მუშაობის შედეგად ხდება. რაც შეეხება დესტრუქციულობას… ახალ იდეაზე მუშაობას ლი ჩვეულებრივ საკმაოდ ენერგიულად იწყებდა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე მის დახვეწაზე მუშაობდა. ის ანადგურებდა ტანსაცმელს იმისთვის, რომ ის ხელახლა შეექმნა. ასე რომ, ეს პროცესი ყოველთვის ძალიან ექსტრემალურ პირობებში მუშაობასთან იყო დაკავშირებული. 

თქვენ მისთვის პრინტებს ამზადებდით, არა? 

მოდის დიზაინი არ მისწავლია. გრაფიკოსი ვარ. ლიმ მომცა საშუალება, მისთვის სტუდიაში პრინტები დამემზადებინა. ეს ის სფერო იყო, რომელზეც ადრე არც კი მიფიქრია. მაგრამ გავაცნობიერე, რომ ეს საქმე მომწონდა და ჩემი თავის ამ ტექნიკის საშუალებით გამოხატვას შევძლებდი. 

მოდის სამყაროში თავს გარეშე ადამიანად გრძნობდით? 

გულახდილად რომ გითხრათ, მოდის სამყაროში თავს სრულიად კომფორტულად ვერასდროს ვგრძნობდი. შესაძლოა იმიტომ, რომ მე თვითონაც მუშათა კლასის წარმომადგენელი ვარ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა. უცბათ ამ სამყაროსთვის დამახასიათებელ უცნაურ სიტუაციებში აღმოვჩნდებოდი ხოლმე, მაგრამ მათთან შეგუება ვისწავლე. დროსთან ერთად ჩემი ტექნიკური უნარ-ჩვევებიც გავაძლიერე რაც იმაში დამეხმარა, რომ სხვადასხვა სამუშაო უკეთ შემესრულებინა. პრინტთან ისე მუშაობ, როგორც სამგანზომილებიან გამოსახულებასთან და ტანსაცმელიც თქვენი ხელოვნების ნიმუშის ტილოდ იქცევა. გამოსახულების მოთავსების ადგილი და წონასწორობის მოძებნა გადამწყვეტი რამაა. ეს არაჩვეულებრივი პროცესია და მე მას ძალიან შემოქმედებით საქმიანობად ვთვლი. ეს ხელოვნებისა და ტექნიკის სრულყოფილი კავშირია, ასე რომ ვთქვათ, „ჩაცმადი ხელოვნება“. 

მოგვიანებით თქვენი საკუთარი კოლექციის შექმნისკენ ამან გიბიძგათ? 

ნამდვილად ასე იყო. ჩემთვის ეს ბუნებრივი განვითარების ნაწილი აღმოჩნდა. არის რაღაც ძალიან პირადი იმაში, რომ ვიღაცას შენი შექმნილი ხელოვნების ნიმუში აცვია. ამას ლის ჩვენებებზე დასწრების დროს მივხვდი. სამოსის მატარებელი ადამიანის პიროვნებას გარკვეული თვალსაზრისით რაღაცას ჰმატებ. როდესაც ქსოვილზე პრინტი გადაგაქვს, ხელოვნების ნიმუშს სირღმის ახალი შრე ემატება. ეს ის ქმედებაა, რომელიც ძალიან მომხიბვლელი მგონია. 

ტანსაცმლის შექმნაზეც ხომ არ გიფიქრიათ? 

ტანსაცმლის დიზაინის შექმნის ბევრი იდეა მაქვს, მაგრამ გადავწყვიტე, ჯერ თავსაფრების კეთება დამეწყო რადგან ამ საქმეს უკეთ გავუძღვებოდი. ახლა კიმონოების შექმნაზე ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს მალე განვახორციელებ. ჩემი აზრით, კიმონოები სრულყოფილ ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ რადგან მათზე პრინტის დასატანად მეტი ქსოვილი გაქვთ. როგორც ქსოვილის დიზაინერს, ამბის თხრობის უფრო ღრმა შესაძლებლობა გენიჭება. ამიტომაც კონკრეტული თემების კვლევას დიდ დროს ვუთმობ. 

საინტერესოა, ამას რომ ამბობთ, რადგან დღევანდელ მოდას თითქოს აკლია ამბის თხრობა. ეს თემა ბიძათქვენის დანატოვართანაცაა დაკავშირებული. 

ადამიანები უნიკალურ საგნებს ეძებენ. ისეთ რამეს, რის სათუთად მოვლასაც შეძლებდნენ. 1990-იან წლებში ლი ბევრი დიზაინერისთვის იმედის შუქურად იქცა და ვგრძნობ, რომ მან საკუთარი თავის თავისუფლად გამოსახატავად ბევრს გაუკვალა გზა. დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა დიზაინერებისთვის ექსპერიმენტების ჩატარება და ბოლოს და ბოლოს თავისი თავის პოვნა ნორმალური ამბავი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ყველანი, ჩემი ჩათვლით, ისედაც ამ კვლევის პროცესში ვართ ჩართულნი. ხანდახან პრინტის დიზაინს როცა ვაკეთებ, ჩემს თავს ვეკითხები, რამდენად მისაღები იქნება ის მოდის სამყაროსთვის. ჩვენ ყველას გვაქვს თვითცენზურა რომელიც გარკვეულ მომენტში გამოჩნდება ხოლმე. სიახლეც სწორედ ამას მოაქვს: არ არსებობს წესების წიგნი. იმას ქმნი, რასაც გრძნობ. 

ბრიტანეთი სხვადასხვა კლასის არსებობის იდეით შეპყრობილი ქვეყანაა. როგორ ფიქრობთ, ეს დამოკიდებულება როდისმე შეიცვლება? 

ლიმ ამას მიაღწია, მაგრამ მოხდა თუ არა ბარიერების მართლაც მოშლა? ლიმ ხალხს ჩაუნერგა რწმენა, რომ მისი მსგავსი კარიერა შესაძლებელი რამ იყო, მაგრამ ვფიქრობ, მოდა მაინც სისხლის აღრევის სფეროდ რჩება. ის მუდმივადაა დაკავშირებული ძალაუფლების თამაშთან და ამგვარ წინაღობებთან გამკლავება მე და ჩემს პროდუქტსაც გვიწევს. 

ამით რას გულისხმობთ? 

არაფერი მაქვს საერთო ალექსანდერ მაქქვინის ცნობილ ბრენდთან, მაგრამ მეც მაქქვინი ვარ ლის მსგავსი შინაგანი განწყობითა და ამბების მოყოლის მანერით და ეს პრობლემებს მიქმნის. 

არიან თუ არა გამყიდველები საკმარისად თამამები იმისთვის, რომ თქვენი პროდუქტი აღიარონ? 

ამ წუთას ჩვენ სხვადასხვა პარტნიორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, თუმცა გაყიდვებს ძირითადად ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ვახორციელებთ. შუა აღმოსავლეთსა და აზიაში ბევრი დაინტერესებული პირი გვყავს, ასე რომ, ევროპის გარდა სხვა ბაზრებსაც ვიკვლევთ. 

ალექსანდერ მაქქვინი დიდ ფუფუნების საგნების ბრენდს მიეკუთვნება და ეს ფაქტი გამყიდველებს გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოაქცევს. ფიქრობთ, რომ კოლექცია ის გზაა, რომლის საშუალებითაც ბიძის ტრადიციები უნდა გააგრძელოთ? 

დიახ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ეს მემკვიდრეობითი თვისებაა და ჩემთვის მოდის სამყაროში მუშაობის ერთადერთ გზას წარმოადგენს. 

ვფიქრობ, ბიძა ხედავდა თქვენს პოტენციალს და შემოქმედებითი თვისებების განვითარების საშუალება მოგცათ, რაც თავისთავად ძალიან დიდსულოვანი და ჭკვიანური ნაბიჯი იყო. 

©AnnRay

დიახ, ის ასე მოიქცა. არ ვიცოდი, ასეთი რამ თუ დამაინტერესებდა, მაგრამ მან ჩემში ეს თვისებები დაინახა. ლი ადამიანებს განვითარების საშუალებას აძლევდა, მაგრამ თავისი პოტენციალი საბოლოოდ მაინც მათ უნდა გამოეყენებინათ. მეც სწორედ ასე მოვიქეცი. ბავშვობაში მუდმივად ვხატავდი წარმოსახვით ფიგურებს და საკმაოდ მდიდარი ფანტაზია მქონდა, რომელიც ნაწილობრივ პატარაობაში მასთან ერთად ნანახი საშინელებათა ფილმებიდან საზრდოობდა [იცინის]. ხუთი წლის ასაკში თვრამეტ წელზე უფროსი მაყურებლისთვის განკუთვნილი ბევრი ფილმი მქონდა ნანახი. 

საშინელებების თემა ყოველთვის იყო მისი, როგორც პიროვნების, ნაწილი. ეს მის ჩვენებებშიც ჩანს. 

ნამდვილად ასეა. მახსოვს, მასთან ერთად ფილმს სკანერები (Scanners) ვუყურებდი. ახლა ვხვდები, როგორ მოახდინა დევიდ კრონენბერგმა მისი გემოვნების ფორმირება. 

წარმოიდგენდით, რომ ბიძათქვენს შეიძლება გრძელი და მშვიდი ცხოვრება ჰქონოდა თუ მისი დრო ძალიან სწრაფად იწურებოდა? ასეთ ტრაგიკულ ბოლოს თუ იწინასწარმეტყველებდით? 

ახლა რომ წარსულ მოვლენებს ვაანალიზებ მესმის, რატომ დასრულდა ლის ცხოვრება ასე ტრაგიკულად. როგორც მისი ძმისშვილი, მეც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მან მომცა საშუალება, მის სამყაროში მეცხოვრა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევას არ ვაპირებდი. მე მისი თანამშრომელი და ძმისშვილი ვიყავი. ვხედავდი, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა, განსაკუთრებით დედის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მისი ემოციური საფარის გარღვევა ძნელი იყო. ის ღმერთის მსგავს ფიგურად იქცა და ყველა ფიქრობდა, რომ იცოდა, რასაც აკეთებდა. 

ამაზე ფიქრი ახლაც ჯერ კიდევ ძნელია? 

ხანდახან თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ მაქსიმალურად არ შევეცადე მასთან ურთიერთობას. 

წარმატებამ მისი, როგორც პიროვნების იზოლირება ხომ არ მოახდინა? 

დიახ. მასთან ერთად გადაღებული ფოტოები არ მაქვს, რადგან არ მინდოდა, ჩემზე როგორც მისი ჯგუფის წევრებზე ეფიქრა და მათ დავმსგავსებოდი, ვინც მასთან ფოტოებს მხოლოდ იმის გამო იღებდა, რომ ის ცნობილი იყო. ლი უბრალოდ ბიძაჩემი იყო და არ მინდოდა, გამეღიზიანებინა. 

მისით აღფრთოვანებული იყავით? 

მისით ბავშვობიდანვე ვიყავი აღფრთოვანებული. ლი ყოველთვის განსხვავდებოდა სხვებისგან. ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭი იყო, როცა მისი წარმოსახვა უკვე სრულიად ველური იყო და არანაირ საზღვრებს არ სცნობდა. 

ფილიპ პურაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top