გარდამავალი ასაკი

KID’S GALLERY

წარმოგიდგენთ

23.05.2022

სიცოცხლის არც ერთ პერიოდს არა აქვს იმდენი სახელწოდება, რამდენიც გარდამავალ ასაკს. გარდამავალის გარდა, მას  უწოდებენ მოზარდობის, გარდატეხის,  კრიზისის, კრიტიკულ, ნეგატიურ პერიოდს. გარდამავალი ასაკი  – ეს  არის  ბავშვობიდან  მოზრდილობაში  გადასვლის პერიოდი.  გარდამავალი  ასაკი  იწყება  10-11  წლიდან  და  15-16 წლამდე გრძელდება. მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ- ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სქესობრივი მომწიფება. სქესობრივი მომწიფების დასაწყისად გოგონებისთვის 12-13 წელი, ხოლო ბიჭებისთვის 13-14 წელი ითვლება. სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან დამთავრებამდე,  ნორმალური  განვითარების  პირობებში, გადის ხუთი წელი. მოზარდის ფიზიკური განვითარებისთვის დამახასიათებელია ე.წ. „ზრდის ნახტომი“, რაც სხეულის სიგრძის ინტენსიურ ზრდაში გამოიხატება. სიმაღლის ასეთი ინტენსიური ზრდა აღინიშნება 13-15 წლიდან, შემდეგ ეს ტემპი ნელდება.

გარდამავალ ასაკში მოზარდები კრიტიკულად აფასებენ თავიანთ გარეგნობას, მტკივნეულად განიცდიან ცვლილებებს. ამ პერიოდში ხშირია გამონაყარი სახეზე, ჭორფლი, რაც გამოწვეულია კანის ჯირკვლების ჭარბი სეკრეციით. ზოგიერთი მოზარდი ნაადრევად მწიფდება, ზოგიერთი – გვიან.

რაც შეეხება ინტელექტუალურ განვითარებას, სწორედ ამ ასაკიდან იწყებს ადამიანი აბსტრაქტული ცნებების უფრო ღრმა გააზრებას და მათ გამოყენებას. ამ პერიოდს ხშირად მღელვარე, მნიშვნელოვანი ცვლილებების ხანად მიიჩნევენ. ფსიქოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არ არის აუცილებელი მოზარდობა მაინცდამაინც მღელვარე იყოს, ის შეიძლება მშვიდადაც მიმდინარეობდეს. ამ ასაკში, როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის მნიშვნელოვანია თანატოლების აზრი მათ შესახებ.

ისინი მთლიანად იზიარებენ თავისი ჯგუფის წევრთა წარმოდგენებსა და გემოვნებას.  ცდილობენ  თანატოლების  მსგავსად  ჩაიცვან,  იხმარონ  იგივე  ტერმინები  (ჟარგონი).  როგორც წესი, მეგობრობენ თავისი სოციალურ-ეკონომიკური წრის წარ- მომადგენლებთან.   ცდილობენ, რომ  ჯგუფის  წევრები  ყველაფრით  შეესაბამებოდნენ   მათ  სტანდარტებს.  გარშემომყოფებთან ურთიერთობისას   მოზარდებს ხშირად  უჩნდებათ სიძნელეები.  მათთვის დამახასიათებელია  მორცხვობა.  ერთი შეხედვით  ისეთი უბრალო რამ, როგორიცაა  თანაკლასელების  წინაშე   მასწავლებლისთვის პასუხის  გაცემა, შეიძლება იწვევდეს სერიოზულ დისკომფორტს, შიშს, ძლიერ შფოთვას. მოზარდი ხშირად მეამბოხეა, აწყობს „ბუნტს“ მშობლების წინააღმდეგ.  მას არ  მოსწონს  მშობლების  შეხედულებები, მათი წესები;  მიაჩნია,  რომ  მათი  აზრები  ძველმოდურია, ამიტომ ხშირად კამათობს და უხეშ პასუხებს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებს  უნდათ  „ბრძოლით“ მოიპოვონ  დამოუკიდებლობა,  მათ  მაინც  სჭირდებათ   მშობლების  სიყვარული   და ზრუნვა;  თუ  მშობლები  არასწორად   რეაგირებენ   შვილების „ამბოხზე“,  შეიძლება სერიოზულად  გაუფუჭდეთ  მათთან ურთიერთობა.

მოზარდებს, განსაკუთრებით ვაჟებს, ეუხერხულებათ თავისი  გრძნობების   გამოხატვა მშობლებისადმი. ზოგჯერ ამ გრძნობებს დემონსტრაციული უხეშობით, „უდარდელობით“, უპატივცემულო  ქცევით ფარავენ.  ჩვენი რეაქცია არ უნდა  იყოს  მწვავე,  რადგან  სინამდვილეში  შეიძლება ამის უკან  იმალებოდეს  ყურადღების  მოთხოვნილება (მომაქციეთ ყურადღებ). ფსიქოლოგიური კონტაქტი მშობლებსა და მოზარდს შორის ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს შესაძლებელია თანამშრომლობა, საერთო საქმით დაკავება. მთავარია, ეს კონტაქტი იყოს ბუნებრივი, სასარგებლო და არა საგანგებოდ დაგეგმილი.

მოზარდის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად და თავისი მოთხოვნებით ის ზრდასრულია, ხოლო  შინაგანი  თავისებურებებითა  და  შესაძლებლობებით ის ჯერ კიდევ ბავშვია. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი მოთხოვნილება, მიიღოს მშობლებისგან სითბო და ყურადღება. მას ჯერ კიდევ უნდა თამაში, ცელქობა, რისთვისაც  არ უნდა უსაყვედუროთ. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია  მოჭარბებული კრიტიკულობა. თუ ადრე, ბავშვობაში, ის ოჯახში მიმდინარე ბევრ მოვლენას ყურადღებას არ აქცევდა ან თავის შეფასებებში შედარებით ლმობიერი იყო, ახლა ის ყველაფერს ემოციურად, პროტესტით  პასუხობს, კრიტიკულად უყურებს და აფასებს, გამოაქვს საკუთარი დასკვნები. ის ხშირად კატეგორიული და უკომპრომისოა.  მან იცის მხოლოდ ცუდი და კარგი, შავი და თეთრი. ნაცრისფერი  არ არსებობს. ის ნამდვილი მაქსიმალისტია.

მოზარდი ბაძავს უფროსებს, პირველ რიგში ის მათ ბაძავს გარეგან, თვალშისაცემ გამოვლინებებში (სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, ჟარგონი, ტანსაცმელი,  ვარცხნილობა, აქსესუარები, კოსმეტიკა). ეს მოწიფულობის  მიღწევის მარტივი გზაა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, რომ ის უკვე დიდია.

მშობლები ამჩნევენ, რომ მათ შვილებს მაგნიტივით იზიდავს  ქუჩა  და  თანატოლები.  ხშირად  ეს  იმის  გამო  ხდება, რომ მშობლები  არ ცვლიან  მოზარდებთან  დამოკიდებულების სტილს, მათ ისევ ბავშვებად მიიჩნევენ და ურთიერთობას აგებენ  „მორჩილების“ პოზიციიდან,  მოზარდები  კი ითხოვენ „თანამშრომლობას“. მოზარდი თავს დიდად თვლის და პრეტენზიას აცხადებს ახალ უფლებებზე, უფროსებისთვის კი ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა; თუ ეს წინააღმდეგობა დარჩება, კონფლიქტები გარდაუვალია. თუ გინდათ, რომ მოზარდ შვილთან გქონდეთ კარგი ურთიერთობა, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები,  უნდა შეიცვალოთ პოზიცია – მფარველიდან, მეურვიდან უნდა იქცეთ მეგობრად.

ბავშვის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას თვით მშობელი უშლის ხელს –  ზედმეტი მზრუნველობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, არავითარი დამოუკიდებლობა. ყველაფერი ეს ხელს უშლის ადამიანის ზრდას. ამავდროულად,   მშობელს არ მოსწონს შვილის ბავშვურობა.

მისი  თანატოლები  უკვე…, იქმნება  შეკრული  წრე, მშობელი აღშფოთებულია  შვილის ინფანტილიზმით,  ამავე დროს თვითონ არ აძლევს მას დამოუკიდებლობას  და ამით მხოლოდ ეწინააღმდეგება მის ზრდას. ბავშვი ვერ სწავლობს ყოველდღიური სიძნელეების გადალახვას, მუდამ სხვებზეა დამოკიდებული, არ შესწევს გადაწყვეტილების მიღების უნარი. ეს ყველაფერი მომავალში ბევრ სიძნელეს შეუქმნის. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიურად მოზარდი უკვე მზად არის თავის თავზე ბევრი ვალდებულება აიღოს.

სრულფასოვანი ურთიერთობისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებისთვის უპირველეს როლს ასრულებს მეგობრული სიახლოვის, რწმენისა და თანასწორობის განცდა:

მოზარდის  მდგომარეობის სპეციფიკა  იმაში  მდგომარეობს, რომ ის იმყოფება ორ ჯგუფს – ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის. იმის გამო, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის, ცდილობს უფროსობას, მაგრამ უფროსები ჯერ არ იღებენ თავიანთ რიგებში. ითვლება, რომ რაც უფრო მეტია განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის, მით უფრო მეტი სიძნელეებითაა აღსავსე მოზარდობის ასაკი;

მოზარდობა – ეს არის ასაკი ზრდისა ზრდასრულობისკენ. ვაჟი ნელ-ნელა კაცდება, გოგონა კი ქალი ხდება. ამას უკავშირდება არა მარტო ცნობიერებისა და თვითცნობიერების გარდაქმნა, არა მარტო გარეგნობის შეცვლა, ფიზიოლოგიური გადაწყობა, არამედ ცვლილებები ურთიერთობაში მშობლებთან,   გარშემომყოფებთან, თანატოლებთან;

ბავშვი 5 წლამდე მშობლის კერპია, 6-დან 11-მდე – მისი მორჩილი, 12-დან ზევით – მეგობარი.

                                                                                                       KidsGallery.ge

ფსიქოლოგი:  ჯანა კახიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top