ერვინ ოლაფის  ინტერესი ფოტოებისადმი 1988 წლიდან დაიწყო, მისი პირველი სერიიდან სახელწოდებით „შახმატის მოთამაშე“. ამით ის ახალგაზრდა ევროპელი ფოტოგრაფების კონკურსის პირველი პრიზის მფლობელი გახდა. ამ დღიდან მოყოლებული, თანდათან გაიზარდა ოლაფის ინიციატივების მასშტაბი და აღიარება, რომელიც ფოტოსერიებმა და მულტიმედიურმა ნამუშევრებმა (მაგალითად: „წვიმა“ (Rain, 2004), „იმედი“ (Hope, 2005), „მწუხარება“ (Grief”, 2007), “შემოდგომა“ (Fall, 2008), „სასტუმრო“ (Hotel, 2010), „ლეიდენის ალყა და რელიეფი“ (The siege and relief of Leiden, 2011), „ბერლინი“ (Berlin, 2012), „მოლოდინი“ (Waiting, 2014) და ა.შ.) მოუტანა. ოლაფის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი კი ნოხელოვნებაა. საკუთარი ფოტოპროექტებისთვის ის თავად იღებს ფილმებს და დამთვალიერებელს ფოტოებთან ერთად სთავაზობს. მასთან გაძლიერებულია ხელოვნების დარგების სიმულტანურობის ძალა. ის ოსტატურად ახერხებს დააბალანსოს კომერციულსა და მხატვრულს შორის გავლებული ზღვარი. ერვინ ოლაფი „ამარტა“-ს სტუმარია.

„თუ გინდათ მიცნობდეთ, ნახეთ ჩემი ფოტოები“ აღნიშნავთ. რა აქვს ფოტოგრაფიას ისეთი, რითაც ასეთი რთული ამოცანის ამოხსნაადამიანის შეცნობა შეუძლია?

ეს კომენტარი , ადამიანად ყოფნაზე მეტად,  არტისტად ყოფნას ეხება. მე მჯერა, რომ კარგი ხელოვნება ყოველთვის გეუბნება რაღაცას არტისტის შესახებ. ნამუშევარი, რაღაც მხრივ, არტისტის გაგრძელება უნდა იყოს. ეს თუ გვემახსოვრება, ჩემს ამოცნობასაც შეძლებთ და იმისაც, თუ რას ვფიქრობ / რა დევს ჩემს ნამუშევარში. 

თქვენი ფოტოები თხრობითია. აღბეჭდვის კი არა, თხრობის ასეთი სურვილი, გნებავთ წყურვილი, თქვენი პირველადი პროფესიის – ჟურნალისტიკის დამსახურებაც ხომ არ არის?

სინამდვილეში,  ჟურნალისტი არასოდეს ვყოფილვარ. ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობა ჟურნალისტიკის სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე. 

მე ძალიან ცოცხალი წარმოსახვა მაქვს და მგონი თხრობის წყურვილიც ამ წარმოსახვითაა შთაგონებული, აგრეთვე მოტივაციით, რომ შევქმნა იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ლამაზი სურათები. იდეის კომპლექსურობა კიდევ უფრო რთულად თხრობას მოითხოვს. 

თქვენი მოსაზრებების თუ ინტერვიუების გაცნობისას უფრო თვალშისაცემი ხდება, რომ შედეგს, რომელსაც ყოველ ჯერზე აღწევთ, დიდი კვლევითი სამუშაო განაპირობებს. ხშირად ხართ მკვლევარი, ხელოვნების ისტორიის მცოდნე, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი; როგორ ფიქრობთ, შეიძლება თანამედროვე ხელოვანი არ იყოს მკვლევარი და ისე მიაღწიოს მიზანს?

მე ინდივიდუალობის მწამს. ვიცი ჩემს შემთხვევაში რა იმუშავებს და უფრო ჩახლართული / მრავალშრიანი მონათხრობის გადმოსაცემად საგულდაგულო წინასწარი კვლევა მჭირდება.

ზუსტად ახლახანს დავამთავრე ახალი სესიების გადაღება შანხაიში. სანამ მე და ჩემი გუნდი იქ წავიდოდით, ჩინური ტრადიციების შესახებ მთელი კვლევა ჩავატარეთ, ფერის მნიშვნელობა, ქვეყნის ისტორია და ა.შ . მე მართლა მინდოდა ეს ელემენტები ჩემს ფოტოებში ჩამერთო. 

ამარტასახალი ნომრის მთავარი თემა დაკავშირებულია თეთრთან, რასაც თქვენს ფოტოებსა და ფილმებში მნიშვნელოვანი  ადგილი  უჭირავს. რითი არის თქვენთვის გამორჩეული?

უმანკოების ფერი (სინამდვილეში ეს ერთი კი არა, ყველა ფერია), ხელახლა დაბადების, სისუფთავის ფერი. ეს სიმბოლოები ფოტოგრაფიაში გამოსაყენებლად ძალიან ლამაზია. აგრეთვე, თეთრი თეთრზე მშვენიერი გამოდის. 

თეთრი თეთრზეგამოსახვაზე თუ ვსაუბრობთ,  ნამდვილად განსაკუთრებულია საკმაოდ სკანდალური  სერიასამეფო სისხლი“. მასში სამეფო გვარის იმ წარმომადგენლებზე გვიყვებით, რომლებიც მოკლეს. ამ სერიის შექმნისკენ ამდენმა ტრაგიკულმა ისტორიამ გიბიძგათ?

ეს სერია შთაგონებული იყო უფრო ჩვენი საზოგადოებით, რომელსაც მანიაკალურად იტაცებს ახალგაზრდობა და ცნობილი ადამიანები, განსაკუთრებით კი მკვდარი ცნობილი ადამიანები, ძალადობა და სიკვდილი. პრინცესა დაიანას სიკვდილით მოგვრილმა მწუხარებამ მთელი ქვეყნები ჩააგდო შოკში, რამაც მართლა გამაოგნა. ამან და კიდევ ჩვენმა მუდმივად მზრდადმა გატაცებამ ახალგაზრდობით, მკვრივი კანით, შთამაგონა სულ უფრო ახალგაზრდა მოდელებით გამეკეთებინა სერია. 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ნამუშევრებში ერთნაირად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ავეჯს, ტანსაცმელს და სხეულს, ვფიქრობ, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით შთამაგონებელია თქვენთვის. აღნიშნავთ, რომ აზიური კანი, სხეული გამორჩეულად მოგწონთ  და უხდება ფოტოგრაფიას.  კიდევ როგორი სხეულია თქვენი ინსპირაციის წყარო?

როგორც ახსენეთ, კანი, სხეულის ჩემი საყვარელი ნაწილია. განსაკუთრებით კანი შავ-თეთრ ფოტოზე. მე ძალიან მიყვარს ნიუანსები. მართლაც მშვენიერია ის, თუ როგორ ირეკლავს ის სინათლეს… სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დავუბრუნდი ფოტოლაბორატორიას ჟელატინ-ვერცხლის პრინტების კვლავ დასამზადებლად იმიტომ,  რომ მათსავით კანს ვერაფერი ასახავს. 

თქვენი ე.. “კონცეპტუალურ-პროვოკაციული სტილიაღმოჩნდა ერთგვარი სატყუარა, რაზეც ძლიერი სარეკლამო სამყარო წამოაგეთ. რა მოგცათ და რა განაპირობა ამ ძალასთან თანამშრომლობამ?

რეკლამის სამყარო თანამშრომლობისთვის  შესანიშნავია. შენ იწყებ მუშობას ხალხთან, რომელიც გიწვევს და რომლებთანაც შეგიძლია განიხილო, როგორ გაიტანო შენი იდეა. რეკომენდაციების კრებულის მეშვეობით, მართლა კარგად უნდა მოიფიქრო და გათვალო, რას გადმოსცემ. ეს აგრეთვე ახალი გამოცდილებისა და ტექნიკის შეძენის შესანიშნავი გზაა.  არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი-  ფული. სარეკლამო სფეროში მუშაობამ შესაძლებლობა მომცა ჩემი პირადი სამუშაო დამოუკიდებლად მეკეთებინა. 

არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი ბრძანდებით. მათ შორის რომელიმე თუ არის თქვენთვის განსაკუთრებული და რატომ?

იოჰანეს ვერმეერის პრიზი იყო  გამორჩეული. ძალიან დიდი პატივი იყო ასეთი პრიზის მიღება. აგრეთვე, სწორედ პრემიის ფულით შევძელი „ბერლინის“ (2012) გადაღება, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ასევე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გადასაღებ მოედანზე  პირადად ჩემს სამუშაოს ვასრულებდი. 

ფოტოგრაფიის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ძლიერდება. თქვენი შემოქმედების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მისთვის დაუძლეველი არაფერია. ტექნიკიდან თუ ფაქტურიდან დაწყებული, გამოსახვის თემებით დამთავრებული. არის თუ არა ისეთი რამ, რაც ფოტოგრაფიით არ გამოდის  და სხვა მედიუმების გამოყენებისკენ გიბიძგებთ?

მე ინსტალაციებისკენ გადავინაცვლე. ერთ მედიუმზე მეტის ჩართვით უფრო მეტად  ვუღრმავდები მთელ ამ გამოცდილებას, არამარტო დანახვის შეგრძნებას. მაგალითად, მე გავაკეთე „გასაღების ჭუჭრუტანა“, მესამე ინსტალაცია, სადაც მნახველს გასაღების ჭუჭრუტანაში გახედვას სთავაზობენ. მაყურებელი ინსტალაციის ნაწილი ხდება. მან წესიერად არც იცის, რას უყურებს – არის ეს მოსიყვარულე დედა? ან იქნებ ცუდად ეპყრობიან? ინსტალაციაში მონაწილეობის მიღება უფრო მრავალმხრივ გამოცდილებას იწვევს. 

მე ძალიან მაინტერესებს საკუთარი თავის გამოსახატად უფრო მეტი გზის პოვნა, იქნება ეს მოძრავი გამოსახულება, ქანდაკებები თუ სხვადასხვა ელემენტების კომბინაცია უფრო ღრმა გამოცდილების შესაქმნელად. 

მუდმივად  ცდილობთ,  ადამიანები, რომლებსაც გამოსახავთ, შესაბამის გარემოში მოათავსოთ. არქიტექტურულ დეტალებთან დაპირისპირებით თუ მარტო დატოვებით, განსაკუთრებულ ინტერიერში ჩასმით თუ კოსტიუმების ჩაცმით, ჩამოხსნათ ნიღაბი და გვაჩვენოთ ემოციებისამარა, ნამდვილი. რამდენად რთულია თანამედროვე ადამიანისთვის ნიღბის ჩამოხსნა და მისი შეუნიღბავად აღბეჭდვა?

მობილური ტელეფონებით, ინსტაგრამითა და სნაპჩატის მეშვეობით უფრო იოლი გახდა ნიღბის მოშორება, მაგრამ აგრეთვე სულ ახალი ნიღბის შექმნაც, მეორე ან მესამე ცხოვრების… თავისუფლება, რომელიც ახლა გვაქვს ჩვენი ნამდვილი ემოციების გამოსახატად, მასკარადად გადაიქცა… რა ირონიულია. 

მე უნდა შემიყვარდეს იმისთვის, რომ გადავიღო ფოტოო, გითქვამთ. იქნებ გაიხსენოთ და მოგვიყვეთ თუნდაც  ერთი ისეთი ისტორია , რომელიც ასახულიათ ქვენთან

ეს ასე სიტყვასიტყვით გასაგები არ არის. როგორც ფოტოგრაფი, მართლა უნდა იყო დაკავშირებული შენს გადასაღებ სუბიექტთან, ყოველ შემთხვევაში – მე უნდა ვიყო. ისე უნდა ვიგრძნო თავი, თითქოს ჩვენ ორის გარდა სამყაროში არავინაა.თუ ძლიერ კავშირს ვიგრძნობ, შემიძლია, ჩემს სუბიექტთან ერთად რაღაც ღირებული შევქმნა. 

ხელოვნების ძალების სიმულტანურობა თქვენს შემოქმედებაში აძლიერებს ზემოქმედების ძალას მაყურებელზე. და აღნიშნავთკიდეც, რომ ყიდით ემოციას და არა პროდუქტს. ბევრია დღეს თანამედროვე ხელოვნების მყიდველი და ფოტოგტრაფიის შეგროვებით დაინტერესებული? 

დიახ, რა თქმა უნდა. ფოტოგრაფია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმავლობას განიცდის. უნდა დავამატო, რომ ბოლო წლებში ინტერესი ცოტა არ იყოს სხვა მიმართულებითაც წავიდა, მაგრამ ფოტოგრაფია უკვე დამკვიდრებულ სახელოვნებო ფორმად მიიჩნევა. 

ერთერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ ოცნებობთ ოპერის დადგმაზე. კონკრეტულად რომელზე ფიქრობთ და ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ?

ახლა კონკრეტულ ოპერაზე არ ვმუშაობ, მაგრამ მოლაპარაკებები მაქვს საოპერო სახლთან. ასე რომ, ეს ყველაფერი ცოტათი უფრო კონკრეტულია, ვიდრე უბრალოდ სურვილი, მაგრამ ოპერამდე ფილმის გადაღებას ვაპირებ, არტურ ჟაპინის წიგნის ეკრანიზაციის („ლუსიას თვალებში“). 

დღეს რომ ფანტაზიის ნაყოფი გვგონია, ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს. კითხვას, როგორი შეიძლება იყოს ის გარემო და ტენდენციები, რითაც მომავალში ვიარსებებთ, კარგად პასუხობთ ფილმებში. მათში იკითხება თქვენი წარმოსახვითი სამყაროც და დამოკიდებულება (ირონიულგროტესკულიც) მომავლისადმი. თქვენი ფანტაზიების წინასწარმეტყველების თუგჯერათ?

ჩემი პროგნოზები მეტაფორებად უნდა იქნას აღქმული და არა სიტყვა სიტყვით. ასე რომ, იმედი მაქვს, ჩემი ნამუშევრების ნახვისას ხალხი ამას გაითვალისწინებს. 

თამარ კიკნაველიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top