ექსპერიმენტული პროექტი ,,ვიბრაცია’’

თსსა საგამოფენო სივრცეში

15.01.2023

საგანმანათლებლო-შემოქმედებითი, ექსპერიმენტული პროექტი ,,ვიბრაცია’’
თსსა მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და პედაგოგებმა დეკემბერში წარმოადგინეს.

პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მგალობლიშვილი

სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები:
ნინო მგალობლიშვილი, ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე, ნინო ჯაში.
სტუდენტები, კურსდამთავრებულები:
ასლამაზაშვილი ნაო, აკოპიანი მილენა, ზურაბიანი დინარა, კერტიშვილი ნინი, კორობკოვი დიმა, ნიკვაშვილი ნია, ტაბლიაშვილი მარიამ, შერმანი დავითი,  ხორნაული ბარბარე, ჯინჭარაშვილი გვანცა.

პრობლემა, თუ როგორ უნდა გახდეს განათლების მიღების პროცესი უფრო ეფექტური, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მუშავდება სხვადასხვა მიდგომები. ახალი ტექნოლოგიები და მუდმივი ცვლილებები გვაიძულებს ვიყოთ უფრო დინამიური და მზადყოფნაში.

პროექტი ,,ვიბრაცია” ორიენტირებულია სტუდენტებში სპეციფიკური დიზაინერული აზროვნების (Design thinking) განვითარებაზე, განათლების ახალი შინაარსის, ფორმებისა და მეთოდების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემუშავებასა და ექსპერიმენტულ გადამოწმებაზე, სტუდენტებისათვის თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის უზრუნველყოფაზე ….

„ვიბრაცია“

მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უზარმაზარი ზღვა, რომელიც გამუდმებით ვიბრირებს და მატერიის პირველადობის გარდაქმნას, მოდიფიკაციას, ტრანსფორმაციას ქმნის.

ვიბრაციის პრინციპი ნებისმიერი პროცესის განვითარების საფუძველია. მასში ჩადებულია ყოფიერების სხვა ფორმაზე გადასვლის, ახალი სახის, ახალი შინაარსის, ახალი ფუნქციების შეძენის იდეა. ასევე –  აზრები, გრძნობა, იმპულსი, სულისა და გონების მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია (ნიკოლა ტესლა/Nikola Tesla).

ტრანსფორმაციისა და გარდასახვის გარეშე მატერიის პირველადობა დარჩება ცარიელ არაფრისმთქმელ ფორმად, ვულგარულ ფიქსაციად – შემოქმედებითი პროცესი არ შედგება. ხელოვნებაც ამ სასწაულებრივი ვიბრაციის ზეწოლას ექვემდებარება.

წარმოდგენილი მხატვრული სახეები, უპირველეს ყოვლისა პირველადი მატერიის ცვლილების დინამიკა და თავად საგნის არსის გარდაქმნაა. მოცემულობის შინაარსობრივი მხარე ძირითადად დაკავშირებულია ფორმების პარადოქსებთან და მნიშვნელობების თამაშთან. ასეთი განვითარება უმეტეს შემთხვევაში ეფუძნება დავალების იმ ტიპს და არჩეულ ტექნიკას, რასაც შემოქმედს ამ შემთხვევაში „ვიბრაციული მდგომარეობები“ კარნახობენ.

ჩვენ ვაჩვენებთ, თუ როგორ ეხმარება ვიბრაციული მექანიზმის მაგიური ხასიათი „მას – რაც – არის“ გახდეს „ის – რაც – უნდა – იყოს“ და შექმნას ის, რაც უკვე „სხვაგვარია“.

პროექტის ფორმატი აერთიანებს 4 კონცეფციას:
„კომბინატორიკა/COMBINATORICS“, „რეციკლირება“, „გარდასახვა“, „დატოვე კვალი“.
თითოეული კონცეფცია წარმოადგენს განსხვავებულ ფორმატს და ორიენტირებულია მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტთა საპროექტო საქმიანობაში ჩართულობაზე.

„კომბინატორიკა/COMBINATORICS“
ჯგუფის ხელმძღვანელი: ნინო მგალობლიშვილი
სტუდენტები: დავით შერმანი, მილენა აკოპიანი, ნაო ასლამაზაშვილი, ასევე კურსდამთავრებული: მარიამ ტაბლიაშვილი.

ფორმატი: ინსტალაცია (8 პანო, 5 ობიექტი);
ტექნოლოგიები (Handmade made): წნულით მიღებული ქსოვილები (V.Vasarely-ს კომპოზიციების ინტეპრეტაცია), სხვადასხვა ტექსტური ვერსიები, ვიდეო არტი; პანო: 3/4 მ.

ექსპოზიცია შედგება ობიექტების სერიებისგან და სიბრტყობრივი კომპოზიციებისაგან, მათზე განლაგებული ელემენტები, აყალიბებს მორფოტიპების  ახალ კომბინაციებსა და ახალი შინაარსის ფორმებს;

ვიბრაციული ეფექტების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება ოპტიკური ილუზიებისა და ეფექტებისაგან მიღებულ ვიზუალურ სტიმულებს, როგორებიცაა:

გრაფიკული ცვლილებებით და მორფოტიპების კომბინაციებით ფორმის ფუნქციური ცვალებადობა;

ფორმების კონტაქტები, პერმუტაციები;

ევრისტიკული მეთოდებით მიღებული 3D გამოსახულების (Optical Art) სივრცული ობიექტები;

მოქნილი, გრაფიკული ორნამენტაცია (ურღვევი ციკლური ჯაჭვების რაპორტულად განთავსება, გრაფიკული შავ-თეთრი ტონები და ქსოვილის ზედაპირული დამუშავება და ა.შ.).

„რე/ციკლირება“
ჯგუფის ხელმძღვანელები: ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე
კურსდამთავრებულები: ბარბარე ხორნაული, გვანცა ჯინჭარაშვილი

ფორმატი: ინსტალაცია (5 პანო, 6 ობიექტი);
ტექნოლოგიები (Handmade made): ეკო პრინტი, ვიდეო არტი; პანო: 3/4 მ.

ეთიკა მოდის დიზაინში – ძლიერი, განვითარებადი, პერსპექტიული მიმართულებაა, რომლის ყურადღების ცენტრშია მთავარი – ჭეშმარიტი ღირებულება, გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტა დიზაინის სფეროში.

რე/დიზაინი, ტრანსფორმაციები თემაზე ,,მწვანე სიცოცხლე’’ – მწვანე, როგორც სიცოცხლის, მომავლის იმედის, განვითარების, სიმშვიდის, განახლების, ევოლუციისა და ბუნების ფერი – ასოცირდება ეკო-თემებთან.

ეკო პროექტირება – დაფუძნებულია ეთიკისა და ღირებულებების ახალ სისტემაზე, ორიენტირებულია ჰუმანურ დამოკიდებულებასა და ეკოლოგიური ეთიკის პრინციპების დაცვაზე ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულებაში. გარემოს პატივისცემის მქონე პროდუქტების შექმნით და ახალი კონფიგურაციით შესაძლებელია შევაჩეროთ ეკო-სისტემების დეგრადაცია, ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და გვერდითი ეფექტები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ეკოსისტემებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„გარდასახვა-ტრანსფორმაცია-მეტამორფოზა“

ხელმძღვანელები: ეკატერინე ჩხუტიშვილი, მარიამ ბერიძე
კურსდამთავრებული: ნია ნიკვაშვილი

ფორმატი: ინსტალაცია (5 ობიექტი)
ტექნოლოგიები (Handmade made): ეკო პრინტი,  ვიდეო არტი

ეკო-დიზაინი, როგორც პროდუქტის განვითარების პროცესის ეტაპი, მიზნად ისახავს პროდუქტის გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
უდანაკარგო დიზაინი (ტექსტილური იმპროვიზაციები ) – ტრადიცია და კულტურა, ინოვაცია – როგორც შემოქმედებითი ინსპირაცია მოდისთვის. კულტურული არქეტიპები, საქართველოს მთიან რეგიონში მცხოვრები ხალხი, მათი ჩაცმულობა, რწმენა, წარმოდგენები, სიმბოლოები. მათი სამოსი განსაკუთრებულ ხასიათს ატარებს, თავსაბურავისა და სამოსის ურთიერთობა თავისებურ იერს ქმნის, გამოხატავს ფორმის ტრანსფორმაცის პროცესს.

ექსპერიმენტალური შემოქმედებითი მიდგომებით ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების ტესტირება – უდანაკარგო კონსტრუქციებისა და ტექსტილური ტექნოლოგიების იმპროვიზაციებით ფორმის პროექტირება – იდეიდან დიზაინ-პროდუქტამდე.
საკვანძო ნიშანი: არქეტიპი – ხე, როგორც სიცოცხლის სიმბოლო (ინსტალაცია, როგორც დიზაინ-პროექტირების პროცესის დემონსტრირება, რომელიც საკუთარ თავში პერფორმანსს ემსგავსება)

დატოვე კვალი

ჯგუფის ხელმძღვანელი: ნუცა ჯაში
სტუდენტები: ზურაბიანი დინარა, კერატიშვილი ნინი, კორობოკოვი დიმა.

ფორმატი: პერფომანსი;
ტექნოლოგიები (Handmade made): პაპიე-მაშე/Papier-mâché, ვიდეო არტი.

კონცეფცია ეფუძნება ოთხ ბაზისურ ელმენტს: ინტერვენცია, ვიბრაცია (მოქმედება), უწყვეტი დრო და დამოკიდებულება. ოთხივე ელემენტი ვიბრირებს საერთო მიზნისკენ – „დატოვო კვალი“, ე.ი., საკუთარ თავზე იღებ მოვალეობას, გააკეთო ყველაფერი, რომ იყო უფრო მეტი, ვიდრე რიგითი. შენს გარშემო ყველაფერი ვიბრირებს და რეალობას საკუთარი ცნობიერების სიხშირით ჰქმნი.

გადადგი ნაბიჯი ისე, რომ არასდროს დაიკარგო, შესძელი მზეს შეუერთდე და აიძულო შენთვის იკაშკაშოს, მოგცეს შანსი – „დატოვო კვალი“.

ნინო მგალობლიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top