პირველი ქალი ელექტრონული მუსიკის სადავეებთან

„1775 წელს,როდესაც გაუთავებელი ამბოხებებითა და რევოლუციებით დაფლეთილ საფრანგეთის სამეფოს ქვეყნის დასაცავად  რეგულარული ჯარის ათიათასიანი კონტინგენტის შეკრებაც კი უჭირდა, პროვინციულ ქალაქ აიაჩოს ქუჩებში მოთამაშე ერთი პატარა ბიჭი თანატოლებს ჯგუფებად ყოფდა და მათ სამხედრო სტრატეგიულ თამაშებს ათამაშებდა…სულ მალე მის სახელს მსოფლიო გაიგებს, რადგან ამ პატარას ნაპოლეონ ბონაპარტი ერქვა“.

დარწმუნებული ვარ,ყველა თქვენგანს   არაერთხელ წაგიკითხავთ რამე ამ ამბის მსგავსი ბანალური დასაწყისი, ამბისა, რომელიც ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე განსაკუთრებით წარმატებული ადამიანის ცხოვრებას ეხება,თუმცა ჩვენი შემთხვევა ოდნავ სხვაა.

თითქმის 200 წლის შემდეგ, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, შემოდგომის  ერთ ნისლიან დილას კენტის საგრაფოში  მდებარე პატარა სახლს ლამაზი მანქანა მიადგა, საიდანაც ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა გადმოვიდა და იკითხა, მართლაც აქ იყო სტუდია ორამიკსი, თუ გზა აებნათ. დიასახლისმა ისინი პატივით მიიღო, ფინჯანი ყავის შემდეგ  სტუდიაც დაათვალიერებინა და უჩვეულო  ხმათა საკუთარი კოლექციაც  გააცნო.ახალგაზრდები ყველაფერს დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ, მერე  კი  მუდმივი მოუცლელობა მოიმიზეზეს და მანქანისაკენ გაიჩქარეს.

  • ვინ  ხართ,ბიჭებო? – მიაძახა მათ დიასახლისმა.
  • მუსიკოსები ვართ, ლივერპულიდან,– უპასუხეს სტუმრებმა და გზას გაუდგნენ.

ერთი ლეგენდის თანახმად, ასე ეწვივნენ ლენონი და მაკარტნი დაფნა ორამის სტუდიას, რადგან იმ დროს,  ჯგუფ,,ბითლზის’’  წევრები განსაკუთრებით დაინტერესებულები იყვნენ ყოველგვარი ინოვაციით მუსიკის სამყაროში.

ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განსხვავებით, დაფნა ორამი იმ დროს სულაც არ იყო პატარა და დიდი ხანია ეზოში აღარ თამაშობდა, პირიქით, თავისი ეპოქის ცნობილი მუსიკოსების უმრავლესობას ის ლამის დედადაც კი ეკუთვნოდა.

ხმის ბუნების შესწავლით გატაცებული დაფნა თავისი პატარა სოფლის სახლში  მშვიდად და გულმოდგინედ აკეთებდა  საყვარელ საქმეს– ატარებდა ექსპერიმენტებს მუსიკის.

სრულად ახლებური ჟღერადობის აღმოსაჩენად, საქმეს, რომელიც მალე  მსოფლიო მუსიკას ძირეულად შეცლის, ხოლო ორამს ელექტრონული მუსიკის დედამთავრის სახელს მოუტანს.

შოუბიზნესი და ვარსკვლავური ცხოვრება მას არასოდეს იზიდავდა.1925 წელს არქეოლოგის ოჯახში დაბადებული, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული დაფნა თავიდანვე იჩენდა ინტერესს მეცნიერებისა  და კვლევებისადმი.  მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მუსიკასა და  ხელოვნებას მიუძღვნა, თავისი არსით ის მაინც უფრო მეცნიერი იყო. ალბათ, სწორედ ამ მიზეზით თქვა მან უარი სამეფო მუსიკალურ კოლეჯში შესვლაზე და ბი–ბი–სის სტუდიაში ხმის ინჟინრად მუშაობა არჩია.

სწეორედ ეს ნაბიჯი აღმოჩნდა გადამწყვეტი მისი და მრავალი სხვა ადამიანის მომავლისათვის.

ზემოთ ნაპოლეონი ვახსენეთ და როგორც ჩანს, არც მთლად უმიზეზოდ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დაფნას სამხედრო სამსახურთან არასოდეს ჰქონია შეხება, ომმა მაინც დიდი როლი ითამაშა მის კარიერაში. 1942 წელს, როდესც მას 18 წელი შეუსრულდა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა და თითქმის ყველა შრომისუნარიანი ბრიტანელი მამაკაცი ან საბრძოლო მოქმედებებში ან მათთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში იყო ჩაბმული. სწორედ ამ მიზეზით მიეცა შანსი ახლაგაზრდა გოგონას ბი–ბი–სის სტუდიაში ხმის ინჟინერის პოზიცია მიეღო, რაც იმხანად გაუგონარი ამბავი იყო.მართალია, მისი სამსახურებრივი მოვალეობები მხოლოდ ორკესტრებისა და  სხვადასხვა გადაცემის ჩაწერით შემოიფარგლებოდა. დაფნა თავიდანვე  არ დასჯერდა ამას და სულ მალე  მკვლევარის სულისკვეთებით განმსჭვალულმა გოგონამ მის ხელთ არსებულ უამრავ ჩანაწერზე დაყრდნობით ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ დაფნა გვიანობამდე რჩებოდა სტუდიაში. ამ დროს იგი ჩანაწერებს ფრაგმენტებად ჭრიდა. თავიდან ქაოსურად აწებებდა, ზოგჯერ ჩანაწერს უკუღმა ატრიალებდა ან დაკვრის ტემპს ცვლიდა. შედეგად მის  სტუდიაში სრულიად ახალი, ჯერ არნახული და არგაგონილი ბგერები იბადებოდა. რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად,  დაფნამ ბგერათა უნიკალური კოლექცია მოაგროვა, რომელსაც იმხანად არანაირი გამოყენება არ ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს ბი–ბი–სის წინაშე ახალი ამოცანა დადგა, არა მარტო ჩაეწერათ შემსრულებლები, არამედ  მუსიკალურად გაეფორმებინათუკვე საკმაოდ პოპულარული შემეცნებითი გადაცემები და სწორედ ამ მიზანს  საუკეთესოდ მოერგო ორამის მიერ შექმნილი ახალი ჟღერადობა.

მისი პირველი დიდი წარმატება  ჟან ჟიროდუს პიესის – „ამფიგრიონ 38“–ის რადიოვერსიისათვის საუნდტრეკის შექმნა გახლდათ. ამ მუსიკის შესაქმნელად,  ორამმა ხმის ელექტრონული გენერატორი, მაგნიტოფონი და მის მიერვე შექმნილი ფილტრები გამოიყენა. ეს მედიასაშუალების მიერ,მსოფლიო იტორიაში ელექტრონული მუსიკის გაჟღერების პირველი შემთხვევა იყო. პროექტის წარმატების ფონზე გადაწყდა, ბი–ბი–სის სტუდიაში სპეციალურად ხმის დიზაინზე სამუშაოდ შექმილიყო ლაბორატორია, რომელსაც ეწოდა BBC Radiophonic Workshop. ლაბორატორია 1958 წელს დაარსდა  და ალბათ გასაკვირი არაა, რომ დაფნა ორამი მისი ერთ–ერთი სულისჩამდგმელი იყო, თუმცა მოულოდნელი მიზეზის გამო ეს თანამშრომლობა ხანგრძლივი არ აღმოჩდა. საქმე კი ის იყო, რომ უცნაური სანიტარული ნორმების თანახმად, არც ერთ თანამშრომელს არ ჰქონდა უფლება,ლაბორატორიაში ნახევარ წელიწადზე მეტი ემუშავა გადაბმულად , შვებულების გარეშე, ეს გარემოება კი ვერანაირად ვერ თავსდებოდა საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული ორამის ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან. მითუმეტეს, რომ იმ დროისათვის დაფნა უკვე ამ საქმის პროფესიონალი იყო და თავადაც შეეძლო ცხოვრებაში გზა გაეკვლია.

1959 წელს დაფნა ტოვებს ბი–ბი–სის და დედაქალაქიდან მოშორებით,  მყუდრო ადგილას, კენტის საგრაფოში  საკუთარ სტუდიას აყალიბებს,  სახელწოდებით ორამიკს (Oramics studios).

თავის სტუდიაში იგი კონცენტრაციას ახდენს  ახალი „ ნახატი ბგერის“  ტექნიკის განვითარებაზე. ამ ტექნიკის მიხედვით  ბგერა,  კინოფირზე ასახული ნახატის ელექტრონული აღქმის შედეგად გენერირდება. ორამის თქმით,  ასეთ ფირზე გადატანილი ნახატის ყოველი უმცირესი ნიუანსიც კი  განსხვავებულ ბგერასა და ჟღერადობას ქმნის და ამის  წყალობით,  საბოლოო კომპოზიციის მრავალფეროვნება პრაქტიკულად შეუზღუდავია. იმ დროისათვის ეს სრულიად ახალი სიტყვა  იყო მუსიკის ინდუსტრიაში, რის გამოც ჭირდა სტუდიის მუშაობისათვის აუცილებელი ფინანსების მოძიება და ორამიც ნებისმიერ შეკვეთას ჰკიდებდა ხელს, რასაც მისთვის თუნდაც ცოტაოდენი შემოსავლის მოტანა შეეძლო.  სტუდიაში მზადდებოდა მუსიკა არა მარტო რადიო სადგურებისათვის, არამედ მოკლემეტრაჟიანი კომერციული ფილმების, თეატრალური წარმოდგენების, ხმოვანი ინსტალაციებისა და გამოფენებისთვის.

სტუდიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯეკ კლეიტონის საშინელებათა ფილმის, „უმანკოება“ საუნდტრეკის შექმნამ, რამაც ორამს პოპულარობა  და მასთან ერთად გარკვეული ინვესტიციებიც მოუტანა . ამან დაფნას საშუალება მისცა  კიდევ უფრო გაეღრმავებინა კვლევები და 1963 წელს მან ახალი მიმართულება შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც,  მის მიერ შექმნილი მუსიკა მსმენელზე ეფექტს ახდენდა არა სმენის, არამედ ვიბრაციის წყალობით, რომელიც შესაძლოა, ადამიანის ყურმა  ვერ აღიქვას, მაგრამ მას აღიქვამს გონება. ამ გამოკვლევას ორამმა უწოდა „ბგერისა და სამყაროს ურთიერთობის შესწავლა“.

დროთა განმავლობაში ელექტრონული მუსიკის სამყარო,  რომლის სათავეებთანაც დაფნა იდგა,წარმოუდგენლად გაიზარდა და უამრავი მიმდევარი გაიჩინა. ორამი დროსა და ტექნიკურ პროგრესს არასოდეს ჩამორჩენია. 80–იან წლებში, პირველი კომპიუტერების გამოჩენისთანავე, მან ორამიკსის პროგრამული ვერსიის შექმნაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ მოახერხა.

მეოცე საუკუნის მიწურულს  ელექტრონული მუსიკა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მზარდი და პერსპექტიული მიმართულება გახდა. სტუდია ორამიკსი უკვე დიდი ხანია აღარ იყო გამონაკლისი ამ უზარმაზარ ინდუსტრიაში, თუმცა,  როგორც ამ მიმართულების ერთ–ერთი ფუძემდებელი დაფნა ორამი სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. იგი 2003 წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა დაფნა მისებრ ორიგინალურად კიდევ ერთხელ შეეხმიანა სამყაროს, ეს 2016 წლის 24 ივლისს მოხდა, როდესაც ლონდონის თანამედროვე ორკესტრმა ააჟღერა მის მიერ ჯერ კიდევ 70 წლის წინ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები სახელწოდებით  Still Point– პირველი კომპოზიცია მუსიკის ისტორიაში, რომელიც შედგებოდა კლასიკური აკუსტიკური ორკესტრის ხმაზე დადებული ცოცხალი ელექტრონული მანიპულაციებისაგან და რომლის ეთერში გაშვებაზე თავის დროზე BBC-მ ორამს უარი უთხრა.

ცოტნე ჩიქოვანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top