CARLA SOZZANI

©Carlo Bevilacqua

„10 Corso Como” 1991 წელს დაფუძნდა და დღემდე აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია ხელოვნების, დიზაინისა და მოდის მოყვარულთათვის, არაჩვეულებრივი მწვანე კურორტი მილანის შუაგულში. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე,  გალერისტმა, გამომცემელმა და ყოფილმა მოდის რედაქტორმა, კარლა სოძანიმ ეს მრავალფუნქციური ადგილი „ცოცხალ ჟურნალად“ აქცია.

„გვერდების გადაფურცვლის ნაცვლად, კუთხიდან კუთხეში გადადიხართ“ – ასე ხსნის  კარლა სოძანი ამ სივრცეს.

კონცეფციის შთაგონების წყარო იტალიური მოედანი, ე.წ. „პიაცა“ გახლავთ. მან შექმნა ადგილი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ დასხდნენ და იურთიერთონ, ნახონ გამოფენა, დაათვალიერონ წიგნები, დალიონ, მიირთვან, დაისვენონ და  საყიდლებზე იზრუნონ. სოძანი ზოგადად ებრძვის სწრაფი მოდის კონცეფციას, ამიტომ  „10 Corso Como” დინჯად და ნელა გაზიარებთ „მოდის“ ფილოსოფიას“,  რაც  შესაძლებლობას იძლევა სტუმრებმა უნიკალური გამოცდილება მიიღონ და ისიამოვნონ.

ულამაზესი ბაღები შიდა ეზოსი, ბუნების სიყვარული, ამ ადგილის მიმზიდველობის ერთ-ერთი ნაწილია. ეს გახლავთ ის ფუნდამენტური ელემენტები, რომელთაც შეამჩნევთ ყველა დანარჩენ „10 Corso Como”-ში, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა გახსნილი, და რომელთაც ხელოვანი კრის რუსის (Chris Ruhs) საკულტო დიზაინი ავსებს. კარლა სოძანის „10 Corso Como”-ში მდებარე მის ფარულ სტუდიაში შევხვდით, სადაც  ვისაუბრეთ მის ხედვასა და ზოგადად მოდის გავლენაზე  გარემოსთან მიმართებაში. 

გლობალური დათბობა, წყლის მარაგის  ნაკლებობა, ჰაერის დაბინძურება – დღესდღეობით ეს პრობლემები მედიის საშუალებით უფრო შესამჩნევი გახდა. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციებმა და ადამიანებმა პლანეტის გადასარჩენად?

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებებმა და ადამიანებმა დაიწყონ გათვიცნობიერება იმისა, თუ რა ხდება დღესდღეობით მსოფლიოში და ისინი უფრო სიღრმისეულად  უნდა გაეცნონ ამ საკითხებს. უფრო მეტიც, მედიამ, საზოგადოებაზე გავლენის მქონე ადამიანებმა, ბრენდებმა და ორგანიზაციებმა საკუთარი თავში თავიანთი მავნე ჩვევების შეცვლით უნდა დაიწყონ, იმისთვის რომ  კარგი მაგალითი მისცენ საზოგადოებას. ცხადია, რომ ცვლილება ერთ დღეში ვერ მოხდება, ეს ყველაფერი დროს საჭიროებს, თუმცა ყოველდღიურად გადადგმული მცირე ნაბიჯიც კი აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

თქვენ ყოველთვის გახსოვთ „დედამიწის დღე“, რომელიც  გარემოს დაცვის თანამედროვე  მოძრაობის დაბადებას  აღნიშნავს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ამ პრობლემის გადაჭრას, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვას? 

ერთადერთი გზა კომუნიკაციაა, ჩვენ უნდა გავავრცელოთ პოზიტიური მესიჯები, ეს აზრიანად უნდა გაკეთდეს, იმისათვის რომ ადამიანებს ვუბიძგოთ იფიქრონ „მწვანედ“, სწორედ ამიტომაა „დედამიწის დღის“ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანი ამ პრობლემის მხარდასაჭერად.

10 Corso Como“ ყოველთვის იყო ერთგვარი მწვანე კურორტივით მილანის შუაგულში. როდის და რატომ გადაწყვიტეთ ბუნებისა და მოდის შერწყმა?

ბუნება და გარემო ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტურ ნაწილებს წარმოადგენს, „10 Corso Como”-ს მიზანია საზოგადოებას შეხედულებები და ფასეულობები გაუზიაროს, ხალხს თვალები აუხილოს და დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში თუ მართლაც რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნება. ეკოლოგიური პრობლემა ჩვენი მიზნის ეპიცენტრშია: ბუნებას ვერაფერი მოუგებს. მილანში „10 Corso Como“-ს შიდა ბაღი უნიკალური გამოცდილების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, გასაოცარი და მოსასვენებელი მიკრო-სამყარო ქალაქში, რომელიც მუდამ მოძრაობს.

10 Corso Como”-ს კონცეფცია ბევრ სხვა ქვეყანაში გაავრცელეთ, ახლახანს კი „10 Corso Como” ნიუ იორკშიც გახსნა. როგორ ანვითარებთ ახალ მაღაზიების ქსელს ისე, რომ საკუთარ იდენტობას არ კარგავთ?

ნიუ იორკში სათანადო ადგილი ფულტონის შენობაში (Fulton Building) აღმოვაჩინე, ორიგინალური და ტევადი სავაჭრო სივრცე, რომელსაც ბაღიც აქვს. „10 Corso Como”-ს ფილოსოფიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შენობას გარს ერტყას უამრავი მცენარე. ეს ახალი მაღაზია საზოგადოებას სთავაზობს მოდას, დიზაინერულ ნივთებს, წიგნებს, კაფესა და რესტორანს, ისევე როგორც ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის გალერეას და ბაღს. თითოეულ ჩვენს კონცეპტუალურ ცენტრს თავისი მომხიბვლელობა და იდენტობა აქვს. დუბლიკატს ვერასდროს შეხვდებით, რადგან სიამოვნებაა გააჩინო ახალი შეგრძნება, რომელსაც მოგანიჭებთ ლოკაცია და ადგილი, ხალხი და გარემო. 

მოდა უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება გარემოს მიმართ. რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება მოდის ბიზნესში? თქვენ როგორ ხედავთ ეკო-მოდას დღესდღეობით?

მდგრადი განვითარება მოდაში აუცილებელია, მედიას რომელიც მოდას აშუქებს დიდი ძალა აქვს საზოგადოებაზე და იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ კარგი მაგალითი ვაჩვენოთ საზოგადოებას. მოდის კორპორაციები უკვე მიჰყვებიან ამ მიმართულებას; ამის კარგი მაგალითია Kering Group. ბევრინახალგაზრდა დიზაინერია, რომელთაც თავიანთი ბრენდები სიცოცხლის უნარიან სამყაროზე დააფუძნეს, და ისინი მაინც ქმნიან მოდურ ტანსაცმელს, რომელსაც სიამოვნებით ატარებ.

ეკოლოგიური განხრით მოღვაწე  რომელ დიზაინერს გამოყოფდით ყველაზე მეტად?

Richard Malone, Bethany Williams, Tiziano Guardini, Wrad, Helen Kirkum  თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. 

„მილანის მოდის კვირეულის მწვანე ხალიჩის დაჯილდოება“ დიდი განცხადებაა მდგრადი განვითარების მოდისთვის და ისეთი ქალაქისთვის, როგორიცაა მილანი. რას ფიქრობთ ამაზე? „მწვანე ხალიჩის დაჯილდოების“ გამარჯვებულთა და ელჩთა შორის, ვინ არიან ყველაზე წარმოსაჩენი პიროვნებები, რომლებიც თავის მოღვაწეობას გარემოს დაცვას  უძღვნიან?

ვფიქრობ, ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მოდას მსოფლიოსთან კომუნიკაცია იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი მუდმივად იცვლება. რაც შეეხებათ „მწვანე ხალიჩის დაჯილდოებაში“ ჩართულ ადამიანებს, ისინი ყველა გამარჯვებულები არიან; თითოეული მათგანი, თავიანთ  სფეროში და თავიანთი  გზებით, ვინც გადაწყვიტა და მიზნად დაისახა სამყარო შეეცვალა და საცხოვრებლად უკეთეს ადგილად ექცია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოდა რადიკალურად შეიცვალა. სწრაფი მოდიდან დაწყებული, „იხილე და იყიდე“  (see now/buy now) კოლექციები და ახალი სახის ფუფუნება. როგორ ხედავთ მსგავს განვითარებას? 

ყველაფერი დაუჯერებლად სწრაფად იცვლება. სოციალური მედია უდაოდ გასაოცარია, თუმცა ის ასევე გვპარავს დიდ დროს, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ნელი მოდა  შეინარჩუნებს თავის  ადგილს ამ ინდუსტრიაში. მგონია, რომ  „10 Corso Como”-ს კონცეფცია ამას ადასტურებს; სურვილის შემთხვევაში ადამიანებ იქ ნახევარი დღეც კი რჩებიან; შეუძლიათ  ინახულონ გალერეა,  დაათვალიერონ ბიბლიოთეკა, ისადილონ რესტორანში ან საყიდლებით გაერთონ. დღეს  დრო ფუფუნებაა, თუმცა ადამიანებს უნდა გვქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

თქვენი კონცეფტუალური მაღაზიებითა და ფონდით მხარს უჭერთ   მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის განვითარებას.  როგორია  ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება კულტურასთან მიმართებაში?

ცხოვრებაში ყველაფერი კულტურას ეფუძნება. ახალი თაობა არის ცნობისმოყვარე,  გატაცებული სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც ყველაფრის საინტერესოს ათვისების სურვილით აქვს. ამის გასაკეთებლად მათ ძველი თაობებისგან სჭირდებათ ბიძგი სწორი მიმართულებით.

როგორი იყო მუშაობა წიგნზე „ფრანკა: ქაოსი და ქმნილება“ (Franca: Chaos & Creation), რომელიც Assouline-მა გამოსცა? ფრანკასა და თქვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, რა განცხადებები და მესიჯებია, თქვენი აზრით,  უმნიშვნელოვანესი და რომელს დაიმახსოვრებენ?

პასუხს ფრანკას ციტატით გაგცემთ, რომელიც ამ წიგნის მნიშვნელობას აჯამებს: „ვფიქრობ, არაჩვეულებრივია დატოვო კვალი. იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც შეიძლება დატოვო არის შვილები. თუ ოჯახისგან დამოუკიდებლად დატოვებ რამეს, ისტორიის ნაწილი ხდები“.  

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top