ინტერიერში

13.12.2021

ვინც ცნობილი ბელგიური ბრენდის Ann Demeulemeester-ის ფლაგმან მაღაზიებში მოხვდებით, მხოლოდ ტანსაცმლის კოლექციების ნახვის მოლოდინი აღარ გქონდეთ…იქ ნაცნობი ხელწერის და კონცეფციის სახლის ნივთებიც დაგხვდებათ, კერძოდ კი ჭურჭლის ხაზი და ინტერიერის განათებები. 520 კვადრატული მეტრის განახლებული ფლაგმანი მაღაზია ანტვერპენში, რომელზეც დიზაინერმა მეუღლესთან ერთად იმუშავა, სწორედ ამ სიახლით გაიხსნა. აქ ბრენდის აუთენტურობა შენარჩუნებულია, რაც მისი ახალი მფლობელის კლაუდიო ანტონიოლის უცვლელი პირობაა.  

ჭურჭლის ხაზის, და ზოგადად ინტერიერის მოწყობის იდეა ბელგიელ დიზაინერს დიდი ხანია აწუხებს, თუმცა მისი მოდის ინდიუსტრიიდან ჩამოშორების შემდეგ (რომელსაც ახლახანს უკან დაუბრუნდა), ინტერიერზე გადართვის გადაწყვეტილება მყარად მიიღო. განსაკუთრებით კი მისი ინტერესის სფერო ფაიფურზე მუშაობა გახდა.  მისი ახალი ხაზისთვის – Ann Demeulemeester Tableware, ნიმუშებით და მზა კონცეფციით ენი ცნობილ ბელგიურ კომპანიას SERAX-ს დაუკავშირდა, რომელმაც მისი ხედვების სისრულეში მოყვანა შეძლო. კომპანია Serax-ი ამ სფეროში უპირობო ლიდერია 1987 წლიდან.

Ann Demeulemeester-ის უახლესი პროექტი – Dé, ხელით მოხატული ჭურჭლის კოლექციაა, რომელშიც  Chiaroscuro-ს ტექნიკაა გამოყენებული; სინათლისა და ჩრდილების ფერწერული თამაში ოსტატურადაა გადმოტანილი ფაიფურის თეფშებზე.

„ამ კოლექციის შექმნა ყველაზე დიდი გამოწვევა  იყო ჩვენი კომპანიის ისტორიაში“, აღნიშნავს Serax-ის დირექტორი ბ-ნი  Axel Van den Bossche-ი. „შავ და წითელ პალიტრაში გადაწყვეტილი კოლექციის თეფშების კიდეები ხელით არის მოხატული, საღებავი კი სხვადასხვა ინტენსივობითაა ჩამოსმული რის გამოც საღებავის შტრიხების სისქე და სიგრძე მერყეობს, ეს კი სხვადასხვა მხედველობით ინტენსივობას იწვევს მთელ კოლექციაში.“

რაც შეეხება ბრენდის ცნობილ განათებებს, მათი მთავარი მასალა ე.წ ფაიფურის ლენტებია. ისინი სხვადასხვა ფუნქციის განათებებს, იქნება ეს ჭერზე/კედელზე დასაკიდი თუ მაგიდაზე დასადგამი, ეფექტურს, თანამედროვეს და გამჭოლს ხდის, შუქის გასატარებლად. Ann Demeulemeester-ის განათების ხაზიც კომპანია Serax-ის მიერაა გახორციელებული. Ann Demeulemeester-ის ბრენდის მოყვარულებს ალბათ ახსოვთ, რომ ლენტები ამ ბრენდის კოლექციების საყვარელი ატრიბუტი და ნაწილი ყოველთვის იყო.

ასე, რომ აუთენტურობა აქაც დაცულია.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap