by Ann Demeulemeester
15.10.2023
ბელგიელმა დიზაინერმა ათწლეულები დახარჯა მისი პირველი სურნელის სრულყოფაში მოსაყვანად. 2013 წელს კომპანიიდან გასვლის შემდეგ, ეს მისი პირველი დიზაინ-პროექტია.
Ann Demeulemeester-მა მას უბრალოდ A დაარქვა. ფლაკონიც და თვითონ სურნელიც, რომელიც მან მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა მცენარეების და ნოტების შესწავლის შედეგად თავად შექმნა, ისეთივე იდუმალი, მუქი და კონცეპტუალურად ღრმაა, როგორც ყველა მისი ქმნილება მოდის ინდუსტრიაში, რომელიც მუდმივი შემოქმედებითი პოეტურობით და სიმშვიდით გამოირჩევა. როგორც ჩანს, მას სხვა პარფიუმერების დახმარება არ დასჭირვებია და მთელი პროცესი საკუთარ ხელში აიღო.
ბერგამოტი და ლიმონი – მიხაკის, დარიჩინის, ტყავის და სანდლის ხის სურნელის შლეიფს უფრო ამყარებს და აძლიერებს. სუნამოს შემადგენლობაში ჟასმინი და ვარდიცაა, რომლებიც მის გულს ქმნიან. საინტერესოა სუნამოს პრეზენტაციაც, რომელიც კიდევ უფრო საოცარია ვიდრე თვით მისი სურნელი. ფლაკონი მინის მაღალ სვეტს ჰგავს, რომლის ერთი მხარე დაფარულია შავი ფერის ეტიკეტით. ეტიკეტის უკანა მხარეს ასო A (სუნამოს სახელწოდება) არის დაბეჭდილი, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც ფლაკონი გვერდითაა მობრუნებული.
შეგახსენებთ, რომ Ann Demeulemeester-მა თავისი სახელობის მოდის სახლი 2013 წელს დატოვა, ხოლო 2021 წელს ის სახლის მთავარი კონსულტანტის (ანუ მრჩევლის) რანგში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, ცნობილმა ბელგიელმა დიზაინერმა მისივე სახელობის ავეჯის და სახლის ჭურჭლის ხაზი გამოუშვა. ( ANN DEMEULEMEESTER)
ორიოდე სიტყვა Ann Demeulemeester-ის მოდის სახლის მუშაობაზე: 2020 წლიდან 2022 წლამდე ბრენდის სეზონურ კოლექციებს დიზაინერების შიდა გუნდი ქმნიდა, როდესაც მის კრეატიულ დიზაინერად ლუდოვიკ დე სენტ სერნინი (Ludovic de Saint Sernin) დაინიშნა, თუმცა მან სახლი 6 თვეში დატოვა და ის სტეფანო გალიჩიმ (Stefano Gallici) ჩაანაცვლა.