შავ-თეთრი გედების ამბავი

რეალურად ეს შეუძლებლობის შეძლებისდაგვარად აღწერას უფრო ჰგავს – დაინახო ან წარმოისახო პეტრე ჩაიკოვსკის მითოლოგიურად ქცეული ბალეტები დროისა და სივრცის პერსპექტივაში. კომპლექსები თუ ტრავმები, რაც რუს კომპოზიტორს ცხოვრებაში აწუხებდა და სტანჯავდა, მის მუსიკაში და განსაკუთრებით კი ბალეტებში, საოცარ, ზღაპრულ სიუჟეტებად და ზმანებებად ტრანსფორმირდა. ამდენად, „გედების ტბაც“, „მაკნატუნაც“ და „მძინარე მზეთუნახავიც“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც დიდი არტ-თერაპიის შემთხვევები, რომელთა შექმნა რუს კომპოზიტორს დიდ ფსიქოლოგიურ შვებასაც ჰგვრიდა.

„გედების ტბა“. Mats Ek. ©Carl Thorborg

„ბალეტების ბალეტი“, როგორც ხშირად უწოდებენ კრიტიკოსები „გედების ტბას“, კომპოზიტორმა 1875-1876  წლებში დაწერა. ლიბრეტო  ძველ გერმანულ ლეგენდას ეყრდნობა, რომელიც პრინცესა ოდეტასა და ზიგფრიდის სიყვარულზე მოგვითხრობს. მათ სიყვარულს ბოროტი ჯადოქარი როტბარტი ეღობება და წყევლის შედეგად ოდეტას თეთრ გედად გადააქცევს. ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს, მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა, რომლის ქორეოგრაფია ვაცლავ რეზინგერს (Vaclav Reisinger) ეკუთვნოდა. პრემიერას წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა ჩაიკოვსკის მუსიკის გენიალურობა იმთავითვე ყველამ აღიარა. 

რამდენიმე  წარმოდგენის შემდეგ, „გედების ტბა“ რეპერტუარიდან მოიხსნა და მხოლოდ 1894 წლის წლის თებერვალში, უკვე ჩაიკოვსკის სიკვდილის შემდეგ, პეტერბურგში, მარიას საოპერო თეატრის სცენაზე წარმოადგინეს – მარიუს პეტიპასა და ლევ ივანოვის ქორეოგრაფიით. ამდენად, პეტიპასა და ივანოვის ქორეოგრაფია საფუძვლად დაედო „გედების ტბის“ თითქმის ყველა შემდგომ ვერსიას (ცხადია, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის მოდერნისტული ვერსიების გარდა). ოდეტა-ოდილიას პარტიის პირველი შემსრულებელი, იტალიელი ბალერინა პიერინა ლენიანი (Pierina Legnani) ვირტუოზულ მოცეკვავედ აღიარეს, რადგან სწორედ მან შეასრულა პირველად სცენაზე ცნობილი 32 ფუეტე, რომელიც დღემდე მტკიცედ დამკვიდრდა ამ საბალეტო წარმოდგენაში. 

თეთრი გედისა (ოდეტა, რომელიც დღისა და სინათლის სიმბოლოა) და შავი გედის (ოდილია, რომელიც სინამდვილეში ჯადოქარ როტბარტის ქალიშვილია) სიმბოლური დაპირისპირება და ტრაგიკული ფინალი, როცა პრინცი ზიგფრიდი და ოდეტა ტბაში გაუჩინარდებიან, სინამდვილეში, ძალადობისა და ბოროტებისგან თავდახსნის მცდელობაა. რასაც კომპოზიტორი შთამბეჭდავი მუსიკალური ხერხებითა და დრამატულობით აღწევს. სწორედ ჩაიკოვსკის საოცარი მუსიკა და აბსტრაქტულ-ზღაპრული სიუჟეტი იძლევა ნაირგვარი ინტერპეტაციის საშუალებას, როგორც ქორეოგრაფების, ისე მოცეკვავეებისთვის.

ბალეტის შექმნიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა საბალეტო სკოლამ თუ სისტემამ ლამის „ვეტო დაადო“ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ გარკვეული ქორეოგრაფიული ვარიაციებით შემოიფარგლებოდა (მაგალითად, იური გრიგოროვიჩის), ვიდრე მეოცე საუკუნის 70-80-იან წლების ევროპაში არ გამოჩნდნენ ბრიტანელი ქორეოგრაფი-მოდერნისტი, კენეტ მაკმილანი (Kenneth MacMillan) და გერმანელი ნეოკლასიკოსი, ჯონ ნოიმაიერი (John Neumeier). 

სწორედ 70-იან წლების დასაწყისში დადგა მაკმილანმა „გედების ტბის“ ნეორომანტიკული ვერსია ბერლინის „დოიჩე ოპერაში“, სადაც ჯადოქარ როტბარტის პერსონაჟი და გავლენა მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ბნელეთის ძალების გარდა, ის თითქოს პრინც ზიგფრიდის შინაგან ხმასა  და ალტერ-ეგოს წარმოადგენდა, ხოლო თავად პრინცი ჰამლეტს ჩამოჰგავდა. ისევე როგორც, გედების დედოფალი – შექსპირის გერტრუდას. ჯონ ნოიმაიერმა კი „გედების ტბა“ ჰამბურგის ოპერაში, 1976 წელს, სრულიად ახლებური ვერსიით დადგა. პრინცი ზიგფრიდი სპექტაკლში ბავარიის მეფის, ლუდვიგ მეორის ლამის პირდაპირი ციტირება იყო. აშკარად იგრძნობა ლუკინო ვისკონტის ხუთსაათიანი ფილმის, „ლუდვიგის“ გავლენაც და ცხადია, კრიტიკას ეს ფაქტი არ გამოპარვია. აღსანიშნავია, რომ შავ გედს რამდენიმე სცენაში სწორედ როტბარტი ცვლის და მისი და პრინცის შეხვედრა, ვისკონტის ფილმში ლუდვიგისა და მისი საყვარლების შეხვედრის ანალოგიურია. 

„გედების ტბა“. Matthew Bourne. ©Johan Persson

ვიდრე მეორე ომის შემდგომი ევროპა პრინცებისა თუ „შავი“ და „თეთრი“ გედების ახალ ვერსიას თხზავდა, საბჭოეთში სტერეოტიპები კიდევ უფრო გამყარდა, რასაც უნებლიედ ხელს უწყობდნენ თავად  ცნობილი მოცეკვავეები, რომლებიც არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ უკვე უცხოურ სპექტაკლებშიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, სახელოვანი პედაგოგის, აგრიპინა ვაგანოვას არანაკლებ სახელოვანი მოწაფე, გალინა ულანოვა ლონდონში, გასტროლებზე ოდეტას (თეთრი გედი) პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. საბალეტო ტრადიციის თანახმად, თეთრი და შავი გედის პარტიებს ერთი და იგივე მოცეკვავე ასრულებს, თუმცა ულანოვამ გარკველწილად, დაარღვია ეს ტრადიცია და წლების განმავლობაში მხოლოდ ოდეტას პარტიას ცეკვავდა, რაც მისი არტისტული, ჰაეროვანი თუ ფსიქო-ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, კარგად აიხსნებოდა. ამავე დროს, ულანოვა დიდი წარმატებით ცეკვავდა ჯულიეტას პარტიას პროკოფიევის ბალეტში „რომეო და ჯულიეტა“, რომელშიც სახელმწიფო პრემიაც დაიმსახურა.

სამაგიეროდ, მეორე საბჭოთა ლეგენდამ, მაია პლისეცკაიამ თაყვანისმცემლებს თავი სწორედ შავი გედის საუკეთესო შემსრულებლად დაამახსოვრდა. ოდეტა-ოდილიას პარტიას ის ლამის 30 წლის განმავლობაში ცეკვავდა, თუმცა მისი ოდილია მაინც გამორჩეული იყო. გამომსახველი პლასტიკა, მსუბუქი და საოცარი ნახტომი, მოქნილი სხეული და მუსიკალურობა – ეს ყველაფერი ქმნიდა პლისეცკაიას განუმეორებელ სტილს, რომელიც განსაკუთრებული გამომსახველობით, გრაფიკულობითა და ამავე დროს, გამიზნული მინიმალიზმით გამოირჩეოდა. და კიდევ ერთი, რის გამოც პლისეცკაიას დასავლელმა კრიტიკოსებმა „ბალეტის კალასი“ შეარქვეს – ეს არის იშვიათი ტრაგიკული ტალანტი და სიახლისა თუ ექსპერიმენტისადმი დამოკიდებულება. პლისეცკაიას გაბედულება და ხანგრძლივი სცენური ცხოვრება (მაგალითად, 70 წლის ასაკშიც ცეკვავდა სენ-სანსის მომაკვდავ გედს), მართლაც ფენომენალურად შეიძლება ჩაითვალოს. 

1957 წელს გადაღებულ ფილმ-ბალეტში „გედების ტბა“, მის მიერ განსახიერებული ოდილია მართლაც ბნელეთის მბრძანებელსა თუ დედოფალს გავს. ყოველი ჟესტი და მოძრაობა მედიდურობითა და სიძლიერით არის აღბეჭილი, ხოლო ცნობილ სცენაში, როცა პრინცს შეაცდენს და თავს ოდეტად მოაჩვენებს, მისი გამყინავი, ბოროტი ღიმილი დაუვიწყარია. აღსანიშნავია, რომ ფილმში მას პარტნიორობას ნიკოლაი ფადეეჩევი უწევს, რომელთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. 

რუსული საბალეტო სკოლის ტრადიციების და მითის მიხედვით უცნაური ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც თეთრი და შავი გედის პარტიის თანაბარი ძალითა და ხარისხით შესრულება შეუძლებელია. რადგან ვიღაც ყოველთვის უკეთესია ოდეტას შესრულებისას და ვიღაცას კი ოდილიას პარტია უკეთესად გამოსდის. ამგვარი შეხედულება თუ დისბალანსი აშკარად დაარღვია ნატალია მაკაროვამ, საბჭოთა მოცეკვავემ, რომელიც 60-70-იან წლებში ლენინგრადის, კიროვის (ყოფილი მარიას) საოპერო თეატრში ცეკვავდა. 

 „გედების ტბა“. Alexander Ekman. ©Eric Berg

1971 წელს, ლონდონში გასტროლების დროს მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა. დიდი წარმატებით ცეკვავდა სწორედ „გედების ტბაში“ მეორე „გაქცეულთან“ – რუდოლფ ნურიევთან ერთად. ჯერ ლონდონის სამეფო თეატრში და შემდეგ „ამერიკან ბალეტში“. მისი ინტერპრეტაციით ოდეტა და ოდილია ერთი პერსონაჟის ორი განსხეულება, ერთი მთელის ორი ნაწილი, როგორც სინათლე და სიბნელე. რაც ერთს აკლია, ის მეორეს აქვს და პირიქით. სხვათა შორის, BBC-ის გადაღებული აქვს შავი გედის პა-დე-დე (Pas de Deux)  სწორედ მაკაროვასა და ნურიევის მონაწილეობით. 

პოსტსაბჭოთა ეპოქის „თეთრი და შავი გედები“ შემოქმედებითად დიდად  არ განსხვავდებიან საბჭოთა პერიოდის გედებისგან. უბრალოდ, მათ მიმართ მოთხოვნები გაიზარდა, ხოლო საგასტროლო და გეოგრაფიული არეალი შესამჩნევად გაფართოვდა. მაგალითად, დიანა ვიშნევა – სანკტ-პეტერბურგის, მარიას თეატრის სახელოვანი სოლისტი, რომელიც 90-იან წლებში რუსეთის ვარსკვლავი გახდა, XXI საუკუნეში კი ამერიკული ბალეტის თეატრის სოლისტი. ის „ოქროს ნიღაბის“, „ბენუას“, „ოქროს სოფიტისა“ და სხვა პრესტიჟული პრემიების მფლობელია. დიანა ვიშნევა განსაკუთრებული ტექნიკისა და შინაგანი ჰარმონიით გამორჩეული მოცეკვავეა, რომლის ოდეტა-ოდილიას ევროპისა და ამერიკის თეატრების ცნობილ სცენებზე უკრავდნენ ტაშს. 

სვეტლანა ზახაროვა – უკრაინელი მოცეკვავე, რომლის ფენომენალური მონაცემები (რბილი ტექნიკა, მოქნილი ნაბიჯები, სტაბილურობა და თავბრუდამხვევი ფუეტე) შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ვაგანოვას სახელობის ცეკვის აკადემიაში, სადაც ის 90-იანი წლების ბოლოს მიიწვიეს. 2003 წელს კი ტოკიოს ახალ ნაციონალურ ბალეტში ოდეტა-ოდილიას პარტია იცეკვა,რომელიც ქორეოგრაფმა კონსტანტინე სერგეევმა მისთვის დადგა. ულიანა ლოპატკინა  – 90-იანი წლების კიდევ ერთი ტალანტი, რომელიც ვაგანოვას სახელობის აკადემიის დამთავრების შემდეგ მარიას თეატრის სოლისტი გახდა. ერთ-ერთი სპექტაკლისას („ბაიადერა“) ფეხი სერიოზულად დაიზიანა, თუმცა სპექტაკლი ბოლომდე ჩაამთავრა. ტრავმების გამო, იძულებული გახდა სცენა რამდენიმე წლით დაეტოვებინა. უკვე სცენაზე დაბრუნების შემდეგ, 

ლონდონის „კოვენტ-გარდენში“ მის გამოსვლას ოდეტა-ოდილის კლასიკურ დადგმაში, დიდი წარმატება ხვდა წილად.

ამ ვარსკვლავურ ფონზეც გამორჩეულია ჩვენი სახელოვანი პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილის წარმატება როგორც მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე, ისე უცხოეთში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დებიუტი 80-იან წლებში ჰამბურგის საოპერო სცენაზე, სადაც 18 წლის ქართველი მოცეკვავეს „გედების ტბაში“ ნახევარსაათიანი ოვაცია მოუწყვეს. ამის შემდეგ მსოფლიოს მრავალ სცენაზე  ასრულებდა ოდეტა-ოდილიას პარტიას მხოლოდ კლასიკურ ვერსიებში. თუმცა პრესა აღნიშნავდა, რომ ოდეტას პარტიას უფრო ბრწყინვალედ ცეკვავს. ნატიფი ტექნიკა, დახვეწილი სტილი, რბილი, მოქნილი და სადა მოძრაობები და იშვიათი დრამატული ნიჭი – სწორედ ეს გამორჩეული თვისებები დაეხმარა ნინო ანანიშვილს უკვე 90-იან წლებში, პოსტსაბჭოთა მოცეკვავეთაგან ერთ-ერთ პირველს აეთვისებინა ნიუ-იორკის ამერიკული ბალეტის თეატრი.

მეოცე საუკუნის მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ ფრანგი მოცეკვავე (Etoile როგორც ფრანგები ამბობენ) სილვი გილემი (Sylvie Guillem). 12 წლის ასაკში ის უკვე მხატვრულ ტანვარჯიშში საფრანგეთის ნაკრების კანდიდატია, თუმცა პარიზის ოპერის საბალეტო სკოლაში სტაჟირების შემდეგ, მისი მონაცემები იმდენად მოეწონათ, რომ პირდაპირ მეორე კლასში დაუშვეს. სილვი გილემის კარიერა თავბრუდამხვევი წარმატებით წარიმართა. საბალეტო სკოლაში სწავლიდან უკვე ოთხ წელიწადში რუდოლფ ნურიევმა ის ვარსკვლავად აღიარა და 19 წლის სილვი გილემი „გრანდ ოპერის“ ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი გახდა. მის განსაკუთრებულ ტალანტს ისიც ამტკიცებს, რომ შეუძლია სრულიად განსხვავებული სტილისა და გემოვნების ქორეოგრაფებთან მუშაობა, კლასიკურით დაწყებული, თანამედროვეთი დამთავრებული. მის კარიერაში ჩაიკოვსკის შავი და თეთრი გედის რითმა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, პრესის შეფასებით კი თანაბარი ბრწყინვალებით შეუძლია ლირიკული ოდეტაც გულწფელად განასახიეროს  და ოდილიას დრამატულ და შავბნელ ზრახვებშიც ჩაგვახედოს. ერთი სიტყვით, ის ჩვენი დროის ნამდვილი ვარსკვლავია.

ჩაიკოვსკის ბალეტის შესახებ საუბარი ნამდვილად არ იქნება სრულყოფილი სამი გამორჩეული ქორეოგრაფიული ნამუშევრის გარეშე. ესენია – შვედი მათს ეკი (Mats Ek), ბრიტანელი მეთიუ ბორნი (Matthew Bourne) და ნორვეგიელი ალექსანდერ ეკმანი (Alexander Ekman). 

მათს ეკმა 80-ანი წლების ბოლოს სტოკჰოლმში დადგმული „გედების ტბით“ ფაქტობრივად, დაამსხვრია იმ „ხელშეუხებელი ქორეოგრაფიის“ მითი, რომლითაც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ საბჭოთა თუ უცხოური საბალეტო დასები. მან ჩაიკოვსკის ბალეტის სრულიად ახალი, თანამედროვე, რადიკალური და ფსიქოანალიტიკური ვერსია წარმოადგინა, სადაც მთავარ პარტიას ეპატაჟური, საოცარი და ორიგინალური – ანა ლაგუნა ცეკვავს. სხვათა შორის, ესპანური წარმოშობის შვედმა მოცეკვავემ მანამდე, ქორეოგრაფ-მეუღლესთან, მათს ეკთან ერთად, „ჟიზელის“ მითი ასევე სანიმუშოდ დაამსხვრია. პრინცი ზიგფრიდი  ეკის სპექტაკლში უფრო მელანქოლიური რაინდია, მას ანდროგენული ოდილია არ აინტერესებს, სამაგიეროდ მის ყურადღებას უკვე ტრანსფორმირებული გედების დედოფალი მიიქცევს… საინტერესოა ისიც, რომ დიდი დოზით ირონიისა და სარკაზმის მიუხედავად, მატს ეკი ჩაიკოვსკის მუსიკის ერთგული ბოლომდე რჩება.

უფრო სკანდალური გამოდგა მეთიუ ბორნის კონტრავერსიული „გედების ტბა“, რომელიც მან 90-იან წლებში დადგა. წარმოდგენა, რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ და რომელსაც მრავალი თეატრალური ჯილდო თუ პრიზი გადაეცა, 25 წელზე მეტია დიდი წარმატებით იდგმება ლონდონის „უესტ ენდის“ თეატრში და ბროდვეიზეც. ყოფილი მოცეკვავე, რომლის კარიერა მიუზიკლებით დაიწყო, კარგი მენეჯერი და შორსმჭვრეტელი ქორეოგრაფ-რეჟისორი გამოდგა. გედების დედოფალი მეთიუ ბორნმა სცენაზე მამაკაცი-გედით შეცვალა და შესაბამისად, მათი დრამატული და ჰომოეროტიკული სასიყვარულო ისტორია ამგვარი ფორმით წარმოადგინა. მოჯადოვებული გედების „არმიაც“, შესაბამისად, კაცებით ჩაანაცვლა, რის გამო ბევრი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკული სტატიები დაიმსახურა. თუმცა, ბოლომდე საკუთარი კონცეფციისა და ჩაიკოვსკის მუსიკის ერთგული დარჩა. და კიდევ ერთი: „გედების ტბის“ სიუჟეტში აშკარად იკითხება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბრიტანული სამეფო ოჯახის ისტორიაც, როდესაც პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის ისტორია თუ მათ შესახებ ჭორები პრესის საგანგებო განხილვის საგანი იყო.

და ბოლოს, ახალგაზრდა ქორეოგრაფის, ალექსანდერ ეკმანის „გედების ტბა“, რომელიც  მან 2015 წელს დადგა და რომელიც ჩაიკოვსკის ბალეტის ყველაზე ახლებურ და თანამედროვე ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ. სცენოგრაფიული სიახლე და ორიგინალური კოსტიუმები (რომელსაც ქორეოგრაფის თანამოაზრე, მარი-ლუიზა ეკმანი ქმნის) უკვე საოცარ ატმოსფერულ შეგრძნებებს იწვევს, სადაც მახვილგონივრულ-ირონიული ქორეოგრაფიული სამშვენისებისთვის სივრცე ნამდვილად რჩება. პატარა და სასაცილო ქალები, რომლებიც მოჯადოვებული ტბის სოციუმს ქმნიან, ერთგვარი კოლექტიური წინაღობაა ოდეტა-ოდილიასა და პრინცის წინააღმდეგ. იქნებ ეს ირონიითა და თვითგვემით შეფარული შურია? ბოლოს და ბოლოს, გედების მასიდან ყველა ვერ გახდება თეთრი და შავი გედი. ასე რომ, ეს უფრო მგრძნობიარე და ტრაგიკული შავ-თეთრი გედების ამბავია და არა პროზაული მასების ამბოხი!

დავით ბუხრიკიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap