მაკა ბატიაშვილი თანამედროვე ქართული არტ სცენის ერთ-ერთი პოპულარული პერსონაა. მისი ნამუშევრები ადვილად ამოსაცნობი და  გამოკვეთილი სტილით ხასიათდება –  ბანალურ ყოველდღიურობას მისი ფერწერა ექსპრესიულ, ემოციურ სურათებად აქცევს, სადაც ფერები განსაკუთრებულად არის დანახული და გადმოცემული. გარდა ფერწერისა, მაკა ბატიაშვილი მუშაობს სხვა მედიუმებშიც – ვიდეო არტსა და წიგნის გრაფიკაშიც, მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში.

© Merab Chumburidze

პერსონაჟები შენს ნამუშევრებში ანონიმურია, მაგრამ მათ  საერთო ნიშნებიც აქვთ.  ვინ არიან ისინი,  ემსგავსებიან თუ არა  ემოციური მდგომარეობით ერთმანეთს? 

ჩვენ  ვხვდებით უამრავ  ადამიანს  ცხოვრებაში,  პირადად ან  უბრალოდ ქუჩაში მოსიარულეებს. მათ შორის ჩნდება სახეები, რომლებიც ჩემთვის იდეების  მომცემი ან უბრალოდ მამოძრავებელი  ძალაა. უსასრულო  ყოფიერებაში და აქ მოსიარულე  ადამიანებს შორის  რაღაც მომენტში,  საკუთარ თავს და არსებობას  ვაცნობიერებ და ზუსტად ამ ფონზე ჩნდება ჩემი პერსონაჟების ანონიმურობა. რაც შეეხება ემოციას, ის ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ  ერთი ძირითადი რაც მათ აქვთ საერთო -ყოველდღიურობასთან ინტეგრირებაა.  

შეგიძლია მოკლედ  აღწერო შენი მუშაობის პროცესი – ინსპირაციიდან შედეგამდე?

როდესაც კორეაში ვიყავი რეზიდენტურაში, იქ კონტრაქტის მიხედვით დილის ცხრა საათიდან უნდა დაგვეწყო ხატვა, რაც ჩემთვის აქამდე წარმოუდგენელი და ცოტა შეურაცხმყოფელიც იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ვმუშაობდი. მაშინ მივხვდი, რომ ინსპირაციის და ხასიათის  ლოდინი არ იყო გამართლებული და ძალიან კარგად შეიძლება, რომ არ „გეხატებოდეს“ , მაგრამ მაინც დაიწყო ხატვა. იმის შემდეგ  ასე ვაგრძელებ. როგორც სამსახური, ისე იწყება დილიდან ჩემი სამუშაო პროცესი და სულ სხვა შედეგია. დასრულებული არ არის ჩემთვის სურათი,  სანამ ბოლომდე არ იქნება ის, რაც მე წარმომედგინა. 

შენს ნამუშევრებს ამოიცნობ ზოგადი, თითქოს ანიმაციური ფიგურებით, რომლებიც მკაფიო ფერებით არიან შემოსილი და ძალიან ბევრს უყვარს ეს მხატვრობა. შენი აზრით, რა იზიდავს მათ? ან თუ გისაუბრია მათთან ამის შესახებ?

ადამიანები ძირითადად თავისი ინდივიდის ნაწილს ეძებენ.  აქ ხშირად პოულობენ მას, რადგან როგორც წესი,  ყოველდღიური და ყოფითი სცენებია. ასევე მოსწონთ განწყობა, რასაც მე საერთოდ ვერ აღვიქვამ ჩემს ნამუშევრებში.  ფერების არჩევა კი ყველაზე სასიამოვნო პროცესია და მინდა, რომ ყველა ფერმა მინიმალური ფორმით  მაქსიმალურად წარმოადგინოს თავისი ძალა. 

შავ-თეთრი სერიის იდეა საიდან წამოვიდა? ექსპერიმენტი იყო?

შავ-თეთრი პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. აქ პირველად მოხდა, როდესაც  გამოფენის მომზადებისას წარმოვიდგინე  ექსპოზიციის დიზაინი, ზომების ბალანსი. ეს იყო მომენტი,  როდესაც გავაცნობიერე, რომ  ცხოვრების რაღაც ნაწილი გავიდა და ნოსტალგიით დავათვალიერე ჩემი ძველი, შავ-თეთრი ფოტოები. ამ ფოტოებზე ის დრო იყო აღბეჭდილი, რომელსაც ვერანაირი ძალით ვეღარ დავიბრუნებდი. დავიწყე წარსულზე ფიქრი, მისი  გაანალიზება და გადავწყვიტე შავ-თეთრი სერია გამეკეთებინა. შეიძლება იმიტომაც, რომ შავ-თეთრი გამოსახულება წარსულთან ასოცირდება. შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტი იყო, რადგან ვცდილობდი ნამუშევარი გამოსულიყო სადღაც ზღვარზე ნახატსა და ფოტოს შორის. ასევე უცხო იყო მასალაც – აკრილი, რომელიც აქამდე არასდროს გამომიყენებია. 

შენი არტის ფეისბუქ გვერდზე პროფილად არის საკმაოდ  ექსპრესიული პორტრეტი, რომელიც მზერით პირდაპირ კონტაქტში შედის მაყურებელთან. როგორია ამ პორტრეტის ისტორია?

ეს არის ერთი  პორტრეტი პირსინგებიანი გოგოების  სერიიდან. ახლახანს დავასრულე კიდევ ორი დიდი ზომის ნამუშევარი. მინდოდა გადმომეცა ადამიანის თავისუფლების ერთგვარი ტალღა,  რისთვისაც მე საკმარისად მზად არ აღმოვჩნდი თავის დროზე და ვერ გავბედე თინეიჯერობისას ჩემს სხეულზე სვირინგები და პირსინგები გამეკეთებინა. მაშინ  გავაცნობიერე,  რომ თავისუფლების დიდ დოზას შეიძლებოდა ცხოვრება გაერთულებინა ჩემთვის. ამ გოგონებს კი მივეცი შანსი, ხელმეორედ დაბადებულიყვნენ და ზოგიერთისთვის პრობლემატურად აღქმული  ვიზუალი, ნორმალურ მოვლენად მეჩვენებინა.  ეს პორტრეტი   სწორედ ამას ეუბნება მაყურებელს თავის მზერით. 

ნამუშევრები ისეთ თემებზე, როგორიცაა თოვლი, ნისლი და ა.შ…რამე კონკრეტულ მოგონებებთან, შეგრძნებებთან არის დაკავშირებული?

თოვლი ნამდვილად ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. ეს იყო ენით აღუწერელი სიხარული, როცა თბილისში თოვლი მოდიოდა. ასევე დიდი შთაბეჭდილება იყო ამ სითეთრის ყურება, რომელიც დილით ისეთი სიდიადით ეფინებოდა ეზოებს,  დღის ბოლოს ძალიან სევდიანად დნებოდა და ჩემი თოვლისადმი აღფრთოვანებაც ამ დნობასთან ერთად ქრებოდა. ნისლი არის ის ზღაპარი,  რისთვისაც  დღემდე ვემადლიერები ბუნებას. სამყაროს ბუნდოვანებაში გახვევა,  რომელიც ჰალუცინაციას ჰგავს. მაგ დროს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს და ყველაფერი დაფარულია თეთრი გამჭირვალობით. ამ დროს ჩუმად  უნდა იყო და  უყურო ნისლს. 

ძალიან მომწონს შენი ფერწერული ტილო  „სიცილი“,  სადაც შეიძლება იმის დანახვა, რაც სიტყვებით ძნელად გადმოიცემა. მაგალითად, რთულია აღწერო სიცილის

მდგომარეობა, ის ატმოსფერო, რომელიც ორი ადამიანის საზიარო მხიარულებას ასე გადმოცემს.  ეს იყო შენი ამოცანა, თუ რაიმე სხვა მოტივით დაიწყე მასზე მუშაობა?

ხშირად დავკვირვებივარ, როდესაც ორი ადამიანი იცინის და დამინახავს,  რამხელა სულიერი კავშირი და ჰარმონია  მყარდება  მათ შორის ამ დროს. შეუძლებელია უყურებდე სხვების სიცილს და შენც არ გაგეღიმოს, როცა შეიძლება საერთოდ  არ იცოდე  მათი სიცილის მიზეზი.  რა საინტერესოა, როდესაც ძლიერი სიცილისგან  ხანდახან  ცრემლები მოგვდის. სიცილი ურთიერთობის  ენაა და ძირითადად სიკეთესთან ასოცირდება, თუმცა, ის შეიძლება იყოს ბოროტიც და ასეთივე წარმატებით გააერთიანოს ადამიანები. როგორიც არ უნდა იყოს ის, ის  არის უარყოფითი ენერგიისგან დაცლა და ამ მოვლენის გვერდიდან ჭვრეტა ჩემთვის ყოველთვის შთამაგონებელია, რომ ნაწილობრივად მაინც გადავიტანო ნახატში.

ქართველი მხატვრების უმეტესობა საქართველოში არსებულ სიტუაციას პრობლემატურად თვლის, რადგან აქ  ეს სფერო არ არის ისე დაფასებული, როგორ დაფასებასაც ის იმსახურებს. ეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას და რა პოზიცია გაქვს  ამ საკითხზე?

მეც ვეთანხმები ამ აზრს.  რა დამამცირებელია, როდესაც შენი საკუთარი ნამუშევრის ტრანსპორტირებისას იღებ ნებართვის სპეციალურ საბუთს, კარგავ დროს და იხდი თანხას.  ან რა დამამცირებელია, როდესაც გარდაცვლილი მხატვარი ძვირდება და პატივისცემის ღირსი ხდება. ან როცა გეკითხებიან, შენ სამსახური არ გაქვს ხო ? ანუ ხატვა მუშაობად არ ითვლება.  მე და ჩემი კოლეგები  არ შევუშინდით იმას, რომ ეს საქმე ნაკლებად შემოსავლიანია და გადავდეთ თავი ამისთვის.  აღმოჩნდა, რომ შევძელით ჩვენი საყვარელი საქმიანობით  თავის რჩენა .

ხშირად მონაწილეობ საერთაშორისო პროექტებში, თუ შეგიძლია დაასახელო რომელიმე მათგანი, რომელიც განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა შენთვის?

საერთაშორისო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მე ვიმოგზაურე სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენებით და არტ რეზიდენციის პროგრამებით. რა თქმა უნდა,  ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.  მიჭირს დაჯერება, რომ ზოგ შემოთავაზებაზე ხანდახან უარს ვამბობ დღეს. ალბათ დგება დრო, რომ მხატვარი გამოდის რეზიდენტურის ასაკიდან და მერე რაღაც უფრო მეტად თავბრუდამხვევ შემოთავაზებას ელის. პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემი Project ArtBeat -თან თანამშრომლობა. ჩვენ გამოფენები Contemporary  Istanbul -ით დავიწყეთ და წელს, შემოდგომის დასაწყისში,  უკვე მეოთხე გამოფენა გვექნება. ეს გალერეა გამოირჩევა აქტიური პროექტებით, სადაც ხშირად ვმონაწილეობ.  ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კი ლონდონში  Saatchi Art Fair  იყო,  სადაც პირადად ვესწრებოდი და საშუალება მქონდა თვალი მედევნებინა უამრავი ეროვნების და რაოდენობის დამთვალიერებლის რეაქციებისთვის და მომესმინა მათი აზრი. 

რას ნიშნავს შენთვის წარმატება და როგორ ვითარდება შენი ურთიერთობა დამთვალიერებელთან?

წარმატება ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია გავაგრძელო  ჩემი საქმე. დავრჩე აქტიურ,  მოქმედ მხატვრად და მქონდეს იმის შეგრძნება, რომ ამ სფეროს აქვს განვითარების უსასრულო დიაპაზონი. წარმატებულია იმ მომენტით ტკბობა, როცა მე ვგრძნობ ძალას და შემიძლია გადმოვცე ვიზუალურად  ის, რაც ლოგიკურად აუხსნელია, თუნდაც ელემენტარულ დონეზე. დამთვალიერებელთან ურთიერთობა  საინტერესოა, რადგან ვისმენ ისტორიებს და შეგრძნებებს ჩემს ნამუშევრებზე, როგორც პირადი შეხვედრებისას,  ისე ვირტუალურად.  დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით ძალიან ადვილია დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს წვდომა იმაზე, რაც აინტერესებს. ასევე ადვილია მიიღო გზავნილები, სადაც ჩემს ნახატებზე მწერენ. ხშირად ხდება ეს შორეული ქვეყნებიდან  და თუ შემეკითხებით, თუ  რა მინდა კიდევ ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, მინდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ კიდევ გაგრძელდეს.

ხათუნა ხაბულიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top