როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფის, იურიკო ტაკაგის (Yuriko Takagi), და ასევე იაპონელი სახელოვანი დიზაინერის, ისი მიაკეს (Issey Miyake) გადაკვეთა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან პოპულარული ქართველი მხატვარის, ლევან სონღულაშვილის ინსტალაციასთან? რა კავშირი შეიძლება ჰქონდეთ „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს ისი მიაკეს ტრადიციის გამგრძელებლთან, დიზაინერ იოშიუკი მიამაესთან (Yoshiyuki Miyamae), რომლის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მათ საკუთარ ნატიფ, მაგრამ სპონტანურ მოძრაობებს შეუხამეს? ან როგორ აღბეჭდა იურიკო ტაკაგის ზუსტმა, მგრძნობიარე და პოეტურმა ფოტოკამერამ მოცეკვავეთა კიდევ უფრო მგრძნობიარე ხელები? როგორ იკვეთება ფოტოკამერისა და ნატიფი სხეულების თავისუფლება? სად იწყება მაგია და სად მთავრდება კონცეფცია?
ამ მრავალგანზომილებიან კითხვებზე პასუხის გაცემას ჟურნალი „ამარტა“ თავისი ახალი პროექტით შეეცადა. სწორედ მისი მოწვევით საქართველოში პირველად იმყოფებოდა ცნობილი იაპონელი ფოტოგრაფი იურიკო ტაკაგი, რომელმაც მართლაც ჯადოსნური ფოტოსესია შემოგვთავაზა: იოშიუკი მიამაეს (Issey Miyake-ს ახლანდელი დიზაინერი) რამდენიმე არაჩვეულებრივი კოსტიუმი ხუთ მოცეკვავეს მოარგო, რითაც ერთ სივრცეში მოაქცია გალერეა „ერთი“-ში წარმოდგენილი მულტიმედიური გამოფენის – „სტიქსი“-ს მითიური, უწონადი და „თეთრი“ მარადიულობა, „სუხიშვილების“ მოცეკვავეთა სხეულების უჩვეულო პლასტიკა, მათი ხელების მოძრაობები და ცნობილი დიზაინერის კოსტიუმების სინატიფე.
იურიკო ტაკაგი: „მიზეზი, თუ რატომ არ ვირჩევ პროფესიონალ მოდელებს, ისაა, რომ ბევრი მათგანი კამერების წინაშე პოზირების სტერეოტიპული ხერხებით გამოირჩევა, რაც ძალიან არ მომწონს. მირჩევნია როდესაც ადამიანები ბუნებრივად და ძალდაუტანებლად მოძრაობენ გადაღებისას, ყოველგვარი პოზირების გარეშე. სწორედ ამიტომ იშვიათად ვმუშაობ პროფესიონალ მოდელებთან. რაც შეეხება ფოტოგადაღებებს სპეციალურად ჟურნალებისთვის, მიყვარს ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომელთაც აქვთ საკუთარი სხეულის ან ფიზიკური მატერიის სრული აღქმა და სწორად ირგებენ იმ ტანსაცმელს, რომელსაც აჩვენებენ.
ჩემი თანამშრომლობა „სუხიშვილების“ მოცეკვავეებთან ძალიან სასიამოვნო იყო. ისინი ძალიან ელეგანტურები არიან და იგრძნობოდა, რომ ძალიან სიამოვნებდათ არა მხოლოდ ამ ტანსაცმელში მოძრაობა, არამედ ზოგადად, გადაღების ატმოსფეროც. სწორედ ეს ჰარმონია და სასიამოვნო განწყობა უწყობს ხელს წარმატებულ ფოტოგადაღებას“.
იურიკო ტაკაგიმ სტერეოტიპების დამსხვევა ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოახერხა. მან კენიაში, მაროკოში, ჩინეთსა და ინდოეთში ცნობილი დიზაინერის, Issey Miyake-ს ცნობილი ხაზი Pleats Please ულამაზეს ლანდშაფტსა თუ ვიწრო, ღარიბულ ქუჩებში ჩაკარგულ ჩვეულებრივ ადამიანებს მოარგო! პროექტი სახელწოდებით Travel Through The Planet აღმონდა უჩვეულო, გაბედული და განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც სამოსმა „ადამიანური ყოფიერების“, მისი არსების ბუნებრივი სილამაზე საოცრად ასახა. პროექტი იმდენად ემოციური აღმოჩნდა ცნობილი დიზაინერისთვის, რომ მან არცერთი მისი კადრი სარეკლამო კამპანიისთვის არ გაიმეტა.
ეს ახალი ტენდენციის, გნებავთ ახალი ფილოსოფიის დასაწყისს ნიშნავდა, რადგან უნიკალურ, ახალ შესაძლებლობას ქმნიდა მოდის სოციალურ ინდუსტრიასა და მის გარდაქმნაში. ფოტოგრაფის ბიოგრაფია ასევე სავსეა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით.
იურიკო ტაკაგი სწავლობდა გრაფიკული დიზაინის ხელოვნებას ტოკიოს სამხატვრო უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი ტანსაცმლის დიზაინს ტრენტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ბრიტანეთში. ის როგორც დამოუკიდებელი დიზაინერი წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო ტოკიოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და შანხაის ხელოვნების მუზეუმში.
იურიკო ტაკაგი მსოფლიოს არაერთ ცნობილ სახლთან თანამშრომლობდა რომელთაგან ცნობილ იტალიელ დიზაინერს Romeo Gigli-ს განსაკუთრებულად იხსენებს, თუმცა გამორჩეული და ხანგრძლივი ურთიერთობა Issey Miyake-სთან აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 25 წელია გრძელდება…
იურიკო ტაკაგი: „ყოველთვის მომწონდა ისი მიაკეს დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინი და ასევე ყოველთვის სიამოვნებით ვატარებდი მის მიერ შექმნილ ტანსაცმელს. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ჩემი პერსონალური პროექტისთვის (და არა კომერციული საქმიანობისთვის) სხვადასხვა ქვეყანაში გადამეღო Pleats Please-ის ხაზის ტანსაცმელი. მე მას ვუამბე ამის შესახებ და ვთხოვე დროებით მოეცა ჩემთვის კოლექციის ნაწილი, რაზეც დამთანხმდა. სწორედ ასე დაიწყო ეს პროექტი 1994 წელს და 1999 წლის ჩათვლით გაგრძელდა.
…არასოდეს მაინტერესებს კომერციულია თუ არა პროექტი, მთავარია მხოლოდ შედეგი. ისი მიაკე სრულიად განსაკუთრებული პიროვნებაა. ის არასდროს არაფერს ითხოვს და ბოლომე გენდობათ. ამავე დროს საოცრად თანამედროვე და შემოქმედებითია და მუდმივად გიბიძგებთ ახალი გამოწვევებისკენ.
განსაკუთრებული აღმოჩნდა ე.წ. წყალქვეშა პროექტი მიაკეს ახალი წიგნისათვის. დიზაინერმა პირადად თხოვა ტაკაგის გადაეღო საარქივო სამოსი 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. შემოქმედებითი თავისუფლება ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და ამიტომ ტაკაგიმ გადაწყვიტა ფოტოები წყალქვეშ გადაეღო! მოდელის ნაცვლად მყვინთავი შეარჩია. წიგნი დაახლოებით სამი წლის წინ გამოიცა.
როგორც ყველა დამოუკიდებელი და გაბედულ ფოტოგრაფი, იურიკო ტაკაგიც მიიჩნევს, რომ ხარისხიანი და კონცეფტუალური ნიშნით აღბეჭდილი ფოტონამუშევრის გადაღება რთულია. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ფოტოობიექტივის სამიზნეს, ადამიანის ცნობიერ და ქვეცნობიერ სამყაროს, მის განცდებს, ემოციურ ფონს, გარემოს…მოკლედ, უამრავ ფაქტორს, რაც ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს.
იურიკო ტაგაკი: „ფოტოგრაფია ვიზუალური ხელოვნებაა, მაგრამ მე ვცდილობ იმის დაფიქსირებას, რასაც ჩვეულებრივ შეუიარაღებელი თვალით ვერ ხედავთ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ცნობიერების განუწყვეტლივ მუშაობასთან. ასე მაგალითად, მე ფოტოსურათზე ვაფიქსირებ რაღაცას ჩემს ცნობიერებაში და ამ ფოტოსურათის ნახვისას, მნახველის წარმოსახვა შეიძლება გასცდეს დანახულის ფარგლებს და სრულიად სხვა რეალობაში, სხვა გარემოში ამოყოს თავი. ჩემი ფოტოსურათები სამყაროს დანახვის ერთგვარი ფანჯარაა.
მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ. ჩემთვის არ არსებობს ზღვარი მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის. ეს არ ეხება მხოლოდ ფოტოგრაფიას, იგივეს ვიტყოდი მხატვრობაზე, მწერლობაზე და ა.შ. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია. მთავარია, რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა შემოქმედებითად წარმოჩინდეს ინტერნეტ სივრცეში. ინტერნეტმა, ცხადია, ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ხედვის, აზროვნების უნარები და შემოქმედების ხარისხი“.
ფოტოხელოვანმა, რომელმაც ყველა განზომილებასა და სივრცეში გადაღებული კადრებით მსოფლიო ბევრჯერ გააოცა, ახალ სიურპრიზს გვიმზადებს. როგორც ის ამბობს სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მისი ახალი ჩანაფიქრია…
დავით ბუხრიკიძე