იქ სადაც მოდა ხვდება ტექნოლოგიას

Where fashion meets Technology (Through last 30 years)

07.12.2021

მსოფლიო პანდემიამ, ბოლო 2 წლის გამოცდილებამ და სოციალურმა დისტანციამ დაგვანახა რამდენად დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში ტექნოლოგია. დროში, როდესაც კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ციფრული სამყაროა, დიდმა ბრენდებმა ციფრული სამოსის წარმოება და ვირტუალური რეალობით შთაგონებული კოლექციებისა თუ კამპანიების გადაღება დაიწყეს. საინტერესოა, როდის დაიწყო ამ ორი სფეროს გადაკვეთა, სად შეხვდა პირველად მოდა  ტექნოლოგიას და რა ხდება დღეს?!

დავიწყოთ თავიდან, მეოცე საუკუნის ბოლო წლები… დრო, როდესაც ადამიანები ახალი ერის დასაწყისს ელიან… ახალი ერა კი საინტერესოსთან ერთად ერთგვარად საშიშიცაა, რადგან არ ვიცით რას მოიტანს ტექნოლოგიური პროცესი და „გაჯეტები“-ს  განვითარება.

1998 წლის მარტში ჰელმუტ ლანგ-მა (Helmut Lang) პირველი ონლაინ ჩვენება ჩაატარა, რაც გულისხმობდა CD-ROM-ის საშუალებით ინტერნეტში პირდაპირ ტრანსლაციას, ეს იმ დროისთვის ნამდვილი სენსაცია გახლდათ. ის პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც თავისი ნამუშევარი ამ ფორმატით გააცნო საზოდაგოებას. „მოდის ინდუსტრია სწრაფად ცვალებადია. შეუძლებელი იყო სეზონიდან სეზონამდე მხოლოდ სამოსის განვითარებაზე გვეფიქრა. საჭირო იყო პრეზენტაციის ახალი ფორმატის მოფიქრება და მივიღეთ ახალი პროდუქტი“, იხსენებს დიზაინერი. ეს ნაბიჯი ახალი ერის წინაპირობა გახლდათ. მან კოლექცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და ე.წ Fashionista-ს გული დაწყვიტა ექსკლუზიურობის წართმევით.

ერთი წლის შემდეგ 1999 წლის  გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის ალექსანდერ მაქკუინი (Alexander McQueen) ჩვენებას მართავს სახელწოდებით I, Robot. აქ სამოსს, როგორც პერფორმანსის ნაწილს,  რობოტები ქმნიან. ჩვენების მთავარი გმირი – მოდელი შალომ ჰარლოუა (Shalom Harlow). ის პროფესიით მოცეკვავეა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დიზაინერმა მისი ჩვენებაში ჩართვა.

ის ორ რობოტს შორის უზარმაზარი თეთრი კაბით მომაკვდავი გედივით წრეზე ტრიალებს. მოდელის მოძრაობები ერთდროულად თავისუფალი და ამავდროულად შემაშფოთებელია. პერფორმანსის კულმინაცია, რომელსაც რობოტების მიერ შესხმული შავი და ყვითელი საღებავი ქმნის, ერთგვარად აბსტრაქტულ-ექსპრესიონისტულ აქტს მოგაგონებდათ.  ჯექსონ პოლაკისეული მოძრაობებით დაფარული თეთრი კაბა, რომელზეც ულევი ემოციაა გადმონთხეული, ბუნებრივი და ხელოვნური ძალების დაპირისპირება, რასაც მუსიკა მეტ დაძაბულობას მატებს…

კიდევ ერთი წლის შემდეგ, ახალი ათასწლეულის დასაწყისს 2000 წელს, თურქი დიზაინერი ჰუსეინ ჩალაიანი (Hussein Chalayan) ახალ ტექნოლოგიებს საკუთარი კოლექციის გასაცოცხლებლად იყენებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მიმართულება დაეხმარება მას მომავალში საკუთარი ვიზუალური ენის ჩამოყალიბებაში.

დინამიური ავეჯი, რომელიც მაყურებელს მხოლოდ და მხოლოდ დეკორაციის ნაწილი ეგონა, სინამდვილეში კოსტიუმებად გარდაიქმნება.  სპირალური ფორმის კაბები, რომელიც თავიდან მაგიდას ჰგავს,  ნელ-ნელა იშლება და მონუმენტურ ფორმას ღებულობს. ჩვენება ტრადიციული ფორმით იწყება. ცოტა ხანში კი პერფორმანსის სახეს იღებს. ოთხი სკამი და ოთხი მოდელი, რომლებიც იდეალურად შეკერილი სავარძლის გადასაფარებლით იმოსებიან და დასკვნითი კოსტიუმი  „მაგიდა-სპირალი“, მოდის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად იქცევა.

2007 წელს ასპარეზზე ახალი დიზაინერი გამოდის, რომელიც ტექნოლოგიის და მოდის გადაკვეთაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ. ის ჰოლანდიელი დიზაინერი ირის ვან ჰერპენ-ია (Iris Van Herpen). მან საკუთარი უნიკალური სტილი შექმნა მაღალი მოდის და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.

მის შემოქმედებას მხოლოდ სამოსს ვერ ვუწოდებთ; ეს უფრო ხელოვნებაა, ჩაცმადი სკულპტურები, სადაც ყველა ნამუშევარი ინდივიდუალური და განუმეორებელია. ის იყენებს ელექტრომაგნიტურ ტალღებსა და 3D პრინტერს, რომლის საშუალებით შექმნილი პატარა დეტალების დამზადებას საშუალოდ შვიდი დღე სჭირდება. ჰერპენი პიონერია მულტი დისციპლინარული ტექნოლოგიების გამოყენებაში, მისი როგორც დიზაინერის მისიაა ტრადიციული თუ ექსპერიმენტული მასალებით მოდის მდგრადობაზე იზრუნოს.

ბოლო ათწლეულის ესთეტიკაზე თუ ვისაუბრებთ, განსაკუთრებით მკაფიო გახდება დღევანდელი მსოფლიოს მდგომარეობა. მოდის და ტექნოლოგიის გადაკვეთის კუთხით კი Balenciaga-ს მოდის სახლმა გამორჩეული როლი ითამაშა. დემნა გვასალიას, როგორც ამ სახლის  კრეატიული დირექტორის მიერ შექმნილი ჩენებები და კამპანიები ამის დასტურია.

Balenciaga-ს 2020 წლის ზაფხულის კამპანია ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული მაგალითია იმ დისტოპიური თუ აპოკალიპტური რეალობის აღსაწერად, რომლშიც დღეს ვცხოვრობთ. ეს ვიდეორგოლი ერთგვარი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, რადგან გამოსვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო პანდემია და სამყარომ მთელი არსებით შეიგრძნო მომავლის შიში.

რაც შეეხება მის 2021 წლის შემოდგომის კამპანიას, ის სრულიად დიგიტალურია. დადგა დრო, როდესაც ვირტუალური რეალობა უფრო მეტია ვიდრე ცხოვრება.

Afterworld: The Age of Tomorrow game 3D მოდელებით და თამაშის ესთეტიკით შექმილი გარემო, მოდის ინდუსტრიაში ახალი საფეხური, გეიმინგისა თუ კიბორგების თემა კი, წამყვანი. მოდაც ხომ ერთგვარი თამაშია.. შენ ირჩევ პერსონაჟს და იმოსები შესაბამისად, ეს თემა 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კამპანიის წამყვანი ნარატივი გახდა.  Showtime Studio-ს თანახმად, მთლიანი კამპანიის პროდიუსინგი ვიდეოთამაშების დეველოპერს Quantic Dream-ს ეკუთვნის. მანვე შექმნა motion design და ანიმაციის ავატარებად რეალური ადამიანების სახეები გამოიყენა.

პოსტ-აპოკალიპტური თამაშის Afterworld-ის თამაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ გადაწყვეტილებით ე.წ ლუქსის ტიპის მოდა უფრო დემოკრატიული გახადეს შემქმნელებმა. თქვენ ირჩევთ „მებრძოლს“ და 2031 წლის დისტოპიურ მომავალში აღმოჩნდებით. ბრენდის მიმართულება ბოლო წლებში მაქსიმალურად მომხმარებელზეა ორიენტირებული, ეს თამაშიც ერთგვარი ანთროპოლოგიური დაკვირვებაა დიზაინერის მხრიდან.

Balenciaga-ს 2022 წლის გაზაფხული კამპანიაც  სახელწოდებით Here is Everywhere ამას მოწმობს. საზღვრები აღარ არსებობს, ვირტუალური რეალობის წყალობით წამის მეასედში ვიცვლით  განზომილებებს და ახალ როლებს ვირგებთ.

ბოლო ათწლეულში კიდევ ერთი საინტერესო შემოქმედი გამოჩნდა, რომლისთვისაც ტექნოლოგია აღმოჩნდა თვითგამოხატვის საუკეთესო გზა. „ღმერთის მსგავსი“ ფიგურები, გამორჩეული არქიტექტურა და მზის შუქზე მოელვარე ოქროს დრაპირება, ეს Gary James McQueen-ის შემოქმედებაა.

ის პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, მოდის სფეროში კი ბიძის, ცნობილი ინგლისელი დიზაინერის Alexander McQueen-ის წყალობით მოხვდა. პროექტი, რომელიც მან შექმნა – Guiding Light –  მოდის და 3D ტექნოლოგიის მიქსია. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების დიდ სპექტრს იყენებს, განსხვავებულ soft-ებს ახალი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად. როგორც  თავად ავტორი ამბობს, მისთვის ვიზუალური ჩვენების გაკეთება ბევრად მოსახერხებელი იყო, რადგან არ ჰქონდა დაწესებული საზღვრები და შეეძლო საკუთარი ფანტაზიის მაქსიმალური რეალიზება მოეხდინა.

BOF-ის უახლესი ცნობებით კი ვიგებთ, რომ Balenciaga-ს სახლი  Metaverse-თან თანამშრომლობას გეგმავს; როგორც Balenciaga-ს  აღმასრულებელი დირექტორი Cédric Charbit ამბობს, ეს სიახლე ფუნდამენტალურად შეცვლის კოლექტიურ ცნობიერებას, როგორ აღვიქვამთ სამოსს და ვყიდულობთ პროდუქტს.

მოდა აღარ არის მხოლოდ სამოსი; ეს ერთგვარი ესკაპიზმის იარაღია, რომელსაც დღევანდელი ბრენდები გვთავაზობენ. მართალია, უშუალოდ სამოსში ტექნოლოგიის ჩართულობას ჯერჯერობით უფრო ვიზუალური ეფექტისთვის და დიზაინერის კონცეპტუალური ჩანაფიქრისთვის იყენებენ, მაგრამ ვფიქრობ მალე დადგება დრო, როდესაც ე.წ Tech costumes ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით სასურველ სამოსს ტემპერატურასა თუ მოცულობას შევუცვლით. და მაინც საინტერესოა, რა იქნება ხვალ?!

                                                                                                                                                მარიამ ბერძენიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap