ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში
ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ დარბაზში
10.09.2024
აღწერო ის შეგრძნებები, რომელიც თიბისი კონცეპტის ორ დარბაზში გამოფენილი ინსტალაციებისა და ხელნაკეთი წიგნის გრაფიკული ჩანახატების ნახვის შემდეგ გეუფლებათ, თან რთულია და თან მარტივი. პრინციპში, როგორც თავად ნინო ჩუბინიშვილია (ჩუბიკა) ზუსტად ისეთი: თან რადიკალურად ჩაღრმავებული და თან უკიდურესად მგრძნობიარე. ეს არის მხატვრისა და არტისტის ორ სართულად განფენილი ორი რადიკალურად განსხვავებული ესთეტიკური სამყარო. ეს არის მათი ჭიდილიც და ჰარმონიაც, სიზმარიც და რეალობაც…
მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ პირადი ცხოვრებისგან მიღებული და არტ-ფაქტებად შეფუთული მისი ტრავმები გავიწყდებათ, ხოლო სიზმარი, რომელიც სწრაფწარმავალია, მუდმივად გახსოვთ…და ამ სიზმრებისგან მიღებული შთაბეჭდილება რომ ცოტა ხანს მაინც გაგყვეთ, თიბისი კონცეპტისა და დავით კაკაბაძის ფონდის თანამშრომლობით მოწყობილ გალერეას უნდა ეწვიოთ. გამოფენა „ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში“ 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.
რამდენადაც მეტს ჩაეძიებით პირველ სართულზე წარმოდგენილ ჩუბიკას ოთხ ინსტალაციასა თუ სკულპტურას, მით უფრო გისხლტებათ ხელიდან მეორე სართულზე წარმოდგენილი, 1998 წელს შექმნილი ხელნაწერი წიგნის გრაფიკულ-ზღაპრული სიურრეალიზმი. ფურცლებად დაშლილი ხელნაწერი წიგნი სახელწოდებით „ელენე“, რომელიც ჩუბიკამ თავის შვილს მიუძღვნა. იქნებ, ამ ორ სამყარო-სართულს შორის საერთოების ძიება თავიდანვე შეუძლებელია? პირველ სართულზე წარმოდგენილი არტ-ობიექტები, მათი სივრცეში განფენილობა, მასალის მრავალფეროვნება, სოციალური ნიშნები თუ არტისტული სიგიჟე ცალკე სამყაროა და მეორე სართულზე, დაახლოებით 100 ნახატად განფენილ წყალქვეშა სამყაროს ზღაპრებთან, სიუჟეტებთან და უნატიფეს გრაფიკულ სევდასთან თითქოს არაფრით იკვეთება.
ხომ გახსოვთ ანტუან სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ გრაფიკული ჩანახატები?! მათი ბავშვური სიმარტივე და პოეტური სიცხადე. რაღაც მსგავსია მეორე სართულზე, წრიულ სივრცეში წარმოდგენილი ნინო ჩუბინიშვილის გრაფიკული ნამუშევრების სამყაროც: რაღაცნაირად მოხდენილ-ნაივური და მელანქოლიური, ზღაპრებითა და დედური ინსტიქტებით გაფაქიზებული.
დაახლოებით 10-15 სანტიმეტრის ზომის ფურცლებზე შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები შთაგონებულია იმ დაუვიწყარი სიზმრებით, რომლებსაც დაღლილობით გატანჯული დედები ხედავენ, ხოლო გამოღვიძების შემდეგ ამ სიზმრებს პოეზიად, ან ნახატებად აქცევენ. ეს თავად ჩუბიკას კონცეფციასავით აქვს გაცხადებული: „გიყვები სიზმარს, რომელიც მესიზმრა მაშინ, როდესაც შენ ექვსი წლის იყავი“.
სწორედ ექვსი წლის შვილისადმი მიძღვნილი ეს ფრაზა აქვს მას ფურცელზე გადმოტანილი, რომელსაც გამოფენის დასაწყისში, მაგიდაზე დაინახავთ. ჩანახატები ლამის შავ-თეთრი მულტფილმის სიუჟეტური კადრებივითაა. თითოეული ცალკე არსებობს და ამავე დროს, მთლიანობის, ერთგვარი „გეშტალტის“ ნაწილიცაა (გერმანულად Gestalt სწორედ ნაწილისა და მთელის ერთობლიობას ნიშნავს). ამდენად, ერთიანი სიუჟეტური ხაზი ნამუშევრებს მაინც თავიდან ბოლომდე გასდევს. იქვე, კედელთან გამადიდებელი ლუპაც დევს, იმისთვის რომ კარგად დააკვირდეთ ამ ფაქიზ, დამატყვევებელ, მინიმალისტურ გრაფიკას. სწორედ მისი დახმარებით დაინახავთ წყალმცენარეების მისტიკურ სამყაროს; შეამჩნევთ გიგანტური ზომის თევზს, რომლის წინაშე პატარა გოგონას ფიგურა კიდევ უფრო პატარა ჩანს; დააკვირდებით კალიებს, რომელთა სიმძიმით მცენარეები „წელში მოხრილად“ გამოიყურებიან; მოიხიბლებით პეპლებითაც, რომელთა სიფრიფანა სილუეტები იაპონური გრაფიკისკენაც უფრო გიბიძგებთ; ქარისგან გადაქელილ ბალახებში გატრუნულ თუ გაწოლილ მწერებს შეამჩნევთ და რაც მთავარია, პატარა გოგონას ფიგურის ნაირგვარი პლასტიკური ფორმით აღფრთოვანდებით!
თუ ამ გრაფიკული სერიის ნახვის შემდეგაც რაღაც კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თავად ავტორის, ჩუბიკას მინაწერს დაეყრდნოთ: „ეს არის ჩემი ნახატი-წიგნი, რომელიც ჩემ შვილს – ელენეს დავუხატე 1998 წელს. აქ, ამ წიგნში ვესაუბრები მას წარმოსახვითი, ვიზუალური ენით. ვუზიარებ იმას, რასაც ვერ გავამჟღავნებდი, ან დავატევდი სიტყვებში. რადგან ნახატი ინახავს სინამდვილეს, რომელიც თავად გადმოსცა და გამოათავისუფლა წარმოსახვამ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე.“
რეალურად, ყოველი მნახველი თუ გამოფენის სტუმარი დამოუკიდებლად ხდება ამ ხატების ინტერპრეტატორი, რადგან მათ არ გააჩნიათ ე.წ. ლინეარული თხრობა ან სიუჟეტი. ეს ხელნაკეთი წიგნი ფრაგმენტული ზღაპარივითაა, სადაც მოვლენები ასოციაციების მიუხედავად, პატარა გოგონას, ელენეს ირგვლივ ტრიალებს… და სწორედ ის და მისი თოჯინა ინგრიდი არიან ამ ფურცლებად დაშლილი წიგნის მთავარი გმირები.
გარდა ამისა, არსებითი ისაა, რომ გამოფენის პირველ სართულს საკუთარი კონცეფცია აქვს და სათაურიც – „ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში“, სწორედ მასზეა მორგებული. აქ წარმოდგენილი ექსპოზიცია ბევრად უფრო ორაზროვანია და ერთგვაროვან პასუხებსაც კონცეფციის შესახებ თითქმის ვერ მოისმენთ. წარმოდგენილია ოთხი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფიგურატიული ინსტალაცია: შუშისგან დამზადებული ორმაგი სივრცე-საფარი, რომელიც ნაჭრის ფორმის დაღუპული მეომრების ფიგურებს აცოცხლებს; ხისგან შექმნილი და თეთრად შეღებილი კონსტრუქცია, რომელიც ფუტურისტული არქიტექტურის ნიმუშს წააგავს; შავი ნაჭრის ქსოვილზე დატანებული ოვალური, წითელი ლაქა, რომელიც კონტრასტულ განწყობას ქმნის და გამომწვარი ხის, ტყავისა და მოვერცხლისფრო ნაჭრის კომბინაციით შექმნილი ფიგურა, რომელიც უფრო სცენოგრაფიული სამყაროს ნაწილია.
ამგვარი კონტრასტი თუ განსხვავება ბუნებრივად გვიბიძგებს მრავალგანზომილებიან ინსტალაციებს სხვადასხვა კუთხით შევხედოთ. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნამუშევრები სხვადასხვა დროს შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს და ხელს გვიშლის ერთიანი კონცეფციით შევხედოთ მათ. თუმცა თავად ჩუბიკა საინფორმაციო პრეს-რელიზში გვაფრთხილებს, რომ „მოფიქრალ და დაკვირვებულ მნახველს, ანუ აღმქმელს, სრული თავისუფლება აქვს სხვადასხვა კუთხიდან განიხილოს გამოფენის ობიექტი, სურათი თუ საერთოდ, ექსპოზიცია“. თავად ავტორი გვიბიძგებს სრული თავისუფლებისკენ, რაც მისი მხრიდან გაბედულებასაც ნიშნავს და ალბათ, თვითკრიტიკულობასაც გულისხმობს.
კონცეფტუალურ მონახაზსა თუ პოეზიისგან ნაკარნახევ ინსპირაციას, პირველ სართულის კედელზეც ამოიკითხავთ: „შავი პეპლის მხარზე დაჯდომა ნიშანი ყოფილა. ნეტავ იცის თავად პეპელამ, ნიშანს რომ იძლევა?! უხილავი მოთამაშე დრო. მალე გაიგებთ წკრიალა წყლის ხმას!“
ვერ გეტყვით უხილავი დროის თამაში ვინ როგორ აღიქვა, ან წკრიალა წყლის ხმა ვის ჩაესმა, მაგრამ ვინც გამოფენა იხილა, ან სულაც დარჩენილ დღეებში, 14 სექტემბრამდე მოასწრებს ნახოს, მისთვის ეს ორი სივრცე, ორი სართული, დამოუკიდებელი არტ-შეგრძნებების გასაღვივებლად შესანიშნავი საშუალება და სავარჯიშო გახდება.
დავით ბუხრიკიძე