25.09.2023

გასულ წელს, Vogue World-ის დებიუტმა მანჰეტენის დასავლეთით 13-ე ქუჩა მაღალი მოდის აღლუმით დაიპყრო, რომელიც სერენა უილიამსის გამოჩენით გაიხსნა, შემდეგ 112 მოდელი პოდიუმს მადონას პოპულარული სიმღერის Vogue-ის ფონზე შეუერთდა, მიხეილ ბარიშნიკოვის საბალეტო ბრუნვები,  Lil Nas X-ი კი შთამბეჭდავი პერფორმანსით წარსდგა. წარმოდგენის შემდეგ, ე.წ. A-lister-ები ქუჩის წვეულებას შეუერთდნენ, სადაც მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები მათი საფირმო კერძებით წარსდგნენ: Gucci-ს მიერ დამზადებული ორცხობილები, Michael Kors X Katz’s Deli-ის სენდვიჩები და ბოლოს, Fendi-ს ბაგეტები.

2023 წლის სექტემბერში, Vogue World-მა ლონდონში, კერძოდ Theatre Royal Drury Lane-ში გადაინაცვლა ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელმაც 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის საუკეთესო კოლექციებს მოუყარა თავი. შექსპირიდან Stormzy-მდე, ღონისძიება დიდი ბრიტანეთის მდიდარი კულტურის ნამდვილი ტრიუმფი იყო, რომელზეც შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ: ოპერის მომღერლები, მოდელები, მოდის დიზაინერები, ბალეტის მოცეკვავეები და ცნობილი ვარსკვლავები, მათ შორის ბრიტანელი კინოსა და თეატრის ვეტერანი იან მაკკელენი (Ian McKellen)  და ლონდონის მერი სადიქ ხანი (Sadiq Khan). ბილეთების გაყიდვებიდნ შემოსული თანხა ხელოვნების ორგანიზაციებს მოხმარდა, კერძოდ: ეროვნულ თეატრს, სამეფო ოპერის თეატრს, South Bank Sinfonia-ს, Rambert dance company-ს და სამეფო ბალეტს.

თეატრი და მოდა ყოველთვის იკვეთებონენ…რა არის მოდის ჩვენება თუ არა მიმდინარე სამყაროს ანარეკლი? Vogue World ლონდონში სწორედ ამ ორი ხელოვნების სფეროს გადაკვეთის ზეიმი იყო. როგორც შოუს დირექტორმა, ემილი ბერნსმა აღნიშნა, პერფორმანსის ხელოვნება „მდიდარი გობელენია, რომელიც ყოველ ღამე იქსოვება.“

ჩვენება ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, კეიტ მოსმა გახსნა, რომელიც პოდიუმზე John Galliano for Maison Margiela-ს სამოსში წარსდგა, ამ დროს კი სამეფო ოპერის სახლის მომღერალი ჰონგნი ვუ (Hongni Wu) Dido’s Lament-ს ასრულებდა ჰენრი პერსელის (Henry Purcell) მე-17 საუკუნის ოპერიდან, Dido and Aeneas.

ბრიტანელი მომღერლის, FKA Twigs-ის გამოჩენამ უფრო მეტი პოპ-კულტურული ენერგია შემოიტანა სცენაზე, რომელსაც Rambert Dance Company-ის წევრები შეუერთდნენ. ბრიტანელმა მომღერალმა Opus III-ის It’s a Fine Day შეასრულა, რომლის ჰანგებზეც მოდელი Cara Delevingne-ი და Jordan Barrett-ი გამოვიდნენ პოდიუმზე. პერფორმანსით მომღერალმა ბრიტანეთის ხელოვნებასა და კულტურას მიაგო პატივი, რომელიც შექსპირის პიესით,  „ზაფხულის ღამის სიზმარი“-თ იყო შთაგონებული.

FKA Twigs-ის შემდეგ ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა Stormzy, რომელიც სცენაზე ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერის, Vivienne Westwood-ის ყავისფერ კოსტიუმში წარსდგა. მომღერალმა მისი 2019 წლის ჰიტი – Crown შეასრულა, სადაც მისი სიტყვები: Heavy is the head that wears the crown, პირდაპირი მინიშნებაა შექსპირის „ჰენრი IV“-ზე, ნაწილი 2. შოუს ამ ნაწილში, ორი ლონდონელი (FKA Twigs და Stormzy), ოთხი საუკუნის დაშორებით, საუბრობს იმაზე, თუ რამხელა ტვირთია საჯარო პერსონად ყოფნა. ელიზაბეტის ეპოქაში აღნიშნული როლი მონარქებს ჰქონდათ მორგებული, ხოლო დღევანდელ სამყაროში „სელებრითებს.“ Stormzy-ს პერფორმანსს თან ახლდა მსახიობი Sophie Okonedo, რომელსაც ასევე ვივიენ ვესტვუდში გამოწყობილი სამი მოდელი მოჰყვებოდა.

შექსპირის თემა ლაიტმოტივად გასდევდა შოუს. მსახიობებმა Tom Sturridge-მა და  Helena Wilson-მა „რომეო და ჯულიეტა“-ს თანამედროვე ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, რომლებიც ერთმანეთს კლუბში ხვდებიან. ჯულიეტას სამოსი Baz Luhrmann-ის (რომელიც ასევე Vogue World-ის კრეატიული მრჩეველი იყო) ცნობილ ეკრანიზაციაში, Claire Danes-ის საკულტო კოსტიუმით იყო შთაგონებული.

2023 წლის ლონდონის Vogue World ცერემონიის კულმინაცია „სუპერებით“ დახურვა იყო.  Christy Turlington-ის, Linda Evangelista-ს, Naomi Campbell-ის და Cindy Crawford-ის პოდიუმზე გამოსვლა ლონდონის მოდის კვირეულის სიბოლური ფინალი იყო. კრისტის 2023 წლის Fendi-ს შემოდგომის კოლექციის კაბა ეცვა, ლინდას Valentino-სი, ნაომის Alexander McQueen-ის, ხოლო სინდის Versace-სი. ოთხეულს სცენაზე მომღერალი ენი ლენოქსი (Annie Lennox) ამშვენებდა, რომელმაც მისი  ცნობილი ჰიტი, Sweet Dreams (Are Made of This) შეასრულა.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top