პანკის დედოფალი
11.01.2023
ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 29 დეკემბერს, ლონდონში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყვითელი თმითა და წითელი ტუჩსაცხით, პანკის დედოფალი კონფრონტაციული და ექსცენტრიული, თუმცა ყოველთვის ავთენტური და არაორდინალური იყო, რომელიც პანკის სულს განასახიერებდა და კონფორმიზმს ებრძოდა.
ვივიენ იზაბელ სვაირი 1941 წლის 8 აპრილს, დერბიშირის საგრაფოს მახლობლად მდებარე სოფელში დაიბადა. მშობლებმა ის პატარა ასაკიდანვე შემოქმედებით სამუშაოს მიაჩვიეს, რასაც ვესტვუდი ენთუზიაზმით უდგებოდა „ხუთი წლის ასაკში შემეძლო ერთი წყვილი ფეხსაცმელი გამეკეთებინა“ – ამბობდა დიზაინერი. 1958 წელს, ვესტვუდი ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ადგილობრივი ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ მიატოვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ არ ესმოდა მუშათა კლასის გოგონას ხელოვნების სამყაროში თავი როგორ უნდა დაემკვიდრებინა, რის შემდეგაც დაწყებითი სკოლის მასწავლებელი გახდა. 1962 წელს ის მომავალ მეუღლეს დერეკ ვესტვუდს შეხვდა. ქორწილისთვის დიზაინერმა საქორწილო კაბა და სამკაულები საკუთარი დიზაინით შექმნა.
ერთმა საბედისწერო შეხვედრამ ვესტვუდის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მისმა ძმამ, გორდონმა, ჰაროუში მდებარე ბინაში, ხელოვნების სტუდენტი, მალკოლმ მაკლარენი (მოგვიანებით Sex Pistols-ის მენეჯერი) მიიყვანა და სწორედ ასე დაიწყო ბრიტანეთის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედებითი პარტნიორობა. მაშინ, როდესაც ახალგაზრდობა მშვიდობასა და სიყვარულს უჭერდა მხარს, 70-იანი წლების ლონდონი აჯანყების პროცესში იყო. ამ სოციალურ და კულტურულ რევოლუციას შორის, ახალგაზრდა ვივიენმა მოკრძალებული ბრიტანული საზოგადოების პროვოცირება უზარმაზარი ვარდისფერი წარწერით და სამი აკრძალული ასოთი – SEX მოახდინა. ბუტიკი და ტანსაცმლის ბრენდი, დიზაინერმა King’s Road-ზე 1971 წელს, მაკლარენთან ერთად გახსნა, რითიც მოდა აქტივიზმის პლატფორმად აქცია. ბუტიკი ლონდობის პანკ მოძრაობის „ინკუბატორი“ გახდა. ვესტვუდისთვის პანკი მოძრაობაზე და მოდაზე მეტი იყო; ის მას ძველი მსოფლიო წესრიგის კორუფციის წინააღმდეგ კონტრკულტურულ ახალგაზრდულ აჯანყებად მიიჩნევდა.
ვესტვუდი და მაკლარენი ადრეული გრაფიკული მაისურების ჩემპიონები გახდნენ: მაგალითად, ქვიარ ილუსტრატორის, ჯიმ ფრენჩის „Two Cowboys“ და ქალის წერილი გაუპატიურების შესახებ. ისინი აგრეთვე BDSM შინაარსის სამოსს ქმნიდნენ, რომლებსაც ძირითადად სექსმუშაკები და დამწყები მუსიკოსები ყიდულობდნენ. მათი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინი თასმებით დაფარული ბამბის პერანგი იყო, რომელზეც კარლ მარქსი იყო გამოსახული. აღნიშნული ნამუშევარი ლეგენდარული დიზაინერების: მარტინ მარჯიელას, რეი კავაკუბოს, შეინ ოლივერის და რიკ ოუენსის შთაგონების წყარო გახდა. SEX პირველი პროექტი იყო, რომელმაც არა მხოლოდ ვესტვუდის შემოქმედებითი ტალანტი, არამედ მისი პროგრესულობა გამოავლინა.
ვესტვუდი მოდას რევოლუციური იდეების აღსაბეჭდად იყენებდა. მან უარყო ეკლესია, მონარქია, კაპიტალიზმი და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დიზაინერმა მოდაში გამორჩეული ადგილი დაიკავა, რომელიც დღემდე ჩაუნაცვლებელია. მისი ინსტინქტი, რომ მოდა პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების პლატფორმას შეიძლებოდა ყოფილიყო, იმ აზროვნებას ასახავდა, რომელსაც დღეს street style-ს ვუწოდებთ.
80-იან წლებში დიზაინერმა მეინსტიმ მოდაში გადაინაცვლა. საინტერესოა, რომ ამ ტრანსფორმაციამ ვესტვუდი კიდევ უფრო გავლენიან ფიგურად აქცია. 1985 წელს მან უფორმო ქვედაბოლოების კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც Mini-Crini უწოდა. დღესაც კი, აღნიშნული ქვედაბოლოები საზოგადოების ქალის სექსუალურობის შესახებ წარმოდგენის ერთგვარ პაროდიას წააგავს. კოლექციამ შემდეგ პოპულარული დიზაინერების შემოქმედებაშიც იჩინა თავი, კერძოდ კრისტიან ლაკრუასი (Christian Lacroix).
90-იანი წლები ის დეკადა იყო, რომელშიც დიზაინერმა კორსეტი გააცოცხლა, რითიც ფემინისტებისა და მოდის ისტორიკოსების კორსეტის შესახებ მოსაზრება, თითქოს ის ქალების ოპრესიის და ჩაგვრის ობიექტია, ეჭვქვეშ დააყენა. ვესტვუდის ხელში, ის გარე ტანსაცმელი იყო და არა ქალთა ტკივილის საიდუმლო იარაღი, რომელიც ბლუზის ან კაბის მიღმა იმალებოდა. მას მოსწონდა იდეა, რომ ქალს არჩევანი აქვს ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით მისი სხეულის „მუტაცია“ მოახდინოს. ცნობილი ფოტო, რომელშიც ნაომი კემპბელი მაღალ ფლატფორმებში გამოწყობილი ეცემა და იცინის, ვესტვუდის 1993 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებიდან არის. 1994 წლის ჩვენებაში სახელწოდებით, Cafe Society, დიზაინერმა კეიტ მოსი ზოლიან მინი ქვედაბოლოში, შიშველ მკერდზე მოხვეული მკლავებით გაუშვა პოდიუმზე. ამ დროს კი მოდელი Magnum-ის ნაყინს მიირთმევდა, რასაც აუდიტორიის აპლოდისმენტები მოჰყვა. დღეს რთული წარმოსადგენია რომელიმე ქალმა დიზაინერმა იგივე სკანდალის გარეშე გაიმეოროს. თუმცა, ვესტვუდს სწორედ ეს სითამამე ხდიდა გამორჩეულს.
2000-იან წლებში, ვესტვუდი საქორწილო კაბებისა და სელებრითების წითელი ხალიჩის „არქიტექტორად“ იქცა. მეტიც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის Gen Z თაობის საარქივო მოდის მოძრაობის სათავეში იყო. მიუხედავად ამისა, ვესტვუდის საერთაშორისო წარმატება არ ნიშნავდა იმას, რომ მან უარი თქვა რევოლუციაზე და აქტივიზმზე. ის ყოველთვის იბრძოდა სტატუს კვოს წინააღმდეგ, მის შემოქმედებას კი თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდა. ვესტვუდი მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ დიზაინერის მოვალეობა მუდმივი პროგრესია, შექმნას ხელახალი ინტერპრეტაცია და რეკონტექსტუალიზაცია სტილის, იდენტობის და სამოსის შესახებ.
ნინკა მამულაშვილი