„ვისმინო“ – ბგერისა და ფერის შეხვედრა

30.12.2022

კომპანია GWS-მა 2022 წლის დეკემბერში კიდევ ერთი ორგანული ღვინო გამოუშვა ბრენდი „ვისმინო“-ს ხაზით; ამჯერად საფერავი. „ვისმინოს“ საფერავი მეორე ორგანული ღვინოა GWS-ისგან. პირველი, „მწვანე“ 2021 წელს ჩამოასხეს.

რას ნიშნავს ორგანული ღვინო, ალბათ ყველა ხვდება, მაგრამ დაზუსტებაც არავის აწყენს; ღვინის წარმოება ორ ძირითად ფაზას მოიცავს – ვენახში და მარანში. ორგანული ღვინო დაიწურება ყურძნისგან, რომელსაც ორგანული წესით მოვლილ ვაზს ჩამოჰკრეფენ.  ყურძნის ორგანულობა არის უმთავრესი პირობა ორგანული ღვინის მისაღებად.

„ვისმინოს“ მწვანისა და საფერავის ჩამოსასხმელად GWS-ს თავისი სავენახე მიწების სამი წლით დასვენება მოუხდა. სწორედ სამი წელი სჭირდება ნიადაგსაც და ვაზსაც  ერთგვარი დეტოქსიკაციისათვის. სამი წლის შემდეგ ნიადაგი თავისუფალია იმ ქიმიური ნაერთებისაგან, რომელთაც არასასურველი მცენარეულობის, ვაზის სხვადასხვა სენის, პარაზიტებისა თუ სოკოების შესამუსრად იყენებენ. ჩვენ მათ ვიცნობთ, როგორც ჰერბიციდებს, პესტიციდებსა და ფუნგიციდებს. სწორედ პირველ, „სავენახე“ ფაზაში ნიადაგი, ვაზი და მისი ნაყოფი უნდა იყოს სრულიად დაცული ქიმიური ნაერთების ზემოქმედებისაგან. ორგანულ მევენახეობაში ვაზსა და ნიადაგს შორის ბუნებრივი წონასწორობა მყარდება.

„რა ყურმა უნდა გაუძლოს 
იმ მთების გულის ძგერასა?!“

ვაჟა-ფშაველა

„ვისმინოს“, როგორც ბრენდის შესაქმნელად, შთაგონება მუსიკამ მოიტანა. სახელში იოლი საცნობია ღვინოსა და სმენასთან დაკავშირებული ფუძეები. შორეულად ისიც იგულისხმება, რომ ღვინის გემოს არა მხოლოდ რეცეპტორებს ახვედრებ, არამედ დაკვირვებულ სმენასაც. კომპოზიტორი და პროდიუსერი ნიკა მაჩაიძე ბრენდზე მუშაობისას ბგერისა და ფერის შეხვედრაზეც საუბრობს.

„ვისმინო“ აერთებს ერთმანეთისთვის უჩვეულო „ინგრედიენტებს“: ერთი მხრივ, როგორც ქართული ღვინო, ის იტევს და გულისხმობს ვაზის კულტივირების 80-საუკუნოვან ტრადიციას, მეორე მხრივ კი –  აქ შემოდის ექსპერიმენტი-სიახლე: მაგალითად, თუ აშშ-ში, კანადასა და ევროპაში  კონცერტები და მუსიკალური ფესტივალები ვენახებშიც  ტარდება ხოლმე, ჩვენში „მსმენელი“ უპირველესად თვითონ ვენახია… დიახ, მას მუსიკას „ასმენინებენ“.  რაც შეეხება ორგანულ ინგრედიენტებს, „ვისმინო“-ს ასორტიმენტი მოიცავს ექსკლუზიური ღვინოების ნაზავს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შერჩეული ჯიშებიდან მიიღება; ცხადია, კომპანიის კუთვნილი ვენახებიდან.

GWS-ს საქართველოში 400 ჰექტარი ვენახი აქვს, საიდანაც 97 ჰექტარზე  ვაზს სწორედ ორგანული წესით უვლიან. ეს ფართობი სერტიფიცირებულია და ამდენად, უტყუარად დადასტურებული, როგორც ორგანული ტერუარი, რომლის ეფექტიც, ადამიანურ ფაქტორთან ერთად, ვლინდება და ირეკლება ღვინოში… ასეთ ნიადაგზე გახარებული ვენახიც უფრო ჯანსაღი და ლამაზია;  ფოთოლი საღი და ქორფაა, მტევანი სავსე,  ვაზი  – გამართული.

სამომავლოდ, GWS-ი განიზრახავს, რომ „ვისმინო“-ს ბრენდით მხოლოდ ორგანული ღვინოები აწარმოოს. თუ დღეს სავენახე მიწების მეოთხედს იყენებენ ორგანული ყურძნის მისაღებად, თანდათან და საბოლოოდ, ვენახის დიდი ნაწილი მოხმარდება ამ მიზანს.

ორგანული მევენახეობა ნიშნავს, რომ ადამიანი ვენახში, ბუნებასთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე კონვენციური ღვინისათვის მოწეულ ყურძენს სჭირდება. ორგანული წარმოების ერთერთი აზრიც ეს არის – მიწასთან მიბრუნება, ხშირი ურთიერთობა ბუნებასთან. ორგანული ანუ არა ქიმიური ნაერთებით დამზადებული პრეპარატები, რომლითაც ასეთ ვენახს შეწამლავენ, ყოველი წვიმის შემდეგ ვაზს ჩამოერეცხება და კვლავ შეწამვლას საჭიროებს. პესტიციდი კი ადამიანის ორგანიზმიდანაც ვერ იდევნება, არათუ კონვენციური ღვინიდან.  ორგანული წამალი არ ფიტავს ნიადაგს, არ აღწევს ნაყოფში უჯრედულ დონეზე, თუმცა სრულფასოვნად იცავს მას, სანამ წვიმა წარხოცავს.

2017 წელს საფრანგეთში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ორგანული ღვინის წარმოება 50%-ით მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე არაორგანულისა. კიდევ ერთი დასკვნა ისაა, რომ ამ სექტორში სამუშაო ადგილები უფრო სტაბილურია. რაც ეხება GWS-ს, ის ორგანული ღვინის მწარმოებელი სხვა კომპანიების მსგავსად,  ორგანულ წამლებში,  იმაზე ძვირს იხდის, ვიდრე კონვენციურ პესტიციდებსა და ჰერბიციდებში, მაგრამ ეს „ვისმინო“-ს ორგანულ ღვინოებს შესამჩნევად არ აძვირებს. კონვენციურ ღვინოთა დიდი  მოცულობით გაყიდვა იძლევა საშუალებას, ორგანულ ღვინოს დაბალანსებული ფასი ჰქონდეს.

როგორც აღვნიშნეთ, ორგანული ღვინის მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ნედლეულის, ყურძნის ორგანული წესით გამოზრდას.   წარმოების მეორე ეტაპზე, ღვინის ფერმენტაციისა და შენახვისათვის, უკვე შესაძლებელია გარკვეულ დანამატთა გამოყენება. ყველაზე ცნობილი ასეთი კონსერვანტია გოგირდის დიოქსიდი. კონსერვანტების გამოყენების შემთხვევაში ღვინო დიდხანს, მრავალი წლის მანძილზე შეინახება, უფრო მრავალფეროვანი, მდიდარი გემოთი და არომატით შეიმოსება. კარგი და ცუდი ღვინო შეიძლება იყოს ორგანულიც და არაორგანულიც. ორგანული ღვინის დაყენება არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში არავინ არაფრით ერევა. ასეთმა ჩაურევლობამ, ზრუნვის მოკლებამ, მხოლოდ ბუნების ამარა დარჩენამ შეიძლება დაავადებული ან უგემური ღვინო მოგვცეს. ღვინო, ორგანულიც და არაორგანულიც, ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.

ღვინის დაყენებისას გვერდს ვერ აუვლი საფუარის გამოყენებასაც. არსებობს ხელოვნური საფუარები, რომელთა მეშვეობით ღვინის გემოსა და არომატს სურვილისამებრ განსაზღვრავ და სასმელს მიანიჭებ. ორგანულ ღვინოებში კი მხოლოდ ბუნებრივ საფუარს იყენებენ. ბუნებრივი საფუარი ჯიშურ გემოსა და არომატს წარმოაჩენს. ყურძენს ბევრი არომატი აქვს და მეღვინის საქმეა, რომელს გამოჰკვეთს.

GWS-ის პროდუქცია იყიდება  ტრადიციულ  და შედარებით ახალ ბაზრებზეც. ტრადიციულ ბაზრებში შედიან უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, ყაზახეთი, რუსეთი… რამდენადმე ახალი ბაზრებია პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია. კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამს შეერთებულ შტატებშიც. აღმოსავლეთით ახალი ბაზრებია ჩინეთი, ჰონ-კონგი და იაპონია. აქ და ტრადიციულ ბაზრებზე ორგანულ ღვინოს თითქმის არ ითხოვენ, კონვენციური ურჩევნიათ. აი, ევროპაში კი ორგანული ღვინის წარმოებითა და ექსპორტით, GWS-მა, შეიძლება ითქვას, მოთხოვნას უპასუხა. როგორ ამოვიცნოთ ორგანული ღვინო? შეხედეთ ბოთლის ეტიკეტს. მომცრო მწვანე ფოთოლი-სიმბოლო უნდა ეხატოს, ხოლო სიმბოლოს შეიძლება ეწეროს – Organic. ეგ არის.

დავით პაიჭაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top