VINOPERFECT BY CAUDALIE

14.04.2021

საკუთარ თავზე ზრუნვა საჭიროებაზე მეტად, აუცილებლობას წარმოადგენს, მითუმეტეს ახლა, პანდემიურ რეალობაში. კანის მოვლა მინი-თერაპია და განტვირთის საუკეთესო საშუალებაა მაშინ, როდესაც სიამოვნებას ვიღებთ პროცესით. თუ მას მარკეტზე შემოთავაზებული პროდუქტების რაოდენობასა და ინტერნეტში ხელმისაწვდომ ინფორმაციას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ვერაფერს ვერ მივხვდით. რუტინა, ნაბიჯები, ესენცია, ტონერი – დამწყებისთვის ყველაფერი რთულად ჟღერს. დღეს ვეცდებით ყველაფერი გავამარტივოთ და კანის მოვლის რეჟიმის აუცილებლობასა და ეტაპებზე მოგიყვეთ.

პირობითად რუტინა სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, ფაზები ასე გამოიყურება: გაწმენდა, დატენიანება, დაცვა. საფეხურების რაოდენობას ეტაპების სირთულე განსაზღვრავს და პირად პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ასევე, არჩევანის გაკეთება პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნების მიხედვითაც შეგიძლიათ.  ამ მხრივ გამორჩეული ადგილს ფრანგული ფარმაცია და კორეული ბრენდები იკავებს. 

მაშ ასე, ვიწყებთ

პირველი ეტაპი – გაწმენდა

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღამით ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედება საკმაოდ აქტიურია, ამიტომ ყოველ დილას აუცილებელია სახის დაბანა შესაბამისი გამწმენდი საშუალებით.

მეორეს მხრივ, დღის ბოლოს, კანი დაბინძურებულია გამონაბოლქვით, ჭუჭყით, მტვრის ნაწილაკებით, მაკიაჟით, ცხიმითა და ოფლით, შესაბამისად, ზედმეტი დისკომფორტი რომ არ ვიგრძნოთ,  სასურველია, სახლში მოსვლისთანავე შევუდგეთ რუტინას.  

არასრულფასოვანი წმენდა ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის მაპროვოცირებელი, მაგალითად: იხშობა ფორები, ჩნდება შავი წერტილები, თავს იჩენს აკნე ან აკნეს მსგავსი გამონაყარი.  

თუ მაკიაჟს ან/და მზისგან დამცავს ყოველდღიურად მოვიხმართ, საუკეთესო არჩევანი, ორმაგი წმენდის მეთოდია.

ნაბიჯი 1 – ჰიდროფილური ზეთი/ბალმი ანუ ზეთის ბაზაზე დამზადებული პროდუქტი  

ცხიმი ცხიმს შლის, ამიტომ მაკიაჟი, ჭუჭყი, სხვადასხვა ბაქტერია და მიკრობი ყველაზე ეფექტურად ზეთოვანი საშუალებით იშლება.

ნაბიჯი 2 – წყლის ბაზაზე დამზადებული დასაბანი საშუალება 

მოგაშორებთ, როგორც პირველი საფეხურის შემდგომ დარჩენილ ცხიმს და მაკიაჟის ნარჩენებს, ასევე გენერალურად გაგისუფთავებთ სახის კანს.

დაიმახსოვრეთ, გამწმენდ საშუალებებს მიეკუთვნება დემაკიაჟის ტონიკები, მიცელარული წყალი და მსგავსი საშუალებები – არჩევანი თქვენზეა. რაც შეეხება დასაბან საშუალებას, ის შეიძლება იყოს ქაფი, გელი, კრემოვანი სახით. შერჩევა ხდება თქვენი კანის ტიპისა და საჭიროების მიხედვით. 

მეორე ეტაპი – დატენიანება

ტონერი/ტონერი/ტონიკი/ტონერი ლოსიონი –  ნუ დაიბნევით, საუბარი უმეტესად ერთი და იგივე საშუალებაზეა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით იცვლის დასახელებას. პროდუქტის მთავარი ფუნქცია კანის ელასტიურობის გაუმჯობესება, წყლის სიხისტისგან დაკარგული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის (pH) აღდგენა და ფორების ვიზუალურად შევიწროებაა. 

ესენცია – დაბალი მოლეკულური წონის მქონე საშუალება, ადვილად გადალახავს  დამცავ ბარიერს და ღრმად შეიწოვება კანში. ეს პროდუქტი უმეტესად მდიდარია აქტივებით. მაგალითად: ჩემი ფავორიტი ფრანგული ბრენდი Caudalie-ს Vinoperfect Concentrated Brightening Glycolic Essence – პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ხაზის ესენციაა და ლოგიკურია, რომ გლიკოლის მჟავით არის გაჯერებული. ერთის მხრივ, აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, მეორეს მხრივ ამზადებს მას შესაბამისი შრატისთვის. ზოგადად, კოდალი ფრანგულ ფარმაციაში გამორჩეული ბრენდია clean beauty ანუ სუფთა შემადგენლობისა და ნატურალური კომპონენტების ფორმულის გამო. აღნიშნული ბრენდის პროდუქტებს შეხვდებით ისეთი ცნობილების რუტინაში, როგორიცაა: როსი ჰანტინგტონი, ლივ ტაილერი, დრიუ ბერიმორი და სხვა.

სერუმი – ლოგიკური ბმა გრძელდება სერუმით ანუ შრატით. ასევე მცირე ზომის მოლეკულებისგან შემდგარი პროდუქტი, გაცილებით უკეთ აღწევს კანის ღრმა შრეებში, ვიდრე დამატენიანებელი საცხის მსხვილი მოლეკულები. შრატები უმეტესად სამკურნალო, ან კონკრეტული პრობლემის მოგვარების დანიშნულებითაა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისა თუ პოსტ-აკნე მდგომარეობის გამო, პიგმენტურ ლაქებს აქტიურად ვებრძვი. სახლიდან მუშაობა, მზის სხივებზე ნაკლებად მოხვედრა და არსებული მეტერეოლოგიური პირობებიც კი, ხელს მიწყობს კოდალის ვინოპერფექტ ხაზი დავტესტო. ესენციის შემდგომ, აუცილებელ ნაბიჯს შრატი (Vinoperfect Anti Dark Spot Serum) წარმოადგენს. ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებისგან ფორმულირებული სერუმი დილა-საღამოს, სახის, ყელისა და დეკოლტის ზონაზე უნდა შევიზილოთ. 

დამატენიანებელი საცხი – აქ რუტინა კიდევ უფრო რთულდება და დღისა და ღამის რეჟიმზე გადადის. დღისით შედარებით მსუბუქი, საღამოს კი ანტიოქსიდანტებით და აქტიური კომპონენტებით მდიდარი კრემი გვესაჭიროება. დამატენიანებელი კომპონენტების ძირეული ცოდნა მოგვცემს საშუალებას შევარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე კომფორტული კონსისტენციისა და მოქმედების კრემი. 

ჩემი პრაქტიკა ასეთია, თუ ბრენდის კონკრეტული ხაზი წარმოდგენილია რუტინის სხვადასხვა საფეხურის პროდუქტით, მათი ერთად გამოყენება საუკეთესო შედეგს იძლევა. რა თქმა უნდა, პრობლემას არც სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის გამოყენება წარმოადგენს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვიცი, რომ ღამის კრემი (Vinoperfect Brightening Glycolic Overnight Cream) და ესენციის მოქმედებას აძლიერებს, ზრუნავს პიგმენტური ლაქების გაღიავებაზე, ნაზ პილინგზე, კანის ფერის გათანაბრებაზე.

დატენიანების ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაჭრის ნიღბები, ამპულა, თვალის საცხი და სხვა საშუალებები, რომლებზეც აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას

მესამე ეტაპი – დაცვა

დილის რუტინის საკვანძო ელემენტი მზისგან დაცვაა. ფოტოდაბერება დამკვიდრებული ტერმინია და ულტრაიისფერი სხივების მავნე მოქმედებით გამოწვეულ ნაოჭებს, ჰიპერპიგმენტაციას, კანის დეჰიდრატაციას და სხვა პრობლემებს აღნიშნავს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ასევე კანის კიბოს რისკების შესამცირებლად აუცილებელია SPF ყოველდღიური გამოყენება. ამ აუცილებლობას კი, აუცილებლად მივუძღვნით ცალკე ბლოგს. 

იმედია ისიამოვნეთ დღევანდელი მინი-ბლოგით და კანის რუტინას სულ სხვანაირი თვალით შეხედეთ. ისიამოვნეთ პროცესით, დაუთმეთ დრო საკუთარ თავზე ზრუნვას. 

PSP.GE

კონტრიბუტორი: ლალიკო თუმანიშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap