ვიქტორია კრისტიანი მისიას აგრძელებს

CLIVE CHRISTIAN

21.04.2022

პარფიუმერული სახლი, რომელმაც 1880 წელს ლოგოტიპად სამეფო გვირგვინის გამოყენების უფლება  მიიღო, წლებია რაც  „არომატეკას“ თაროებზე მომხმარებლებს სხვადასხვა სიურპიზს ახვედრებს. საუბარი სამეფო ბრენდზე Clive Christian-ზეა, რომლის ამბასადორი ვიქტორია კრისტიანი ჩვენი სტუმარია. მისი მამა კი, კლაივ კრისტიანი კომპანიის მფლობელია, რომელმაც 80-იან წლებში საინტერესო ისტორიის მქონე სუნამოს ფლაკონი იპოვა და მას ახალი სიცოცხლე შთაბერა.

მიუხედავად თქვენი სიყვარულისა ბალეტისა და საშემსრულებლო ხელოვნების მიმართ, თქვენი არჩევანი პარფიუმერიის ინდუსტრიაზე შეჩერდა. დავაბრალოთ თუ არა თქვენი ინტერესის გაღვივება ამ სფეროს მიმართ, თქვენი მამის მიერ შემთხვევით ნაპოვნ სუნამოს ფლაკონის ფაქტს?

რასაკვირველია, იმ ბედნიერი შემთხვევის წყალობით „სამეფო პარფიუმერიის“ სახლმა ჩემთვის განსაკუთრებული რეზონანსი შეიძინა; თანაც, დროთა განმავლობაში არქივში სულ უფრო მეტი და მეტი მშვენიერი ისტორია მოიძებნა, რამაც კლაივ კრისტიანის მიერ „სამეფო პარფიუმერიის“ აღდგენასთან დაკავშირებით ენთუზიაზმი  კიდევ უფრო გამიმძაფრა. მე გამიმართლა, რომ ცხოვრების მანძილზე  საშუალება მომეცა საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა ხელოვნებაში – მესაუბრა ბალეტის,  წარმოდგენებისა და ახლა უკვე ყვავილებისა და სუნამოების ენაზე. ამასთან, ჩვენამდე მოღწეული ამბავი დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტის  ლეგენდარულ სიყვარულზე და იმ როლზე, რასაც მათ ცხოვრებაში „სამეფო პარფიუმერია“ ასრულებდა, შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ მსგავსად,  მარადიული და უკვდავია.

თქვენ სუნამოებს ახასიათებთ როგორც ქალურს, მამაკაცურს, დახვეწილს, ნაზს, დამამშვიდებელს, სექსუალურს, ეგზოტიკურსა და ა.შ. ნამდვილად ფიქრობთ,  რომ გარდა ყნოსვის დატკბობისა, სუნამოს ჩვენს ქცევაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია? მაგალითად, მართლაც შეუძლია სუნამოს უფრო თავდაჯერებულ, მიმზიდველ ან ბედნიერ ადამიანებად გვაქციოს?

დიახ, ზუსტად ასეა. პარფიუმერიის სახლის წარმომადგენლად მუშაობის საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გავიხსენო ბევრი ადამიანი, რომელთაც ჩვენი სუნამოს მოხმარებამ უფრო თავდაჯერებულად (No.1), უფრო სექსუალურად (X, Noble VIII Magnolia) და უფრო ენერგიულად ( 1872 ან Noble VII Rock Rose) აგრძნობინა თავი, ან უბრალოდ მხნეობა და ხალისი შემატა (L Floral Chypre, Noble XX Cypress)!

ბუნებრივია, საყვარელ საქმეს ბედნიერება და მხიარულება მოაქვს!

გასაგებია, რომ კლიენტებმა თავად უნდა აირჩიონ სუნამო და ამას დრო სჭირდება, მაგრამ  მაინც, ხომ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ თქვენ შეგერჩიათ  სუნამო კლიენტისათვის, რადგან კონკრეტული სუნამო თქვენთვის კონკრეტულ ადამიანთან ასოცირდება? 

ვურჩევდი, რატომაც არა. ზოგჯერ გრძნობ, რომ კონკრეტულ ადამიანს, გარკვეული სუნამო ნამდვილად შეეფერება… თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალური პროცესია. კლიენტისათვის სუნამოს შერჩევისას ჩემი საყვარელი რჩევაა არჩევანი გააკეთოს „კლაივ კრისტიან“ პარფიუმერიის ხარისხზე, რომლის წარმოებული სუნამო მინიმუმ 20%-იანი კონცენტრატია და ისეთი რთული ფორმულა აქვს, რომ თითოეული წვეთი 150-დან 300-მდე ინგრედიენტს შეიცავს. ამის შემდეგ კლიენტს საშუალება ეძლევა სუნამოების ნაკრებიდან აირჩიოს ის, რომლისკენაც გული გაუწევს. 

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სუნამოებს განწყობის მიხედვით ირჩევთ და გიჭირთ ერთი საყვარელი სუნამოს დასახელება. და მაინც, ყველაზე ხშირად რომელ სუნამოს ისხამთ?

ყოველთვის მიყვარდა X Feminine კლაივ კრისტიანის ძირითადი კოლექციიდან. ზოგჯერ მეტი დინამიზმის მისაღწევად მას X Masculine-თან  ერთად ვისხამ, რადგანაც ამ დროს უკეთ წარმოჩინდება ორივე სუნამოს ყველა ნოტი, ისინი ერთად საოცარ ეფექტს ქმნიან. თუმცა მხოლოდ ერთ სუნამოს რომ ვირჩევდე, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე გამოვიყენებდი, ეს Rose Absolute იქნებოდა.   

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი ვაჟი ჯოზეფია, ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი!

პროფესიული თვალსაზრისით დავასახელებდი შემოქმედებით პროექტს, რომელიც მუსიკის სამეფო კოლეჯთან ერთად განვახორციელეთ;  შეიქმნა No.1 სუნამოებით შთაგონებული სოლო ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის. ულამაზესი გამოვიდა, მართლაც შესანიშნავი მოსასმენი იყო სხვა განზომილებაში გადასული, საოცარ სიმაღლეზე აყვანილი სუნამოები. 

რა რჩევას მისცემდით ახალბედა  მეწარმეს, რომელსაც სურს რაიმე ჭეშმარიტად ლამაზი და ფასეული შექმნას? 

მამაჩემს, კლაივ კრისტიანს, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერს  ხშირად უთქვამს, რომ მიზნების მისაღწევად ისეთ ადამიანებთან უნდა იმუშაო და ისეთი საქმე უნდა აკეთო, რომელიც გიყვარს. მგონი კარგი რჩევაა.

ხომ არ უკავშირებთ სუნამოებს გარკვეულ ფერებს, ადგილებს ან გამოსახულებებს? 

სხვათა შორის, კი. საქორწინო მოგზაურობისას „1872“ ქალის სუნამო მესხა და მას შემდეგ ეს სურნელი ჩემთვის ყოველთვის თავისუფლების და აღტაცების განცდასთან ასოცირდება, ჩვენ იაპონიასა და ჰავაის ვსტუმრობდით.

რომელია ის  სუნამო კლაივ კრისტიანის კოლექციიდან, რომლის სურნელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანმა უნდა შეიგრძნოს?

No.1 მამაკაცის სუნამო.

რას გეგმავს კლაივ კრისტიანის პარფიუმერიის სახლი სამომავლოდ?

ვაგრძელებთ ჩვენს მისიას, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლისათვის უმშვენიერესი სუნამოების შეთავაზებას გულისხმობს. ასევე, ჩვენთვის დიდად სასიხარულოა „სამეფო კოლექციის“ გამოშვების დაწყება. სამეფო არქივში მოვიძიებთ და დეტალურად შევისწავლით საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვან  სუნამოებს და გავაცოცხლებთ მათ. პირველად გამოშვებული Crab Apple Blossom, რომელიც 1886 წელს დიდი წარმატებით სარგებლობდა, დღეს წარმოგვიდგება როგორც ჩვენი პარფიუმერიის სახლის წარმოებული პირველი ციტრუსოვანი და აკვატიკური სუნამო.   

როგორ გესახებათ კლაივ კრისტიანის პარფიუმერიის სახლის თანამშრომლობა საქართველოში ნიშ პარფიუმერიის ბუტიკ „არომატეკასთან“, რომელიც Clive Christian-ის სუნამოებს ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს?

ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ სამეფო პარფიუმერიის სახლმა, რომელიც შექმნიდან  200 წელს, ხოლო კლაივ კრისტიანის მიერ მისი შეძენიდან 20 წელიწადს ითვლის,  საქართველოში 2020 წლიდან ახარებს ქართველ მომხმარებელს. ნიშური პარფიუმერიის ისეთი პარტნიორი, როგორიც „არომატეკაა“, იდეალურია ჩვენთვის, რადგანაც ისინი საუკეთესო ბრენდებს ირჩევენ და შესაბამისად წარმოაჩენენ მათ  მშვენიერებას. 

ირინა ლორია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top