ვაჟიკო ჩაჩხიანის წმინდა ამბოხი

10.02.2024

ვალტერ ბენიამინი წერდა საღვთო ძალადობაზე, ძალადობის ფორმაზე, რომელიც განსხვავდება იურიდიული და მითური ძალადობისგან და რომლის მიზანიც ადამიანებისთვის სასიკეთო ცვლილებების მოტანაა. ღვთიურ ძალადობას ახორციელებს რევოლუციონერი ანდა ხელოვანი, რომელიც დამკვიდრებულ წესრიგს ანგრევს. პოპულარული ხელოვნება განამტკიცებს არსებულ მოცემულობას, ავანგარდული ხელოვნება კი მნახველში ცვლილებების პოტენციალს ათავისუფლებს, რომელსაც ქართველი ხელოვანი ვაჟიკო ჩაჩხიანი „ენერგიად“ მოიხსენიებს.

ვაჟიკო ჩაჩხიანი ბერლინსა და თბილისში ცხოვრობს. დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და სწავლა ამსტერდამში გერიტ რიტველდის აკადემიაში (Gerrit Rietveld Academie) განაგრძო. 17 წლის იყო როდესაც პირველი ვიდეო ნამუშევარი გადაიღო „სტერეო ბალეტი“ – ქართული ვიდეო არტის ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული ნიმუში. ამ ნამუშევარში გამოიკვეთა ის ნიშნები, რომლებიც ჩაჩხიანის შემოქმედებაში იარსებებს – გარემოსა და დროის კრიტიკული ანალიზი. ჩაჩხიანი არტ-ბაზელთან, სიდნეისა და სტამბულის ბიენალესთან, ასევე მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მუზეუმთან თუ გალერეასთან თანამშრომლობს. 2017 წელს მან ვენეციის ბიენალეზე წარადგინა ქართული პავილიონი ნამუშევრით „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“. ამ მომენტისთვის ვაჟიკო ჩაჩხიანს 18 ვიდეო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. მუშაობს რამდენიმე ახალ ნამუშევარზე და ემზადება პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად, რომელიც მშრომელების ჩახშულ პროტესტზე იქნება.

„ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“, ვენეციის ბიენალე. 2017

ვენეციის ბიენალეზე წარადგინეთ ნამუშევარი – ქართული ტრადიციული სახლი. სახლში წვიმს, მაგრამ მნახველი მასში ვერ შედის, მხოლოდ გარედან ათვალიერებს. სახლი შენს მრავალ ნამუშევარში ფიგურირებს. რატომ უბრუნდებით მუდამ „სახლისა“ და „წყლის“ სახეებს?

მოძრავ გამოსახულებასა თუ ქანდაკებაში ჩემს ინტერესს, ოჯახისა და ისტორიის დიალექტიკა  წარმოადგენს. ნამუშევრებს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვქმნი. მაინტერესებს, როგორ ზემოქმედებს პოლიტიკური ისტორია ოჯახზე. რა გავლენას ახდენს ოჯახი ბავშვობაზე, შემდგომ კი რა ფსიქიკური ტენდენციები შეიძლება რომ განისაზღვროს ინდივიდში. 

წყალს და ზოგადად, ბუნებრივ რესურსებს ხშირად ვიყენებ. ჩემთვის წყალი სამყაროში არსებული ციკლის/ცვალებადობის გამომხატველია. წყალი მუდმივ მოძრაობაშია, მასზე დაკვირვებით ადამიანზე და მის ისტორიაზე ვყვები. ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევრის იდეა წვიმით დაიბადა. მსურდა წვიმისა და ინტერიერის დაკავშირება, რომელიც მანამდე მქონდა ფილმში „მძიმე მეტალის თაფლი“.  ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევარი კლასიკური ქანდაკების პრინციპით შევქმენი, მნახველი სახლში ვერ შედის. სახლი კლასიკური ქანდაკებაა, რომლის დათვალიერება  მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი. 6 თვის განმავლობაში წყალმა ინტერიერის დეფორმაცია გამოიწვია.

ფილმი „ზამთრის თბილი მზე“

შენს ბოლო ფილმში „ზამთრის თბილი მზე“ ინტერიერში წყლის მაგივრად ცეცხლი ჩნდება. ცეცხლი ანადგურებს სახლს და ანადგურებს წარსულს, რომელიც მოჩვენებების სახით ფანჯარასთან ჩნდებიან. როგორია შენი დამოკიდებულება წარსულთან?

ამ ნამუშევარში ბოლომდე რისი თქმა მინდა არ ვიცი. რაღაც მაწუხებს და ასე გაჩნდა ამ ფილმის გადაღების იდეა. ალბათ საკუთარ ბავშვობაზე ვყვები. ბავშვობაში აღქმულ სამყაროზე, რის შემეცნებასაც მთელი ცხოვრება ვანდომებთ. ხელოვნება ჩემთვის ის სივრცეა, სადაც კითხვები ისმება იმისათვის, რომ განთავისუფლება მოხერხდეს; ამ შემთხვევაში, განთავისუფლება ფსიქიკური პროექციების და ტრავმებისგან. მაინტერესებდა, რამდენად არის შესაძლებელი განადგურებით საკუთარი ისტორიისგან განთავისუფლება,  შესაძლებელია თუ არა განადგურებამ (ამ შემთხვევაში – სახლის) შემეცნება მოიტანოს?

პრაქტიკულად შენს ყველა ფილმში მოცემულია აგრესია, რომელიც აკუმულირებულ ენერგიას ათავისუფლებს. როგორ უნდა გავიგოთ აგრესია ხელოვნებაში?

მგონია, რომ ხელოვნება თავისი ბუნებით რადიკალურია და კონფლიქტი მისი ორგანული ნაწილია. რადიკალურში არ იგულისხმება ბრუტალური ან ფორმალურად გაუსაძლისი. მაგალითად, თუ ძალიან სწრაფ დროში ცხოვრობ, ნელი ნამუშევრის გაკეთება შეიძლება რადიკალური იყოს, გააჩნია კონტექსტს, თანამედროვე დროში  კონტექსტს, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი ხელოვნებისთვის  გამბედაობაა საჭირო. „ზამთრის თბილ მზეში“ გვსურდა აგრესია მედიტაციურ პროცესად გვექცია – გამოვიყენეთ ჯადოსნურობისა და ბრუტალურობის კონტრაპუნქტი.  ზოგადად,  ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიის ურთიერთობა მაინტერესებს. ძლიერი ცეცხლი, რომელიც დესტრუქციულია და ყველაფერს ანადგურებს, ამავდროულად გარკვეულ კონტექსტში კათარსისის გამომწვევიც შეიძლება  იყოს.

„ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“

„ზამთრის თბილ მზეში“ ისმის ჰამლეტ გონაშვილის „თოვლი“. გონაშვილის სხვა სიმღერა „მზეო თიბათვისა“ კი გამოყენებული გაქვთ წინა ნამუშევარში „ზამთარი რომელიც არ ყოფილა“ – ფილმში, რომელშიც ასევე წარსულთან გამომშვიდობების პროცესს ვხედავთ. შენ თუ აკავშირებთ ამ ორ ფილმს?

ეს ორივე ფილმი დაახლოებით მსგავს საკითხზეა. ერთში ნაჩვენებია წარსული, რომელიც ოჯახში არსებობს, მეორე კი ადამიანის ისეთ წარსულზეა, რომელსაც პოლიტიკური ისტორია ქმნის. მთავარ გმირს წყლიდან ქანდაკება ამოაქვს და მანქანას გამოაბამს. ასფალტზე თრევისგან ქანდაკებიდან ბოლოს არაფერი რჩება. დასაწყისში მაყურებელს შეიძლება ეგონოს, რომ წყლიდან საჯარო ქანდაკება ამოიღეს – პოლიტიკური ისტორიის მეტაფორა. თუმცა შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ქანდაკება მთავარი გმირის პორტრეტია, მშრომელის პორტრეტი. ამ შემთხვევაში საკუთარი ისტორიისგან გათავისუფლების მცდელობა პასიურ-აგრესიული ფორმით ხდება.  გაუაზრებელი წარსული ხელს გვიშლის სამყაროს და საკუთარი თავის აღქმაში, მისი ფუნქციონირების გაგებაში – ასე ვთქვათ საკუთარ პირად ჭეშმარიტებაში.

თვლი, რომ წარსული ხელს გვიშლის?

არა, მხოლოდ გაუაზრებელი წარსული.

შენი პირველი ვიდეო ნამუშევარი „სტერეო ბალეტი“  რადიკალური ნამუშევარია. როგორი იყო თანამედროვე ქართული ხელოვნების დაბადების წლები?

„სტერეო ბალეტი“ 17 წლის ასაკში გავაკეთე ბებიის ნაჩუქარი ფულით. აკადემიაში სამარშრუტო ტაქსით მიწევდა მისვლა; ამიტომ შევარჩიე ეს ტრანსპორტი, რომლის მგზავრებიც ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერენ ხოლმე. ეკლესიები რაც უფრო ხშირდებოდა, ადამიანებიც ახშირებდნენ პირჯვრის გადაწერას. როგორც მახსოვს, ჩემი პროტესტი არ ეხებოდა რელიგიას, არამედ რელიგიურ ინსტიტუციას, რომელიც იმ წლებში საგრძნობლად ძლიერდებოდა, საზოგადოების აზროვნების ფორმირებაზე გავლენაც რადიკალურად გაიზარდა და სამარშრუტო ტაქსის ამბავი, ინსტიტუციის და საზოგადოების ურთიერთობის  ერთგვარი სიმპტომი იყო. დღეს (20 წლის მერე) უკვე ინდოქტრინიზებული, შეუმდგარი საზოგადოება მივიღეთ. ამავდროულად ეს იყო თანამედროვე ხელოვნებასთან ჩემი პირველი შეხება. მე და ჩემი მეგობრები სწორედ ამ დროს ვიცნობდით ახალ ხელოვნებას, რომელზეც აკადემიაში არავინ საუბრობდა. რამდენიმე თანამოაზრემ ჩამოვაყალიბეთ რეაქტიული ჯგუფი LOTT (2007), რომელშიც შევდიოდით: მელანო სოხაძე, ელენე ნავერიანი, გაგოშიძე გიორგი, გიორგი მარი და მე. აკადემიაში მარგინალურ ჯგუფად აღვიქმებოდით. ამის მიუხედავად ვცდილობდით, რომ მაინც გაგვეპროტესტებინა იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური რეალობა, რომელიც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რეალობისგან. დღეს ხელოვანისთვის თითქოს მეტი თავისუფლება და რესურსია, თუმცა ბაზარი განსაზღვრავს ხელოვანს რა შეიძლება აინტერესებდეს, შედეგად კომერციული და ტენდენციური აზროვნება ხელოვნების იდეას ამდაბლებს.

ესაუბრა გიორგი რაზმაძე

Scroll To Top