უძილო ღამეები

15.12.2023

სადღესასწაულო დღეები მოდის, ზოგს არდადეგები აქვს, ზოგს შვებულება, ზოგიც მონატრებულია დილით კარგად გამოძინებას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოლოგიური რითმის არევას ბევრი უარყოფითი შედეგი  მოაქვს – შრომის უნარის დაქვეითება, მუდმივი ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება, გუნება-განწყობა გაფუჭება, კონცენტრაციის დაქვეითება, წონაში მატება,  ფსიქიური აშლილობა და ა.შ. გამოუძინებლობა ან ღამის თევა განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

დადგენილია, რომ ჯანმრთელობისთვის და სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის ღამით 7-8 საათის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების გზამკვლევის მიხედვით, ახალშობილებს 16-18 საათი უნდა ეძინოთ, სკოლამდელ ასაკის ბავშვებს კი 11-12 საათი. ზრდასრულ ასაკში ღრმა ძილის ფაზის კლების გამო (რომლის დროსაც ადამიანი ყველაზე უკეთ ისვენებს) ხანდაზმულ ადამიანებს იოლად ეღვიძებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის ნაკლები ძილი საკმარისია. 

ზედიზედ რამდენიმე ღამის მანძილზე, ძილის ნაკლებობას ან მითუმეტეს ღამის თენებას შორსმიმავალი შედეგები აქვს.  სიმპტომები შიძლება ნელნელა გაუარესდეს და პიკს მიაღწიოს, ნიშნები კი ასეთია: სუნთქვის გაძნელება, ტკივილები, გასტროენტეროლოგიური პრობლემები…რომ აღარაფერი ვთქვათ ფსიქიკურ პრობლემებზე, როგორიცაა მარტოობის შეგრძნება, გაღიზიანება, იმედგაცრუება, დეპრესია. ერთი ღამის გათენებაც კი თქვენი სისხლის შემადგენლობას ცვლის და დაავადებების განვითარების მომატებულ რისკსაც სწორედ ეს განაპირობებს. ძილში გამოიყოფა სხვადასხვა ტიპის აუცილებელი ჰორმონები. მაგალითად, ბავშვებში – ზრდის ჰორმონი, ზრდასრულებში კი ისეთი ჰორმონი, რომელიც მის იმუნიტეტს და ინფექციებთან ბრძოლას ეხმარება. ძილში გამოყოფილი ჰორმონები ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარებასაც აკონტროლებს. უძილობის მქონეთა შორის გაცილებით მეტია ჭარბი წონის პრობლემა, დიაბეტის შემთხვევები და სხვა დაავადებები.

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, უძილობა ჩვევაში არ გადაიზარდოს და ზედიზედ რამდენიმე ღამე ძილი არ მოვიკლოთ. დღის განმავლობაში 16 წუთით წათვლემაც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა დღის განმავლობაში შრომის ნაყოფიერებას, თუმცა ის ღამის ძილს მაინც ვერ ანაზღაურებს.

როგორ მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ? მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ღამის ცვლაში პერიოდულად ან მუდმივად მუშაობს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ბრიტანული ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზეს და ნახეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც პერიოდულად ღამის ცვლაში მუშაობა უწევთ, დიაბეტის განვითარების შანსი 45 პროცენტით მეტი აქვთ. თუმცა, საინტერესოა რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ღამის ცვლაში მუშაობენ, დაავადების მომატებული რისკი არ ახასიათებთ, ანუ მუდმივად ღამის ცვლაში მუშაობამ მათ ორგანიზმს ადაპტაციისა და ახალ რეჟიმზე მორგების საშუალება მისცა. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანები 10 პროცენტით უფრო ნაკლებ კალორიას წვავენ, ამის მიზეზი სავარაუდოდ ერთ-ერთი ცილის რეჟიმის დარღვევამ გამოიწვია, რომელიც ორგანიზმში ენერგიის გადამუშავებას არეგულირებს. და მაინც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ღამის ცვლაში მუშაობა ერთ-ერთ კარცენოგენად ანუ კიბოს გამომწვევ მიზეზად დაასახელა. ასეთ დროს, ხელოვნური ინტელექტის ჩარევა და მისით ჩანაცვლება, იქნებ კარგი აზრიც იყოს.

ძილის ნაკლებობა ასევე იწვევს ტოქსიკური ცილის ბეტა ამილოიდის დაგროვებას, რაც ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია, ბეტა ამილოიდებისგან ტვინი ღრმა ძილის ფაზაში თავისუფლდება და ტოქსიკური ცილის გამორეცხვას იწყებს. უძილობა მის დაგროვებას იწვევს. რაც უფრო ნაკლები გძინავთ, მით მეტად გროვდება ტოქსიკური ცილა – რაც ალცჰეიმერის განვითარების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

მოზარდების საყურადღებოდ: მათ ვისაც გამოცდები აქვს, დაიმახსოვრეთ რომ ძილის დროს ადამიანის ტვინის წინა ნაწილი, ჰიპოკამპი, იმეორებს იმას, რაც იმ დღის განმავლობაში ისწავლეთ. ამით ნასწავლის გრძელვადიან მეხსიერებაში ჩაბეჭდვა ხდება. უძილობა კი ნასწავლის მოკლევადიან მეხსიერებაში გადაცემას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ გვიან ღამით მეცადინეობა და გამოცდისთვის გათენება არახელსაყრელი და უაზროა. ექიმები გვირჩევენ მთელი დღის განმავლობაში ვისწავლოთ, ღამის ძილი კი ყველაფრის კარგად დამახსოვრებაში დაგვეხმარება.

შეეცადეთ იმხიარულოთ და დრო გაატაროთ გადაბმული უძილო ღამეების გარეშე!

PSP

ინფორმაცია ეყრდნობა ამერიკის ძილის ექიმთა ასოციაციის წევრების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს

Scroll To Top