სამი ფილმი კანის ფესტივალის მთავარ კონკურსში
06.06.2024
შანტალ აკერმანი ბევრისთვის უცნობი რეჟისორია. გამორჩეული სტილის გამო მას ავანგარდისტ რეჟისორადაც მოიხსენიებენ, თუმცა მისი შემოქმედება კლასიკურისა და ექსპერიმენტულის მიჯნაზეა. აკერმანის პირველი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები ავანგარდთან მართლაც ახლოს დგანან, თუმცა არა ბოლომდე. მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები კი თითქოს კონვენციურ კინოში ეწერებიან, მაგრამ არც ეს მოსაზრებაა ჭეშმარიტი. აკერმანი ორ განსხვავებულ კინოტრადიციას შორის დამაკავშირებელი მაგისტრალია, რის გამოც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი ერგო.
აკერმანის უკანასკნელი ნამუშევარი „არა საოჯახო ფილმი“ (No Home Movie) 2015 წელს გამოვიდა ეკრანებზე. დედამისის სახლში გადაღებული ეს ინტიმური ვიდეო დღიური აჯამებს რეჟისორის ცხოვრებას და ნათელს ჰფენს ამ უცნაური ავტორის შემოქმედებაში არსებულ რამდენიმე ბუნდოვანებას. აკერმანს დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, რამდენიმე ფილმის ინსპირაცია სწორედ მასთან ურთიერთობა გახდა, რომელიც „არა ოჯახური ფილმის“ გადაღებიდან მალევე გარდაიცვალა. დედის დაკარგვა რეჟისორისთვის იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„არა საოჯახო ფილმში“ მაყურებელი მოხუცი ქალის ყოველდღიურობას აკვირდება, მასთან ერთად სადილობს, ეცნობა მის რუტინას, უყურებს იმ ხედს, რასაც ეს ქალი ფანჯრიდან ხედავს. და როგორც ყოველთვის, აკერმანის ეკრანული გმირი ნამდვილ ადამიანად იქცევა, რომელსაც მაყურებელი არა მხოლოდ თვალით, არამედ გულით აღიქვამს. ამ ეფექტს რეჟისორი თითქმის ყველა ფილმში აღწევს, მაგრამ ვისაც მისი შემოქმედება არ გინახავთ, არ ჩათვალოთ, რომ სენტიმენტალურ რეჟისორზე ვსაუბრობთ. პირიქით, აკერმანი, ერთი შეხედვით, შეიძლება საკმაოდ ცივ, დისტანციურ და შუბლშეკრულ ავტორადაც მოგეჩვენოთ.
აკერმანის პირქუშ სტილს, ხშირ შემთხვევაში, დრამატურგიაზე, სიტყვასა და გადამეტებულ სამსახიობო ოსტატობაზე უარის თქმა განაპირობებს. კლასიკურ კინოში, თეატრსა და ლიტერატურაში სიუჟეტი ის ელემენტია, რომელსაც მაყურებელი გონებით აღიქვამს და პროცესში გრძნობათა ორგანოებიც უაქტიურდება. აკერმანის ფილმებში კი პირიქითაა, ჯერ ვეჩვევით, ვაკვირდებით და ვიღებთ გმირებსა, გარემოს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ანალიზს.
აკერმანის ყველაზე ცნობილი ფილმი „ჟან დილმანი, 23 კომერციის სანაპირო, ბრიუსელი 1080“ სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება, რომელშიც ერთი ქალის ცხოვრების ყოველდღიურად განმეორებადი რამდენიმე ეპიზოდია მოცემული. ზედაპირული ფემინისტისთვის ქალის ზრუნვის შრომის საჩვენებლად 10 წუთიც იქნებოდა საკმარისი, თუმცა აკერმანი დროს გამიზნულად ახანგრძლივებს „დაუსრულებლობამდე“. მაყურებელი გმირის სამყაროში ამბის, დიალოგების, პერიპეტიების, მუსიკისა და სხვა ელემენტების გარეშე შედის. ამ პროცესში მთავარია დრო. მხოლოდ ხანგრძლივი დრო იცავს საჭმლის მომზადების სცენას ტრივიალური წაკითხვისგან.
აკერმანს არ სურს იმის გამეორება, რაც ისედაც ყველამ კარგად იცის. მისი მიზანია, ქალის უხილავი შრომა მაყურებელმა კანით შეიგრძნოს. აკერმანის ამ ტექნიკას კინორიტუალი შეგვიძლია ვუწოდოთ. ასეთივე რიტუალია „არა საოჯახო ფილმი“, რომლის დასაწყისშიც მოულოდნელად „ჟან დილმანიდან“ ციტატა გვხვდება.
დედასთან ურთიერთობა დაედო საფუძვლად მის ასევე ერთ-ერთ გახმაურებულ ნამუშევარს „ცნობები სახლიდან“ (Letters Home). აკერმანი ნიუ-იორკში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა (1971-73). ბელგიიდან ამერიკაში გადასულ შანტალს დედა წერილებს უგზავნიდა, რომლებშიც ოჯახის ამბებს უყვებოდა. დედა ლიტერატურის გზით ეკონტაქტება შვილს, ის კი ნიუ-იორკის ქუჩების კადრებით უბრუნებს პასუხებს. ვერცერთი წერილი, წიგნი თუ პიესა შეძლებდა 1970-იანი წლების ნიუ-იორკის ყოფის, გარემოსა და დროის ისე ასახვას, როგორც ეს აკერმანის კამერამ შეძლო.
კონვენციურ კინოში გარემო სიუჟეტის ანტურაჟია. აკერმანისთვის პირიქით, პირველხარისხოვანია ატმოსფერო. „სასტუმრო მონტერეი“, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრების პერიოდშია გადაღებული, სიუჟეტის გარეშე შექმნილი ფილმია. კადრში ჩნდებიან შენობის ბინადრები, კონსიერჟი, დამლაგებლები… მაგრამ არა როგორც სუბიექტები, არამედ სივრცის ობიექტები. კამერა დიდხანს, ძალიან დიდხანს აკვირდება კორიდორებს, ლიფტს, ოთახებს, ვესტიბიულს. ამ ფილმში რეჟისორი ყველაზე ახლოს დგას სტრუქტურულ კინოსთან და მაიკლ სნოუს შემოქმედებასთან, რომელიც „ერთკადრიან“ ფილმებში დროს იკვლევდა. კონვენციურ ხელოვნებაში ყველაზე მწყრალად დროს ექცევიან – აქუცმაცებენ, კვეცენ, აჩქარებენ და ა.შ. სნოუსთან და აკერმანის „სასტუმრო მონტერეიში“ 5 წუთი უდრის 5 წუთს. როდესაც ეკრანზე არაფერი იცვლება, მაყურებელი დროის შემჩნევას იწყებს, რაც სუფთა წყლის მაგიაა.
1993 წელს რეჟისორი ყოფილ „აღმოსავლეთ ბანაკში“ გაემგზავრა, მისივე სიტყვებით, იმ უნიკალური დროის დასაფიქსირებლად, რომელიც კომუნისტური სამყაროს ნანგრევებზე წარმოიქმნა – ისტორიის დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისი. ეს უნიკალური მდგომარეობა აკერმანმა, ჩემი აზრით, მის ყველაზე საუკეთესო ფილმში „აღმოსავლეთიდან“ ასახა.
კამერა მანქანიდან იღებს ქუჩებსა და ადამიანებს, რომლებიც დროის მეტამორფოზის პროცესში იმყოფებიან. აკერმანის მიზანი არაა ინდივიდუალური ისტორიების მოყოლა, არც ქვეყნისა თუ ქვეყნების წარსულსა და აწმყოზე საუბარი. რეჟისორი აქ მეცნიერია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ანომალიის დასაფიქსირებლადაა მივლენილი. კამერის ეს დისტანციურობა შოკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის გამაღიზიანებელი ხდება და ერთ-ერთ ეპიზოდში გაჩერებაზე მდგომი მოსახლეობა ამ კამერას „აუბუნტდება“. სწორედ ამ სცენაში მაყურებელი შეიგრძნობს იმ ტკივილს, რომელიც მანამდე მდუმარე ადამიანების პორტრეტების თვალიერებისას არ იყო ცხადი.
მაღაზიები, წარწერები, მანქანები, არქიტექტურა, სახლების ინტერიერი, ტანსაცმელი და ჭურჭელი იმ სამყაროდანაა, რომელიც აღარ არსებობს. ამ სივრცეში შემორჩენილია ფორმები, მაგრამ შინაარსის გარეშე. ადამიანებს არ აქვთ იდენტობა, რადგან დროის მიღმა არსებობენ. ისინი ისტორიის აჩრდილები არიან, რომლებსაც მალე ახალი იდეოლოგია დაეუფლება. აკერმანი 6 ივნისსაა დაბადებული და რომ არა მისი ნაადრევი სიკვდილი, დღეს უფრო მეტი შედევრი ექნებოდა გადაღებული. თუმცა არსებული ფილმოგრაფიაც საკმარისია იმისთვის, რომ მკითხველმა კინოს ბუნებასთან მიახლოების პირველი გაკვეთილები მიიღოს და იგრძნოს ხელოვნების ამ დარგის რეალური ენერგია.
გიორგი რაზმაძე